გასულ კვირას მოსკოვში ზედიზედ ორ საღამოს სიმღერით, ცეკვითა და კონიაკით მიმდინარეობდა თავის დროზე ძალიან პოპულარული ქართული რესტორნის _ “არაგვის” ხელახლა გახსნის ცერემონია. პირველი, უფრო კამერული საღამო წაიყვანა მსახიობმა და რეჟისორმა ბენიამინ სმეხოვმა, იმღერა ნანი ბრეგვაძემ.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყო რესტორან “არაგვის” პირველი დირექტორის _ ლონგინოზ სტაჟაძის შვილი, მოსკოვის ექსტერნული სამედიცინო დახმარების სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ლევან სტაჟაძე.
დახურვიდან 12 წლის შემდეგ ლეგენდარული რესტორანი სტუმრებს წარუდგა სტატუსით _ “სომხური რესტორანი ქართული სამზარეულოთი”. ამბობენ, რომ რესტორნის რეკონსტრუქცია 25 მლნ დოლარი დაუჯდა კომპანიების _ “ტაშირის” ხელმძღვანელ სამველ კარაპეტიანსა და მართვის სკოლა “სკოლკოვის” კურსდამთავრებულთა საბჭოს თავმჯდომარე გორ ნახაპეტიანს, რომელთა გადაწყვეტილებითაც რესტორანს სახელი არ შეუცვალეს და, მაგალითად, “არარატი” არ დაარქვეს, თანაც სამზარეულო ქართული დატოვეს.
ნახაპეტიანმა სტუმრებს დაათვალიერებინა რემონტის მიმდინარეობისას აღმოჩენილი XVII საუკუნის სათავსი, რომელშიც, ლეგენდის თანახმად, ლავრენტი ბერიას კაბინეტი იყო, აგრეთვე, სიგარების ოთახი, რომელშიც შეიძლება კონიაკ “ლუი XIII”-ის დალევა, და სხვა ღირსშესანიშნაობები.
ჟურნალისტმა ლეონიდ პარფენოვმა გაიხსენა, რომ მოსკოვში 1938 წელს რესტორან “არაგვის” დაარსებას ლავრენტი ბერიას უნდა უმადლოდნენ.
საღამო დასრულდა სიმღერით “ჩემი სამშობლო _ სომხეთი”, რომელიც ანსამბლმა “სულიკომ” შეასრულა.
ვაჰ, დრონი, დრონი?!..