Home რუბრიკები საზოგადოება რა შეთანხმება შედგა კოალიციის დაშლამდე?!

რა შეთანხმება შედგა კოალიციის დაშლამდე?!

კოალიციაქართული ოცნებადაიშალა. ზოგმა ნებით, ზოგმა კი უნებლიეთ ერთ დროს დიდ არმიად შეკრული უმრავლესობა დატოვა და ყველა საკუთარი გზის ძიებაშია. მანამდე კი, ტრადიციულად, დიდი შეკრება გაიმართა სოლოლაკის ვერანდაზე. ჩვენი ტრადიციული წყარო ამ ამბავს კვლავ შემთხვევით შეესწრო. აი რას ყვება იგი:

“მემაწვნე მყავს ტაბახმელაში, რძის პროდუქტები მომაქვს ხოლმე და ამჯერადაც მისგან ვბრუნდებოდი ავტობუსით. მე და ჩემი მეზობელი ზინა ვიყავით. დავინახე, ბიძინას ოთახის ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდა, ვერანდაზე კი ეკა და მანანა შევნიშნე. მაწონი ჩემს მეზობელ ზინას გავატანე და ვუთხარი, რომ დამაგვიანდებოდა. გადავწყვიტე, დაცვა მომეტყუებინა და, თუ გამომივიდოდა, ხომ კარგი, თუ არადა, სათადარიგო გეგმა მქონდა მოფიქრებული. დავაკაკუნე კარზე და დაცვის თანამშრომელს ვუთხარი, რომ მზარეული ვიყავი და იცოდნენ ამის შესახებ, თან ბოდიშიც მოვუხადე, რომ დამაგვიანდა-თქო. ეტყობა, ახალი იყო და დამიჯერა, მეც შევედი ეზოში და დავიწყე ფუსფუსი. ეკა და მანანა დიდ ჟრიამულში იყვნენ. ნანაც იქ იყო, ყეინიშვილი.

გავედი სამზარეულოში და, ის-ის არის უნდა შევიდე, რას ვხედავ: რესპუბლიკელები სხედან, თინას დასიებული თვალები აქვს, ცხვირი მოიხოცა და ქმარს ჩაეხუტა. დათომ მეუღლის დამშვიდება გადაწყვიტა:

 _ კაი, დაწყნარდი, რაღაც ან ვიღაც გამოჩნდება კიდევ, ცოტას გავიჭირვებთ და ისევ გამოანათებს მზე ჩვენს ქუჩაზე.

_ იმან არ გაიხაროს ჩვენი ცოდვით და ნატოს ცოდვა მიეწიოს, _ ტიროდა თინა და ხმამაღლა იხოცავდა ცხვირს.

ამ დროს სამზარეულოში გოგი თოფაძე შემოვიდა,_ ჩხირით სუშის ნარჩენებს ისუფთავებდა კბილებიდან, თან უცნაურ ხმებს გამოსცემდა.

თინამ მრეწველზე გაწევა სცადა, მაგრამ დიპლომატმა მეუღლემ შეაკავა და თოფაძეს იქაურობის დატოვება სთხოვა. გოგიმ კათხა ლუდი შესვა, ამოასლოკინა და ტერიტორია დატოვა.

ცოტა ხანში ზვიად ძიძიგური და გუბაზ სანიკიძე შემოვიდნენ. ზვიადს ჩოხა, გუბაზს კისპორტულებიეცვა, იქვე დივანზე იყო წამოწოლილი ანი მიროტაძე, მაღლებზე იყო და ფეხს ასვენებდა, ვიღაცას ეუბნებოდა დამისივდა ფეხზე დგომისგანო.

ამასობაში ეკა შემოვიდა სამზარეულოში და ყველა ბიძინას ოთახში იხმო,_ გვეძახისო. ამის გაგონებაზე სასწრაფოდ გავქანდი ოთახისკენ და ყველას დავასწარი შესვლა, იქვე მდგარ დიდ ქოთნის ყვავილს ამოვეფარე და საუბრის მოსასმენად მოვემზადე.

_ აბა, როგორ ხართ, ხალხო? ხომ არ მოიწყინეთ? თინა რა გჭირს? თვალები დაწითლებული გაქვს, _ მიმართა ბიძინამ თინას.

_ არა, ბატონო ბიძინა, მცენარეზე მაქვს ალერგია, _ არ დაიბნა მინისტრი და ცხვირი მოიხოცა.

_ კარგი, მოკლედ, ასეთი სიტუაციაა: უნდა დაიშალოთ, სხვა გზა არაა. ყველა თქვენ-თქვენს გზაზე უნდა წახვიდეთ, მე მგონი, ასე უკეთესია თქვენთვისაც და ჩემთვისაც.

_ მართალია, ბატონო ბიძინა, _ წამოიძახა ეკა ბესელიამ და ლუკმა გადაყლაპა.

_ მოკლედ ასეა, მე თქვენ ასე უპატრონოდ არ დაგტოვებთ, ყველას გექნებათ საკუთარი შემოსავალი, უბრალოდ, პოლიტიკაში ერთად ვერ ვიქნებით და სამსახურს ყველას გამოგიძებნით.

ამის გაგონებაზე კოალიციელებს თითქოს სახეები დაუმშვიდდათ. მანანას კმაყოფილმა ღიმილმა გადაუარა სახეზე და გუბაზ სანიკიძეს მეგობრულად ჩაუკრა თვალი.

_ ხვალ ან ზეგ იტყვით, რომ კოალიციიდან გადიხართ და, უფრო დამაჯერებლები რომ იყოთ, იტყვით, რომ ამაზე დიდი ხანი ფიქრობდით და დაასკვენით, რომ ქვეყნისთვის უფრო უკეთესი იქნება ეს გადაწყვეტილება, მე არ შეგეკამათებით ამაზე, _ განუცხადა ივანიშვილმა დამწრე საზოგადოებას.

მოულოდნელად თინამ ჩუმი ქვითინი ატეხა, ბიძინამ მამაშვილურად გაუღიმა და ჰკითხა:

_ რა იყო, თინა, ისევ ალერგია?

_ არა, ბატონო ბიძინა, რომ წარმოვიდგენ, რომ ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვეღარ ვიდგები, თვალი ცრემლით მევსება, _ მიუგო ჯერ კიდევ მინისტრმა და ცხვირი მოიხოცა.

_ უი, შენ რა გითხარი! აი, ხედავთ, რა კარგი გოგოა ჩვენი თინიკო, ოღონდ ქვეყანას ამსახურე და რას არ გააკეთებს, აი ამის გამო უსამსახუროდ ნამდვილად არ დავტოვებ, რეზიდენციაში ღამის მორიგე მინდა ვერანდაზე და იქ გაგიშვებ, არც საჭმელი მოგაკლდება და არც სასმელი, რაკი ასე გინდა სიმშვიდის სადარაჯოზე იდგე, ჩემზე უკეთესი ვინ უნდა დაიცვა?! _ უთხრა ბიძინამ თინას და რძეში კრუასანი ჩააწო.

_ აბა, კანეც სვიდანიი, _ წამოიძახა მანანამ და დამსწრე საზოგადოებას ოთახის დაცლისკენ მოუწოდა.

_ დღეს ამომიარეთ რაა, ძაან “დაგრუზული” ვარ და თითო ჭიქა დავლიოთ, _ უთხრა თინამ ეკას და მანანას.

_ ჰო, კაი, ვეცდები ამოვიდე, გული არ გაიტეხო, ხო იცი, როგორი კაცია, ისე არ დაგტოვებს, _ მიუგო ეკამ და გადაკოცნა.

ხალხი ნელ-ნელა აიშალა და მეც ამ მასაში ავირიე, რომ არავის შევემჩნიე, გიჟივით გამოვქანდი გარეთ და სულ სირბილით დავუყევი სოლოლაკის დაღმართს, კიდევ კარგი დროზე მივუსწარი, ბოლო ავტობუსიც ჩამოდგა, ჩავჯექი და უმალ რედაქციაში გავქანდი, რათა ის, რაც ახლა წაიკითხეთ, თქვენთვის მომეყოლა”.

გრიგოლ ინგაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here