Home რუბრიკები საზოგადოება “გონიოსკენ რომ წახვალ, გეგონება, თურქეთში ხარ. თბილისში, აღმაშენებელზე თუ გაივლი, იქაც თურქეთი...

“გონიოსკენ რომ წახვალ, გეგონება, თურქეთში ხარ. თბილისში, აღმაშენებელზე თუ გაივლი, იქაც თურქეთი გეგონება”

686

 ქართველი ემიგრანტების უმეტესობას უცხოეთში რთული გზის გავლა უწევს, თუმცა არიან ერთეულები, რომლებიც ახერხებენ პროფესიულ წინსვლას. ისინი თითოეული წარმატებული ნაბიჯით საქართველოს ასახელებენ, მსოფლიოს აცნობენ ქართულ კულტურასა და ტრადიციებსრუბრიკის სტუმარია იტალიაში, ვენეტოს ოლქში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, მუსიკოსი გულიკო ლომთათიძე, რომელმაც 22 წლის წინათ დატოვა სამშობლო.

_ ქალბატონო გულიკო, რატომ წახვედით საქართველოდან?

_ ჩემი შვილი, 1993 წლის ივლისში კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის მესამე კურსის დახურვის შემდეგ ქართული კულტურული ცენტრის დასაფუძნებლად ორ მეგობართან ერთად იტალიაში გაემგზავრა. პრობლემების გამო პროექტი ჩაიშალა, მაგრამ მოგზაურობას ფუჭად არ ჩაუვლია _ გაიცნო ადამიანი, რომელთანაც მალე იქორწინა. 1994 წლის სექტემბერში კი უკვე შვილიშვილს ველოდი. როგორც კი ვიზა ავიღე, მეც გავემგზავრე იტალიაში ჩემი ქალიშვილის დასახმარებლად.

_ როგორც ვიცი, სწორედ აქედან დაიწყო თქვენი საინტერესო თავგადასავალი

_ დიახ, საინტერესო ისტორიაა. ისე მოხდა, როგორც ფილმში. ერთ დღეს გადავწყვიტე, ჰიპერმარკეტში წავსულიყავი. სახლიდან გასვლის წინ ღმერთს შევევედრე, შემაძლებინე, რომ აქედან არ წავიდე-მეთქი. რა თქმა უნდა, მინდოდა შვილიშვილთან ყოფნა, თანაც მსურდა, გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები საქართველოს საზღვრებს გარეთ. შევედი მარკეტში და ვხედავ, რომ საკერავი და საქსოვი მანქანების გამოფენა-გაყიდვაა. ყურადღებით დავაკვირდი საქსოვი მანქანის მექანიზმს, რომელიც ისე იყო დაპროგრამებული, რომ თავისით ქსოვდა. ჩემთვის ეს უცხო იყო და დავინტერესდი. უცებ ამ დანადგარების ფირმის წარმომადგენელი მომიახლოვდა და შემეკითხა, რა პროფესიის ხარო. დირიჟორი ვარ-მეთქი, რომ ვუთხარი, კაცს თვალები გაუბრწყინდა, ჩემი შვილი მღერის გუნდში, დირიჟორი გარდაიცვალა, ხომ არ გინდათ, სცადოთო? გავცვალეთ ტელეფონები. სამი დღის შემდეგ დამირეკა და შეხვედრა დამითქვა. უნდა წაგიყვანო, პირველი რეპეტიცია გექნება გუნდთანო. მას შემდეგ, 21 წელიწადია, ამ საქმით ვარ დაკავებული. პირველი წარმატება თვე-ნახევრის მუშაობის მერე მეწვია _ საშობაო წირვაზე გუნდის შესრულებით პირველად აჟღერდა “შენ ხარ ვენახი”. ეკლესიაში ტაშს მხოლოდ მაშინ უკრავენ, როდესაც ემოციებს ვეღარ იკავებენ. არასდროს დამავიწყდება გუნდის წევრების სიხარულის ცრემლები და მსმენელის ემოციები. ეს იყო ქალთა გუნდი “სტელა ალპინა”. შვიდი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ამ გუნდს. მრავალი ქართული და რუსული ნაწარმოები შევასრულეთ და პოპულარობა მოვიხვეჭეთ.

_ როგორც ვიცი, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო შეხვედრები ცნობილ კომპოზიტორებთან

_ 1999 წელს ვმონაწილეობდით საგუნდო მუსიკის კონკურსში, სადაც უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ. შემდეგ გამოიცა კომპაქტდისკი, რომელიც ჩვენი სიამაყეა. ერთ-ერთ რეპეტიციაზე მეწვია ცნობილი კომპოზიტორი საგუნდო ჟანრში ბეპი დე მარცი, რომელსაც შეუტყვია ჩემ შესახებ და მოინდომა შეხვედრა. დავმეგობრდით და ორი კონცერტიც გავმართეთ ერთად. უამრავი რეცენზია დაიწერა ჟურნალ-გაზეთებში. 2002 წელს შევუერთდი ჩემი ქალაქის საეკლესიო გუნდს. 13 წლის განმავლობაში უამრავი კონცერტი და ღონისძიება ჩავატარეთ. ჩვეულებრივი, პრიმიტიული საეკლესიო გუნდი პროფესიონალთა გუნდად ჩამოყალიბდა. ყოველ სადღესასწაულო წირვაზე ხალხი დიდი ინტერესით ესწრებოდა ჩვენს გამოსვლას, რადგან, სხვა გუნდებთან შედარებით, რეპერტუარიც უფრო დახვეწილი და რთული გვქონდა. ვასრულებდით ბახის, ვერდის, როსინის, ვივალდის, მოცარტის ნაწარმოებებს, აგრეთვე, მამია ხატელიშვილის “თენდებას”, სოსო კეჭაყმაძის “გულს”. რამდენიმე კონცერტი ორკესტრსა და სიმებიან კვარტეტთანაც გავმართეთ. ერთ-ერთ კონცერტზე შევასრულეთ ჯონ რატერის “მაგნიფიკატი” _ ეს შემოქმედების მწვერვალი იყო. დარბაზი ტაშით ინგრეოდა. მოვიარეთ იტალიის დიდი ქალაქები _ რომი, ფლორენცია, ვენეცია, პადუა, ბოლონია. პარალელურად ვმუშაობდი ქალთა ვოკალურ ჯგუფ “სინტონია თბილისთან”. ეს ის ჯგუფია, რომელმაც მოითხოვა, მხოლოდ ქართული რეპერტუარი ჰქონოდა. ჯგუფი 15 წელია, არსებობს და დაახლოებით 35 ქართული და რუსული ნაწარმოები გვაქვს მომზადებული. მრავალ ღონისძიებაზე ვიყავით მიწვეულები რომში, რომელიც საქართველოს საელჩოს ინიციატივით ჩატარდა. მილანში თითქმის ყველა ღონისძიებაში ვმონაწილეობთ, რომელსაც ქართველები მართავენ. მილანში გავიცანით ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ გარდაცვლილი ფილოლოგი, რუსული ენის კათედრის დამფუძნებელი ბერგამოს უნივერსიტეტში, საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული ემიგრანტი ქალბატონი ნინო ყაუხჩიშვილი, რომლის ძალისხმევითაც ჩამოვაყალიბეთ ქართულ-იტალიური კულტურული ასოციაცია “სამშობლო _ გულით სატარებელი”. ახლახან კი ვმონაწილეობდით ქართველი მწერლის _ თეონა დოლენჯიშვილის წიგნ “მემფისის” პრეზენტაციაში. გუნდებთან მუშაობის პარალელურად, ფორტეპიანოს ვასწავლიდი ერთ-ერთ წამყვან მუსიკის ინსტიტუტში. უამრავი მოსწავლე აღვზარდე, მათ შორის, რამდენიმე კონსერვატორიაში ჩაირიცხა. იტალიაში ჩემს შვილ მაია სიხარულიძესთან ერთად ვმოღვაწეობ. მაია დირიჟორი და მევიოლინეა, შესანიშნავი მომღერალიც არის და ჩვენს კონცერტებზე სოლო პარტიებს ასრულებს.

_ მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ქალბატონი ხართ და დიდ საქმიანობას ეწევით უცხოეთში, ალბათ, მაინც რთულია სამშობლოდან მოშორებით ყოფნა

_ 22 წელია, იტალიაში ვცხოვრობ. ეს დრო, გულწრფელად ვამბობ, მივუძღვენი ჩემს შვილიშვილებსა და სამშობლოს. ყოველი კონკურსი, კონცერტი, კომპაქტდისკი _ ეს არის სამშობლოსთვის დახარჯული დრო და ენერგიამადლობას ვუხდი იტალიელ ქალბატონებს, რომლებმაც ასე შეიყვარეს ჩვენი კულტურა და დღესაც მზად არიან, კიდევ ბევრი ისწავლონ. ამას გარდა, მე და ჩემი შვილი მაია ვკურატორობთ ქალაქ ტრენტის ვოკალურ ჯგუფს, ვიჩენცაში ვატარებთ ლექციებს ქართულ ფოლკლორზე. ამ ყველაფერმა უდიდესი სტიმული მომცა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვართ, მაინც ქართულ საქმეს ვაკეთებთ. სამშობლოდან შორს ყოფნა ურთულესია ყველა ჩვენგანისთვის. ყოველ წელს ჩამოვდივარ საქართველოში. ჩემი შვილიშვილები კარგად ლაპარაკობენ ქართულად და მღერიან კიდეც სამ ხმაში. როგორც ბევრ ქართველ ბავშვს, მათაც აქვთ სიმღერის ნიჭი, რაც ძალიან მახარებს. ისე, ნოსტალგია უდიდესია

_ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურეკონომიკურ ვითარებას და ხელისუფლების საქმიანობას როგორ შეაფასებთ?

_ რაც შეეხება ხელისუფლებას, ჯერ არ გვყოლია მთავრობა, რომელიც ხალხზე იზრუნებს. ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ქართველები უნდა დაასაქმოს და ამით ხელი შეუწყოს ოჯახებს ფინანსურმატერიალურად გაძლიერებაში. მსოფლიოში დაქსაქსული ემიგრანტები უნდა დააბრუნონ საქართველოში. უამრავი უპატრონო ბავშვია, მისახედია ქვეყანა! კატასტროფული სიტუაციაა ბათუმში. გონიოსკენ რომ წახვალ, გეგონება, თურქეთში ხარ. ბათუმელი ვარ და განვიცდი, ასეთ მგომარეობაში რომ ვართ. თბილისში აღმაშენებელზე თუ გაივლი, იქაც თურქეთი გეგონება. 25 წელი ვცხოვრობდი ამ ქუჩაზე და ახლა, რომ ვუყურებ, გული მტკივა.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here