Home რუბრიკები საზოგადოება სახელმწიფო მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში დაეხმარება

სახელმწიფო მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში დაეხმარება

532

დღეს მიწის რეგისტრაციისას მოქალაქე ვალდებულია, მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს სრული დოკუმენტაცია, რომელიც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებს; დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი საჯარო რეესტრი უარს ამბობს ქონების რეგისტრაციაზე. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და ხარვეზის გამოსწორება მიწის მესაკუთრის ვალდებულებაა, სხვაგვარად მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდება.

მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია.  ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა იქნება. უმნიშვნელო ხარვეზი მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში, არასწორი დაწერილობა და სხვა აღარ იქნება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება. გარდა ამისა, მოხდება ხარვეზიანი დოკუმენტაციის ლეგალიზაცია, გამოყენებული იქნება ფაქტების კონსტატაცია. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა მჭიდროდ ითანამშრომლებენ საკუთრების დადგენის ნაწილში, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით იქნება მხარდაჭერილი.

ამას გარდა, მიწის რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს შესთავაზებს. მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის, მეშვეობით სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად, −სასამართლო დავის გარეშე, მოგვარებაში დაეხმარება. დავის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება არჩევანი, ისარგებლოს მედიაციით თუ მიმართოს სასამართლოს და იქ დაიცვას საკუთრების უფლება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here