“გაზპრომის” თემა ერთ–ერთ ძირითად თემად რჩება ჩვენს ქვეყანაში. ამ რუსული კომპანიის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინათ სპეციალური და “ხალხმრავალ აქციად” დაანონსებული ე.წ. ცოცხალი ჯაჭვიც კი მოეწყო “ნაციონალური მოძრაობის” თაოსნობით.
როგორც ვნახეთ, ამ ე.წ. ჯაჭვში, რომლის ორგანიზატორებიც ირწმუნებოდნენ, რომ იგი თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე, ანუ სახელმწიფო კანცელარიის შენობიდან რუსეთის საკონსულოს შენობამდე გადაიჭიმებოდა, რეალურად სულ რამდენიმე ათეული ადამიანი იდგა. არადა, თუკი “ნაციონალებს” და მათ მსგავს პარტიებს მოვუსმენთ, ქართველ საზოგადოებაში ანტირუსული განწყობა ძლიერად არის ფეხმოკიდებული.
მაშ, რატომ არ მივიდა ამ მკვეთრად ანტირუსულ აქციაზე მთელი მოსახლეობა? სად იყო ის “უამრავი” ხალხი, რომელსაც თურმე რუსეთისა და “გაზპრომის” ხსენებაზე ალერგია ემართება და ფოთლავს?
ეს კითხვა სამუდამოდ პასუხგაუცემელი დარჩებოდა, ჩვენს ძალიან ყურადღებიან კორესპონდენტს რომ არ შეემჩნია ძალიან საეჭვო ფაქტი _ “გაზპრომის” საწინააღმდეგო აქციის გამართვა დროში დაემთხვა ცნობილი სერიალის _ “ორი ბედის” ვარსკვლავ გაურავ ჩოპრას ჩამოყვანას ინდოეთიდან.
როგორც კი ყურადღება მიაქცია ამ გარემოებას, ჩვენმა ძალიან ყურადღებიანმა კორესპონდენტმა გადახვევის რეჟიმში უყურა იმ დღეების ვიდეოარქივს და საოცარი ფაქტები აღმოაჩინა.
კერძოდ, სწორედ იმ დროს, როდესაც “გაზპრომის” საწინააღმდეგო აქციაზე მისული უამრავი ადამიანი ერთმანეთისთვის ხელების ჩაჭიდებას და მრავალკილომეტრიან ცოცხალ ჯაჭვში მედგრად ჩადგომას აპირებდა, გიორგი ჯაჯანიძემ ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებზე რახუმანდრა რატხოდის როლის შემსრულებელი ჩამოატარა.
ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ ყრის უამრავი ადამიანი ასფალტზე ტრაფარეტებს წარერით “არა გაზპრომს” და მისტერ რატხოდისკენ გარბის.
ჩვენი ძალიან ყურადღებიანი კორესპონდენტის ეჭვები კი საბოლოდ მაშინ გამართლდა, როდესაც კადრებში შენიშნა, სახლების სახურავებზე განლაგებული სუს-ის შავსათვალიანი აგენტები როგორი გახარებული უკრავდნენ ტაშს, როდესაც ხალხი “არა გაზპრომის” აქციას ტოვებდა და რატხოდისკენ გარბოდა.
ფაქტობრივად, დადასტურებულად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “სხვა რაკურსი” გაურავ ჩოპრას მიწვევა მხოლოდ საფარია. სინამდვილეში, საქართველოს მთავრობამ და სუს–მა მიაკვლიეს უებარ მეთოდს, როგორ უნდა დაშალონ “ნაციონალების” ხალხმრვალი და მასობრივი საპროტესტო აქციები.
აკი, თვითონ გაურავ ჩოპრამაც განაცხადა, _ შეიძლება, სამუდამოდ დავრჩე საქართველოშიო!
ეჭვი აღარ არის, აწი ყველგან, სადაც “ნაცები” ხალხმრავალი აქციის გამართვას გადაწყვეტენ, გაურავ ჩოპრას ჩამოტარება და ხალხის მისკენ გავარდნა ერთი იქნება. როგორც სუს–ი ვარაუდობს, “ნაცების” აქციების დროს ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება, რადგან, როგორც ცნობილია, მათ აქციებში მონაწილეობისთვის ადამიანები ხან ელიავას ბაზრობიდან მოჰყავთ და ხანაც ქუჩის მოვაჭრე ქალბატონებს 10-10 ლარს ურიგებენ. ეს კონტინგენტი კი ყველაზე ერთგული მაყურებელია ინდური სერიალებისა და, შესაბამისად, ყველაზე იოლად ემორჩილება მისტერ რატხოდის ქარიზმას.
როგორც ჩანს, “ნაცების” მიერ ორგანიზებული “მილიონიანი” მარშების პრობლემა საბოლოოდ გადაჭრილია. თუკი მაინც ბოლომდე ასპროცენტიანი ეფექტი არ გვექნა, იჩასა და ტაპასიასაც დავახმართო, _ განუცხადა ჩვენს არც ის სპეციალურ კორესპონდენტს სუს-ის ძალიან მოლაყბე აგენტმა.
აბა რავარია