Home რუბრიკები საზოგადოება ვინ იყო ალექსანდრე ნადირაძე და რატომ უნდა იყოს მისი სახელობის ქუჩა თბილისში

ვინ იყო ალექსანდრე ნადირაძე და რატომ უნდა იყოს მისი სახელობის ქუჩა თბილისში

2081

საქართველომ ბევრი გენიალური ადამიანი აჩუქა მსოფლიოს, მათ შორის, კონსტრუქტორი, გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათმშენებლობის სპეციალისტი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, რაკეტმშენებლობის პიონერი რუსეთში ალექსანდრე ნადირაძე, რომელმაც უმძლავრესი ბალისტიკური რაკეტები (“ტემპი”, “ტოპოლი”, “პიონერი”, “სკოროსტი” და სხვ.) შექმნა. 

ალექსანდრე ნადირაძე, როგორც არაერთი წარმატებული ქართველი, იმ ადამიანებს განეკუთვნება, რომლებიც სამშობლოში დაუფასებელი და პატივდაუდებელია. ჩვენს ქვეყანაში რატომღაც ტენდენციად იქცა იმ მოღვაწეების დაფასება და ხოტბის შესხმა, რომლებსაც საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებიათ. მაგალითად, თბილისში დგას რონალდ რეიგანისა და ჰეიდარ ალიევის ძეგლები, აგრეთვე, არის ჯორჯ ბუშისა და გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის (რომელმაც მთელი ცხოვრება ამერიკაში გაატარა და ამ ქვეყანას ემსახურებოდა, საქართველოსთვის კი არაფერი გაუკეთებია) ქუჩები

1973 წლის 28 აპრილს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის საიდუმლო განკარგულებით, ალექსანდრე ნადირაძეს საშუალო მოქმედების რადიუსის მქონე მობილური სახმელეთო რაკეტული კომპლექსის შექმნა დაევალა. ახალი კომპლექსის _ პიონერის _ ორსაფეხურიანი რაკეტის საბრძოლო ბლოკში ინდივიდუალური დამიზნების სამი საბრძოლო ქობინი იყო განთავსებული და თითოეულის სიმძლავრე 1,5 მეგატონას შეადგენდა. “პიონერმა” პირველი სტარტი 1974 წლის 21 სექტემბერს აიღო. მისი გამოცდა კი 1976 წლის 9 იანვარს, ოცდამეერთე გაშვების შემდეგ, წარმატებით დასრულდა. ამავე წლის 11 მარტს ალექსანდრე ნადირაძის ამ საშუალო მოქმედების მობილური სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსით სსრკ-ის არმია შეიარაღდა. 1977 წლის ბოლოს სტრატეგიული ჯარების განკარგულებაში 18 გამშვები დანადგარი იყო, 1980 წელს _ 135, ორი წლის შემდეგ კი _ 300. “პიონერის” გამოჩენამ ნატოს წევრ ქვეყნებში დიდი აურზაური და შეშფოთება გამოიწვია. 1977 წლის 19 ივლისს კი მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტში ალექსანდრე ნადირაძის ხელმძღვანელობით დაიწყო ახალი თაობის მობილურ სტრატეგიული სარაკეტო კომპლექს “ტოპოლის” შექმნა. 1983 წლის 8 თებერვალს კომპლექს “ტოპოლის” რაკეტის პირველი სტარტი შახტიდან განხორციელდა. 1987 წლის 28 აპრილს კი ჩამოყალიბდა ამ კომპლექსით სრულად აღჭურვილი პირველი სარაკეტო პოლკი. ასე რომ, გამომგენებელი ბალისტიკური რაკეტებისა, რომელთა საშუალებით იცავდნენ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს, მათ შორის, საქართველოსაც, და რომლებიც შიშის ზარს სცემდა მტერს, ქართველი ალექსანდრე ნადირაძეა.

რატომ არ მივაგებთ ასეთ საამაყო ადამიანს სათანადო პატივს და რატომ არის მისი ღვაწლი დაუფასებელი? _ ამ თემაზე ვესაუბრეთ საქართველოს გენერალიტეტის მემატიანეს, პუბლიცისტს, ისტორიკოსს, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტ ლევან დოლიძეს:

_ ალექსანდრე ნადირაძე უდიდესი მეცნიერი იყო. მან დააამთავრა ინდუსტრიული ინსტიტუტი და, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა, ჩააბარა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში, სადაც ისე წარმატებით სწავლობდა, რომ საიდუმლო ქარხანაში კონსტრუქტორად დააწყებინეს მუშაობა. 1940 წლიდან მოყოლებული იმდენი შეძლო, რომ მოწინავე პოზიციაზე გავიდა სარაკეტო ტექნიკის შექმნის საქმეში. იმხანად ამერიკის მთავრობა და საბჭოთა კავშირი უშედეგოდ მართავდნენ მოლაპარაკებებს განიარაღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის სტატუსი განსაკუთრებულზე არაფერს მიანიშნებს, სინამდვილეში იქ მსოფლიოში უმძლავრეს რაკეტებს ამზადებდნენ. სწორედ ამ ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ალექსანდრე ნადირაძე. მაღალი ჩინის სამხედროები მას გენერლების გენერალს უწოდებდნენ, მეცნიერები _ საბჭოთა მეცნიერების ტვინის ტრესტს. ერთი კაცი რამდენიმე კოლექტივის საქმეს აკეთებდა.

_ თქვით, რომ ამერიკა და რუსეთი უშედეგოდ საუბრობდნენ განიარაღებაზე. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა აშშ ნადირაძის მიმართ?

_ ამერიკელებს არაერთხელ დაუსვამთ საკითხი საბჭოთა კავშირისთვის, _ მოგვაშორეთ ნადირაძის რაკეტებიო. ამერიკის დაზვერვამ იცოდა, ვინ იყო ალექსანდრე ნადირაძე. მის მიერ შექმნილ რაკეტებს შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილისთვის დაერტყა. ნადირაძის რაკეტებს ამერიკელები ძალიან უფრთხოდნენ, რადგან, სადაც მოისურვებდნენ რუსები, ზუსტად იმ წერტილში შეეძლოთ დაერტყათ. ალექსანდრე ნადირაძე ენციკლოპედიაში უდიდესი მეცნიერის სახელითაა შესული, თუმცა ძალიან მორიდებული კაცი იყო. ზესაიდუმლო სამუშაოს გამო, ვერც საქართველოში ჩამოდიოდა და ვერც ოჯახს აქცევდა ყურადღებას. ძალიან გასაიდუმლოებული პიროვნება გახლდათ, მას მთავრობა იცავდა.

_ როგორც ვიცი, ალექსანდრე ნადირაძე თბილისობაზე დაპატიჟეთ

_ პირველი ვიყავი, ვინც შეძლო ალექსანდრე ნადირაძესთან გასაუბრება. ჩავდიოდი ხოლმე მოსკოვში და ვეუბნებოდი, რომ აუცილებლად ჩამოსულიყო თბილისობაზე. მოვახერხე და სსრკ-ის იმჟამინდელი ლიდერისგან, ჩერნენკოსგან, ავიღე ნებართვა, რომ გამოეშვათ. 5 დღით მისცეს საქართველოში წამოსვლის უფლება და აღფრთოვანებული იყო, როდესაც ჩამოვიდა, პირველ რიგში, კუკიის სასაფლაოზე მოითხოვა წაყვანა, რადგან იქ არიან დაკრძალული მისი მშობლები. ამდენი ხნის ჩამოუსვლელი, დაემხო მშობლების საფლავზე და ცხარე ცრემლით ტიროდა. ძალიან უყვარდა საქართველო, მაგრამ ვერ ახერხებდა სამშობლოში ცხოვრებას… დანაშაულია ასეთი ქართველის სახელის დავიწყება.

_ რატომ არის თბილისში ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ქუჩა და არ არის ალექსანდრე ნადირაძის?

_ ნებისმიერი ქართველის სახელობის ქუჩა უნდა გვქონდეს, ვინც კი პლანეტაზე სახელი გაითქვა თავის საქმიანობით. მართლაც, რატომ არ არის საქართველოში ნადირაძის ქუჩა და რატომ არის შალიკაშვილის? იმიტომ ხომ არა, რომ ნადირაძე საბჭოთა კავშირში მუშაობდა? ჩვენ, ყველა, საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით და რა უნდა ვქნათ _ ამოვშალოთ ჩვენი სახელები ისტორიიდან?! ალექსანდრე ნადირაძე იყო ზესახელმწიფოს მთავარი კონსტრუქტორი, რომელმაც შექმნა მრისხანე ბალისტიკური რაკეტები… უკვე დიდი ხანია, საქართველოს სათავეში აღარ არიან პატრიოტები, რომლებიც დააფასებენ ასეთ ადამიანებს. თუ კიდევ შეგვრჩენია ეროვნული სიამაყე, გამოჩენილი ქართველის _ ალექსანდრე ნადირაძის სახელი აუცილებლად უნდა დავარქვათ ერთერთ ქუჩას. რა გაუკეთა ბუშმა საქართველოს, მისი სახელობის ქუჩა რომ გვაქვს თბილისში? ეს ხომ საშინელებააწინააღმდეგი ვარ აბანოთუბანში ალიევის უზარმაზარი ძეგლისა, სომხებიც ხომ იტყვიან, ჩვენ რა დავაშავეთო და ყველა ეთნოსს გაუჩნდება ძეგლის დადგმის პრეტენზია.

 ჩვენ, ქართველებმა, პირველ რიგში, საამაყო მამულიშვილების პატივისცემა და დაფასება უნდა ვისწავლოთ!

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

ცნობისთვის:

ალექსანდრე დავითის ძე ნადირაძე, საავიაციო და სარაკეტო სისტემების კონსტრუქტორი, გენერალ-პოლკოვნიკი, ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1972, 1982), ოთხგზის ლენინის ორდენოსანი (1968, 1976, 1978, 1982), ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალერი (1984), ლენინური (1966) და სახელმწიფო (1987) პრემიების ლაურეატი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972), რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული გამომგონებელი (1973) დაიბადა 1914 წლის 20 აგვისტოს გორში. გარდაიცვალა 1987 წლის 3 სექტემბერს. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, სადაც დგას მისი ძეგლი. ალექსანდრე ნადირაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად რუსეთის კოსმონავტიკის ფედერაციისა და მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის მიერ დაწესებულია აკადემიკოს ალექსანდრე ნადირაძის სახელობის მედალი.

4 COMMENTS

  1. რუსეთი რომ ამ კაცის შექმნილი რაკეტებით დაგვბომბავს, მერე რა ვუყოთ მის ქუჩას? კიბატონო, დიდებული ადამიანი იყო, დიდი გონების პატრონი, მაგრამ საქართველოსთვის არაფერი შეუქმნია, ასე რომ მოეშვით ბოდვას

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here