Home რუბრიკები საზოგადოება ჯემალ ბაღაშვილი: მოსკოვში რომ გამოვდიოდით, საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ ცხენოსანი მილიცია იცავდა წესრიგს

ჯემალ ბაღაშვილი: მოსკოვში რომ გამოვდიოდით, საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ ცხენოსანი მილიცია იცავდა წესრიგს

2059

ბატონ ჯემალ ბაღაშვილს _ საქართველოს დამსახურებულ მსახიობს, საპატიო თბილისელს, ვსტუმრობ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში. ქართული ესტრადის ამ ბერმუხასა და შემოქმედ კაცს სასამსახურო შესასვლიდან მეორე სართულზე ერთი მომცრო კაბინეტი უკავია _ სამუშაო ოთახი. მსმენელსა და მაყურებელს, რომელიც მიჩვეულია სხვა განზომილებაში მის ხილვას, ესშეზღუდული სივრცეცოტა ეხამუშება. საუბრის თემა _ “ქართული ესტრადა გუშინ, დღეს, ხვალ”.

_ “გუშინდელი” პერიოდი, გნებავთ, წინარე დავარქვათ, უფრო მოწესრიგებული იყო. არსებობდა სახელმწიფო სისტემა, რომელსაც საფუძვლად გარკვეული პოლიტიკა ედო,_კარგი თუ ცუდი, ეს სხვა საკითხია,_ აუცილებელი იყო რაიონებში კონცერტების გამართვა, არსებობდა ნება “ზემოდან”, გამოიყოფოდა ფინანსები.

პირველ წლებში კონცერტებში მონაწილეობდნენ ქართული თეატრის გამოჩენილი მსახიობები, რომლებიც მაღლა სწევდნენ ამ ღონისძიებების ხარისხს. წარმოიდგინეთ, კვანტალიანი და გომელაური, სტეფანე ჯაფარიძე და გიორგი საღარაძე და სხვები. ასეთი დიდოსტატების რეპერტუარი თემატურად შეზღუდული იყო, პოლიტიკური სატირა_ გამორიცხული. სამაგიეროდ, იუმორი სოციალურ საჭირბოროტო საკითხებზე _ რამდენიც გნებავთ!

ეს ერთი პერიოდი წარსულის.

ახლა გადავიდეთ “გუშინ”-ის მეორე პერიოდზე: გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან 80-იანებამდე. ეს იყო ჩვენი ესტრადის აღზევების ხანა.

ე.წ. დიდმა რევოლუციამ, კინოფილმ “მზიური ველის სერენადის” მეშვეობით ჩვენთან რომ შემოაღწია, პოლიფონიაზე აგებულმა გლენ მილერის ჯაზმა და, მათ შორის, კვარტეტმა საქართველოში იპოვა ნოყიერი ნიადაგი. დასტური ამისა არის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლეგენდარული ორკესტრი, რომლის გიტარისტიც, ბედნიერება მქონდა, ვყოფილიყავი 1961 წლიდან 1964 წლის ჩათვლით. მოსკოვში რომ გამოვდიოდით, საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ ცხენოსანი მილიცია იცავდა წესრიგს. ქართულმა ნიჭიერებამ პოლიფონიურობაზე აგებული ეს ჯაზი არა მხოლოდ გაითავისა, არამედ გააქართულა კიდეც.

გურამ ბზვანელის უნიჭიერესი კვარტეტი _ ბზვანელი, ცინცაძე, ბაკურაძე, ხარაბაძე _ ევროპის დონის მოვლენა იყო. სწორედ მან დაუდო საფუძველი საქართველოში ჩამოყალიბებულ კვარტეტებს.

ამათ კვალზე რობერტ ბარძიმაშვილმა შექმნა მაღალი დონის კვარტეტი, რომელიც შემდეგ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლად გადაკეთდა. ამ პერიოდში ჩნდება “დიელო”, ამირან ებრალიძის ხელმძღვანელობით: ძმები ებრალიძეები, გოგი ლეონიძე და ბუბა კიკაბიძე. პირველი შემადგენლობა ასეთი იყო. ამ ანსამბლმა სამღერად გაცილებით რთული, ე.წ. გაშლილი აკორდების სტილი აირჩია.

იმხანად ყველას ერთად აღებული გვქონდა გაქართულების გეზი. ქართულ ნიადაგზე უნდა განვითარებულიყო არა მხოლოდ სიტყვებით, ტექსტით, არამედ თვით მელოდია, ჰარმონია, გნებავთ, ხმათა წყობა, ქართული უნდა ყოფილიყო.

აი, ამ დროს ასპარეზზე გამოდის “ივერია”. მე, როგორც ამ ანსამბლის ერთ-ერთ დამაარსებელს ალექსანდრე ბასილაიასთან, ვახტანგ ტატიშვილსა და გოგი ლეონიძესთან ერთად, რომელიც “დიელოდან” გადმოვიდა, კარგად მახსოვს, რომ ესტრადაზე ჩვენ გამოჩენას ბევრი სკეპტიკურად შეხვდა. გაქვთო კი რამე სათქმელი?!

“ივერია” ჩვენი ანსამბლისთვის შემთხვევით არ დაგვირქმევია. ვიცოდით, ვგრძნობდით, რა დიდი ჯვარი იყო ამ სახელწოდების ზიდვა. მაგრამ ასეთი იყო ჩვენი შინაგანი მოთხოვნა, მოწოდებული ვიყავით, რათა ჩვენს პატარა “ივერიას” დიდი ივერიისთვის ერთი აგური შეემატებინა.

_ რა გზა იყო ასეთი უვალი, ბატონო ჯემალ, რომელიც თქვენ გათელეთ?

_ ეს იყო მიუზიკლისკენ შეგნებული და მიზანმიმართული სვლა. როცა მივაღწიეთ მიზანს და შევქმენით ოთხი მიუზიკლი, დავრწმუნდით, რომ რაღაც მცირე წვლილი ჩვენც შევიტანეთ ქართული ესტრადის განვითარებაში.

_ დღევანდელ ესტრადას რა თვალით უყურებთ?

_ დღეს ესტრადაზე მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდა ამერიკულინგლისური სიმღერები, იშვიათ შემთხვევაში _ ქართულსიტყვადადებული. ეს ერთი მიმართულება.

მეორე _ ჩვენდა სამარცხვინოდ, ფანოღური რეპერტუარია. ამის ინიციატორებმა, მგონი, ფანოღის მნიშვნელობაც არ იციან. ნიშნავს კი დაბალი დონის მექორწილე დამკვრელს. გარკვეული კატეგორიის ადამიანებს მოსწონთ უგემოვნო აღმოსავლური მუსიკის (ნამდვილი აღმოსავლური მუსიკა დიდებულია) რაღაც ნაზავი და ეს ფანოღი ამ ნაკლებად განვითარებული ყურის მქონე ადამიანების დაკვეთას არცთუ უანგაროდ ასრულებს. ფანოღობის აყვანა მეისტრიმამდე, ძირითად მუსიკალურ მიმართულებამდე, იქამდე, რომ კონკურსის მოწყობასაც კი აპირებენ, მისი ტირაჟირება და პროპაგანდა დანაშაულია. “იუმორინისერთერთ ნომერში აისახა კიდეც ჩვენი დამოკიდებულება ამ მახინჯი მოვლენისადმი. იმათ სტილში ვმღერით:

შენი ნაქსოვი თექა გერჩივნოს,

სხვისგან მოპარულ ფარდაგს და ნოხებს,

კოსმოსი უსმენს ქართულჩაკრულოს”,

საქართველო კი უსმენს ფანოღებს.

“იუმორინა” არასოდეს ყოფილა სიცილი სიცილისთვის. ვცდილობთ, რომ ბერტოლდ ბრეჰტის უკვდავი ფორმულა _ “დამოძღვრე გართობით” _ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში განვახორციელოთ.

ჩვენი მუსიკალური პამფლეტი, რომელიც ამ სიმახინჯის წინააღმდეგაა მიმართული, ასე იწყება:

როცა ინგლისურ სიმღერას ვმღერით,

პროამერიკულს, ღვთის სათაყვანოდ,

გულში მცირედი ღვივის იმედი _

ეგებ, ნატოში ჩვენც შეგვიყვანონ.

ის აღარ ვიცით, ჩვენი სიმღერა

აზიას რატომ დაუახლოვდა,

მამაპაპური ჰანგი ქართული

გაფანოღდა და გაშალახოვდა.

ბრძოლა ესთეტიკისთვის უფრო შორს მიმავალია, ვიდრე ესტრადა რომ ჰქვია, იუმორი და, თუ გნებავთ, საზოგადოდ, ხელოვნება; ბრძოლაა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ზოგჯერ ჩვენი ხელშეწყობით ხორციელდება, ზოგჯერ, ჩვენ რომ არავინ გვეკითხება, იმ ძალების მიერ.

_ ისევ თქვენ და ისევ თქვენ, _ ვბედავ ქართული რომანსის სტრიქონის პერიფრაზირებას. დღეს ასეა. ხვალინდელი დღე როგორი გესახებათ?

_ ესტრადა ისეთი სახელმწიფოს ფუფუნებაა, რომელშიც კეთილდღეობა სუფევს. ბანგლადეშისა და მოზამბიკის შოუბიზნესის წარმოდგენაც კი ძნელია. საქართველოში მინიმალური კეთილდღეობა მაინც უნდა იყოს, ადამიანს რომ ემღერებოდეს და ეცეკვებოდეს, შეეძლოს ბილეთის ყიდვა ოჯახის წევრების კონცერტებზე წასაყვანად. თუ ეს კომპონენტები არ არსებობს, თანაც მას, ამ ადამიანს, სთავაზობენ იმ უგემოვნებას, რაზეც ვილაპარაკე და არა იმას, რაც მისი სულიერი მოთხოვნილებაა, მაშინ ესტრადის ღირსეულ მომავალზე ლაპარაკი ზედმეტია.

ესტრადა დროის ადეკვატური უნდა იყოს _ დღევანდელი სათქმელი დღეს უნდა თქვას, ხვალინდელი _ ხვალ. ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ენას სრულყოფილად ფლობ, მაყურებლის ფსიქოლოგიაში წვდომაც უნდა შეგეძლოს, მახვილების სწორად დასმაც, და, რაც მთავარია, უნდა გქონდეს დიდძალი ფული, შენი იდეების რეალიზაცია რომ შეძლო.

_ მინდა, გთხოვოთ თქვენი მიუზიკლების არნახული წარმატებაც გაიხსენოთ.

_ ჩვენი პირველი მიუზიკლისთვის სახელწოდება “ჩხიკვთა ქორწილი” შემთხვევით არ ავირჩიეთ. არ გვინდოდა, მაყურებლისთვის რებუსი შეგვეთავაზებინა. გაამართლა. შემდეგ დავდგით “არგონავტები.” ესეც გამოგვივიდა.

მესამე მიუზიკლი კიდევ უფრო დიდი ექსპერიმენტი იყო: ბეწვის ხიდზე გავიარეთ და არ ჩავვარდით.

ბუთხუზი _ ალექსანდრე ბასილაია მენდობოდა ლიბრეტოს შერჩევაში _ ყოველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ახალი და მოულოდნელი. როგორც ცნობილი მუსიკათმცოდნე გივი ორჯონიკიძე ბრძანებდა, სიახლე თავად არის ფასეულობა. ამიტომ შევთანხმდით მე და ბუთხუზი, რომ ჩვენი მომდევნო დადგმა არ იქნებოდა აგებული ცნობილ პირველწყაროზე, საფუძვლად სოციალური გარემო ავიღეთ და აბსურდული სახელი დავარქვით _ “თოვლის ბებოს ზღაპარი”. ღვთის მადლით, ამ მიუზიკლმა ყველა რეკორდი მოხსნა _ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში 164 წარმოდგენა ზედიზედ ანშლაგით გაიმართა. ასე ნელ-ნელა მივუახლოვდით “ფიროსმანს”, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო 10 წელიწადი ვეჭიდავებოდით. როცა ვიგრძენით, რომ სერიოზული მიუზიკლისთვის მზად ვიყავით, შევძელით კიდეც ამ ამოცანის წარმატებით დაძლევა, რაც დადასტურდა თუნდაც მოსკოვში ჩატარებული გასტროლებით.

_ მიუზიკლის პერსპექტივას თუ ხედავთ?

_ სამწუხაროდ, ვერ ვხედავ კომპოზიტორს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დაძლიოს მიუზიკლის ჟანრი იმ დონეზე, როგორც ამას ბუთხუზი აკეთებდა, ალექსანდრე ბასილაია. არც ამ საქმეში სუბსიდიის ჩამდები ჩანს ვინმე.

_ “ივერიაგაბედულებით ხასიათდებოდა ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. სათქმელს პირში ეუბნებოდა.

_ გაბედულების ერთ მაგალითად დაგისახელებთ რწყილისა და ჭიანჭველას უწყინარ ზღაპარს, ჩვენს ნახევარსაათიან რკოოპერას (როკოპერის ანალოგს), როცა მსოფლიო ჰიტებს მოვარგეთ ქართული სატკივარი, ხმა აღვიმაღლეთ კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც ღრღნიდა ჩვენს ქვეყანას. მომდევნო პერიოდში, რამდენჯერმე გავიმეორეთ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დრო და დრო საქართველოში იქმნებოდა. ერთ-ერთი ვარიაცია მალე “იმედის” ეთერით გადაიცემა.

დღეს უტევენ ჩვენს ყველაზე ძვირფას პრინციპებს, უპირველეს ყოვლისა, ილიასეულს _ “მამულს, ენას, სარწმუნოებას”…

გეკითხებით, რატომ უნდა იყოს მოწადინებული მავანი, მოგვიშალოს საძირკველი, რომელზეც ჩვენი ეროვნული კულტურა დგას?!

სწორედ აქეთ მიდის წერტილოვანი დარტყმები _ ეკლესიაზე, ჩვენს სულიერებაზე, ეროვნულ იდენტურობაზე. სურთ, შეუსაბამობაში მოიყვანონ იურიდიული კანონი ბიბლიურ მოძღვრებასთან, როცა ოჯახის, როგორც კაცისა და ქალის ერთობის წინააღმდეგ იბრძვიან.

ასეთ წერტილოვან დარტყმებს წერტილოვანი დარტყმებითვე უნდა ვუპასუხოთ _ ვისაც როგორ ხელგვეწიფება. ეს ომია!

გამოდიხარ, დალოცვილო, გვარამია ხარ თუ ვიღაც, და აცხადებ, “აბესალომ და ეთერინაგავიაო. შენ გინდა წამიბილწო სარწმუნოებაც, ფოლკლორიც, კლასიკაც?! რომ აცხადებ, კლასიკური მუსიკა ფალიაშვილიდან დაწყებული, ყანჩელის ჩათვლით არაფერიაო, ვინ მოგცა ამის უფლება?! რომელი ყარსის ციხე აიღე მუსიკაში, ასეთი ვერდიქტი რომ გამოუტანო ქართულ ეროვნულ სიწმინდეებს?!

_ უხამსობა და იუმორი

_ ბილწსიტყვაობა, სამწუხაროდ, გაცილებით მეტია კინემატოგრაფიასა და, განსაკუთრებით, ტელესივრცეში. რაგინდ კარგი იყოს ქართული ტელესერიალი, ან, თუნდაც, კინოფილმი, გინების ისეთი კორიანტელი მოდის ეკრანიდან, კაცო, რომ ერთ ჩვენს საესტრადო მონოლოგში პაროდირებულ ბატონ გრიშა ონიანს ვათქმევინეთ: “ეს ორი ხელი ჩემს ექვს შვილიშვილს როგორ ავაფარო ყურებზე, არ ვიცი! შივა კი არ ვარ, გრიშა ვარ, გრიშა!”

ჩვენ შესულები ვართ ამ ომში. ჩემს ტელეგადაცემაში “სტუმრად იუმორინასთან” მხოლოდ მიხოს და მაროს ანეკდოტებით რომ შემოვიფარგლო, არ ეკადრება ჩემი ასაკის კაცს. როცა გაქვს შესაძლებლობა დროზე მოახდინო რეაგირება კონკრეტულ ნაკლზე, სათქმელი შეაწიო მის გამოსწორებას, უკან არ უნდა დაიხიო:

აწ რომ ავი არ ვაძაგო,

კარგი როგორ უნდა ვაქო?

ავს თუ ავი არ უწოდო,

კარგს სახელად რა დავარქო?

დიდებულად ბრძანებს დავით გურამიშვილი.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. “კარგ კაცს ვითარ დაუკარგო, რაც რამ სიკარკაცე აქო?”

ესეც ნათქვამი აქვს დიდ პოეტსდავითიანისერთერთ თავში _ “სასწაულის მოწყვა ღვთისაგან”.

ეს ინტერვიუც ერთგვარი მცდელობაა ბატონ ჯემალ ბაღაშვილის კარგი კაცობის წარმოსაჩენად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here