Home რუბრიკები საზოგადოება საიდუმლო ნადიმი ბიძინას სასახლეში და ლირიოდენდრონი

საიდუმლო ნადიმი ბიძინას სასახლეში და ლირიოდენდრონი

1124

საზოგადოებისთვის უკვე აღარ არის საიდუმლო, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები აზრებს ბიძინა ივანიშვილს ეკითხებიან და ხანდახან ფარული შეხვედრებიც იმართება ხოლმე. საგურამოს შემდეგ ახალი საიდუმლო შეხვედრა ამჯერად სოლოლაკის დაკიდებულ ბაღებში შედგა და მას ჩვენი წყარო შეესწრო, ტრადიციულად, შემთხვევით.

“წყნეთში ვიყავი, ნაღდი სოფლის მაწონი და რძე მომაქვს ხოლმე ნაცნობი ქალისგან, და შინ ვბრუნდებოდი. მოულოდნელად ავტობუსი გაფუჭდა და ზედ სასახლის კართან გაჩერდა. საღამო ხანი იყო, ბოლო რეისს მოვყვებოდი. მძღოლმა გვითხრა, ცოტა დაცდა მოგვიწევს, ვიდრე მორიგე მოვა და შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთო. მეც ჩამოვედი და ვერანდიდან ბებერი თბილისის ხედებით ტკბობა დავიწყე. სად იყო და სად არა, მოულოდნელად შავი ჯიპები მოქანდნენ, ჩვენს ავტობუსს სასწრაფოდ ბუქსირი ჩაუბეს და ძირს დააგორეს. შავი ჯიპებიდან კი მთავრობის სრული შემადგენლობა გადმოვიდა. იქვე იყვნენ პარლამენტარებიც, კომიტეტის წევრებიც და თავმჯდომარეებიც. რეზიდენციის წინ ამაღლებული ბორდიური რომ არის, იქ ჩავიმალე. ამასობაში შავი “რაფის” მარშრუტკა მოქროლდა, იქიდან შავებში ჩაცმული დიდი ქალი გადმოვიდა, ქერა თმითა და შავი სათვალით, არც დავკვირვებივარ, ვიცანი ეგრევე, ელისოა ტრადიციული პარიკითა და კონსპირაციული ვიზუალით. ელისო აქეთ-იქით აცეცებს თვალებს და შენობაში შესაღწევად გზას ეძებს, თუმცა არ ჩქარობს, კაბის უბიდან ბოთლი ამოიღო, პურის ნაჭერი, ყველი და საქმის დაწყებამდე ცოტა წაიხემსა.

ღამის 12 საათი გახდა. ელისომ კაბიდან პურის ნამცეცები ჩამოიბერტყა და ბაღისკენ გაემართა.

უბიდან რაღაც საგანი ამოიღო, თითქოს ანკესს ჰგავდა, მძლავრად მოიქნია და ბაღში ისროლა, თვითონ კი ღობეზე წვალებით აცოცდა. მივხვდი, რომ ექსკლუზივი ხელიდან მეცლებოდა და ის დრო იყო, ელისო თავიდან მომეშორებინა. ის-ის იყო, ბაღში უნდა გადამხტარიყო, კაბის ბოლოში ვეცი და ჩამოგდება დავუპირე. ვერც ხმას იღებს და ჩუმად მიწევს წინააღმდეგობას. მე აქედან ვექაჩები, ის _ იქიდან. მოკლედ, საქმე მის სასარგებლოდ წავიდა და ელისომ ბაღში მოადინა ბრაგვანი. ხმაურზე რეზიდენციიდან ეკამ და მანანამ გამოიხედეს. “რომელი ხარ მანდ?” _ დაიძახა მანანამ, რომელსაც ხელში ვისკის ჭიქა და იმერული ხაჭაპურის ნაჭერი ეჭირა. ელისო გა-”სუს”-ული ზის და ხმას არ იღებს. “რომელი ხარ-მეთქი?” _ დაამატა ეკამ. ბაღში სიჩუმეა. ქალები შეტრიალდნენ შენობაში, ალბათ, იფიქრეს, ნასვამები ვართ და მოგვეჩვენაო.

ელისომაც ამოისუნთქა და კვლავ საქმეს შეუდგა. იქვე დიდი ლირიოდენდრონის ხე დგას, კარგად გაფოთლილი, და მისი ტოტების სიმაღლე პირდაპირ უყურებს იმ ადგილს, სადაც მთავრობის და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრთა ნადიმი იმართებოდა. ელისო ნელი ნაბიჯებით მიიპარა ხესთან და დაიწყო აცოცება. ჯერ ერთი ფეხი ასწია, შემდეგ _ მეორე და ასე ერთ მსხვილ ხის ტოტზე მოექცა. ამოიღო ჯიბის კამერა და პირდაპირ ფანჯარას დაუმიზნა. მოკლედ, საქმე დაიწყო. ელისო აზარტშია შესული, დარბაზში კი ლხინი და ჟრიამულია. ვხედავ, მანანა და ეკა ვალსს ცეკვავენ, გოგი და თინა _ ტვისტს, ბიძინა და ირაკლი _ ჩაჩაჩას, ვოლსკი და ჩაფიძე _ რუმბას. გუბაზსაც მოვკარი თვალი, მარტო იდგა და დინჯად მოძრაობდა ცეკვის სტილში.

ამასობაში შუაღამეც მოვიდა, სამი საათია უკვე, სტუმრებმა ნელ-ნელა დაიწყეს დაშლა. ეკა და მანანა დარჩნენ, როგორც ჩანს, სუფრა ჰქონდათ ასალაგებელი. სუფრის ალაგებამდე ქალბატონებმა ბაღში გასეირნება გადაწყვიტეს და თან ახალდგადარგული ლირიოდენდრონის დათვალიერება მოიწადინეს. სიტუაცია ცოტა დაიძაბა. ეკა და მანანა ხის ძირში ზუსტად იმ ადგილას დადგენ, საიდანაც კარგად მოჩანდა კენწეროზე მოკალათებული ელისო, თუმცა, მის ბედად, მაღლა არ აუხედავთ. ერთმანეთში საუბრობდნენ, როგორც შევატყვე, რაღაც საკითხზე ბჭობდნენ და სამომავლო გეგმებს სახავდნენ. მოულოდნელად ტკაცუნის ხმა შემომესმა და დავინახე, როგორც შენელებული კადრი, როგორ მოტყდა კენწეროს ტოტი და როგორ გადმოეშვა მასზე მოკალათებული ელისო. გაუმართლა _ სიმძიმის ძალამ ტოტი აუზისკენ მიმართა და ცნობილი ჩიტის პატრონი ბერას აუზში აღმოჩნდა. დაცემის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ წყლის შხეფები ჯი-დი-ესის შენობასაც კი მიესხურა. ხმაურზე ისევ მანანა და ეკა გამოვიდნენ ხალათებით, მიათვალიერ-მოათვალიერეს იქაურობა და, საეჭვო რომ ვერაფერი შენიშნეს, უკან შებრუნდნენ. გალუმპულმა ელისომ, როგორც იქნა, თავი დააღწია აუზს, აი, გადაღებული მასალა კი, როგორც ჩანს, მთლად გაუნადგურდა.

დავინახე, როგორც კი ამოვიდა, სწრაფად გადმოცოცდა ღობეზე გინებითა და ფურთხებით, დაეშვა დაღმართზე, წყაროსკენ და მის მომლოდინე შავ “რაფში” ჩაჯდა, სიმწრისგან კარი მიაჯახუნა და სინათლის სიჩქარით გაეცალა იქაურობას”.

სპეციალურად ბიძინას ბაღებიდან,

ელიკო სილაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here