Home რუბრიკები საზოგადოება “დედაქალაქის მერია ხელისუფლების აქილევსის ქუსლად იქცა”

“დედაქალაქის მერია ხელისუფლების აქილევსის ქუსლად იქცა”

კორუფციის შესუსტება ქვეყნის განვითარების უმთავრესი საკითხია. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში ბევრი პრობლემაა. სწორედ მათზე გვესაუბრებასაქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტისდამფუძნებელი და თავჯდომარე ვლადიმერ ლაგვილავა.

_ ბატონო ლადო, რა კორუფციული პრობლემების წინაშე დგას დღეს ქვეყანა?

_ ქვეყნის უმთავრესი კორუფციული პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლების რიგი წარმომადგენლებისა და სტრუქტურებისა ელიტურ კორუფციულ სქემებში არიან ჩართულნი. მაგალითად: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, რომელიც სამინისტროსთვის გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებას გულისხმობს, კოლოსალური თანხები იხარჯება. 2004 წელს გამოშვებულ ავტომობილ “აუდი A6”-ზე, მის ტექნიკურ მომსახურებაზე, ტენდერის პირობების მიხედვით, უნდა დაიხარჯოს 105 850 ლარი, არადა, ამ ავტომობილის საბაზრო ღირებულება საუკეთესო შემთხვევაში 6000 დოლარს არ აღემატება. მეტიც, ახალი “აუდი A6”-ის შეძენა, რომელსაც დილერისგან სათანადო საგარანტიო მომსახურების ვალდებულება მოჰყვება, გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ამ ძველი მანქანის ტექნიკური მომსახურების ხარჯები; ანუ ამ თანხით სახელმწიფოს შეუძლია, შეიძინოს 2016 წლის ავტომობილი საგარანტიო ტექმომსახურებით, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, გაამდიდროს შინაური კომპანია და ამორტიზებული 12 წლის მანქანის მომსახურებაში გაცილებით მეტი საბიუჯეტო თანხა დახარჯოს, ვიდრე ახალი ავტომობილის შეძენა დაჯდებოდა. ამავე ტენდერში სხვადასხვა ფირმის უამრავი ავტომობილია, რომელთა შენახვაც, ტენდერის დამტკიცების შემთხევევაში, სახელმწიფოს ოთხმაგი დაუჯდება. ალბათ, ხვდებით, რა ფინანსურ მაქინაციაზე თანხმდება სახელმწიფო სტრუქტურა. ჩვენ აუცილებლად დავაკვირდებით, დამტკიცდება თუ არა ეს ტენდერი. 2015 წლის დეკემბერში დევნილთა სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სხვადასხვა ობიექტის დაცვაზე, რომელიც ითვალისწინებს 600 000 ლარის დანახარჯს. უკვე წლებია, დევნილთა სამინისტროს ტენდერში იმარჯვებს დაცვის სამსახურიგრიფინი პლუსი”. მსგავსი მომსახურების სურვილი თუ საშუალება საქართველოში მხოლოდ ამ დაცვის სამსახურს აღმოაჩნდა და ტენდერშიც მხოლოდ ის მონაწილეობს. ამ შემთხვევაში კი გვაქვს კანონდარღვევა: “გრიფინი პლუს”-მა 2014 წელს გაიმარჯვა ტენდერში, რათა 2015 წელს დაეცვა ლტოლვილთა სამინისტროს შენობა და მისი ობიექტები. ვთქვათ, ისნის სამხედრო ჰოსპიტალში რეგისტრირებული იყო 18 ადამიანი, რომლებზეც თანხა იხარჯებოდა, რეალურად კი მუშობდა ორი კაცი. ამის თაობაზე შევატყობინეთ სამინისტროს, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. ანალოგიური რამ განმეორდა წელსაც _ ტენდერში კვლავ ხსენებულმა კომპანიამ გაიმარჯვა და ობიექტებზე, რომლებზეც ფორმალურად 18 კაცი უნდა იყოს, არის მხოლოდ ორი. კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე ხეების გადარგვისას, რომელშიც მონაწილეობს თბილისის მერია, ქობულეთის მერია და სხვადასხვა უწყება, რომლებსაც, წესით, კავშირი არ აქვთ ამ საკითხთან. გვაქვს, აგრეთვე, ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიაზე, არსებული ბოტანიკური ბაღიდან ბიძინა ივანიშვილი აპირებს რამდენიმე 200-წლიანი ხის წაღებას ურეკში. ამ ხეების გადარგვა კი 10 მილიონამდე დაჯდება. ალბათ, უფრო უპრიანი იქნებოდა, ეს თანხა ბატონ ივანიშვილს სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად დაეხარჯა ან, სულაც, ახალი დენდროლოგიური პარკი შეექმნა ურეკში.

დედაქალაქის მერია უკვე იქცა ხელისუფლების აქილევსის ქუსლად, მისი მთავარიმიღწევატენდერებია. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერები ელექტრონული და გამჭვირვალეა, მერია ურცხვად განაგრძობს ტენდერების მორგებას მისახლობელკომპანიებზე, ამის მაგალითებია:

1. ერთ პირთან მოლაპარაკებით დადებული ხელშეკრულებები, რომელთა ღირებულება გასცდა 200 მილიონ ლარს; 2. ეგრეთ წოდებულ ფორსმაჟორში გაფორმებული ხელშეკრულებები; 3. ხელშეკრულებებით აყვანილი თანამშრომლები, რომელთა ხელფასებიც მერიის მაღალჩინოსანთა ხელფასებს აღემატება; 4. ნათესავებისა და პარტიული აქტივის დასაქმება და, რაც ყველაზე საგანგაშოა, უდიპლომო და საკვალიფიკაციო გამოცდებში ჩაჭრილი თანამშრომლების მაღალ თანამდებობებზე დატოვება; 5. პრემიები და დანამატები.

ცალკე განხილვის საგანია დევნილთა სამინისტრო. აქაც რამდენიმე მიმართულებითაა პრობლემა, უპირველესია, დევნილთათვის ქულების მინიჭება, პრემია-დანამატები, ტენდერები. როგორც მახსოვს, რამდენიმე თვის წინათ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ქრთამის აღებაში დაადანაშაულა და შესაბამისი მასალა გაავრცელა, მაგრამ გამოძიებაც კი არავის დაუწყია.

_ 2016 წლის ტენდერებზე თუ გაქვთ ინფორმაცია?

_ რა თქმა უნდა. თუ თვალს მივადევნებთ ელექტრონულ ტენდერებს, საინტერესო ფაქტებს ვიპოვით. სხვადასხვა სამინისტროს ავტოპარკის მოვლაზე უკვე გამოაცხადეს ტენდერები და თანხა 20 მილიონ ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ შედის ახალი ავტომობილები, ეს მხოლოდ იმ ავტომობილებზე ვრცელდება, რომლებიც 2010 წლამდეა გამოშვებული და ეს რაოდენობა 60 მილიონს გადააჭარბებს. მაგალითად, აჭარის მთავრობას 9 მანქანის მოვლა ერთი წლის განმავლობაში 54 000 ლარზე მეტი უჯდება, მათი ავტოპარკი უფრო დიდია და კიდევ რამდენიმე ტენდერს გამოაცხადებენ. იგივე მდგომარეობაა სამინისტროებშიც. დევნილთა სამინისტრო მხოლოდ მანქანის გარეცხვისთვის 2016 წელს 19 000 ლარს გადაიხდის. მანქანის ნაწილების პრეისკურანტში კი თითქმის ყველა მანქანის ნაწილების განახლებაა შეტანილი. საახალწლოდ დედაქალაქის მერიამ 2 200 000 ლარის პრემია და დანამატი გასცა თანამშრომლებზე. ეს ყოველივე ძალიან მცირედ მეჩვენება იმ ფონზე, რომ 2016 წელი საარჩევნოა და წინ კიდევ ბევრი საოცარი ტენდერი გველის. ცალკე განსახილველია ე. წ. ნარუშილოვკების თემა. ეს “ნარუშილოვკები” ცოტა ხნის წინათ აიკრძალა, მაგრამ ტენდენცია გრძელდება _ საქართველოს გზებზე შეხვდებით ავტომანქანებს, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაა და მათი მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას არავინ აკონტროლებს. ესეც კორუფციაა. როდესაც ქვეყანას უტიფრობა მართავს და ხალხი ურიგდება ამას, როდესაც კორუფციის ჭაობში ვეშვებით და ხალხი უმოქმედოდაა, ეს, უბრალოდ, საზოგადოებრივი დანაშაულია.

საზოგადოებამ მეტი კონტროლი უნდა განახორციელოს ხელისუფლებაზე, მისი წარმომადგენლები ჩვენ მიერ დაქირავებული პირები არიან.

ესაუბრა ნატა ხორავა

1 COMMENT

  1. აქამდე იყვნენ ბოროტი ხარბები, ახლა კი ჩვეულებრივი ხარბები არიან ხელისუფლებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here