Home რუბრიკები საზოგადოება ვინ დადგა “დეზერტირკა” _ მარჯანიშვილმა და ახმეტელმა თუ მხოლოდ მარჯანიშვილმა?

ვინ დადგა “დეზერტირკა” _ მარჯანიშვილმა და ახმეტელმა თუ მხოლოდ მარჯანიშვილმა?

1223

1925 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა ახალი სპექტაკლი _ “დეზერტირკა”, რომელსაც საფუძვლად დაედო ცნობილი ქართველი დრამატურგის, ნატალია აზიანის (1879_1943) პიესა, და რომელიც იმთავითვე მიჩნეულ იქნა დიდ წარმატებად. მას შემდეგ გავიდა 90 წელი, მაგრამ მკითხველმაყურებელი კვლავაც დაბნეულია, რაკი დღემდე გაურკვეველია _ კოტე მარჯანიშვილმა იგი დამოუკიდებლად დადგა თუ ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელთან ერთად?

ამ გაურკვევლობას ის გარემოება იწვევს, რომ ერთობ ავტორიტეტული გამოცემები (მათ შორის _ ენციკლოპედიებიც) ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს გვთავაზობენ _ ზოგი მხოლოდ კ. მარჯანიშვილს მიიჩნევს სპექტაკლის ავტორად, ზოგი კი ასაბუთებს, რომ “დეზერტირკა” იყო მათი (მარჯანიშვილისა და ახმეტელის) ერთობლივი დადგმა, როგორც “ლამარა”, “მზეთამზე”, “გმირი” და ა.შ.

ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ვითარება ასეთია:

1. 1947 წ. გ. ბუხნიკაშვილის ნაშრომი _ “კოტე მარჯანიშვილი” (ბიოგრაფია) მხოლოდ კ. მარჯანიშვილს მიიჩნევს ავტორად.

2. 1964 წ. თეატრმცოდნე ვ. კიკნაძის წიგნი _ “სანდრო ახმეტელი” (რედაქტორი _ აკ. დვალიშვილი, გვ. 109) მიიჩნევს, რომ “დეზერტირკა” არის მარჯანიშვილისა და ახმეტელის ერთობლივი დადგმა.

3. 1964 წ. მოსკოვში გამოცემული “ტეატრალნაია ენციკლოპედია” (ტ. III, გვ. 685, ავტ. _ ე. გუგუშვილი) კვლავ აღიარებს კ. მარჯანიშვილის ერთპიროვნულ ავტორობას.

4. 1975 წ. ამასვე იმეორებს პირველი ქართული ენციკლოპედია ირაკლი აბაშიძის რედაქტორობით (“ქსე”, ტ.1, ნ. აზიანისადმი მიძღვნილი სტატია, ავტ. _ ს. ხუციშვილი).

5. 1981 წ. გამოქვეყნდა თეატრმცოდნე ეთერ დავითაიას უაღრესად საინტერესო მონოგრაფია _ “მარჯანიშვილისა და ახმეტელის ერთობლივი დადგმები”, რომელშიც, მოკლედ რომ ითქვას, სათანადო ფაქტებითა და თანამედროვეთა გამოკითხვით დატკიცებულია, რომ “დეზერტიკა” მარჯანიშვილისა და ახმეტელის ერთობლივი დადგმაა.

6. 1997 წ. ენციკლოპედია “საქართველო” იმეორებს, ასე ვთქვათ, თავისი წინამორბედის (“ქსე”) აზრს, რომ “დეზერტირკას” ერთპიროვნული ავტორი კ. მარჯანიშვილია.

7. 2014 წ. “ქართული დრამატურგიის ისტორიიის” I ტომი _ ისევ შეტრიალდა “ჩარხი” _ ნ. აზიანისადმი მიძღვნილ სტატიაში (ავტორი _ თ. ქუთათელაძე) “დეზერტირკას” ერთპიროვნულ ავტორად მხოლოდ კ. მარჯანიშვილია მოხსენიებული. არადა, ნაშრომი განკუთვნილია სახელმძღვანელოდ. წიგნის ერთ-ერთი რედაქტორია პროფ. ვ. კიკნაძე, რომელიც, როგორც ახლახან მივუთითე, რამდენჯერმე “დეზერტირკას” ერთობლივ (მარჯანიშვილისა და ახმეტელის) დადგმად მიიჩნევს, აქ კი სრულიად საწინააღმდეგო აზრს უჭერს მხარს…

8. 2015 წ. ცნობილი თეატრმცოდნე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი _ ნ. გურაბანიძე ახალ წიგნში (“რეჟისორი გიზო ჟორდანია”) ნამეტან “კომპრომისულ” გზას ირჩევს _ ჯერ წერს, მარჯანიშვილმა დადგაო (გვ. 46), მერე კი _ ორივემო (გვ. 70). ასეთია, თუ შეიძლება ითქვას, “ძალთა განლაგება” აღნიშნულ საკითხზე (ამთავითვე ვითხოვ პატიებას, თუ ვინმეს მნიშვნელოვანი ნაშრომი გამომრჩა) და, ცხადია, რომ ასეთი შეუთანხმებლობა, მართლაც, აბნევს მკითხველ-მაყურებელს. საჭიროა, ერთხელ და სამუდამოდ, კატეგორიულად ითქვას: ქ-ნ ეთ. დავითაიას ხსენებული შესანიშნავი მონოგრაფიის შემდეგ, საკითხი სწორედ ამ ავტორის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და, საერთოდ, მეტი ყურადღებაა საჭირო კოლეგების კვლევა-ძიებებისადმი.

ჩემდა თავად კი ერთ რამეს დავუმატებ:

რუსთაველის თეატრის მუზეუმში მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი მომაწოდეს, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ გაოცებული დავრჩი _ ზემოთ არაერთხელ ხსენებულმა გამოცდილმა მკვლევარებმა, როგორ მოხდა, რომ ამ უპირველეს დოკუმენტს არ მიაქციეს ყუადღება _ იგულისხმება ე.წ. წარმოდგენის დღიური, რომელშიც უაღრესი დოკუმენტური სიზუსტითაა აღწერილი, თუ როდის, სად ჩატარდა სპექტაკლი, რომელ საათზე დაიწყო იგი და რომელზე (წუთების მინიშნებით) დამთავრდა, ვინ არის სპექტაკლის რეჟისორი, მხატვარი, კომპოზიტორი, მორიგე რეჟისორი, მსახიობები და ა.შ. და ა.შ. ერთი სიტყვით, ტრადიციულად სპექტაკლის დამთავრებისთანავე იწერება მისი ნამდვილი ისტორია ერთობ დამახასიათებელი ნიუანსების გათვალისწინებით და ა.შ.

ახმეტელის დოკუმენტების კრებულში ორი ასეთი დოკუმენტი (1925 წ. 19 დეკემბრისა და 1926 წ. 31 იანვრის დღიური) კი არის მოტანილი და აქაც ნათქვამია, “დადგმა კ. მარჯანიშვილისა და ალ. ახმეტელისა”, მაგრამ, რაც მთავარია, არაა დღიური პრემიერისა, ანუ იმ დღისა, როცა არსებითად დაიბადა სპექტაკლი _ ეს ხომ უპირველესი დოკუმენტია (გნებავთ, სულაც “მეტრიკა”, ანუ “მეტრიკული ამონაწერი” დავარქვათ), რაც ამ სპექტაკლზე შეიქმნა და შეიქმნა იმთავითვე, როგორც კი მისი პირველივე წარმოდგენა დამთავრდა.

ამასთანავე, ეს დოკუმენტი, თუნდაც მისი დასაწყისი, აუცილებლად უნდა წარედგინათ მკითხველისთვის. აბა, კარგად დააკვირდით, რას არ ნახავთ აქ, ვიმეორებ, “დეზერტირკას”, როგორც სპექტაკლის, უპირველეს დოკუმენტში: რომელ რიცხვში ჩატარდა იგი, სად, რა დღე იყო 10 დეკემბერი, რომელ საათზე, ვიმეორებ, წუთების მინიშნებით, დაიწყო, რომელ საათზე (ისევ წუთებში) დამთავრდა, მორიგე რეჟისორი ვინაა, მოკარნახე _ ვინ? მერე მხატვარი, დირიჟორი და ვინ რომელი როლი შეასრულა, რომელი ორკესტრი უკრავდა, ვისი დირიჟორობით და მისთ. რაც მთავარია, ყოველი სპექტაკლის დღიურის დასაწყისშივე მითითებულია, რომ დადგმა ეკუთვნით კ. მარჯანიშვილსა და ალ. ახმეტელს.

აი, ამ ისტორიული, ჭეშმარიტად უნიკალური დღიურის დასაწყისი: (იხ. ფოტო).

31 იანვარს “დეზერტირკას” მეთორმეტე წარმოდგენა იყო, 23 თებერვალს _ მე-19, 30 მარტს _ 26-ე, 10 აპრილს _ 28-ე, შემდეგ თეატრი წავიდა გასტროლებზე, რომლის დროსაც “დეზერტირკა” 20-ჯერ წარმოადგინეს და ყველა ამ სპექტაკლის დამთავრებისთანავე იწერებოდა ზემოხსენებული დღიური ე.ი., პირველ სეზონში სულ 48-ჯერ ითამაშეს “დეზერტირკა” და, შესაბამისად, 48-ჯერ დაიწერა, რომ დადგმა ეკუთვნოდა კ. მარჯანიშვილსა და ალ. ახმეტელს. ასე გაგრძელდა მომდევნო სეზონებშიც და ამაზე მეტი დოკუმენტი რა უნდა იყოს, მე და ჩემმა ღმერთმა!

ერთი სიტყვაც თარიღის დასაზუსტებლად და დავამთავროთ _ “დეზერტირკა” დაიდგა 1925 წლის არა 26 დეკემბერს, როგორც, სამწუხაროდ, “ქართული დრამატურგიის ისტორიის” I ტომშია (გვ. 264), არამედ 10 დეკემბერს.

გოგი დოლიძე, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here