უსკანდალურესი ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინათ გახდა ცნობილი. როგორც ჩვენი კორესპონდენტის სპეციალური ჩიტი გვატყობინებს, მოლაპარაკებები მოსკოვის ერთ–ერთ მდიდრულ ვილაში გამართულა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ბიძინა (გვარი ნაცნობია), ეკა ბესელია, კახა კალაძე, მანანა კობახიძე და გუგული (გვარი უცნობია). გაზპრომის “ტრუბის” ზომები პირადად ბიძინა ივანიშვილს საკუთარი მეტრიანით აუღია და პუტინისთვის უთქვამს, რამე მამაძაღლობას ადგილი არ ჰქონდეს, თორემ “ტაბულას” დაგცემ თავზეო, რაზეც პუტინი შემცბარა და ღიმილით დაუქნევია თავი. იქვე ყოფილა გუგული ნორკის შუბით, “კოლიეთი” და “ვიწებსკის” ტახტზე მოუსვენებია ფეხები, _ დამისივდა ამდენი სიარულისგანო.
ვიდრე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ეკას და მანანას არბატზე გაუსეირნიათ და უშოპინგიათ, სელფები გადაუღიათ,_ ჩერგოლეიშვილი, კილაძე და ხოშტარია გადავრიოთ და დავახრჩოთ ბოღმითო. ამ მოვლენებში კი ყველაზე სკანდალური იყო ის, რომ ხსენებულ პირებს ჩუმად გაჰყოლიან ელისო კილაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და თამარა ჩერგოლეიშვილი, კონსპირაციის მიზნით კი, შენობის თავზე, სადაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა, კონსპირაციული კარავი გაუშლიათ.
წყაროს ცნობით, ელისო კილაძეს მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟებია და ამისთვის მომსახურე პერსონალის როლიც კი მოურგია. ჩვენი ინფორმატორის ცნობით, კილაძეს დიდი შავი პარიკი გაუკეთებია და თეთრ “ფართუკში” გამოწყობილს, ცოცხითა და მტვრის საწმენდი ბუმბულით შეუღწევია მოლაპარაკებების ოთახში. ნამდვილი დამლაგებელი კი თამარასა და ნანუკას გაუსკოჩიათ. მოჩვენებითი დალაგების შემდეგ ელისო იქვე მდგარ კარადაში სიმწრით დამალულა. როგორც ცნობილია, მოლაპარაკება საკმაოდ დიდხანს გაგრძელებულა. სუფრას კი ჩიტის რძე არ კლებია. წყარო ამბობს, რომ მხარეები პროექტის ყველა ნიუანსს დეტალურად განიხილავდნენ. ამ დროს ეკა და მანანაც მოსულან და გადაღლილებს, გუგულისთან ერთად, ტახტზე მოუსვენიათ. შეხვედრა საკმაოდ გაიწელა. თურმე, ნანუკა და თამარა გასკოჩილ დამლაგებელს ყოველ გამოფხიზლებაზე სახეში ურახუნებდნენ და ისევ თიშავდნენ. დრო გადიოდა, მოლაპარაკება კი არა და არ სრულდებოდა. ელისოს მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსებოდა. შეგახსენებთ, ის ერთ პატარა კარადაში იყო შეყუჟული და ჰაერიც, ფაქტობრივად, არ ჰყოფნიდა. მოლაპარაკებების დასრულების დროც დამდგარა და სტუმრებს გადაუწყვეტიათ, ეს ამბავი ვისკით აღენიშნათ, რომელიც იმ კარადაში ინახებოდა, რომელშიც ელისო იმალებოდა. კარადის გამოსახსნელად ეკა ბესელია მიუგზავნიათ. კარის გაღება და მძინარე კილაძის დანახვაზე ეკას კივილი ერთი ყოფილა, რომელსაც სიცხისგან პარიკი მოეხსნა და დაღლილს ჩასძინებოდა. დიდი ამბავი ატეხილა იმ საღამოს მოსკოვში. ბიძინას უმალ დაუტოვებია შენობა და მისი თანმხლები ქალბატონებისთვის დაუვალებია, ამ ქალს მიმიხედეთო. მანანას და ეკას, ელისოსთვის თავზე საკუთარი წყარო გადაუსხიათ და ძლივს გამოუღვიძებიათ. ამ წიოკზე ნანუკა და თამარა ჩუმად გაპარულან დომოდედოვოში და საჩქაროდ გამოფრენილან თბილისს.
ელიკო სილაძე