Home რუბრიკები საზოგადოება ვისი მითითებით მოსპეს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების დამადასტურებელი სამხილები?

ვისი მითითებით მოსპეს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების დამადასტურებელი სამხილები?

ორიოდე წლის წინათ სამეგრელოში იპოვეს მიწაში დამარხული რვა კასრი, რომლებშიც საბრძოლო მასალა, იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილებები და ყოფილი ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი ადამიანების სასტიკი წამებისა და გაუპატიურების ამსახველი შემზარავი კადრები ინახებოდა. საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი კადრები ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც გააცნეს, შემდეგ კი ფირების ნაწილი, მიუხედავად საზოგადოების წინააღმდეგობისა, საჯაროდ გაანადგურეს. დღეს, როდესაც ეს კადრები უკრაინულმა ვებგვერდმა გაავრცელა, ჩნდება კითხვა: მართებული იყო დანაშაულის მტკიცებულების განადგურება და ასეთ შემთხვევაში ვინ უნდა აგოს პასუხი? კომენტარი ექსპერტებსა და იურისტებს ვთხოვეთ.

ამ ფირების, როგორც ნივთმტკიცების, განადგურების საკითხი

მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა

გია მეფარიშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი:

“მე მაშინვე ვთქვი და ახლაც ამ თვალსაზრისზე ვარ, რომ ამ კადრების განადგურება არ შეიძლებოდა. ყველა აღნიშნულ საქმეზე კვალიფიციური გამოძიება უნდა ჩატარებულიყო, რათა გამოძიებას შეეფასებინა, რასთან გვქონდა საქმე. რაც შეეხება ამ ფირების, როგორც ნივთმტკიცების, განადგურების საკითხს, მოქმედი კანონმდებლობით, ეს მხოლოდ სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა. სამწუხაროდ, იმ პერიოდში სხვა მოტივებმა გადაწონა და მიიღეს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.

ყოველთვის ვამბობდი, რომ, როდესაც გამოძიების საკითხით დაინტერესდებოდა, სახელმწიფო პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა, რადგან ჩნდება კითხვა: პასუხისგებაში მიცემისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შემთხვევაში რა იქნება მისი საფუძველი? ჩანაწერების ორიგინალები, როგორც ჩანს, უკვე განადგურებულია და ამის გამო მაშინ კმაყოფილება არ დაუმალავთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც ამ ფირების განადგურების გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა ახალგაზრდა მინისტრს მიაღებინეს. მე ვამბობდი, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ღარიბაშვილს ჰკითხავდნენ, რატომ მოიქცა ასე და, როგორც ვხედავ, საქმე აქეთ მიდის.

_ ანუ ირაკლი ღარიბაშვილი აგებს პასუხს ამ ფირების განადგურების გამო?

_ არა, პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც მაშინ ამ ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება მიიღო, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ კომისიას, რომელსაც ასეთი უფლებამოსილება არ ჰქონდა. ნივთიერი მტკიცებულება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა განადგურდეს, არც ერთ სხვა ორგანოს გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს. ეს ელემენტარული სამართლებრივი კულტურაა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ არ აღმოგვაჩნდა.

გავრცელებული კადრები ეს არის ძალიან პატარა მონაკვეთი. უფრო საშინელი და შემზარავი კადრებიც არსებობს, მაგრამ საკითხავია, რა იქნება დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, სად არის ვიდეოჩანაწერები.

ამას გარდა, იმ ხალხს, ვინც ამ ჩანაწერებით გაავსო კასრები, ამ ფირების ასლებიც აუცილებლად ექნება. ასე რომ, მათი განადგურება გულუბრყვილობა იყო.

_ დღეს ხელისუფლებისა თუნაციონალური მოძრაობისზოგიერთი წარმომადგენელიც აცხადებს, რომ ეს კადრები უნდა გაენადგურებინათ. გავრცელებული ვიდეოფირები შეიძლება ჩაითვალის პირადი ცხოვრების ამსახველად?

_ დავაზუსტოთ: თუ პირადი ცხოვრების ამსახველია ეს ფირები, მაშინ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კანონმდებლობით დაცულია, მაგრამ აქ დანაშაულის ჩადენაზე და კონკრეტული სახელმწიფო უწყებების, პოლიციისა და უშიშრების სამსახურების _ კუდის, სოდის მაღალჩინოსნების დანაშაულზეა საუბარი, რომლებიც კანონის დარღვევით იჭრებოდნენ ადამიანის პირად ცხოვრებაში. დანაშაული უნდა გამოიძიონ და მას სამართლებრივი შეფასება მისცენ.

კანონმდებლობით ნივთმტკიცების განადგურება დანაშაულია

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/afciauri.jpg

ლალი აფციაური, უფლებადამცველი:

_ კანონმდებლობით ნივთმტკიცების განადგურება დანაშაულია, მით უფრო, რომ ზოგიერთი ნაცემი და ნაწამები პირი დაიღუპა. თითოეულ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო და ყველა დამნაშავე დასჯილიყო.

_ ნაციონალები უკვე აღარ იყვნენ ხელისუფლებაში, რატომ არ მოხდა ასე?

_ ამ საქმეების ნაწილზე, როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია და ზოგიერთი დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, ზოგიერთი კი იძებნება, მაგალითად, კოხტა თოდუა, მეგის ქარდავა. მათ მოასწრეს მტკიცებულებების ნაწილის გატანა და მიმალვა, ხოლო პირის ექსტრადირება საკმაოდ რთულ პროცედურებს უკავშირდება და მართალია, ჩვენ გვეჩქარება, მაგრამ ასე სწრაფად ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ ამ ფირების განადგურება დანაშაული იყო. ვინ უნდა აგოს პასუხი?

_ როგორც ვიცი, ნივთიერი მტკიცებულებები არ გაუნადგურებიათ და, თუ ასეთ რამ მართლაც მოხდა, ვინც ამ ფირების განადგურების გადაწყვეტილების ბრძანება გასცა, რა თქმა უნდა, დამნაშავეა.

_ ითვლება თუ არა ადამიანის წამების კადრი პირადი ცხოვრების ამსახველად?

_ წამების კადრები არის წამების კადრები და სისხლის სამართლის დანაშაული. ის არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი.

დანაშაულის დამამტკიცებელი დოკუმენტები კი არ უნდა გაანადგურო, პირიქით, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ისინი

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/nikolaishvili.jpg

გელა ნიკოლაიშვილი, უფლებადამცველი:

_ კანონმდებლობით ნივთმტკიცების განადგურება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ეს დანაშაულია, თუმცა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, არც ერთი ნივთიერი მტკიცებულება არ განადგურებულა, ხოლო ის, რაც გაანადგურეს, როგორც ითქვა, არ იყო მხოლოდ კერძო საუბრების ჩანაწერები, მაგრამ, თუ დანაშაულის შემცველი ფირებიც გაანადგურეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია.

_ ადამიანის წამების კადრი შეიძლება იყოს პირადი ცხოვრების ამსახველი?

_ არა, რა თქმა უნდა. პირადი ცხოვრების ამსახველია ფირი, რომელზეც აღბეჭდილია ის, რასაც ადამიანი საკუთარი ნებით აკეთებს, ხოლო, როდესაც ადამიანს აწამებ და მასზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებ, ეს პირადი ცხოვრება არ არის და ამ შემთხვევაში დანაშაულის დამამტკიცებელი დოკუმენტები კი არ უნდა გაანადგურო, პირიქით, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ისინი და ყველა _ შემკვეთიც და შემსრულებელიც უნდა დაისაჯოს.

ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/maisaia.jpg

ვახტანგ მაისაია, ექსპერტი:

_ ვფიქრობ, ამ ვიდეოფირების ორიგინალები თან წაიღეს და ახლა რა კადრებსაც ავრცელებენ, მხოლოდ კასრებში არსებული ფირების ასლებია.

_ მოგეხსენებათ, კასრებში აღმოჩენილი ვიდეოფირების ნაწილი გაანადგურეს. მიზანშეწონილი იყო ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის შემცველი მტკიცებულების განადგურება?

_ ამ ფირების განადგურება არ შეიძლებოდა, თუმცა, ვფიქრობ, მათ მხოლოდ ასლები გაანადგურეს. ეს ფირები მაინც გავრცელდა და ვიღაცები ამ ყველაფერს უკვე საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

ვიდეოფირების ასლების განადგურების გამო კი პასუხისმგებლობაში მიცემას რა აზრი აქვს? ასლი გინდა გაანადგურე და გინდა _ არა, მნიშვნელობა არ აქვს.

_ როგორც დღეს ხელისუფლებისა თუნაცმოძრაობისზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, ამ ფირების საჯაროდ ჩვენება დაუშვებელია.

_ ეს იგივეა, ყოფილ ნაცისტებს, რომლებიც მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ მსჯავრს გადაურჩნენ, მოეთხოვათ, დანაშაულის მტკიცებულებები გაანადგურეთო.

ასევე იყო ჩილეშიც, როდესაც ჩილელმა პატრიოტებმა შეძლეს უცხოეთის ქვეყნებში პინოჩეტის დანაშაულების ამსახველი ფაქტების დემონსტრირება. არანაკლებ საშინელი კადრები იყო, მსოფლიომ ნახა, როგორ აგდებდნენ ადამიანს ვულკანის ლავაში ან როგორ აჭმევდნენ ცოცხალ ადამიანს ნიანგს, მაგრამ მაშინ რატომღაც აზრად არავის მოსვლია, ეთქვა, რომ თურმე რა საშინელი კადრებია და მათი ჩვენება არაჰუმანურია, პირიქით, პინოჩეტის სისხლიანი რეჟიმის დანაშაული ყველამ დაინახა. სხვათა შორის, ნაციონალები და მათი მხარდამჭერები პინოჩეტისაც აღმერთებენ, ცოცხების წამებაც ჩილედან გადმოიღეს.

ყველამ ვიცით, რომ ეს ფირები განკუთვნილი იყო ერთი მანიაკისთვის _ მიხეილ სააკაშვილისთვის. როგორც ადოლფ ჰიტლერს სიამოვნებდა ადამიანის წამების ყურება, ასევე იყო სააკაშვილიც. სწორედ სააკაშვილისთვის სიამოვნების მისანიჭებლად იღებდნენ ამ ვიდეოფირებს. ჰიტლერიცა და სააკაშვილიც დედის ტირანიის ქვეშ გაიზარდნენ და ერთნაირიგადახრებიჰქონდათ, რასაც, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ახლა ვერ ვიტყვი. სადისტებისა და მანიაკების ხელში ვიყავით და ის ეკონომიკური წარმატებები, რომლებითაც დღეს ნაციონალები ტრაბახობენ, ზურაბ ჟვანიას დამსახურება იყო და არა სააკაშვილის.

მე ვნახე, როგორ მოაბეს ძაღლის საყელური გონებაშეზღუდულ, სულიერად დაავადებულ პატიმარს, მეტსახელადმუსოლინასდა ძაღლივით აყეფებდნენ, თან ამ ყველაფერს იღებდნენ და ერთობოდნენ. ჯერ, საერთოდ, სულიერად დაავადებული პატიმარი ციხეში არც შეიძლება იყოს, ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

ვფიქრობ, გლდანის ციხე უნდა გაუქმდეს და იქ მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ამსახველი მუზეუმი მოეწყოს. მსოფლიოში არსებობს ასეთი მუზეუმები, რომლებშიც ფილმებსაც აჩვენებენ, გამოფენილია ფოტოები და სხვათა შორის, იქ ბავშვებიც შეჰყავთ. მაგალითად, 14 წლის ვიყავი, როდესაც რიგაში, საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმში შევედი. არავის უთქვამს, 14 წლის ბავშვია და არ შეიძლება, ეს კადრები ნახოსო. დღეს ჰუმანურობაზე თავს რომ დებს ზოგიერთი, სინამდვილეში ამ საშინელი ქართული ნაციზმის ადეპტები არიან.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

1 COMMENT

  1. თურმე წამება შეიძლება და ჩვენება არა. მკვლელებს, მათ დაამქაშებს და თაყვენისმცემლებს ვინ ეკითხებაგავანადგუროთ ფაქტი თუ არა? გიტლერს ეკითხები ოსვენციმის ბანაკის კადრები დავმალო თუ არ დავმალოო. რა ლოგიკა აქვთ ნინია-ქეტსიებს, მაგათ უნდა ვკითხოთ ჭკუა?
    1. გაუქმდეს \\\”ნაცპარტია\\\”. 2.ყველა დამნაშავე პირი დასჯილ იქნას დ ციხე ხეხოს. 3 კადრები რომ დროზე გავრცელებულიყო ვერავითარი ფრანგული სასამართლო კეზერეშვილ-ალეიშვილ-სააკაშვილს ვერ დაიცავდა.

  2. მაშინვე ვამბობდი, რომ არ შეიძლებოდა სამხილების განადგურება, მერე პრესაში გაჯონა ინფორმაციამ, რომ ბევრი დეპუტატის ამორალურობის ამსახველი კადრები იყო და პარლამენტმაც ეს კადრები გაანადგურებინა სხვა კადრბთან ერთად. ქოც-ნაცებს შორის სხვაობას ვერ ვხედავ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here