“ნათელი, ხალასი ფერები”, “ნიჭის ზეობა”, “მონატრებული აფხაზეთი”, “კადრები წარსულიდან” _ ასე აფასებდა დამსწრე საზოგადოება ფელიქს შაკაიას პერსონალურ გამოფენას “ილორის ანარეკლი”.
აფზახეთის მკვიდრის, თვითნასწავლი მხატვრის პერსონალური გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილი 40-მდე ფერწერული ტილო, ერთმანეთზე უკეთესი და თვალისმომჭრელი.
დარბაზში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევდა მხატვრის მიერ მაღალი ოსტატობით შესრულებული ნამუშევრები _ ლარნაკში ცოცხალივით ჩადებული კალების თაიგული, აგრეთვე, პეიზაჟები, რომლებიც აფხაზეთის ულამაზეს ადგილებს ახსენებდა დამთვალიერებელს. თავად მხატვარი კი განსაკუთრებით “ილორის ეკლესიით” იწონებდა თავს, სწორედ ამიტომ დაარქვა გამოფენას “ილორის ანარეკლი”.
ფელიქს შაკაია 1951 წელს ქალაქ ოჩამჩირეში დაიბადა, იქვე დაასრულა საშუალო სკოლაც, შემდეგ სასწავლებლად სოხუმში გადავიდა და დიმიტრი არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა. 1980 წელს ლენინგრადის პროფკავშირების კულტურის უმაღლესი სკოლა დაამთავრა. წლების განმავლობაში აფხაზეთის კულტურის სამინისტროში მუშაობდა. 1988 წელს ოჩამჩირეში გახსნა ქვის მხატვრული დამუშავების სკოლა “ევრიკა”.
2011 წლიდან ინტენსიურად ურთიერთობს მხატვარ ზურაბ ნიჟარაძესთან, მას თავის მასწავლებლად მიიჩნევს და უზომოდ მადლიერია მისი. ის რომ არ ამოდგომოდა მხარში, ამ ყველაფერს ვერ გააკეთებდა.
ფელიქს შაკაია: “ჩემი მიწა-წყლის ნოსტალგია მაქვს და არა მხოლოდ მე, აქ დამსწრეთაგან თითქმის ყველას.
ეს ჩემი პირველი ფერწერული გამოფენაა. ჩემში რაღაცამ გაიღვიძა და ზურაბ ნიჟარაძეს ვეწვიე, მან მომცა თავისი სახელოსნოს გასაღები, მოლბერტი დამიდგა, საღებავები გადმომილაგა და ხატვა დავიწყე… ის რომ არა, ამას ვერ შევძლებდი. სითამამეც შემმატა და მხნეობაც…
აქამდე ქვაზე ვმუშაობდი, ქვაში გამომყავდა ის, რასაც ახლა ვხატავ. დღეს უკვე ამის საშუალება აღარ არის… ხატვა იმიტომ დავიწყე, რომ არ გავგიჟებულიყავი, ყველა ნამუშევარი ჩემი სულის ნაწილია, განცდაა, ზოგან დარდია, ზოგან _ სიხარული, ყველაზე მეტად კი _ ნოსტალგია. “ილორის ანარეკლი” ამ გამოფენის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოიცალა და დღეს ჩემ გვერდით არის”.
ქეთევან კორძახია, არტგალერეა თი–ბი–სის დირექტორი: “დიდი ხანი არ არის, რაც ფელიქს შაკაიას შემოქმედებას ვიცნობ, უფრო ზუსტად, ფერწერას, თორემ მინერალებზე მისი მუშაობის შესახებ ბევრი რამ მსმენია. მართალია, ძალიან ბევრი ნაშრომი დაიკარგა, მაგრამ, რაც შემორჩა, საკმარისია იმისთვის, რომ გაიგო, ამ ადამიანის შემოქმედების ხარისხი.
ბატონი ფელიქსი ოთხი წლის წინათ ზურაბ ნიჟარაძესთან გავიცანი. ფელიქს შაკაია ჩვენი დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მხატვარმა ზურაბ ნიჟარაძემ ფერწერით “მოწამლა”. მათ ოთხი წლის განმავლობაში ერთად იმუშავეს. ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენ ნამუშევარს წარმოდგენდა, თანაც ასეთ ხარისხიანს. ფელიქს შაკაია სულ მუშაობს, მაგრამ, როდესაც გადაწყიტა გამოფენის მოწყობა, სხვა პასუხისმგებლობა იგრძნო და გამოცდაც ბრწყინვალედ ჩააბარა. ეს არის მაღალი კლასის ფერწერა, რომელსაც ვერ დაარქმევ თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევარს. ეს პროფესიონალის შესრულებულია. წარმატებებს ვუსურვებ და ასევე ვისურვებ, რომ შეძლოს მინერალებზე მუშაობაც”.
დიმიტრი ჯაიანი, მსახიობი: “ფელიქს შაკაია ჩემი ნათესავიც არის და მეგობარიც. მას მთელი ვეროპა იცნობს, ოღონდ არა როგორც ფერმწერს, არამედ, როგორც ქვის სულისჩამდგმელს. მას ბრწყინვალე ნამუშევრები ჰქონდა ქვაში გამოტვიფრული. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დაიკარგა.
მოკრძალებული, კეთილშობილი, ნიჭიერი ადამიანია. მისი ახლობლები ხშირად ხუმრობენ, თავადაც არ იცის, როგორი ნიჭი აქვსო. ამ სიტყვებს ცნობილი მხატვრებიც ამბობენ. აღფრთოვანებული ვარ ფერთა შეხამებით, ხედებით. ამ ნახატებმა მართლაც გამახსენა აფხაზეთის პეიზაჟები.
ვულოცავ ღირსეულ მამულიშვილს მორიგი გამოცდის წარმატებით ჩაბარებას!”
ეკა ნასყიდაშვილი