აშშ-მა ატომური ომის დოქტრინა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე შეიმუშავა, რომელიც აისახა აშშ-ისა და ნატოს ოფიციალურ სტრატეგიულ კონცეფციებში და ითვალისწინებდა ატომური იარაღით შეტევას მოწინააღმდეგეზე.
სსრკ-ისა და მოგვიანებით სხვა სახელმწიფოების მიერ ატომური ბომბის შექმნის შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ ატომური იარაღის გამოყენება საპასუხო დარტყმას გამოიწვევდა და კატასტროფის წინაშე დააყენებდა დედამიწას, გაანადგურებდა კაცობრიობას.
ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც თავს დემოკრატიის შუქურად მიიჩნევს, სინამდვილეში სხვა ქვეყნებში დემოკრატიის გავრცელების საბაბით ინტერვენციებს ახორციელებს და ცდილობს, მსოფლიოზე იბატონოს, ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ატომური იარაღი გამოიყენა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
აშშ-მა 70 წლის წინათ, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, როცა იაპონია უკვე თითქმის დამარცხებული იყო, ატომური ბომბები ჩამოყარა იაპონიის ქალაქებში _ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში. შედეგად აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს მყოფი ადამიანები მყისვე დაიღუპნენ _ მათი სხეულები ნახშირად იქცა, რადიაციულმა გამოსხივებამ მხოლოდ ადამიანების სილუეტები დატოვა შენობების კედლებზე. აფეთქების ტალღამ ეპიცენტრის გარშემო ყველა შენობა გაანადგურა. აფეთქების მომენტში დაიღუპა 80 ათასი ადამიანი, 1945 წლის ბოლოს რადიოაქტიური დასხივების ზემოქმედების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 166 ათასამდე გაიზარდა.
სულ კი, 2013 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, ატომური ბომბების ჩამოგდების შედეგად 450 ათასი ადამიანი დაიღუპა: 286,8 ათასი _ ჰიროსიმაში და 162 ათასი _ ნაგასაკიში.
სწორედ ამ საშინელ ტრაგედიაზე, ამერიკელთა მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მოგვითხრობს რუსი ჟურნალისტის, იური ანოხინის, წიგნი “ატომური პილოტი”, რომელსაც “საქართველო და მსოფლიო” გთავაზობთ.
წიგნში მოთხრობილია ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის მაიორ კლოდ იზერლის _ ჰიროსიმისა და ნაგასაკის ბარბაროსული ატომური დაბომბვის ერთ-ერთი მონაწილის _ ტრაგიკული ბედის შესახებ.
კლოდ იზერლის ისტორია არა მხოლოდ ადამიანური ტრაგედიაა, იგი მოწოდებაა კეთილი ნების ყველა ადამიანისადმი, გააკეთონ ყველაფერი, რაც მათზეა დამოკიდებული, ბირთვული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მასობრივი მოსპობის საშუალებებით გამალებული შეიარაღების შესაჩერებლად.
_ იცით რა, კლოდ, ყველას არ სიამოვნებს აღიაროს, რომ სისულელე ჩაიდინა. კარგად იცით, რომანტიკოსი არა ვარ. მთელი წელი გავატარე ფრანტირიერებთან ერთად მაკებში; სულაც არ ვწირავდით თავს მომავალი სამოთხისათვის. მე მზვერავი ვარ _ ეს ჩემი პროფესიაა. მე ლოცვებზე უფრო კარგად ჩავიბეჭდე ტვინში: ლოიდ, შენი ამოცანაა თვალყური ადევნო და შეკრიბო ფაქტები და არა ანალიზი გაუკეთო მათ… ანალიზს გენერლები აკეთებენ… მაგრამ ეს ხომ სასაცილოა _ ხედავდე და არც ხედავდე. ხედავდე რაღაც საცოდავი ლაბორატორიის სინჯარებს და ბოშების დანადგარებს; დანადგარებს, რომელთა ქონასაც შტატებში ნებისმიერი კოლეჯი იუკადრისებდა, და ვერ ხედავდე, რომ მათი დახმარებით მხოლოდ ბავშვის შესაშინებელი იარაღის დამზადება შეიძლება და არა ბომბის. ფიზიკაში ძლიერი არ ვარ, მაგრამ რაც ხდებოდა, ანეკდოტს ჰგავდა ან აფერას, ან, ეშმაკმა იცის, კიდევ რას!.. არ მომიყოლია, წყალს როგორ ვსინჯავდით? ეს ნებისმიერ სატელევიზიო კომედიაზე უფრო სასაცილოა. ორმოცდაოთხში “ალსოსში” მოვიდა კაპიტანი ბლეკი. რობერტ ბლეკი, შესანიშნავი ბიჭი, სიმამაცის ჩემპიონი იყო. პაშმა უბრძანა, რადაც უნდა დაჯდომოდა, რეინიდან ამოეღო წყალი. რეინის წყალი? ო’კეი! თქვა: ო’კეი და მან მოიტანა წყალი. პაში და მე მეგობრები ვიყავით, ვკითხე, რაში გვჭირდებოდა ეს ყვითელი, ნარეცხისსუნიანი წყალი. იცი რა, თქვა პაშმა, თუ ბოშებს ატომური ბომბის დასამზადებელი საწარმო აქვთ, მაშინ ურანის ქვაბის გასაცივებლად მათ წყალი დასჭირდებათ. ბევრი წყალი. მთელი მდინარე. ვკითხე: რეინი? პაშმა მიპასუხა: რატომაც არა?.. როგორც ხედავ, კლოდ, ყველაფერი საკმაოდ სერიოზული იყო. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ რეინის წყალში რადიოაქტიური შენარევები იქნებოდა და “ალსონი” მიაგნებდა ატომური ქარხნების კვალს. ბლეკმა ორი ბოთლი მოიტანა. პაშმა დალუქა ისინი და ვაშინგტონში გააგზავნა, ხოლო ფიზიკოსებისათვის, ანალიზის კეთებისას რომ არ მოეწყინათ, ერთი პინტა ჩინებული “რუსილიონი” დაუმატა და ეტიკეტზე დააწერა: “ესეც გასინჯეთ რადიოაქტიურობაზე”. სასაცილოა არა, კლოდ? მაგრამ შემდეგ რა მოჰყვა ამას? ორი კვირა ვაშტნგტონიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, ხოლო მესამე კვირას არქისაიდუმლო რადიოგრამა მოვიდა: “წყალი უარყოფითია. ღვინოში აღმოჩნდა რადიოაქტიური ნივთიერება. კიდევ გამოგზავნეთ. იმოქმედეთ”. ბლეკი კითხვისას ლამის მოკვდა სიცილისაგან. ფიზიკოსები გონებამახვილი ბიჭები გვეგონა და ძალიან ვაქებდით მათ, სანამ ახალი რადიოგრამებიდან ნათელი არ გახდა, რომ ვაშინგტონში მართლა შეამოწმეს ღვინის რადიოაქტიურობა, იმის ნაცვლად, რომ დაელიათ, და დადებითი შედეგი მიიღეს. ეშმაკმა დალახვროს, მათ ყველგან ატომები ელანდებოდათ. ღამეები არ ეძინათ, რათა დაემტკიცებინათ ჩვენთვის, _ გესმის, კლოდ ჩვენთვის! _ რომ ბომბი ბოშებს აქვთ, ჩენ კი ვზარმაცობთ და წესიერად არ ვეძებთ… გერმანელებს ბომბი არ ჰქონდათ, ჩვენ გვქონდა. და ჩვენ ჩამოვაგდეთ კიდეც. რისთვის? შენ ხომ მონაწილეობდი ამაში, კლოდ, მითხარი: რისთვის?..
ბრემენში ასტორს, როგორც იქნა, გაუღიმა ბედმა: თითქმის სრულიად შემთხვევით გადააწყდა ვიღაც ფიზიკოსს, მოიტაცა იგი და შტატებში გადაგზავნა. აქ ფიზიკოსი სამუშაოდ პოლკოვნიკმა პაშმა აიყვანა. მაგრამ ფიზიკოსი ირწმუნებოდა, რომ მკერავი იყო და გამომძიებლები თავისი უდრეკობით აღტაცებაში მოიყვანა. პაშმა უკანასკნელი ხერხი იხმარა: ფიზიკოსს ნემსი, ძაფი და ტილოს ნაჭერი მისცა; მეორე დილით გერმანელმა საკუთარი ხელით შეკერილი პერანგი ჩააბარა.
გერმანელის ფათერაკების მიზეზი მისი გვარი იყო. მას ერქვა ჰენრიხ იორდანი. ასტორმა იგი ფიზიკოს-თეორეტიკოს პასკულ იორდანში, სახელგანთქმული მაქს ბორნის მოწაფეში აურია.
ეს დომხალი ასტორს ძვირად დაუჯდა. ორმოცდაშვიდში ციხეში აღმოჩნდა: გამოძიების ფედერალური ბიუროს ტვინიკოსებმა იგი იმაში დაადანაშაულეს, რომ მან ბოროტი განზრახვით შეიყვანა პაში შეცდომაში და ამით ხელი შეუწყო ნამდვილ იორდანს მიმალულიყო.
ცალკე საკანში ასტორი ჭკუიდან შეიშალა.
ახლა ყველაფერი, რაც ატომს ეხება, მასში გაშმაგებას იწვევს. ასეთ წუთებში მას ვერ გააკავებ.
ასტორი, თოკმობმული ხარივით, უკან მიჰყვება სანიტარს, თან ნახევრად ჩაჩაჩულ ქვედა საცვალს მიათრევს. ორივენი პალატაში შედიან, მე კი მივაღწიე ტელევიზორამდე და, როგორც იქნა, ჩამოვჯექი თავისუფალ სკამზე.
ეს ფილმი უკვე ნანახი მქონდა. არ მომწონდა იგი. ბერნსტაინი აღტაცებით მიშტერებოდა ეკრანს და ნანახს საშინლად განიცდიდა. ის მოხიბლა ატომური ბომბის მამათა ფანტასტიკურმა გმირობებმა, მათმა ჭაღარამ, ჩინებულმა მანერებმა და შეუპოვრობამ.
სინამდვილეში “მამები” ცოტა სხვანაირად გამოიყურებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, იმ დროისთვის, როდესაც ზოგიერთ მათგანს ვიცნობდი. და, საერთოდაც, ბომბის შექმნა არ ყოფილა ისეთი საოცრად სენსაციური რამ, როგორც ეს ფილმში იყო ნაჩვენები. უფრო გვიან გავიგეთ, როგორი იყო იგი. ყველაფერი უფრო სადა, უბრალო, მოსაწყენი და ტრაგიკული იყო.
ბომბს სამ ადგილას აკეთებდნენ: ლოს-ალამოსში, ოკრიჯსა და ჰენდფორდში. ლოს-ალამოსი ტვინი იყო; ოკრიჯი _ ხელები; ომის დროს მას “საძაღლეს” ვუწოდებდით, ხოლო სამთავრობო ანგარიშებს _ “X” ობიექტს.
აქ, ოკრიჯში, მოქმედებდა დიფუზური დანადგარი “კ-25”, რომელიც “მ.უ. კელოგ კომპანის” მონათესავე კორპორაცია “კელექსის” მიერ იყო აგებული. ამ დანადგარის დასამზადებლად მუშაობდა სამოცდათხუთმეტი ათასი ადამიანი. აქ, ექვსას აკრ ყოფილ საძოვრებზე, სიკვდილს ამზადებდნენ.
ჰენდფორდს საერთო სქემაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, ფორმალურად სახელმწიფოს მიერ იყო ნაყიდი, სინამდვილეში კი დიუპონს ეკუთვნოდა _ მთელი 200 000 ჰექტარი. დიუპონის კონსტრუქტორები პროექტს ადგენდნენ, ხოლო ინჟინრები და მუშები ამონტაჟებდნენ რეაქტორებს წყლის გამაცივებლით. ამ რეაქტორებმა სამხედროებისათვის აუცილებელ, ნეიტრონებით დასხივებულ ურანთან ერთად საბოლოოდ მილიონების საკმაოდ დიდი რაოდენობა მისცა დიუპონს, რომელმაც იგი “შემოსავლის” მუხლში შეიტანა.
ოპენჰეიმერმა, ნილს ბორმა, ჯეიმს კონანტმა, გენერალმა გროვსმა და “დიუპონ დე ნემურ ენდ კ”-ის დირექტორებმა მიაღწიეს იმას, რომ 1945 წლის იანვარში უკვე ხელთ ჰქონდათ ურან-225-ის საჭირო რაოდენობა. ერთად შეგროვილი ღამის ქოთანშიც კი ჩაეტეოდა და, რა სამწუხაროა, რომ არავის მოუვიდა აზრად, იგი სწორედ იქ მოეთავსებინა.
პირველ ბომბს “გალეული” შეარქვეს.
1945 წლის 6 აგვისტოს მან გადაწვა ჰიროსიმა.
ალბერტ აინშტაინმა, ჯეიმს ფრანკმა, ლეო სცილარდმა, ოტო განმა და ბიოქიმიკოსმა რაბინოვიჩმა გააფრთხილეს ტრუმენი, რომ იგი უდიდეს საზიზღრობას სჩადის. ტრუმენმა არაფრად ჩააგდო ფიზიკოსები. მათმა ნობელის პრემიებმა ვერავითარი შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს მასზე. ოტო განი ლამის ჭკუიდან შეიშალა. დოქტორ ბაგეს დღიურში 7 აგვისტოს ჩაწერილი აქვს: “საწყალი პროფესორი განი! ის მოგვიყვა, რომ, როდესაც პირველად მიხვდა, რა საშინელი შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ბირთვის გახლეჩას, რამდენიმე ღამე ძილი გაუტყდა, თან სულ თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. ისიც კი მოუვიდა აზრად, ეს ურანი ზღვაში გადაეყარა და ამით თავიდან აეცილებინა კატასტროფის საშიშროება… ღამის ორ საათზე დააკაკუნეს, შემოვიდა პროფესორი ფონ ლაუე. “რაღაც უნდა ვიღონოთ, _ თქვა მან, _ ძალიან მეშინია ოტო განის გამო. ამ ახალმა ამბებმა მას თავზარი დასცა, მეშინია უარესი არ დაემართოს”. არც ერთი ჩვენგანი არ დაწოლილა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ განმა დაიძინა, ყველანი ჩვენ-ჩვენი საწოლებისაკენ გავეშურეთ”.
განს ეძინა, ჩვენ კი ტინიანში აეროდრომზე ვამზადებდით თვითმფრინავს, რომელმაც ნაგასაკიზე ბომბი ჩამოაგდო.
ის უფრო ძლიერი იყო; მას “ბღენძს” ეძახდნენ ალამოგორდოში გამოცდილის მოსაგონებლად.
ლუსიმ ერთხელ მკითხა:
_ მამიკო, მათ ხომ შეეძლოთ, ჩამოეგდეთ?
აქამდე, თითქმის ერთი კვირა, აირინს შეუჩნდა ამავე კითხვით.
_ არ ვიცი, _ ვუპასუხე მე.
მე მართლაც არ ვიცი.
როდესაც “ენოლა გეი” ჰიროსიმას თავზე დასტრიალებდა, ცაში არ ჩანდნენ იაპონური გამანადგურებლები. უფრო გვიან მომიყვნენ, რომ მათ აფრენა არ შეეძლოთ საწვავის უქონლობის გამო. ალბათ, ასეც იყო. პროფესორი ნიშინა, ტოკიოს აეროდრომ ტოკარაზავაში მთელი დღე-ღამის განმავლობაში ელოდებოდა, სანამ რაღაც ორას ლიტრამდე საწვავის ძლივძლივობით მოგროვებას შეძლებდნენ, რათა იგი ჰიროსიმაში ჩაეყვანათ. იაპონიაში ნიშინა ერთადერთი ავტორიტეტი იყო, ვისაც შეეძლო დაედასტურებინა ან უარეყო გენშტაბის მიერ მიღებული პატაკი: “ქალაქი ჰიროსიმა წამში მთლიანად განადგურდა ერთი ბომბით”.
დეპეშის კითხვისას ნიშინა ტიროდა.
ეს მოხდა 7 აგვისტოს.
იმ დღეს მე და “ენოლა გეის” რადისტი ჯო გონების დაკარგვამდე დავთვერით აეროდრომის ბარში…
(გაგრძელება იქნება)