მოსახლეობის დიდმა ნაწილმა 24 წლის წინათ ქვეყნის თავისუფლებას უპირობოდ დაუჭირა მხარი და საქართველომ ნანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ საზოგადოებაში კვლავ ხშირად მოისმენთ კითხვას _ არის კი დღეს ქვეყანა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი გარე ძალების ჩარევისგან?
რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და როგორ განვლო თავისუფლების 24 წელი საქართველომ 1990-იანი წლებიდან დღემდე? _ ამ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩვენს ახალ რუბრიკაში ისაუბრებენ. რუბრიკის პირველი სტუმარია პარტია “ნეიტრალური საქართველოს~ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია.
_ უკვე 20 წელზე მეტია, საქართველომ საკმაოდ რთული და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ გამართლდა მოლოდინი _ არის დღეს ჩვენი ქვეყანა სუვერენული სახელმწიფო?
_ ეს ნანატრი დამოუკიდებლობა საქართველოს რთული და ხანგრძლივი ბრძოლით არ მოუპოვებია. ვფიქრობ, ეს იმ მოვლენების მთლად სწორი ფორმულირება არ არის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში თავიანთი აგენტების მოყვანა მოახერხა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს საბჭოთა კავშირის დასაშლელად.
საქართველომ ამის შედეგად მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ ესეც მხოლოდ ქაღალდზე დეკლარირებული აღმოჩნდა. დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცხოვრებით საქართველოს ერთი დღეც არ უცხოვრია. ჩვენ ავტომატურად გადავედით აშშ–ის განკარგულებაში და 1991 წლიდან დღემდე მათი დიქტატით ვცხოვრობთ.
როგორ შეიძლება, დამოუკიდებელი დაარქვა ქვეყანას, რომელმაც ამ წლების განმავლობაში ათეულობით მილიარდი ვალი დააგროვა და არც საშინაო და არც საგარეო მიმართულებით არც ერთი საკითხი დამოუკიდებლად არ გადაუწყვეტია?! დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს. საკითხავია, რისთვის გვინდოდა ქართველებს დამოუკიდებლობა? დამოუკიდებლობა მხოლოდ ჩვენი თვითმიზანია თუ დამოუკიდებლობის შედეგად მატერიალური თუ სულიერი თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი ცხოვრება უნდა მიგვეღო, ვიდრე გვქონდა? ჩვენ შემთხვევაში ეს ყველაფერი პირიქით მოხდა. ქვეყანა სამ ნაწილად დაიშალა, ეკონომიკა გაპარტახდა, ფაბრიკა–ქარხნები, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა განადგურდა, მოსახლეობა განახევრდა, უმრავლესობა ქვეყნიდან გაიქცა და უცხოეთში მონური შრომის ფასად საცოდავი და დაყვედრებული ლუკმაპურის მოსაპოვებლად იღვწის. ახლა გეკითხებით: ეს არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შედეგი? ვის რად უნდა ასეთი თავისუფლება? დამოუკიდებლობისკენ იმისთვის ვილტვოდით, რომ საქართველო უფრო ლაღი, ბედნიერი, ეკონომიკურად ძლიერი გამხდარიყო. აქედან რომელიმე გვაქვს დღეს?!
_ მაგრამ, ბატონო ვალერი, ხელოვნება, მედია გათავისუფლდა ცენზურისგან. ხომ გვაქვს სიტყვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიის აუცილებელი ატრიბუტია…
_ ეს დასავლური სატყუარაა, არაფერი გათავისუფლებულა. საბჭოთა პერიოდში არ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ საბჭოთა კავშირი და სოციალიზმი უფრო ცუდი იყო, ვიდრე აშშ და კაპიტალიზმი. სხვა ყველაფრის თქმა შეიძლებოდა. დღეს კი პირიქით არის. სად არის სიტყვის თავისუფლება? არსებობს თითო-ოროლა მედიასაშუალება, სადაც თავისუფლების მეტი ხარისხია, ვიდრე სხვაგან, მაგრამ დანარჩენი, მრავატირაჟიანი, კარგად დაფინანსებული მედიასაშუალებები, განსაკუთრებით _ ტელეარხები, დასავლეთის სამსახურშია. ესენი არ არიან ქართული ტელეარხები.
_ თუმცა ეს კერძო მედიასაშუალებებია და არა _ სახელმწიფო…
_ კერძო რომ არის, რატომ ნიშნავს იმას, რომ ქართული ინტერესების წინააღმდეგ უნდა მუშაობდეს? დასავლურმა ცხოვრების წესმა მოიტანა უხვსიტყვაობა, ტელევიზიებისა და გაზეთების სიმრავლე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამას მოჰყვა ჭეშმარიტება. საქართველოში სიმართლის თავისუფლება არ არის.
ვის რად უნდა თავისუფლება სიტყვისა, რომელსაც არავინ უსმენს და არავინ არაფრად აგდებს, ვის რად უნდა სიტყვა, რომელსაც ჩალის ფასი აქვს? ან რომელი ხელოვნება გათავისუფლდა, როდესაც მწერლობა სრულიად განადგურდა? კლდიაშვილის, გამსახურდიასა და ჯავახიშვილის ქვეყანაში ბუღაძე და დეისაძე რომ მწერლობენ, ეს არის მწერლობა? ქართული კინო მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებს რომ ქმნიდა, დღეს გავერანებულია…
_ რა არის იმ პრობლემების მიზეზი, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ და რომელთა წინაშეც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა?
_ დასავლეთი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იმიტომ კი არ მუშაობდა, რომ რესპუბლიკები გაეთავისუფლებინა, არამედ იმიტომ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში თვითონ გაბატონებულიყო. ჩვენ თავისუფლება კი არ მოგვანიჭეს, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად და პოლიგონად გვაქციეს. საქართველომ თავისი ადგილი ვერ იპოვა, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი აცნობიერებს, რაც ხდება მის თავს, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა, თვითონ აირჩიოს ხელისუფლება. მას მუდმივად თავს ახვევენ პროდასავლური ორიენტაციის ხელისუფლებას, რომელიც გაჰკივის, რომ ჩვენ მივდივართ ნატოსკენ, რომ ჩვენ ვართ აშშ–ის სტარტეგიული პარტნიორები და ა.შ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დასავლეთის ხელში, მართალია, პატარა, უმწეო, მაგრამ მაინც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად ვიქეცით.
თუნდაც ახლა, როდესაც თბილისში ნატოს საწვრთნელ ცენტრს ვხსნით, რაც უნდა ვამტკიცოთ, რომ ამით თავს ვიცავთ, რუსეთს ვემუქრებით. რეალურად კი ვერც ეს ცენტრი და ვერც ნატოს ბაზა ვერ დაგვიცავს. რუსეთის წინააღმდეგ იარაღით საუბარი შეუძლებელია. ერთადერთი ალტერნატივა არსებობს, _ მოლაპარაკება, დიალოგი, დიპლომატია, რაც ჩვენს ხელისუფლებას არ სურს. რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა თანხმობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მაგრამ ეს შემოთავაზება საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო.
_ რატომ არ მიიღო?
_ უფლება არ ჰქონდა. აშშ არ მისცემს უფლებას საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთს დაელაპარაკოს, რადგან, ბუნებრივია, რუსეთი დასვამს საკითხს, რომ საქართველომ დაანებოს მასთან მტრობას თავი და არ შევიდეს იმ სამხედრო ბლოკში, რომლის ერთადერთი ფუნქცია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამას ჩვენი ხელისუფლება არ გააკეთებს, ვინაიდან ისინი ემსახურებიან არა საქართველოს, არამედ ამერიკის ინტერესებს.
_ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ხშირად მოგვიწოდებენ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისკენ…
_ ზღაპარია. ეს არის საკენკი, რომელსაც გვიყრიან. ისინი ამბობენ, რომ უნდა იყოთ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი ინტერესების გამტარებლები და, რასაც გიკარნახებთ, ის უნდა გააკეთოთ, რადგან ეს არის საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების პროგრესული მოსაზრებებიო. ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა და რა მოუვიდა უზარმაზარი კულტურული და პოლიტიკურ–ეკონომიკური პოტენციალის მქონე ევროპას ამერიკის აყოლით და წარმოგიდგენიათ, რა მოუვა აბსოლუტურად დაუცველ და უმწეო, პატარა საქართველოს? აღმოსავლეთიდან მომწყდარი ლტოლვილების გამო ევროპა ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს ყველაფერი ამერიკული პოლიტიკის შედეგია.
გამოსავალი ქართველმა ხალხმა უნდა მოძებნოს. პოლიტიკოსების იმედი არ მაქვს. საქართველოს, გარდა უიშვიათესი გამონაკლისისა, არ ჰყავს პოლიტიკოსი, რომელიც აზროვნებს, რომელსაც სინდისი აქვს და ქვეყნის ინტეერსებს საკუთარზე მაღლა აყენებს. ჩვენ ახლა ვიმკით იმას, რაც ამ 25 წლის განმავლობაში ვთესეთ. თუ ამ ევროპელ და მერიკელ თაღლითებს უარს ვეტყვით, კიდევ არის გადარჩენის მცირე შანსი. ყველა ის პოლიტიკოსი, რომლებიც ამ 25-წლიანი გაკვეთილის შემდეგ მაინც პროდასავლურ პოზიციაზე არიან, აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად სახავს და საქართველოს მომავალს ნატოს პერსპექტივაში ხედავს, ან საქართველოს დაუძინებელი მტერია, ან რეგვენი.
_ ისინი პირიქით ფიქრობენ: ვინც არჩეულ კურსს არ ეთანხმება, ის არის ქვეყნის მტერი…
_ არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ და რას ყბედობენ ისინი, ვინც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. მე შედეგებით ვმსჯელობ, ამიტომ ხალხმა უნდა გაარჩიოს _ ვინ არის მართალი და ვინ _ მტყუანი. ახლა მაინც, მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ, როდესაც, პოლიტიკური არჩევანის საკითხი კი არა, ყოფნა–არყოფნის, საქართველოს არსებობა–არარსებობის საკითხი დგას, ხომ უნდა გამოიღვიძოს ქართულმა ეროვნულმა ცნობიერებამ?
მკითხველს ვეკითხები: როგორ ფიქრობთ, ჯავახეთსა და ქვემო ქართლში კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობები გამოგვყვებიან ნატოსა და ამერიკისკენ თუ ისევე მოიქცევიან, როგორც აფხაზები და ოსები თავის დროზე? ჩვენ რას გავაკეთებთ ასეთ შემთხვევაში _ იმავეს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გავაკეთეთ? და თუ იმავეს გავაკეთებთ, რა საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ შედეგი განსხვავებული იქნება?
აქამდე კიდევ შეიძლებოდა აფხაზებთან და ოსებთან გვესაუბრა, მაგრამ ნატოს ცენტრების გახსნის შემდეგ საკითხავია, ისინი საერთოდ მოისურვებენ ჩვენთან საუბარს, ეს ხომ საქართველოს საბოლოო დაშლის გზაა?!
საქართველოს მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრობს, არადა, ჩვენ კოლონიურ, დაპყრობილ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ქვეყანაში, რომელსაც ელემენტარული განვითარების პერსპექტივა არ აქვს და ეს ყველაფერი კეთდება ქართველი პოლიტიკოსების ხელით. რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობენ და რას ბოდავენ ასეთი პოლიტიკოსები? ქართველი ხალხი კიდევ მათ ჭკუაზე აპირებს სიარულს?!
_ და მაინც, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აქვს ქვეყანას ნამდვილ, სუვერენულ სახელმწიფოდ ქცევის შანსი?
_ ეს დამოკიდებულია იმაზე, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. თუ ქართველ ერს აღმოაჩნდება რადიკალური შემობრუნების შინაგანი პოტენციალი, მაშინ ეს პერსპექტივაც გამოჩნდება. ყველაზე დიდი პერსპექტივა ახლა არის ის, რომ საქართველომ რუსეთთან თავისი ინტერესები შეაჯეროს. საქართველოსა და რუსეთს აქვთ საერთო ინტერესები, რომელთა მიჩქმალვასაც ამერიკელები ცდილობენ და გვაიძულებენ. აი, რა უნდა გააცნობიეროს ქართველმა ხალხმა. რუსეთთან კონფრონტაცია ხელოვნური და გარედან თავსმოხვეულია, რუსეთთან ჰარმონიული, პარტნიორული და კეთილმეზობლური განვითარება კი _ ბუნებრივი. ამ მდგომარეობის აღდგენა სასიცოცხლო და, როგორც ზემოთ ვთქვი, ყოფნა–არყოფნის საკითხია ორივე ქვეყნისთვის. ამისი გაცნობიერების აუცილებლობაც და წინაპირობაც არსებობს, მაგრამ, თუ ეს დროულად არ გაკეთდა, ქვეყანაში კატასტროფული პროცესები დაიწყება.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
ტექსტიbatono valeri 200 % gicher mxars magram ver gavige ram gamoyeyecha es ganatlebuli exla ki saertod tvingamocvlili,qartveli eri. tqvensmier zemotchamotvlils ert davamatebdi, tkvenis tanxmobit,rom ojaxis wevrebshic aris saubedurot samkvdro brdola abat ukve gmertmac gagvwira da araris sashveli, pativiscemit merabi japaride.bolnisi.
იმიტომაც მოკლეს ზვიად გამსახურდია,რომ არ უნდოდა მისი სამშობლო ვიღაცის ხელში.ეს კი სწორედ ის ინტელიგენციაა ვინც ებრძოდა მას.თუმცა კარგია,რომ საბოლოოდ ბევრმა გაიღვიძა უკვე.ღმერთმა ქნას,რომ არ იყოს უკვე დაგვიანებული.,
ასე მგონია მე დავწერე ეს სტატია…. გეთანხმებით ბატონო ვალერი