ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთი და იმავე სქესის პირებს ქორწინების უფლება უკვე ოფიციალურად მიანიჭა.
თუ გავითვალისწინებთ, ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოზე გავლენასა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის _ ჯონ კერის განცხადებას, რომ ისინი ეცდებიან, ჰომოსექსუალებს შორის ქორწინება მსოფლიოში დააკანონონ. არის თუ არა შეუძლებელი საქართველოში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებისდაკანონება და რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის დასავლეთის მიერთავსმოხვეული “ღირებულებების” გაზიარებას? _ ამ საკითხზე 2 წლის წინათ ისაუბრა ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში: “თუ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულ ღირებულებებს _დავიღუპებით”. აღნიშნულ საკითხზე “საქართველო და მსოფლიომ” ქართველ პარლამენტარებს შორის ცოტა ხნის წინათ ჩაატარა გამოკითხვა, ამჯერად კი ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლების აზრით დავინტერესდით. შევეცადეთ, გაგვერკვია, როგორ აფასებენ ჩვენი წარმატებული ხელოვანები და სპორტსმენები ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილებას და დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს საქართველოში ერთნაირსქესიან წყვილებს შორის ქორწინების დაკანონებას.
გია ბურჯანაძე, მსახიობი:
_ ეს მათი გადასაწყვეტია. თავიანთ ქვეყანაში, რაც უნდათ, ის ქნან, მაგრამ, შემდეგ რომ განაცხადეს, ერთნაირსქესიან წყვილებს შორის ქორწინება ყველა ქვეყანაში უნდა დავაკანონოთო _ ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება. სიტყვები არ მყოფნის ამ განცხადებების შესაფასებლად. საკუთარ ქვეყანაში, რაც გინდა, ის გააკეთე, მაგრამ რას ჰქვია, სხვა ქვეყნებშიც იგივე დააკანონო?!
_ როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, ერთნაირი სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონების შესახებ საკითხი საქართველოშიც დადგეს დღის წესრიგში?
_ საქართველოში არა მხოლოდ დღის წესრიგში დადგება ეს საკითხი, გააკეთებენ კიდეც; რადგან დღეს საქართველოში ყველაზე დიდი საფრთხე გაუნათლებლობაა _ ხალხი ბნელ მასად აქციეს და ეს ბნელი ხალხი, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს.
თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი:
_ რა ვქნა, როგორც გინდათ, ისე ჩამითვალეთ – ამ თემას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. უბრალოდ, ისტერიული სიცილი ამიტყდება ხოლმე, როცა წარმოვიდგენ, როგორ ქორწინდებიან მამაკაცები(!) ვნებიანი სახეებით და თანაც _ საქართველოში. თავის დროზე, ვაჟის” დაბადებისას მათ მამებს, ტრადიციისამებრ, ან “ყური აუწიეს”, ან კიდევ თოფის გასროლით აუწყეს ქვეყანას ვაჟკაცის დაბადება _ “ბიჭია, ბიჭიიი!”. როგორი წარმოსადგენია, სკოლაში რომ მივა ბავშვი ორ კაცთან ერთად(?!) და იტყვის _ ეს დედაჩემია, ეს _ მამაჩემი…
მე დედა ვიცი ქალი და მამა _ კაცი! ცოლი ვიცი ქალი და ქმარი _ კაცი!
ვერასდროს მივიღებ ამას სერიოზული განჯის საგნად. აი, რაზეც სერიოზული რეაქცია მაქვს, ეს არის ფრაზა _ არაფერი თქვა მათი საწინააღმდეგო, თორემ ხომ იცი (ყველაზე რბილად რომ ითქვას), არათანამედროვე აზროვნებაში ჩაგეთვლება და თავდასხმა გამოწერილი გაქვს. რა მერე? რაც უნდათ, ის ქნან! მე შემეკითხებიან ვიქორწინოთ თუ არაო?! ჰოდა, რაც უნდათ, ის უქნიათ, მაგრამ იმედია, იმის უფლებას მაინც არ წამართმევენ, ჩემი აზრი გამოვთქვა, მით უმეტეს, როცა მეკითხებიან.
ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი:
_ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მკვეთრად უარყოფითია.
_ რაკი აშშ ჩვენი მეგობარი და პარტნიორია, შესაძლოა, ძალიან მალე საქართველოშიც დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში, როგორი იქნება თქვენი პოზიცია ამ შემთხვევაში _ მხარს დაუჭერთ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?
_ არავითარ შემთხვევაში ამერიკელების მაიმუნობას მხარს არ დავუჭერ! რაში გამოიხატება, რომ ამერიკა ჩვენი მეგობარია? ტერიტორიები არ დავკარგეთ, ქვეყნის საშინაო საქმეებში აღარავინ ერევა დღეს თუ რაში დაგვეხმარა?! ამერიკა გვიკანონებს ყველაფერს, ეს რა უბედურებაა?! ვაის გავეყარე, უის შევეყარეო, _ ასეა ჩვენი საქმე. ახია ჩვენზე.
მთელი ცხოვრება “ამერიკელი” ვიყავი _ ჯაზით დაწყებული ამერიკული ბევრი რამ მიყვარდა, მაგრამ, რაც იდიოტობაა, მხარს როგორ დავუჭერ?! მე ხომ არ ვუშლი, რაც უნდათ, ის აკეთონ, მაგრამ სახლში რატომ მიძვრებიან, ვერ გავიგე?! მაინც და მაინც ჩემ წინ უნდათ, სექსუალური აქტი გააჩაღონ?!
ვახტანგ ტატიშვილი, მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი:
_ ერთმანეთში, რაც უნდათ, იქ უქნიათ, მაგრამ აგიტაცია-პროპაგანდას ნუ ეწევიან. როდესაც, მაგალითად, უსინათლო ადამიანს უსინათლო მოჰყავს ცოლად, ვინმე ამაზე ლაპარაკობს, კითხულობს _ შეიძლება თუ არა უსინათლომ უსინათლო მოიყვანოს ცოლადო?! უბრალოდ, არ უნდა მაიძულონ, მეც ისევე მოვიქცე, როგორც თვითონ იქცევიან.
_ საქართველოში რომ წამოიჭრას ერთნაირი სქესის ადამიანებს შორის ქორწინების ოფიციალურად დაკანონების საკითხი, თქვენ მხარს დაუჭერთ?
_ რად უნდა ამას დაკანონება?! ავადმყოფებმა ერთმანეთში, რაც უნდათ, ის აკეთონ. ეს არის ჩემი პოზიცია.
იური მეჩითოვი, ფოტოხელოვანი:
_ აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ, მაგრამ ეს მათი საქმეა, თავში ქვა უხლიათ, მაგრამ უბედურება იყო ის, რომ განაცხადეს, ამას მსოფლიოში გავავრცელებთო, სწორედ ეს იყო აღმაშფოთებელი, თორემ სინამდვილეში, ღირებულებების თვალსაზრისით, აშშ საკმაოდ კონსერვატორული ქვეყანაა. გასაგებია, რომ ეს გეიაღლუმები და ასეთი ქორწინებები ზედაპირზე ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამერიკელი ხალხი ამას შეეწინააღმდეგება.
დღეს უმცირესობის უფლებებს იყენებენ, როგორც იარაღს, რათა დაატერორონ უმრავლესობა. ჩვენ ყოველთვის ტოლერანტულად ვეპყრობოდით სექსუალურ უმცირესობებს და ასეთი ადამიანების არსებობა პრობლემა არასდროს ყოფილა, მაგრამ ამგვარი ცხოვრების წესის პროპაგანდა ხალხისთვის მიუღებელია. საქართველოში ვერ წამოიჭრება ეს საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთი მესამედი ქვეყნიდან გასულია, მოსახლეობა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებას არ დაუშვებს.
ჰენრი კუპრაშვილი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის გენერალური მდივანი:
_ პირადად ჩემთვის, აღნიშნული გადაწყვეტილება ყოვლად მიუღებელია, რადგან მე, ქალის გარდა, ვერავისთან წარმომიდგენია ურთიერთობა, მაგრამ აქ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე _ ეს მსოფლიო გლობალური პოლიტიკაა. იცით, რომ დღეს კაცობრიობა მოსახლეობის სიჭარბის პრობლემის წინაშე დგას? ეს პრობლემა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში არსებობდა, როდესაც ინგლისელმა ეკონომისტმა და მღვდელმა _ თომას რობერტს მალთუსმა ომების თეორია წამოაყენა, რომლის მიხედვითაც, ომებისთვის უნდა შეეწყოთ ხელი, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ხალხი ერთმანეთს დახოცავდა და გამრავლება შეფერხდებოდა. მაგრამ მალთუსის თეორია მაინც ომის თეორიაა და თანამედროვე ჰუმანური საზოგადოებისთვის მიუღებელია, ამიტომ ახალი გზების ძებნა დაიწყეს. აი ერთ-ერთიც _ დედამიწაზე რაც შეიძლება ფართოდ გავრცელდეს ერთნაირი სქესის პირებს შორის ქორწინება, რათა ადამიანების რაოდენობა შემცირდეს. მცირერიცხოვანი ერებისთვის ეს თეორია საფრთხის შემცველია, თორემ დიდი ერებისთვის ბევრს არაფერს შეცვლის.
იმ პროცესებს, რომლებიც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს, ქართველები ვერაფრით შევაჩერებთ; ერთადერთი გამოსავალი რჩება _ ქვეყნის ეროვნულმა ხელისუფლებამ, ყოველგვარი ხმაურისა და ხმამაღალი განცხადებების გარეშე, უნდა გაატაროს გონივრული პოლიტიკა.
_ ჩვენი ხელისუფლება მოახერხებს წინ აღუდგეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს?
_ მე პოლიტიკას არ ვეხები, რადგან, მიუხედავავად იმისა, რომ ერთადერთი კაცი ვარ საქართველოში, რომელსაც პოლიტოლოგიაში დაცული აქვს როგორც საკანდიდატო, ისე სადოქტორო დისერტაცია, დღეს სპეციალისტის აზრი არც მასმედიას და არც არავის აინტერესებს. მხოლოდ პარტიული ხედვა აკმაყოფილებთ და ხალხს იმის მიხედვით ეკითხებიან აზრს, ვინ ვისი მხარდამჭერია.
საერთოდ კი, მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლება უუნაროა, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების თაობაზე მომეწონა. ეს იყო ძალიან კარგი, ვაჟკაცური განცხადება, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არ იყო პოლიტიკოსის განცხადება, რადგან ამ საკითხს, განცხადებები კი არა, გონივრული პოლიტიკა სჭირდება, რომელიც არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს არ გააღიზიანებს, ქვეყანას კი განსაცდელს მშვიდად და წყნარად აარიდებს.
საქმეს არ გადაწყვეტს მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების ქუჩაში გამოსვლა; პირიქით _ ეს ქართველ საზოგადოებას კიდევ უფრო დააპირისპირებს. მხოლოდ ხელისუფლების ჭკვიანური პოლიტიკა აგვარიდებს საფრთხეს. ცნობილი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწის _ შარლ დე გოლის სიტყვებს გავიხსენებ _ პოლიტიკოსს აუცილებლად უწევს ან სახელმწიფოს, ან ამომრჩევლის ღალატი და მე ამომრჩევლის ღალატს ვარჩევო. ვინაიდან ამომრჩეველი ჭრელია და პირადი ინტერესებით აზროვნებს, მის ჭკუაზე რომ იარო, სახელმწიფო შეიძლება თავზე დაგემხოს. თავის დროზე ფრანგებმა შარლ დე გოლს ვერ გაუგეს, მაგრამ, დრო რომ გავიდა, მიხვდნენ, თურმე უდიდესი პოლიტიკოსი ჰყოლიათ. ხელისუფალმა სახელმწიფო ინტერესები ბოლომდე უნდა გაატაროს და, საბოლოო ჯამში, თანამედროვე არა და, მომავალი თაობა მადლობელი დარჩება.
ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში:
_ ერთნაირსქესიან პირებს შორის ქორწინებაზე ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, უარყოფითია. ყველამ ის აკეთოს, რაც უნდა, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ამის ოფიციალურად გაკეთება და სტატუსის მინიჭება, არასწორად მიმაჩნია. ძალიან ცუდი იქნება, თუ ეს საქართველოშიც მოხდება. რაკი მკითხეთ, გიპასუხებთ, _ ეს ჩემთვის მიუღებელია.
ირმა სოხაძე, მომღერალი:
_ ძალიან რთული თემაა და ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა მიჭირს, თუმცა ვფიქრობ, არავის უნდა დაუშალო, რისი გაკეთებაც უნდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ ყველაფერს თანამდევი მოვლენებიც აქვს და საქართველოს შემთხვევაში ასე უცებ ამ საკითხს ვერ გადაწყვეტ.
ვფიქრობ, ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინება საქართველოში მისაღები არასდროს იქნება, მაგრამ, ხალხი თუ არ მიიღებს, იმას არ ნიშნავს, რომ ოფიციალურადაც არ დააკანონებენ. აქედან გამომდინარე, საითაც მიდის მსოფლიო, იქით უნდა გავყვეთ ჩვენც, მაგრამ გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს გადასარევია და ძალიან კარგი, არასწორია. ქორწინებაზე მეტად ბავშვის საკითხი მაღელვებს, რომელიც ასეთ ოჯახში გაიზრდება, ასევე, შეეძლებათ, იშვილონ (ვფიქრობ, რომ ამის პრევენცია შეუძლებელია), რადგან დღესაც შეუძლია მარტოხელა ქალს, იშვილოს ბავშვი და მეგობარ ქალთან ერთად გაზარდოს. ალბათ, ორი კაცის შემთხვევაში უფრო რთულად იქნება საქმე. ამას გარდა, ბევრ ჰეტეროსექსუალურ ოჯახშიც არ არის მოწესრიგებული ბავშვების აღზრდის საკითხები.
ასე რომ, განცხადება იმისა _ თუ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდება ქვეყანაში, დავიღუპებით და, რადგან დღეს არ არის დაშვებული, გადასარევად ვართ, არ შეიძლება.
_ ეს საკითხი რომ წამოიჭრას საქართველოში, თქვენ თუ დაუჭერთ მხარს ერთსქესიანთა ქორწინებას?
_ იცით, ადამიანი იცვლება. ბევრი რამ, რაც წლების წინათ მიუღებელი იყო, დღეს მისაღებია, ამიტომ, რა იქნება მომავალში, როდესაც ეს საკითხი წამოიჭრება, პასუხიც მაშინ მექნება. დღეს რომ იყოს ამ საკითხზე პასუხი გასაცემი, ალბათ, უარს ვიტყოდი, რადგან ამ საკითხს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბევრი თანამდევი მოვლენა ახლავს.
ასე რომ, მომავალში რა პასუხს გავცემ ამ კითხვაზე, ნამდვილად არ ვიცი…
გივი ბერიკაშვილი, მსახიობი:
_ მე ქართულ ტრადიციებს და, საერთოდ, იმ ბუნებრივ კანონზომიერებას, რომ ქალი კაცზე უნდა დაქორწინდეს, ვიდრე პირში სული მიდგას, ვერასდროს ვუღალატებ. ერთნაირსქესიანთა ქორწინება რას ჰქვია?! მახსოვს, ჩემს ბავშვობაში თბილისში სულ 4 გაუკუღმართებული ორიენტაციის კაცი დადიოდა. მეტი არ იყო, ახლა ვეღარ გაიგებ, ვინ ვინ არის.
_ როგორ ფიქრობთ, უახლოეს მომავალში საქართველოშიც შეიძლება დაკანონდეს ერთნაირი სქესის ადამიანებს შორის ქორწინება?
_ ვფიქრობ, რომ არა, მაგრამ, თუ ასე მოხდა, მირჩევნია, მოვკვდე და მაგას არ მოვესწრო.
_ ყველაზე მეტად რა საფრთხეს ხედავთ ამაში?
_ ქალისა და კაცის ურთიერთობა არის ერის გამრავლების საშუალება. ისედაც თითზე ჩამოსათვლელები ვართ და, თუ მსგავსი ქორწინება დააკანონეს, სულ ამოვწყდებით. ამას ვერაფრით შევეგუები. ეს ჩემთვის მიუღებელია. აი, ეს მოგვიტანა ცივილიზაციამ, გაირყვნა ქვეყანა. ეს გარყვნილებაა, მეტი არაფერი. წარმოიდგინეთ, კაცები არიან ცოლ-ქმარი! _ ამას ვერავითარ შემთხვევაში მხარს ვერ დავუჭერ, რადგან კაცი ვარ და ქუდი მხურავს!
_ ბატონო გივი, საკუთარი პოზიციის თამამად გამოხატვის გამო პრემიერი და პატრიარქი მწვავედ გააკრიტიკეს და ჰომოფობიაში დაადანაშაულეს. არ ფიქრობთ, რომ თქვენ წინააღმდეგაც გაილაშქრებენ ლგბტ პირების დამცველები?
_ მე არავის დავდევ და ქვას არ ვესვრი, მაგრამ მაქვს ჩემი პოზიცია, ჩემი აზრი. სჯობს, პრემიერსა და პატრიარქს თავი დაანებონ და თავიანთ უკანალს მიხედონ.
ნანული სარაჯიშვილი, მსახიობი:
_ აშშ-ის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად ვაფასებ. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.
_ შესაძლოა თუ არა, მალე საქართველოშიც მიიღონ კანონი ერთნაირ სქესიანთა ქორწინების შესახებ?
_ არ მჯერა ამის და არა მგონია, ასეთი სულელური რაღაც საქართველოშიც მოხდეს.
მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა