Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო დემოგრაფიულად ყველაზე დაბერებული ქვეყნების სიაშია

საქართველო დემოგრაფიულად ყველაზე დაბერებული ქვეყნების სიაშია

2377

XXI საუკუნეში დემოგრაფიული პროცესების პროგნოზირება ძნელი იქნება. მიმდინარე და მოსალოდნელ დემოგრაფიულ პროცესებს არ აქვს საზღვრები, შეუქცევადია და მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას მოიცავს.

 

ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა წარმოდგენა დემოგრაფიულ ვითარებაზე. თუ ადრე მეცნიერები განგაშს ტეხდნენ მსოფლიოს მოსახლეობის სიჭარბით გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეზე, დღეს უფრო აქტუალურია საუბარი გლობალურ დეპოპულაციაზე, რომელიც უკვე ყველა კონტინენტს ემუქრება. მიმდინარე დემოგრაფიული ტენდენციების მიხედვით, რეალურია, რომ დაბალი შობადობის გამო მოსახლეობის რაოდენობის შემცირება კაცობრიობის უმთავრეს პრობლემად იქცეს. თანამედროვე დემოგრაფიული ტენდენციები უპრეცედენტოა კაცობრიობის ისტორიაში. ცნობილი დემოგრაფის _ დევიდ კოულმენის აზრით, შობადობის შემცირებას სოციალური სტრუქტურა მიჰყავს რადიკალური ტრანსფორმაციისა და ახალი სოციალური წესრიგისკენ, როცა ხანდაზმულთა რაოდენობას ჭარბობს ბავშვებისას, მცირდება შინამეურნეობების სიდიდე, იშლება ოჯახები და იზრდება არამკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა. ეს საზოგადოებრიობის მკვეთრი გარდაქმნაა.

გაეროს სპეციალისტების პროგნოზით, 2011-2050 წლებში შემცირდება 41 ქვეყნის მოსახლეობა (197 ქვეყნიდან). 10%-მდე კლებაა მოსალოდნელი 24 ქვეყანაში, 10-დან 20%-მდე _ 13 ქვეყანაში, ხოლო 20%-ზე მეტით _ 4 ქვეყანაში, რომელთა შორის იქნება საქართველო. დროის ამ მონაკვეთში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 26%-ით შემცირდება. გლობალური მასშტაბით შობადობის კლების მრავალ მიზეზთა შორის უმნიშვნელოვანესია მოკვდაობის დონის მკვეთრი შემცირება, ოჯახის როლის ცვლილება საზოგადოებაში და მშობლების ფასეულობათა სისტემაში ბავშვების როლის დევალვაცია.

ცნობილმა ავსტრალიელმა დემოგრაფმა ჯონ კოლდუელმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში მიაქცია ყურადღება იმას, რომ ფასეულობათა სისტემის ცვლილება უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს შობადობის კლებაზე, ვიდრე ეკონომიკური მდგომარეობა. არსებობს მრავალფაქტორიანი კავშირი ტრადიციული ოჯახის საფუძვლების შერყევას, საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინდუსტრიულ წარმოებას, კულტურულ, ინდივიდუალურ განწყობებს, ფემინიზმსა და შობადობის კლებას შორის. დღეს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ურთულესი პრობლემაა შობადობის თუნდაც მოსახლეობის მარტივი აღწარმოების დონემდე გაზრდა და მისი შენარჩუნება. თანამედროვე მოდერნიზებულ სამყაროში მიმდინარეობს დაპირისპირება ახალ და ტრადიციულ ფასეულობათა სისტემებს შორის. მიუხედავად ამ უკანასკნელის დიდი მდგრადობისა, მისი გავრცელების არეალი მსოფლიოში იკლებს. საგულისხმოა, რომ ინდუსტრიალიზაცია და ურბანიზაცია საზოგადოების მოდერნიზაციის ის კატეგორიებია, რომლებიც მრავალშვილიანობას ზღუდავს. თუკი 1800 წელს ქალაქებში მსოფლიოს მოსახლეობის 3% ცხოვრობდა, 2012 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 52%- გაუტოლდა. ურბანიზაციული პროცესები მომავალშიც გაგრძელდება და საუკუნის შუა პერიოდისათვის (2050 .) მსოფლიო მოსახლეობის 67.2% ქალაქებში იცხოვრებს. ეს მაჩვენებელი საქართველოში 66.4%- გაუტოლდება. მესამე ათასწლეულის დემოგრაფიული გამოწვევებიდან უმნიშვნელოვანესი იქნება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის საყოველთაო მატების შედეგად გამოწვეული მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების პროცესი, რომელსაც, მისი არნახული მასშტაბებიდან გამომდინარე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოფილმა მდივანმა კოფი ანანმა “წყნარი რევოლუცია” უწოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2012 წელს განაცხადა, რომ მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მატების შედეგად კაცობრიობა რეალურად დადგება სოციალური უზრუნველყოფის სისტემის კრახის წინაშე. გაეროს სპეციალისტების პროგნოზის მიხედვით, 2050 წელს 65 წლისა და უფროსი ადამიანების წილი მსოფლიოს 42 ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 15%- გადააჭარბებს. მოსახლეობის დაბერებისა და შობადობის კლების პროცესებს შეუძლია, მკვეთრად შეცვალოს ცალკეული ქვეყნების ურთიერთობები, მსოფლიოს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური სისტემები, გამორიცხული არ არის საერთაშორისო კონფლიქტები. იაპონიის შრომისუნარიანი მოსახლეობა შემცირდება 37%-ით, მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი პოლონეთში, სამხრეთ კორეაში, რუსეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში, სინგაპურში, ავსტრიაში, ესპანეთსა და ჩინეთში. მომავალში ეკონომიკის განვითარება დამოკიდებული იქნება ადამიანურ ფაქტორზე. თანამედროვე ეტაპზე არსებობს დისბალანსი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობებს შორის, რომელიც განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის მაღალი ბუნებრივი მატებით აიხსნება. 2050 წელს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში იცხოვრებს პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 14%, ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში _ 86%. ბუნებრივია, ცალკეული ქვეყნების არათანაბარი დემოგრაფიული განვითარება გაზრდის გეოპოლიტიკურ და სოციალურეკონომიკურ დაძაბულობას მსოფლიოში, რომლის შედეგადაც სრულიად რეალურია საერთაშორისო დაძაბულობის ესკალაცია. თანამედროვე საქართველოში არსებულ უამრავ პრობლემას შორის უმთავრესია დემოგრაფიული და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემები, რომელთა დარეგულირების გარეშე შეუძლებელია თვით ქვეყნის არსებობა. ამჟამინდელ დემოგრაფიულ პროცესებს ღრმა ფესვები აქვს, რომელთა სათავეც წარსულში უნდა ვეძიოთ. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1990-2015 წწ. 28%-ით შემცირდა, რაც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. ჰიპერემიგრაციული პროცესებისა და შობადობის კლების შედეგად სწრაფად მიმდინარეობდა მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების პროცესი. აშშის აღწერების ბიუროს მონაცემებით, 2008 წელს მსოფლიოს 25 დემოგრაფიულად ყველაზე დაბერებულ ქვეყანას შორის საქართველო მე-14 ადგილზე იმყოფებოდა.

საქართველოდან კვლავ გრძელდება საზღვარგარეთ მოსახლეობის გადინება, ძირითადად _ ახალგაზრდების. ხანგრძლივი შრომითი გარე მიგრაცია, რიგ ნეგატიურ მოვლენებთან ერთად, ხელს უშლის ოჯახის სტაბილურობასა და მეუღლეების მიერ რეპროდუქციული განწყობების რეალიზაციას. ბოლო ხანს მეუღლეთა ხანგრძლივი დროით განცალკევებით ცხოვრება მრავალი ოჯახის ცხოვრებისეული ნორმაა. თანამედროვე საქართველოში დემოგრაფიულ მდგომარეობას ართულებს უმუშევრობა, ოჯახების არასაკმარისი შემოსავლების პირობებში საცხოვრებლისა და ბავშვის მოვლა-აღზრდის დაბალი ხელმისაწვდომობა. პროფესიული საქმიანობისა და მშობლობის მოვალეობის შეთავსების სიძნელეების გამო, მეუღლები იძულებულნი არიან, იყოლიონ უფრო ნაკლები ბავშვი, ვიდრე სურთ. დემოგრაფიული პროცესების ინერციული ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც არსებული დემოგრაფიული ვითარების წარსულის პროცესებზე დამოკიდებულებას გულისხმობს, საქართველოში დროის მოკლე პერიოდში ვითარების გამოსწორების შანსი დაბალია. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს გათვითცნობიერებული არ აქვს ის დამანგრეველი მასშტაბები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამჟამინდელი დემოგრაფიული სიტუაციის მომავალში გაგრძელებას. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ არსებულ სიტუაციაში:

მივიღოთ დემოგრაფიული გამოწვევები თუ მოლოდინის რეჟიმში თვალყური ვადევნოთ პროცესების თვითდინებით განვითარებას?

მეორე გზა სრულიად უპერსპექტივოა, პირველ კი გარკვეულ შანსს იძლევა.

ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ის, რომ საქართველოს მთავრობის გასული წლის 31 მარტის # 262 დადგენილებით დამტკიცდა მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდა. ეს პროგრამა ითვალისწინებს შობადობის მატერიალურ წახალისებას საქართველოს იმ ექვს რეგიონში (გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი), რომლებშიც მოსახლეობის ბუნებრივი მატება შემცირებულია. ცხადია, მხოლოდ ეს ვერ გადაჭრის დემოგრაფიულ პრობლემას, მაგრამ დემოგრაფიული პრობლემების რეგულირების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი სტიმული და მხარდაჭერა იქნება ახალგაზრდა ოჯახებისათვის.

გიორგი მელაძე,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,

გაზეთისაქართველოს დემოგრაფია” #3

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here