Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილი (ახვლედიანი): არ შეიძლება ფულის კუპიურებზე წმინდანების გამოსახვა _ ერს ეს...

მამა ბასილი (ახვლედიანი): არ შეიძლება ფულის კუპიურებზე წმინდანების გამოსახვა _ ერს ეს სიმდიდრესა და ბარაქას ვერ მოუტანს

1401

პატრიარქის ქადაგებებზე, დედაქალაქში დატრიალებულ ტრაგედიასა და ემიგრანტ ქართველებზე “საქართველო და მსოფლიოს” აკაურთას სიონის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილი (ახვლედიანი) ესაუბრება.

 

_ მამაო, საქართველოში 13 ივნისს ტრაგედია დატრიალდა. დაიღუპნენ ადამიანები, სტიქიამ გაანადგურა ზოოპარკი. საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა _ “ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებსცოდვა დაუსჯელი არ დარჩება”. სტიქია ღვთის სასჯელად უნდა მივიღოთ?

_ ეს სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა. ღმერთმა აცხონოს გარდაცვლილთა სულები! უწმინდესის კურთხევით, მათი სულების საოხად პანაშვიდებს აღვავლენთ.

 უწმინდესს ადრეც არაერთხელ უთქვამს, როგორ აშენდა ეს ზოოპარკი, მაგრამ არავინ შეისმინა, ამიტომ ვალდებული იყო, ეს ამბავი ყველასთვის შეეხსენებინა. უწმინდესს უფრო ადრეც რომ ექადაგა ამ თემაზე, მაინც არავინ შეისმენდა.

 ამას გარდა, ყველა თბილისელმა იცის, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის ადგილზე, ღვთისმშობლის დიდი ტაძარი იყო და ერს ასეთ წმინდა ადგილზე შექმნილი კანონები ბედნიერებას ვერ მოუტანს. ასევე, არ შეიძლება, წმინდანების ფულის კუპიურებზე გამოსახვა _ ერს ეს ფული სიმდიდრესა და ბარაქას ვერ მოუტანს. საქართველოს ეკონომიკა ვერ გაძლიერდება იქამდე, ვიდრე წმინდანებს ასე აბუჩად აიგდებენ.

_ საზოგადოებას უჭირს, გაიგოს, რა დააშავეს ადამიანებმა და ცხოველებმა, რომელთა სიცოცხლეც ამ ტრაგედიას შეეწირაამ დღეებში ბევრს გაუჩნდა კითხვა _ ნუთუ ღმერთი ასეთი მკაცრია ადამიანების მიმართ? როგორ ხსნის რელიგია ამ ყველაფერს?

_ ეს კითხვა ყოველთვის აწუხებდა კაცობრიობას… მაგალითად, ერთ ხანს ბოლნისში ისე ხშირად იღუპებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები და ახალგაზრდები, რომ შვილმკვდარი დედებისთვის ცალკე წირვა მქონდა დაწესებული. ასე რომ მივუდგეთ ამ საკითხს, გამოდის, ღმერთი ისეთი მკაცრი ყოფილა, რომ სიცოცხლით სავსე ბავშვები მიჰყავდა, რაც არასწორი იქნება. ამას ჩვენ ადამიანური ენით ასე საჯაროდ და საგაზეთოდ ვერ განვმარტავთ, რადგან ამას მომზადებული ყური სჭირდება. თუ ამქვეყნიური გადმოსახედიდან განვიხილავთ წუთისოფელს, მაშინ ჩვენთვის გაუგებარი იქნება ღვთის განგებულება, მაგრამ, თუ ცოტა ზემოდან გადმოვხედავთ ამ ყველაფერს და ვიფიქრებთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი სასუფეველში მოხვედრაა, მაშინ გავუგებთ ქრისტიანობისთვის თავდადებულ ასი ათას მოწამეს, გავუგებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს სიხარულით სწირავენ სამშობლოს. ამ ტრაგედიაზე მხოლოდ რწმენით შეიძლება ვიფიქროთ, სხვა შემთხვევაში ყოველთვის აბსურდამდე მივალთ და ვერასოდეს გავუგებთ ვერც უწმინდესს, ვერც ქრისტეს მოძღვრებას და ვერც ღმერთს, რომელზეც საუბრობენ, რა სასტიკი ყოფილაო.

 უფალმა რამდენიმე დღის წინათ ის ადამიანები წაიყვანა, რომელთა სასუფეველთან მიმთხვევის საუკეთესო დროც დადგა. ფილოსოფიითა და მწიგნობრობით ამ ტრაგედიის არსში წვდომა შეუძლებელია. ამას სჭირდება ეკლესიურობა. ამიტომ, ვიდრე ვინმე უწმინდესის კრიტიკას დაიწყებს, სულ ცოტა, აღმსარებელი, მაზიარებელი და სულიწმინდის მატარებელი ჭურჭელი მაინც უნდა იყოს.

_ მამაო, პატრიარქმა ბრძანა, რომუნდა იყოს გათვალისწინებლი ის, რაც მოხდა, და აქედან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა…”

_ საზოგადოდ, დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. მე, როგორც ერთმა მღვდელმა, შემიძლია, ჩემი დასკვნა გამოვიტანო. რა თქმა უნდა, განსაცდელი ხდება, როდესაც ერი ღმერთს ზურგს აქცევს და მისთვის საღვთო ენა გაუგებარია. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ასი ათასი ხელმომწერის ნება ცინიკურად უგულებელყო იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან სასულიერო პირები შეხვედრის ღირსადაც არ ჩათვალა, მოადგილე გამოგზავნა, რომელიც სარკაზმით ესაუბრა სასულიერო პირებს. მეტიც, აქციის მონაწილეებს, რომლებიც ID ბარათებს აპროტესტებდნენ, ძალოვნები მიუსიეს და, როგორც ჯალალედინის დროს, ხატებს ხელით შეეხნენ, რის შემდეგაც ვნახეთ, რომ იუსტიციის სახლში ჭერი ჩამოინგრა. იქნებ დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე. ახლაც იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. დიდი წილი დაღვრილის სისხლისა, თუნდაც ცხოველების, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი მოადგილეების კისერზეცაა, რომლებიც საქართველოში აიდიზაციის პროცესს უწყობენ ხელს.

_ მამაო, დიდი გამოხმაურება და ვნებათაღელვა გამოიწვია პატრიარქის წინა საკვირაო ქადაგებამ ემიგრანტ ქართველებზე. “დღეს, ქართველი ადამიანი გაურბის მიწაზე მუშაობას; ეძებს ისეთ შემოსავალს, რომლისთვისაც შრომა არ არის საჭირო”, _ ბრძანა პატრიარქმა. ხომ არ იყო პატრიარქი ზედმეტად კრიტიკული ემიგრანტების მიმართ, რომლებსაც ისედაც მძიმე პირობებში უწევთ უცხო ქვეყანაში ცხოვრება?

_ იმ მძიმე დემოგრაფიულ ფონზე, რომელიც დღეს საქართველოშია, ემიგრაციის თემაზე უწმინდესს ხმა საერთოდ რომ არ ამოეღო, მაშინ იმისთვის გააკრიტიკებდნენ _ ამდენი ემიგრანტი გვყავს და პატრიარქი ხმას რატომ არ იღებსო. ვიცით, რომ ემიგრანტების დიდი ნაწილი გაჭირვების გამოა ქვეყნიდან გასული, საქართველოში დარჩენილ ოჯახებს სწორედ ისინი ინახავენ და მათი ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობას განაპირობებს, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას _ რა თქმა უნდა, უცხოეთში წასვლა უფრო იოლი გზაა, ვიდრე აქ დარჩენა და თავდადებული შრომა. შეიძლება ეს ვიღაცამ ცუდად გაიგოს, მესმის, რომ უცხოეთშიც რთულია შრომა, მაგრამ არსებობს ფასეულობები, მაგალითად, სამშობლოს გადარჩენა, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. მე თვითონ ქირით ვცხოვრობ… წინა ხელისუფლების ცხრაწლიანმა რეჟიმმა ბევრ ადამიანს ყველაფერი დააკარგვინა და არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ მიმაჩნია, რომ არც ერთი განსაცდელის გამო, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოს დატოვება არ შეიძლებოდა. მით უმეტეს, რომ ანტიქართულ ძალებს აქვთ გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ქართველების გარეშე უნდა დარჩეს, რასაც, სამწუხაროდ, მშვენივრად ახორციელებენ.

 _ პატრიარქმა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. “ჩვენი ახალგაზრობა მიდის უცხოეთში და იქ მოსამსახურედ მუშაობენ, იმ დროს როცა, აქ, სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და იკავებს ჩვენს მიწაწყალს. აი, ამიტომ მე მოგმართავთ ყველას, იფიქრეთ თქვენს თავზე, იფიქრეთ თქვენს შვილებზე, იფიქრეთ ჩვენს მომავალზე”, _ ბრძანა პატრიარქმა. გასაგებია, რომ პატრიარქი ზრუნავს ქვეყანაზე, მაგრამ იქნებ, პირველ რიგში, ხელისუფლებას მოვუწოდოთ, ხალხი დაასაქმოს?

_ საერთოდ, ქვეყნის პოლიტეკონომიას ადამიანების უმრავლესობა ქმნის. ემიგრანტების დაბრუნებისას ბუნებრივად მოხდება მათი შრომის რეალიზება. წინა ხელისუფლების პერიოდში ხშირად გაიძახოდნენ, _ ემიგრანტები უნდა დაბრუნდნენო, მაგრამ რეალურ ნაბიჯებს ამის საწინააღმდეგოდ დგამდნენ, რადგან მათ გეგმაში არ შედიოდა ქართველების დაბრუნება სამშობლოში. დღევანდელი ხელისუფლებაც გაიძახის, ემიგრანტები უნდა დაბრუნდნენო, მაგრამ რეალურად ამისთვის არაფერი კეთდება. მართალი არ ვიქნებით, თუ ემიგრანტების დაბრუნებაზე ლაპარაკს მოვერიდებით, მით უფრო დღეს, როდესაც ამდენი უცხოტომელი შემოდის საქართველოში, ქვეყნის გადარჩენის იდეაზე მაღლა საკუთარი პრობლემების დაყენება გაუმართლებელია. ეს შეიძლება სამშობლოს ღალატად აღვიქვათ.

პატრიარქი ხომ არ არის ეკონომისტი და მას ხომ არ აქვს განვითარების გეგმა ან წინასაარჩევნო პროგრამა? ის, უბრალოდ, გვთავაზობს თავის იდეას, იქნებ მეფუტკრეობას, მიწათმოქმედებას მივხედოთო; სერიოზული და კონკრეტული გეგმა სახელმწიფომ შესთავაზოს საზოგადოებას.

_ ამ ქადაგების გამო, საზოგადოების ნაწილმა პატრიარქი მწვავედ გააკრიტიკა. აქვს თუ არა პატრიარქის კრიტიკის უფლება რიგით მოკვდავს, თუ ეს დიდი ცოდვაა?

_ რა თქმა უნდა, შეიძლება პატრიარქის მხილებაც, თუ ის, მაგალითად, ერესში გადავიდა და ასეთი რამ მომხდარა, მაგრამ ის, რომ დღეს ღმერთსა თუ უწმინდესს ბევრი ვაიქართველი და უმწეო სულის მქონე უსინდისოდ ლანძღავს, სულ მცირე, მათ უზრდელობასა და გაუნათლებლობაზე მეტყველებს.

ამას წინათ ერთ მღვდელმთავარს ვუთხარი, საქართველოს ეკლესიას უნდა ჰქონდეს წყაროები, რათა გაძლიერდეს და სწორად მიმართოს ღვთისგან ბოძებული დოვლათი-მეთქი. გაეცინა, _ საქართველოს ეკლესიას არანაირი შემოსავალი არ აქვს, ის მხოლოდ შემოწირულობებით არსებობსო. მე ვიყავი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აპარატის უფროსი და ვარ ეკონომიკის დოქტორი. მე მაინც ნუ მეტყვით ამას-მეთქი, _ ვუპასუხე. ღირსადაც არ ჩამთვალა, საუბარი გაეგრძელებინა. პიროვნულად ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, როდესაც ეკლესიაში პროფესიონალიზმის დეფიციტია, ამას ერიც ხედავს. გაუგებარ, წარმოუდგენელ პერსპექტივაზე გათვლილი დამანგრეველი ჩაკეტილობა მომავალში ცუდ რამეს გვიქადის. თუ საქართველოს საპატრიარქო სასულიერო დასში არსებულ პროფესიონალ კადრებს სწორად გამოიყენებს, საქართველოს ეკლესია შეძლებს, არა მხოლოდ სულიერად, არამედ ფიზიკურადაც გადაარჩინოს ქვეყანა.

_ მამაო, ბოლო ხანს აქტუალურია ლგბტ საკითხები. რატომ მიმდინარეობს ასე აქტიურდ ამ თემების განხილვა, როცა ეს ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ?

_ ეს არის სიმსივნე, რომელიც, თუ დროზე არ ამოიკვეთა, ქვეყანას მეტასტაზებად მოედება. ასეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, იმ ცნობილ 17 მაისამდე რომელიმე სოდომელს ქუჩაში დახვედროდნენ და ეცემათ ან შეურაცხყოფა მიეყენებინათ, მაგრამ 17 მაისის შემდეგ უკვე იყო ასეთი ფაქტები. ქურდები ან მრუშები რომ გამოვიდნენ და იძახონ, რა კარგია, ასეთები რომ ვართო, იგივე არ იქნება?! ეს ხომ ავადმყოფობაა, რომლის აგიტაციაპროპაგანდა დაუშვებელია.

_ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა იუსტიციის მინისტრს ინიციატივით მიმართა, გამარტივდეს ბარიერები და ტრანსგენდერებს შესაძლებლობა მიეცეთ, საკუთარი სქესი დოკუმენტებში ჩაწერონ. თუმცა, თუ ადამიანს აქვს სქესის შეცვლის უფლება, რატომ აქვს მნიშვნელობა, რა ჩაიწერება ოფიციალურ დოკუმენტში?

_ ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობთ, ავადმყოფობაზე ხომ? ადამიანებმა რაღაც ავადმყოფური თქვეს და ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ? იუსტიციის სამინისტროს პირველი პირიდან დაწყებული, ყველა, ვინც ამ იდეას განიხილავს, ავადმყოფია. სახალხო დამცველი,არაადეკვატური განცხადებებით რომ გამოირჩევა, არაერთხელ ვნახეთ და ის ჩემთვის სახალხო დამცველი არ არის. გაუმართლებელია, როდესაც სახალხო დამცველი სოდომიას დაუჭერს მხარს მხოლოდ იმიტომ, რომ ის დემოკრატი და ყველას უფლებების ქომაგი გამოჩნდეს.

დასასრულ, თუ რამე კარგად ვერ ვთქვი, ყველას შენდობას ვთხოვ, შემინდოს საპატრიარქომ, ჩემს უფლებამოსილებას თუ გადავამეტე, მაგრამ, ალბათ, მქონდა უფლება, ჩემი აზრი გამომეთქვა…

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here