Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: არაპროფესიონალიზმი და დილეტანტიზმი სუფევს ყველა სფეროში…

თამარ კიკნაძე: არაპროფესიონალიზმი და დილეტანტიზმი სუფევს ყველა სფეროში…

572

13 ივლისის ღამეს ვერეს ხეობაში დატრიალებულმა უმძიმესმა ტრაგედიამ გასული კვირის ყველა პოლიტიკური მოვლენა გადაფარა. უყურადღებოდ დარჩა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახლში საქართველოს პრემიერის _ ღარიბაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის _ ვლადიმერ პუტინის ერთ მაგიდასთან გაბუტული ჯდომა. პოლიტოლოგების ნაწილმა თქვა, ოკუპანტს ხომ არ დაელაპარაკებოდაო, მეორე ნაწილმა კი _ შანსი გაუშვა ხელიდანო… გასული კვირის მოვლენებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

 

_ რამდენიმე დღის წინათ დედაქალაქში საშინელი უბედურება დატრიალდა. თქვენ სპეციალისტი არ ხართ, მაგრამ მაინც საინტერესოა თქვენი შეფასება _ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია _ სტიქიამ თუ დაუდევრობამ?

_ თავის დროზე, როდესაც ახალი გზა და ესტაკადა შენდებოდა, დიდი დებატები იმართებოდა იმის თაობაზე, თუ რამდენად გამართლებული და უსაფრთხო იყო ასეთი ნაგებობების მშენებლობა, მაგრამ, კარგად მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლებას არავის აზრი არ აინტერესებდა და მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტებით იყო დაკავებული. მხოლოდ ფასადების შეღებვა და ზედაპირული სამუშაოების შესრულება საქმეს არ შველის. ბოლო ხანს მომხდარმა სტიქიურმა უბედურებებმა დაგვანახვა, რომ წინასწარი გათვლების, ექსპერტიზისა და დაგეგმვის გარეშე არ შეიძლება ტყის გაჩეხვა, კლდის მონგრევა, ჰესების აშენება და სხვ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ მძიმე შედეგებს მივიღებთ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაპროფესიონალიზმი და დილეტანტიზმი სუფევს ყველა სფეროში. შედეგიც შესაბამისია _ ჩვენი მოსახლეობის მძიმე ყოფა. სამწუხაროდ, დღეს პროფესიონალებისა და სპეციალისტების დრო არ არის.

ამ საშინელი ტრაგედიისას ერთი კარგი რამ მაინც მოხდა _ ადამიანების კონსოლიდაცია, თანადგომისა და სოლიდარობის გამოხატვა. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში თანამემამულეების დასახმარებლად, ქალაქის აღსადგენად და დასასუფთავებლად, რაც იმის დამადასტურებელია, რომ სწორი პოლიტიკისა და მენეჯმენტის შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები აქტიურად ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში და მის საკეთილდღეოდ ასეთივე პატრიოტული სულისკვეთებით იღვაწებენ.

 საჭიროა მოტივაცია და სტიმული, სამუშაო ადგილები და ხელსაყრელი პირობები და ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ კი არ წავლენ სარჩო-საბადებლის საძიებლად, არამედ აქ დარჩებიან და დემოგრაფიული სურათიც ასეთი კატასტროფული აღარ იქნება, აღარ იქნება საქართველო ქართველების გარეშე! არადა, მეზობელ სახელმწიფოებში დემოგრაფიული ბუმია. მაგალითად, აზერბაიჯანი ყოველწლიურად 90 ათასით იმატებს, საკმაოდ კარგად აქვს ამ მხრივ საქმე თურქეთსაც.

_ სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ თუ არა სტიქიის გამომწვევი მიზეზები?

_ როდესაც მსხვერპლია, საჭიროა მიზეზების დადგენა. თბილისში სანიაღვრეების პრობლემაა, უსაფრთხოებას ყურადღება არ ექცევა. წლების განმავლობაში გაიცემოდა ნებართვები მწვანე საფარის განადგურებაზე, კლდეების მონგრევაზე. იპოდრომის ტერიტორია აღარ არის. ყველგან მრავალსართულიანი სახლები შენდება, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი ინფრასრუქტურა, რომლის გამოც მოსახლეობას დისკომფორტი ექმნება.

წინათ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა არსებობდა, ტყუილუბრალოდ არაფერი შენდებოდა. დღეს არავინ იცის, რა მასალით, სად და რატომ შენდება ესა თუ ის შენობა. ეს ტრაგედია სერიოზული გაკვეთილი უნდა იყოს ყველა მთავრობისთვის.

_ თბილისს დახმარების ხელი ბევრმა ქვეყანამ გამოუწოდა

_ უცხოური საინფორმაციო პროგრამები საკმაოდ აქტიურად აშუქებდნენ თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას, მათ შორის, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებიც. ყველა რუსული საინფორმაციო საშუალების ახალი ამბები თბილისში დატრიალებული ტრაგედიით იწყებოდა. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ საქართველოს შესთავაზა სამაშველო სამსახურის ასი თანამშრომლის გამოგზავნა.

 ამას გარდა, მოსკოვის ზოოპარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მზად არიან, ცხოველებით შეავსონ ჩვენი ზოოპარკი და, თუ ცხოველებს თავშესაფარი არ აქვთ, დროებით შეიფარონ. ეს ინფორმაცია ჩვენს მასმედიაში უმნიშვნელოდ გაშუქდა, რაც არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის შედეგია.

_ ქალბატონო თამარ, აზერბაიჯანში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახლში წვეულება გაიმართა. ამ წვეულებაზე პრემიერი ღარიბაშვილიც იმყოფებოდა და რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც. ოთახში ისინი ერთმანეთს არ მიესალმნენ, უფრო მეტიც, ღარიბაშვილი ორი სკამის გამოტოვებით დაჯდა პუტინისგან. როგორ ფიქრობთ, ასეთ, ასე ვთქვათ, კამერულ გარემოში ღარიბაშვილს პუტინისთვის თუნდაც ორი სიტყვა არ უნდა ეთქვა? ბევრი ამბობს, ეს რომ გაეკეთებინა, ღარიბაშვილი ქვეყანაში ვეღარ დაბრუნდებოდაო

_ იცით, არსებობს პროტოკოლის სამსახური. ის წყვეტს, ვინ, სად და როგორ უნდა დაჯდეს. შესაბამისად, ალბათ, ღარიბაშვილსაც მიუთითეს, სად დამჯდარიყო.

ბუნებრივია, ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერმინისტრია და ზრუნავს თავის იმიჯზე; ის ფიქრობს, რა რეაქცია ექნება ერს. სამწუხაროდ, საქართველოში ანტირუსული ისტერიაა და პუტინის გვერდით დაჯდომა მაშინვე რომ გახდებოდა ჩვენი მასმედიის განსჯის საგანი, ღარიბაშვილმა, ალბათ, გაითვალისწინა.

_ გაუშვა თუ არა ხელიდან პრემიერმა პუტინთან კომუნიკაციის შანსი?

_ ასეთ შეხვედრაზე დიდი პრობლემები არ წყდება, ეს კომუნიკაციისა და განწყობის გამოხატვის საშუალებაა. ჩემი აზრით, საქართველოსა და რუსეთის უმაღლესი პირები არ არიან მზად უმაღლესი დონის შეხვედრისთვის. ეს შეხვედრა უნდა მომზადდეს. შემთხვევითი არ არის აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატის გაფართოებაზე საუბარი. ასეთი კომუნიკაცია კი, მიუხდავად ყველაფრისა, საჭიროა.

პუტინი ახლახან იტალიაში იმყოფებოდა და ამ ქვეყნის პრემიერსა და რომის პაპს შეხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები ინდივიდუალურ რეჟიმში განაგრძობენ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს. მართალია, ამერიკის ელჩი ვატიკანში ამ შეხვედრას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია, მაგრამ შეხვედრა მაინც შედგა. ერთერთმა ჟურნალისტმა იხუმრა კიდეც _ გვეგონა, რომის პაპს ინსტრუქციებს ღმერთი აძლევდა და არა ამერიკის ელჩიო

რომის პაპი საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა, რაც განპირობებულია ვატიკანის ისტორიული წარსულით, უდიდესი ინფორმაციით, ფინანსური საშუალებებითა და სხვ. დღევანდელი პაპი იეზუიტია, თანაც არგენტინელი, მას ლათინური ამერიკის ქვეყნებში საკმაო გავლენა აქვს, ამიტომ ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

_ ახლახან დაიწყო საუბარი იმაზე, რომ კათოლიკებმა და მართლმადიდებლებმა აღდგომის დღესასწაული ერთდროულად აღნიშნონ

_ რომის საპაპო გლობალიზაციის სულიერ ცენტრად განიხილება, აქედან მომდინარეობს მისი ეკუმენისტური ინტერესები. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი პატრიარქი მსოფლიო საეკლესიო კრებიდან გამოვიდა. მართლმადიდებლობა ყველაზე დოგმატური და ღმერთთან ახლო მდგომი რელიგიაა. რუსეთის პატრიარქ კირილისა და რომის პაპის შეხვედრაც არ ხდება. ამ შეხვედრას მართლმდიდებლები არ მიესალმებიან. რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულს, ეს, ალბათ, სრულიად მართლმადიდებლური კრების განხილვის საგანი იქნება, რომელიც 2016 წელს არის დაგეგმილი.

_ რამდენიმე ხნის წინათ საფრანგეთში პროტესტანტულმა ეკლესიამ ჰომოსექსუალებს ჯვრისწერის უფლება მისცა. ამის წინააღმდეგ რუსული ეკლესიის წინამძღვარმა გაილაშქრა და განაცხადა, რომ ფრანგებთან ურთიერთობას გაწყვეტს

_ პროტესტანტებს ეპისკოპოსებად ქალებიც ჰყავთ. საქართველოშიც გვყავს ასეთი ეპისკოპოსი, რომელიც ძალიან არის შეშფოთებული ჩვენს ქვეყანაში ლგბტ-ების დისკრიმინაციის საკითხით.

_ პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, 2 ათასი დოლარი არ არის ის თანხა, რომელზეც საჯარო მოხელემ უნდა იმუშაოსო. ამ საკითხზე და დასაქმებაზე ბევრი იმსჯელეს და თქვეს, რომ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ საბჭოთა კავშირში და თავს თვითონ უნდა მივხედოთ. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც კი არსებობს დასაქმების პრობლემა და დიდი მანიფესტაციებიც ეწყობა ამ მოტივით. იქ რა ხდება _ ისინი მაინც ხომ არ არიანსაბჭოთა გადმონაშთები?”

_ მსოფლიოში საკმაოდ რთული ვითარებაა. დასაქმებისა და საშუალო ფენის პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის. ამერიკაშიც კი საშუალო ფენის შემცირება საკმაოდ საგრძნობია და სოციალური ნაპრალიც ღრმავდება. კიდევ უფრო იზრდება მდიდართა კაპიტალი, ხოლო მოსახლეობა დღითიდღე ღარიბდება. ეს გლობალიზაციის თანმდევი პოცესია. რამდენიმე ასეული ოჯახი ინაწილებს მსოფლიოს. საქართველოში ქართველის კუთვნილება რა არის, არავინ იცის. მაგალითად, მითხრეს, რომ “საქართველოს ბანკის” მხოლოდ 7%-ია საქართველოს კუთვნილება. ბანკებისთვის სასათბურე პირობებია შექმნილი. ისინი ფულს, ფაქტობრივად, ჰაერიდან აკეთებენ. ჩვენი მოსახლეობა კი სულ უფრო მეტად ეხვევა ბანკების კაბალაში.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here