Home რუბრიკები პოლიტიკა მიშას მომენტი

მიშას მომენტი

569

ოდესის ოლქის ახალ გუბერნატორს ბევრი კარგი თვისება აქვს: მან წლების წინათ წარმატებული კამპანია განახორციელა კორუფციის წინააღმდეგ, გარდაქმნა შინაგან საქმეთა უწყება და რეფორმის დასაწყისში საგზაო პოლიციის თითქმის მთელი პერსონალი სამსახურიდან გაათავისუფლა.

 

ეს ძალიან ღირებული გამოცდილებაა და მისი გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) შეიძლება ისეთ ქვეყანაშიც კი მოახდინო, როგორიც უკრაინაა. მან მსოფლიოს ბევრი ენა იცის, რაც მნიშვნელოვან პლუსად უნდა ჩაითვალოს ისეთ მრავალეროვნულ ზღვისპირა რეგიონში, როგორიც ოდესის ოლქია. იგი უცხოელია, სხვა ქვეყნიდან ჩამოსული, ესე იგი, არ არის ჩაბმული ოლიგარქებს შორის ბრძოლაში, რომელსაც ოდესისა და უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის დიდი ზიანი მოაქვს.

უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ოდესის ოლქის ახალ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს “ჩამოსულსა” და “უცხოელს” ვერ უწოდებ. იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნის ექსმეთაური, თუმცა 2013 წლიდან, როგორც კი პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით (რომელსაც იგი უარყოფს), ამიტომ სამშობლოში ვერ ბრუნდება. ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს “ვარდების რევოლუცია” მოახდინა და შეეცადა, ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრების საკითხი გადაეწყვიტა, მაგრამ მისმა სტრატეგიამ ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობა მისცა, 2008 წელს ომი დაეწყო თავის პატარა მეზობელთან. ისევე, როგორც უკრაინას 2004 წელს, “ნარინჯისფერი რევოლუციის” შემდეგ, კრემლი საქართველოსაც ხელს უშლიდა პროდასავლურ ინტეგრაციაში და ცდილობდა, ეს ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე დაეტოვებინა.

ასეთი დანიშვნები უცხო ხილი არ არის უკრაინის მთავრობისთვის, რომელსაც ბევრი უცხოელი სპეციალისტი ჰყავს მიწვეული დემოკრატიულ სისტემაზე გადასასვლელად, რეფორმების გასატარებლად და კორუფციისგან გაწმენდის მიზნით. აბა, რას იზამ, როცა ადგილობრივი ნიჭიერი კადრები არ გყოფნის?! ასეთ შემთხვევაში მსგავსი ნაბიჯის გადადგმას აზრი ნამდვილად აქვს. უკრაინა ამ თვალსაზრისით ერთადერთი სახელმწიფო არ არის: 2013 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კანადელი მარკ კარნი მიიწვია ინგლისის ბანკის ხელმძღვანელად. მიუხედავად ამისა, პეტრო პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ოდესის ოლქის გუბერნატორად ექსცენტრიკულ გადაწყვეტილებად შეიძლება შეფასდეს.

ოდესა სასურველ ობიექტად ითვლება რუსი სეპარატისტებისთვის, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ებრძვის. ამ კვირაში ძალადობა ისევ განახლდა ხანმოკლე პაუზის შემდეგ (დონბასში). ძალადობა ოდესამაც გამოსცადა საკუთარ თავზე _ შარშან ოდესაში 40-ზე მეტი ადამიანი დაიწვა პროფკავშირების შენობაში ხანძრის შედეგად. მოგვიანებით სიტუაცია გარკვეულწილად ჩაწყნარდა, მაგრამ დაპირისპირებანელ ცეცხლზემაინც გრძელდება.

იმ დროს, როცა რუსეთთან მშვიდობის დამყარება კიევის მთავარ პრობლემას წარმოადგენს, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის ხელმძღვანელად დანიშვნა პროვოკაციული ქმედებაა!

THE ECONOMIST

(დიდი ბრიტანეთი)

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here