Home რუბრიკები საზოგადოება ერთობლივი პროექტი _ ჯანმრთელობა

ერთობლივი პროექტი _ ჯანმრთელობა

877

თამბაქოს მავნეობაზე საუბრობენ ექიმები, იბეჭდება საგაზეთო წერილები, კეთდება ტელე და რადიოგადაცემები, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც წესი, ფუჭი შრომაა: ადამიანები კვლავ ერთგულებენ სიგარეტს და… თავს იღუპავენ. დღეს ჩვენს მკითხველებს მივაწვდით სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც მოამზადა და დაამუშავა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენის უფროსმა ლელა სტურუამ. ვინძლო ამ საშინელმა სტატისტიკამ დააფიქროს თამბაქოს მწეველები!

თამბაქო _ მთავარი რისკფაქტორი

გლობალური ტვირთი

თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა მსოფლიოში. ეს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის, 1,5 მილიონი ქალია, ხოლო 600 000-ზე მეტი მეორადი კვამლით იღუპება; თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი კვდება. 1,2 მილიარდი ადამიანი 15 წლის ზევით დამოკიდებულია თამბაქოზე, მათი დაახლოებით 80 პროცენტი დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს.

XX საუკუნეში თამბაქომ 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, XXI საუკუნეში ერთი მილიარდი ადამიანი ემსხვერპლება თამბაქოს.

თამბაქოს ეპიდემიის გლობალიზაციის პასუხად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია, რომლის რატიფიცირებით საქართველომ, მსოფლიოს 178 ქვეყანასთან ერთად, ივალდებულა ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სრულფასოვანი ღონისძიებების განხორციელება.

 

სიტუაცია საქართველოში

თამბაქოს მოხმარების კუთხით საქართველოს, სამწუხაროდ, ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია ევროპის ქვეყნებს შორის, თუმცა მწეველ ქალთა რაოდენობით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორების კვლევის შედეგების მიხედვით, ამჟამად თამბაქოს რომელიმე პროდუქტს (მოსაწევს და უკვამლოს) მოიხმარს რესპონდენტთა 30,3 პროცენტი (მამაკაცების 55,5 პროცენტი და ქალების 4,8 პროცენტი). თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის 2008 წლის მონაცემების მიხედვით, მწეველობის გავრცელება ქალებში 18-21 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მოწევა ყველაზე მეტად 25-44 წლის ადამიანებშია გავრცელებული (36,1 პროცენტი), ყველაზე ნაკლებად კი 55-64 წლის პირებს შორის. ბოლო 12 თვის განმავლობაში თამბაქოსთვის თავის დანებების წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა 39,1 პროცენტს (კაცი _ 40,3 პროცენტი, ქალი _ 25,8 პროცენტი).

2014 წელს 13-15 წლის ბავშვებში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით მოსწავლეთა 7,0 პროცენტი (9,9 პროცენტი ბიჭი და 3,8 პროცენტი გოგო) სიგარეტის მწეველია. 16 წლის თბილისელ მოსწავლეთა შორის ამჟამად მწეველობა 16 პროცენტს უდრის (22,4 პროცენტი ბიჭი და 9,5 პროცენტი გოგო).

2014 წლის შედეგების მიხედვით მოსწავლეთა 41,8 პროცენტი თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებას შინ, ხოლო 54,6 პროცენტი საზოგადოებრივ სივრცეში განიცდის. მწეველი მოსწავლეების 77,1 პროცენტი სიგარეტს მაღაზიაში, გარე მოვაჭრისგან ან კიოსკში იძენს; 6-დან 10 მოსწავლეს შემჩნეული აქვს თამბაქოს საწინააღმდეგო გზავნილები მედიაში; 5-დან 10 მოსწავლეს შემჩნეული აქვს თამბაქოს რეკლამა ან პოპულარიზაცია გაყიდვის ადგილებში; 69,5 პროცენტი ფიქრობს, რომ სხვების მიერ მოწეული კვამლის შესუნთქვა მათი ჯანმრთელობისთვის მავნებელია; 79,4 პროცენტი მხარს უჭერს მოწევის აკრძალვას საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში.

რეპროდუქციული კვლევების შედეგების მიხედვით, თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებას განიცდიან ქალებიც: 52 პროცენტი _ შინ, 44 პროცენტი კი _ სამუშაო ადგილზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 9 000-დან 11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის, 3 000-მდე პასიური მოწევის მსხვერპლია. ყოველწლიურად იყიდება 10 მლრდ ღერი (0,5 მლრდ კოლოფი), რაც დაახლოებით 0,58 მლრდ ლარს შეადგენს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ კანადის საერთაშორისო განვითარების კვლევების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელებული საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის დონის კვლევის შედეგების თანახმად, სავაჭრო ობიექტების 92 პროცენტი ვაჭრობს თამბაქოს ნაწარმით, სკოლებიდან 50 მეტრზე ახლოს განლაგებული ობიექტების 85 პროცენტი ყიდის თამბაქოს. თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრე ობიექტების 2 პროცენტში თამბაქოს ნაწარმი განლაგებულია იმ სექციებში, რომლებშიც ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია იყიდება. თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრეთა 96 პროცენტმა არ იცის თამბაქოს ვაჭრობის კანონმდებლობა.

თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრე ობიექტების მონიტორინგისა და შემოწმების სისტემა არ არსებობს.

ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2014 წელს განხორციელებული კვლევების პირველადი შედეგების მიხედვით ამჟამად საქართველოს მოსახლეობის 28,1 პროცენტი მწეველია; თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებას ყოველდღიურად განიცდის 38,8 პროცენტი; 81,1 პროცენტი ფიქრობს, რომ თამბაქოს მეორადი კვამლი მავნებელია; დაახლოებით 90-100 პროცენტი იმყოფება თამბაქოს რომელიმე სახის რეკლამისა და პოპულარიზაციის ზემოქმედების ქვეშ.

თამბაქოს კონტროლის არსებული სტატუსი

საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის დეკემბერში მოახდინა თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ძალაშია 2006 წლის 16 მაისიდან. ამით ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულება, შეესრულებინა კონვენციის მოთხოვნები ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სრულფასოვანი ღონისძიებების განსახორციელებლად. საქართველომ ნათლად მიანიშნა, რომ თამბაქოს კონტროლი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, თუმცა დღემდე ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია დანერგილი.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების შესაბამისობაში მოსაყვანად საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის დასაწყებად, 2013 წლის 15 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების თაობაზე, რომელიც გულისხმობს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციისა და სხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

კომისიამ შეიმუშავა თამბაქოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა.

მომზადებულია კანონპროექტები შემდეგ კანონებზე: საქართველოს კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ, საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ, საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი. აღნიშნული კანონპროექტები განიხილეს სახელმწიფო კომისიის წევრმა სამინისტროებმა და გაგზავნეს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.

დღეს თამბაქოს კონტროლის არსებული კანონმდებლობის ანალიზი მიგვითითებს, რომ, ერთი მხრივ, იგი შეიცავს მნიშვნელოვან დებულებებს, მაგრამ, ამასთანავე, საჭიროებს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მოთხოვნების მიხედვით მთელ რიგ დამატებებსა და ცვლილებებს (მათ შორის, რეკლამისა და პოპულარიზაციის, საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს კვამლისგან დაცვის, თამბაქოს პროდუქციის წარმოებასა და მიმოქცევაზე ზედამხედველობის სისტემის გაძლიერების, კოლოფზე გამაფრთხილებელი წარწერებისა და ნახატების გაუმჯობესების, ადმინისტრირებისა და გადასახადების სისტემის გადახედვის და ა.შ. მიმართულებებით); მეორე მხრივ კი _ პოლიტიკური ნების გაძლიერებას უკვე არსებული დებულებების ასამოქმედებლად.

თამბაქოს კონტროლის განხორციელების დასაჩქარებლად საჭიროა კანონის აღსრულებისთვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, მრავალსექტორული თანამშრომლობის, საერთაშორისო ცოდნის გაზიარებისა და მხარდაჭერის, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერება, პოლიტიკის შემქმნელებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზება და ა.შ.

2015 წელს თამბაქოს საწინააღმდეგო მსოფლიო დღე მიეძღვნა თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრას.

თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა მოიცავს გლობალურ პრობლემას და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი და ეკონომიკური მართვის, ასევე, კორუფციის აღმოფხვრის საკითხებს.

ლელა სტურუა,
პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here