Home რუბრიკები პოლიტიკა ივანიშვილი მოქმედებდა და მოქმედებს გარე ძალების, კერძოდ, ამერიკელების ინსტრუქციით

ივანიშვილი მოქმედებდა და მოქმედებს გარე ძალების, კერძოდ, ამერიკელების ინსტრუქციით

573

ბოლო ხანს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ყოფილი დეპუტატი, დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

 

_ ბატონო დიმიტრი, წინა კვირას, 2 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციას პოლიტიკოსები და უფლებადამცველები სხვადასხვაგვარად აფასებენ. ბევრი ფიქრობს, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება სისხლის სამართლის კოდექსით არ უნდა ისჯებოდეს, ბევრი კი ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებაზე საუბრობს. თქვენ რა აზრის ხართ?

_ 2 ივნისის აქციის პათოსი საერთოდ სცდება სამართლებრივ წარმოდგენას ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასა და მოხმარების კანონზომიერებაზე, რაც რეგულირებული უნდა იქნას დიფერენცირებულად. იმ აქციაზე თითქოსდა საუბარი იყო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე, მაგრამ სინამდვილეში იგულისხმებოდა ლეგალიზაცია. მეტიც, ამ აქციას არავითარი კავშირი არ აქვს დეკრიმინალიზაციისა თუ ახალი რეგულაციების შემოღებასთან, ვინაიდან საერთოდ არ უხსენებიათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273- მუხლი, რომელიც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ნარკოტიკის განმეორებით მოხმარების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს.

რაც შეეხება აქციას, რომელიც ასევე სცილდებოდა ყოველგვარ ნორმას და იყო აღვირახსნილობა, იქ ძალიან ბევრი საეჭვო რეპუტაციის ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ე.წ. ქლაბერებიც, რომლებიც აქტიურად მოიხმარენ ისეთ საშიშ ნივთიერებებს, როგორებიცაა ამფიტამინები და მეტაამფიტამინები. ისინი მოურიდებლად ეწეოდნენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პროპაგანდას. სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიცია ამაზე დუმს და, ფაქტობრივად, ართუ ვერ ახდენს ამ დანაშაულებრივ ფაქტებზე სათანადო რეაგირებას, მეტიც, მათ გამორჩათ ის ამაზრზენი ფაქტი, რომ აქციაზე მიიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვები და ამ ბავშვებს მათი გაბრუებული მამები თუ ნათესავები იმ გაბუღულ გარემოში დაატარებდნენ. ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის 187- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც გულისხმობს მცირეწლოვნის ჩაბმას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში. ამ დანაშაულის გამო ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში სასჯელი არის საკმაოდ მძიმე და ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ამ დანაშაულს ჩაიდენს, ისჯება სრული სიმკაცრით…

_ ისე, მსგავსი აქცია წინა ხელისუფლების დროს რომ ჩატარებულიყო, ათიდან, სულ ცოტა, სამიოთხიდემონსტრანტი”, ალბათ, ციხეში მოხვდებოდა. ბევრს, ალბათ, ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული. როგორ ფიქრობთ, რამ შეუშალა ხელი პოლიციას, რომ ადეკვატურად ემოქმედა?

_ ეს იყო აბსოლუტური არაკომპეტენტურობისა და უპასუხისმგებლობის ბრალი. სხვანაირად ამას ვერ ავხსნი, იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც იქ მოხდა, ეს იყო გამოხატვის თავისუფლებით შენიღბული ანტისაზოგადოებრივი მოქმედება, რომელშიც მონაწილეობა მიაღებინეს მცირეწლოვანებს.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს აქცია გარკვეულ პროვოკაციასაც ემსახურებოდა, რათა მომხდარიყო ძალადობის პროვოცირება და მერე ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მისცემოდა?

_ ფაქტია, მათ გადააბიჯეს კანონის ზღვარს და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ სამართალდამცავები გამოეწვიათ. ცხადია, ისინი უნდა დაეკავებინათ, მაგრამ ხელისუფლება, როგორც ჩანს, გარკვეულწილად დაკომპლექსდა და მიიღო გადაწყვეტილება, პროვოკაციას არ აჰყოლოდა. ვფიქრობ, ამით ხელისუფლებამ ძალიან დააშავა, იმიტომ, რომ მან უფრო მნიშვნელოვანი ღირებულების დაცვაზე განაცხადა უარი, ვიდრე .. ნეოლიბერალებისგამოხატვის თავისუფლებაა”, ანუ პოლიციამ დაარღვია კანონი პოლიციის შესახებ, რომლის თანახმადაც ის ვალდებული იყო, მართლზომიერად ემოქმედა და აღეკვეთა დანაშაული.

_ ნეოლიბერალები რადგან ახსენეთ, ამას წინათ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, ტრანსგენდერების მიერ სქესის შეცვლის აღიარებისთვის სპეციალური რეგულაციები შემოიღოს და ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე მოაგვაროს. რა აზრის ხართ ამაზე?

_ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ამ საკითხზე სამმა უფლებადამცველმა _ მე, სოსო მანჯავიძემ და ზვიად ტომარაძემ _ განცხადებაც გავავრცელეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბატონ ნანუაშვილს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი არ გასჩენია. ლაპარაკია თემატიკაზე, რომელიც, ასევე, უხვად არის დაფინანსებული ქვეყნის გარედან და რომლის გამოც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამუდმებით გვებრძვის. ეს გულისხმობს .. სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას, მათთანასწორუფლებიანობასდა, საბოლოო ჯამში, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ეს არის ვალდებულება, რომელიც საერთაშორისო ლიბერალური ინტერნაციონალის წინაშე აღებული აქვს რესპუბლიკურ პარტიას და ამ ვალდებულების შესასრულებლად ისინი ყველაფერს გააკეთებენ. მით უფრო, რომ ივანიშვილის ძალისხმევით ახლა პრაქტიკულად მთელი ძალაუფლება მათ ხელშია, ფაქტობრივად, ისინი აკონტროლებენ სამივე სახელისუფლო შტოს. სხვათა შორის, ივანიშვილი ამბობდა, დემოკრატიით ევროპასაც გავაოცებო და მან ეს მოახერხა, _ მსოფლიოში, ალბათ, არსად მომხდარა ისეთი პოლიტიკური პარადოქსი, როგორიც ჩვენთან, როცა აბსოლუტურად ურეიტინგო პარტიამ ჩაიგდო მმართველობის სადავეები და ძალაუფლების სრული მონოპოლიზება შეძლო.

_ ეს მხოლოდ ივანიშვილის ძალისხმევით მოხდა თუ გარე ძალებიც ჩაერივნენ?

_ ცხადია, ივანიშვილი იმთავითვე მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს გარე ძალების, კერძოდ, ამერიკელების ინსტრუქციით. ამიტომაც არის, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, გადაქცეულია ამერიკის საპოლიციო უბნად. ამას უკვე საპარტნიორო ტერიტორიულ წარმონაქმნსაც ვერ დავარქმევთ, ისეთი კოლონიალისტურია ამერიკელთა დამოკიდებულება ჩვენდამი. ამის ნათელი მაგალითი კი იყო თუნდაც ამერიკის ელჩის, ბატონი ნორლანდის შეხვედრა ივანიშვილთან, რომლის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილს მისთვის ყველაზე არასასურველი და თავისი ენითა და პირით ნაგინები პოლიტიკური ფიგურის გამწესება მოუწია საკვანძო პოსტზე (ვგულისხმობ თინა ხიდაშელის დანიშვნას თავდაცვის მინისტრის პოსტზე), რითაც ღარიბაშვილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი პოლიტიკური მარიონეტია. ამ ყველაფრის ფონზე, ალბათ, გასაკვირი არ არის, რაც ხდება და რა განცხადებებიც გვესმის. დღეს ხელისუფლების სათავეში, ფაქტობრივად, გვყავსნაცმოძრაობა 2”, რომელმაც საშინაო დავალებების შესრულებაშინაციონალებისრეკორდიც კი მოხსნა

_ მიუხედავად ამისა, დღე არ გავა, რომ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მუქარის წერილი არ გამოაქვეყნოს დაოცნებასთითი არ დაუქნიოს, _ მალე დავბრუნდებიო. როგორ ფიქრობთ, ოდესის გუბერნატორად დანიშვნა სააკაშვილს და მის პარტიას პოლიტიკურად აძლიერებს თუ პირიქით _ ეს მისი პოლიტიკური აღსასრული შეიძლება გახდეს?

_ ერთი რამის თქმა უკვე დანამდვილებით შეიძლება: სააკაშვილი არ იცვლება, არ იცვლება არც მისი პოლიტიკა და ეს ადამიანი ისევ რევანშისტულადაა განწყობილი, როგორც იყო თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში მოვიდა. გახსოვთ, ალბათ, ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ დაიწყო დაჭერები და არაერთი თანამდებობის პირი აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე, მათ შორის, ბევრი სამართლიანად და ბევრიც _ უსამართლოდ, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია ის, რომ ამ კაცს იმთავითვე ჰქონდა ძალადობრივი, არაშემწყნარებლური პოლიტიკა და ამ პოლიტიკის შედეგად მივიღეთ დაახლოებით 40 ათასამდე პატიმარი.

ახლა შეხედეთ, რას აკეთებს უკრაინაში, დანიშნული არ იყო გუბერნატორის თანამდებობაზე, ვიღაც-ვიღაცებს ეცა და ციხეში გააქანა. მერე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირები მას ანგარიშს აბარებენ. ეს ადამიანი არ იცვლება და მისი რიტორიკა ისევ და ისევ არის ნულოვანი ტოლერანტობა.

რაც შეეხება შეკითხვას, გუბერნატორად დანიშვნა სააკაშვილის პოლიტიკური აღსასრულია თუ აძლიერებს მას, მოდი, საკითხი ასე დავსვათ: ის, რაც სააკაშვილმა საქართველოში გააკეთა და ქართველი ხალხისთვის აღმოჩნდა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელი, უკრაინელი ხალხისთვის მისაღები იქნება? შეეგუება იმ ქვეყნის მოსახლეობა მასობრივ დაჭერებს, პოლიციის მხრიდან ძალადობას, ტერორს, შიშს? ეს წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ძალიან მალე იქაც კრახით დაასრულებს, უკრაინელი საზოგადოება ძალიან მალე მიხვდება, ვისთან და რა ძალასთან აქვს რეალურად საქმე.

_ არის საუბრები იმაზეც, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებშინაცმოძრაობამდაქართულ ოცნებაშიშემავალმა ზოგიერთმა სუბიექტმა, შესაძლოა, ახალი კოალიცია შექმნან. რეალურად მოგაჩნიათ ეს?

_ რა თქმა უნდა, “ქოც-ნაცური” ალიანსი რეალურად ერთი სახელისუფლო ძალაა, რომელიც იყოფა ფორმალურად და სააკაშვილი ახლა ემზადება ძალაუფლების ხელახლა მისაღებად. ის, პირადად, ცხადია, არ ჩაებმება სახელისუფლო ბრძოლაში, მაგრამ, როგორც აღნიშნეთ, სხვადასხვა სუბიექტი შექმნის ახალ კოალიციას, რომელშიც განიხილებიან თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები და ეს იქნება .. ნეოლიბერალურ ძალთა გაერთიანება, რომლის ერთერთ ლიდერადაც მოგვევლინება პრეზიდენტი მარგველაშვილი. სწორედ ასეთი ჩანაცვლებების გზით მოხდება “ნაცმოძრაობის” რეინკარნაცია და ამ ახალ კოალიციაში არაფორმალურად სააკაშვილი იქნება ლიდერი. ამის შემდეგ ის დაელოდება “ნეოლიბერალური” ძალების ახალ უმრავლესობაში მოსვლას, შემდგომ მის სრულ რეაბილიტაციას და რეაბილიტაციის ფონზე გამარჯვებული რადამესივით დაბრუნდება. აი, ეს არის ის მარტივი ვირეშმაკული გათვლა, რომელსაც არ უწერია აღსრულება, თუკი საზოგადოება გამოფხიზლდება და დადგება ფეხზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი, რასაც ეს ე.წ. ნეოლიბერალური ძალები გვთავაზობენ, უსიტყვოდ უნდა მივიღოთ და მათ არც ერთ ნაბიჯზე, არც ერთ ქმედებაზე, თუნდაც ეს ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, პროტესტი არ უნდა გაგვიჩნდეს. ცხადია, ასეთ შემთხვევაში პრობლემები აღარ იქნება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here