Home რუბრიკები საზოგადოება რამდენიმე წინადადება ავტოსაცობების საკითხის მოსაგვარებლად

რამდენიმე წინადადება ავტოსაცობების საკითხის მოსაგვარებლად

622

საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას

ინჟინერთა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა

საქართველოს ხელისუფლების პატივცემულო წარმომადგენლებო!

ბატონ დავით ნარმანიას საზღვარგარეთ პირველი ვიზიტისას კორესპონდენტებმა დაუსვეს კითხვა _ რატომ მიემგზავრებით უცხოეთში? პასუხი იყო, რომ უცხოელებთან უნდა განეხილა თბილისში შექმნილი ავტოსაცობების საკითხი და მოეწვია უცხოელი სპეციალისტები.

ბატონებო, ქართველ ხალხს ადრეც ჰყავდა და ახლაც ჰყავს ინჟინერთა ისეთი ძალა, რომელსაც უცხოელთა დახმარების გარეშეც კარგად შეუძლია, გაართვას თავი პრობლემებს.

გთავაზობთ რამდენიმე წინადადებას ავტოსაცობების საკითხის მოსაგვარებლად:

1. მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში არსებობს საცობების განმუხტვის უდიდესი წყარო _ მეტროპოლიტენი. ამ საკითხზე ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში იქნა ზომები მიღებული და თბილისში დაიწყო მეტროპოლიტენის მეორე ხაზის მშენებლობა, რომლისთვისაც საკმაო ხარჯი იქნა გაწეული და შესრულდა სამუშაოს დიდი ნაწილი. სამწუხაროდ, შემდგომში ეს საქმე მიატოვეს და ამჟამად მეტროპოლიტენის სადგურების შახტები წყლით არის ამოვსებული. თქვენი მონა-მორჩილი არის პიროვნება, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს “მრეწვმშენბანკიდან” ამ პროექტის დაფინანსებაში.

2. ბოლო 20 წელიწადია, თბილისის განაშენიანება ინჟინრული გათვლების გარეშე მიმდინარეობს. ლაგუნა ვერეს დასახლების, სპორტის სასახლის უკანა და ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე აშენდა მრავალსართულიანი სახლები ისე, რომ არ გაუთვალისწინებიათ არც ერთი სკოლა და საბავშვო ბაღი, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის იქ მცხოვრებთ.

3. საჭიროა ხალხში ჩატარდეს ფართო ახსნაგანმარტებითი მუშაობა. დღეს ტელევიზიები, პარლამენტი, ცალკეული სამინისტროები და ინდივიდები ყოველ გამოსვლაში გაიძახიან, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და მაინცდამაინც ევროპელები. აბა, გადავხედოთ მდგომარეობას, რა ქმნის საცობებს ქალაქში. თითო კაცი ჯდება “ჯიპში” და მიდის სამსახურში, სადაც მანქანას ვერსად აყენებს და ჩხუბისა და დავიდარაბის შემდეგ გულამოგლეჯილი დაგვიანებით მიდის სამსახურში. მეც გახლდით რამდენჯერმე ევროპაში და მართლაც შეიძლება იქიდან ბევრი კარგის გადმოტანა. ბერლინში ყველაზე “მომხიბვლელი” ტრანსპორტი ტრამვაია, უმეტესად 3-ვაგონიანი, რომლის კარსაც მძღოლი კი არ აღებს, არამედ ვინც ჩადის და ამოდის, ის აჭერს ღილაკს ხელს კარზე.

მიუხედავად იმისა, რომ იქ ოჯახის თითქმის ყველა წევრს ავტომანქანა ჰყავს, უპირატესობას მაინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებენ, რაც თავისთავად არეგულირებს სატრანსპორტო მოძრაობას.

4. დაუშვებელია ტროტუარებზე მანქანების დაყენება. ხალხი იძულებულია, იმოძრაოს მანქანების სავალ ტერიტორიაზე. დედები იძულებულნი არიან, ბავშვები საბავშვო ეტლებით მანქანის სავალ ნაწილზე ატარონ, რაც, ადრე თუ გვიან, სავალალო შედეგს მოიტანს.

ამ წესების ცხოვრებაში გატარება დადებით შედეგს მოიტანს და პრობლემებიც გადაწყდება.

საინიციატივო ჯგუფის სახელით,
რაულ მიროტაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here