Home რუბრიკები საზოგადოება ექსკლუზიური ვინ?-ტერვიუ

ექსკლუზიური ვინ?-ტერვიუ

რუბრიკაში “ვინ?-ტერვიუ” ვიწყებთ ერთგვარ კონკურსს, ანუ გამოვაქვეყნებთ ინტერვიუებს ისე, რომ არ დავასახელებთ რესპონდენტის ვინაობას, ხოლო მკითხველმა უნდა გამოიცნოს, ვინ არის ჩვენი რესპონდენტი. 

ასეთი ტიპის პირველ ვინ?-ტერვიუს გთავაზობთ კაცთან, რომელსაც თავი კიტრი ჰგონია. მართალია, ამოცანა ურთულესია, რადგან საქართველოში ძალიან ბევრს ჰგონია თავი კიტრი, მაგრამ შიგადაშიგ, ჩვენ მიერ დასმულ კითხვებსა და რესპონდენტის პასუხებში არაერთ ძალიან კონკრეტულ მინიშნებასაც წააწყდებით.

_ გამარჯობაპატივცემულო რესპონდენტო!

_ ხაი ჟივე!

_ ბატონო?

_ გამარჯობაზე გიპასუხე ჩემებურად.

_ კარგიმოდი, პირდაპირ დავიწყებ, თქვენზე ამბობენ, რომ თავი კიტრი გგონიათ, ეს მართალია?

_ მგონია კი არა, ვარ! აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი, ყველაზე გრძელი და ყველაზე მწვანე კიტრი ვარ მე!

_ რატომ მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში?

_ კარგი, ეგრე იყოს, დასავლეთ უკრაინაშიც!

_ და მაშინ, რატომ მხოლოდ დასავლეთ უკრანაში? ცოტა არ იყოს, უცნაურ პასუხებს მაძლევთ

_ კაცო, შენ შარზე ხომ არ ხარ? კიტრი ვარ და გელაპარები, ამაზე უცნაური რაღა გინდა?

_ უკაცრავად, პირველად როდის მიხვდით, რომ კიტრი ხართ და არა ადამიანი?

_ ეგ მაშინ იყო, ამ 12-ოდე წლის წინათ, როდესაც ხელში დიდი მწვანე კიტრი დავიჭირე და პარლამენტში შევვარდი…

_ ბოდიში, ეგ მწვანე კიტრი კი არა წითელი ვარდი იყო, ასე მახსოვს

_ ჰაჰ! ეგ თქვენ, ტუტუც ბრბოს და მასას მოგეჩვენათ წითელ ვარდად, თორემ სინამდვილეში ეგ დიდი მწვანე კიტრი იყო. ხა, ხა, ხა! აი ეგრე ვიცი ხოლმე. კიტრი ვარ და ხალხს ვარდი ვგონივარ… ხი, ხი, ხი…

_ რატომ უწოდებთ ხალხს მასას და ბრბოს? ამ ხალხმა ხომ თქვენ უდიდესი ნდობა და ერთგულება გამოგიცხადათ თავის დროზე!

_ კაი ერთი, რა! კიტრს რომ ნდობას გამოუცხადებს და ვერ მიხვდება, რომ კიტრია, ხალხი ჰქვია? ბრბოა ეგ, აბა, რა არის?!

_ კი, მაგრამ ბრბომ გაბრაზებაც იცის და კიტრის სარზე ჩამოცმაც! არ გეშინიათ?

_ ეგ არაფერი. მეც გადასარევად ვიცი ხოლმე, სად უნდა ვიკიტრაო და რამსიგრძე კიტრად უნდა მოვაჩვენო თავი. აგერ ვიცოდი, რომ მეტი არ გამივიდოდა და გუბერნატორი-კიტრი ვარ!

_ ეგ როგორ?

_ როგორ და ხომ გინახავთ კაი გამართული შუშა კიტრი? და არსებობს ასევე მოხრილი და ხორკლიანი კიტრი. აი, იქ, თქვენთან შუშა კიტრი ვიყავი! აქ უფრო ცოტა მოხრილი კიტრი ვარ, მარა ეგ არფერი, მოვა დრო, ისევ შუშა კიტრი ვიქნები და ბარე ორს გავეჩხირები ყელში!

_ უფ! ისე ლაპარაკობთ, კიტრის მწნილი გამახსენეთ

_ ვაიმე! მწნილს ნუ მახსენებთ! თქვენ მოგზავნილი ხომ არ ხართ?

_ არა, რატომ? არ გიყვართ კიტრის მწნილი?

_ რას ამბობ! ეგ არის ჩემი კოშმარული სიზმარი. უკვე რამდენიმე თვეა, ყოველ ღამე მესიზმრება, ვითომ შუშის ქილაში მაგდებენ, მხუფავენ და მამწნილებენ… და სულ ოფლში გაწურულს მეღვიძება ხოლმე…

_ მოიცა, გეხუმრეთ და თქვენ ნუთუ მართლა კიტრი გგონიათ თავი?

_ მგონია კი არა, ვარ _ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი, ყველაზე გრძელი, ყველაზე მწვანე და ყველაზე შუშა კიტრი!

_ და დასავლეთ უკრაინაშიც, ხო?

_ კი, აღმოსავლეთ ევროპაში და დასავლეთ უკრაინაში!

_ უუუჰ! არა, მართლა მაგონებთ მწნილს და რა ვქნა?

_ გაგონებ კი არა, აგერ ამოგიტანე და ხეთქე, რამდენიც გინდა! რა “პახმელია” გაქვს ამისთანა, გაგისკდა ფაშვი! 5 წუთის წინათ მითხარი მწნილი ამომიტანე მაღაზიიდანო და, სანამ ჩავედი და ამოვედი ისევ ჩაგეძინა? რეებს ბოდავ, რა ევროპა და უკრაინა?

_ შენ გაიხარე! იმდენი დავლიე გუშინ, ახლა ზუსტად არც კი ვიცი, ამ ფრაზას ჩემი ცოლი მეუბნება თუ მეზობელი, მაგრამ, ვინც უნდა იყო, შენ გაიხარე! ჯერ იმიტომ, რომ ამ მძიმე ნაბახუსევზე კაი გემრიელი კიტრის მწნილი მომიტანე, და მეორე და მთავარი _ იმიტომ, რომ, აი, ამ კიტრის ატანა ნაღდად აღარ შემეძლო სიზმარშიც კი!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here