Home რუბრიკები საზოგადოება “საკონტროლო” შეკითხვა გასაუბრებაზე

“საკონტროლო” შეკითხვა გასაუბრებაზე

ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, იმქვეყნად გამოცდილების მეტს ვერაფერს წაიღებო. მართალია, არიან ისეთებიც ნახევარ მილიონად ღირებულ მანქანებს წინასწარ რომ უშვებენ მიწისქვეშ, რათა იმქვეყნად კომფორტულად გადაადგილება უზრუნველყოფილი ჰქონდეთ, მაგრამ მე მაინც პირველ მოსაზრებას ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ვთვლი, რომ იმქვეყნად წასაღები გამოცდილება საკმარისი მაქვს, ავტომანქანა კი _ არც ერთი. ახლა კი _ იმ გამოცდილებაზე, რომელიც, როგორც ჩემი მეზობელი სოფო იტყოდა, “ოხრად” მაქვს. ეს არის გასაუბრების გავლის გამოცდილება.

უკვე წელიწად-ნახევარია, მრავალათასიან ლაშქარს შევუერთდი; გინდა თუ არა, დგები ისეთი რეალობის პირისპირ, რომ შენი ყოფნა-არყოფნა სამსახურზე კიდია. მოკლედ, სხვა გზა არ არის, არსებობისთვის უნდა ვიბრძოლო _ სამსახური ვიშოვო.

ჩემი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის გამოჩენისას შანსს ხელიდან არ ვუშვებ, სივი არ გავგზავნო და დამსაქმებელს ჩემი თავი არ შევთავაზო. არც იმ სტატიების კითხვისთვის ვზოგავ თავს და ენერგიას, რომლებიც გვასწავლის, როგორ მოვაწონოთ თავი დამსაქმებელს. თავის მოსაწონებელი კი ბევრი მაქვს _ ჩემს პროფესიაში არ დარჩენილა ტრენინგი თუ სასერთიფიკაციო გამოცდა, რომელიც არ ჩამიბარებია; გამოცდილებაც, ერთი შეხედვით, მიმზიდველი მაქვს, მაგრამ ფაქტია: დამსაქმებელი დღემდე ვერ მოვხიბლე.

კონკურსში ვმონაწილეობ, ტესტირებას წარმატებით ვაბარებ, გასაუბრების შემდეგ კი მაინც უმუშევარი ვრჩები…. ვის აღარ შევხვედრივარ გასაუბრებაზე მინისტრის მოადგილეებით დაწყებული, რაიონის გამგებლით დამთავრებული. ერთი შეხედვით ძალიან სერიოზული ადამიანები არიან, საკუთარი საქმისა და ქვეყნის ერთგულნი. თითქოს ეჭვს ვერ შეიტან, ნებისმერი საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ და, რაღა თქმა უნდა, ობიექტურებიც უნდა იყვნენ. გასაუბრება კი ისე მიჰყავთ, რომ იფიქრებ, ერთ გაზეპირებულ როლს ასრულებენო _ როგორ მოუსმინონ სამსახურის ძებნით გატანჯულ უიმედო ადამიანებს და წარბშეუხრელად გაუშვან ისე, რომ ბოლო იმედიც მოუკლან სამსახურის შოვნის. ამ როლს ყველა შესანიშნავად თამაშობს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბოლო გასაუბრება. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი რომ გამოცხადდა, გული იმედით ამევსო. ამხელა კონკურსი ცხადდება, ამდენი ვაკანსიაა, ნუთუ ჩემი გამოცდილებისა და ცოდნის ადამიანს უმნიშვნელო ადგილისთვის მაინც არ შეარჩევენ-მეთქი.

ყველა ადგილზე პროტექცია ხომ არ იქნება?! _ ვიიმედებ თავს; ამ იმედით აღჭურვილი გავდივარ კონკურსის პირველ ეტაპს _ ტესტირებას და უმაღლეს შეფასებას ვიღებ.

დადგა კონკურსის მეორე ეტაპი _ გასაუბრება. წინასწარ შევამზადე ჩემი თავი, დადებითად განვეწყვე კომისიის წევრების მიმართ, რომლებიც ფრიად ობიექტური და მცოდნე და თავდადებული კადრების შერჩევაში დაინტერესებული მგონია. მცირე ხნის შემდეგ შევედი ოთახში, სადაც გასაუბრება ტარდება. კომისია ექვსი მამაკაცისა და ერთი კაფანდარა გოგოსაგან შედგება. პროცედურის გამჭვირვალობას და სამართლიანობას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება; დადგა სანეტარო მომენტი, _ გავიფიქრე და შევუძახე თავს, ახლა კი შეგიძლია სრულიად გამოავლინო შენი თავი, გააცნო ამ პატიოსან ადამიანებს, რამხელა ცოდნის და გამოცდილების პატრონი ხარ და როგორი მონდომებული, რომ ღირსეულად შეასრულო ის ვალდებულებები, რომლებსაც სამსახური დაგაკისრებს-მეთქი. მართლაც, ეს მამაკაცები, ზოგი საშუალო ასაკს გადაცილებული და ზოგიც ამ ასაკს მიტანებული, ისე სოლიდურად გამოიყურებიან, ნდობას აღგიძრავენ. ალბათ, მოემზადნენ ამ დღისთვის, იქნებ კითხვებიც შეარჩიეს. ხუმრობა საქმეა განა, თვითმმართველობის ამოდენა აპარატი უნდა დააკომპლექტონ! საბოლოო ჯამში ხომ სწორედ ეს აპარატი უზრუნველყოფს სამსახურის საათივით აწყობილ მუშაობას, რომლის წარმატებაც სწორედ მათი, ამ ორგანოს ხელმძღვანელთა, სახელია.

კომისიას წარვუდგინე საკუთარი თავი და დაიწყო შეკითხვები:

_ აი, შენ გვეუბნები, რომ ამ სფეროში გაქვს წარმატებული გამოცდილება, მაგრამ იქნებ ჩვენ სულაც არ გვჭირდება ეს კონკრეტული გამოცდილება? _ პირველ შეკითხვას სხვებთან შედარებით ასაკოვანი მამაკაცი სვამს და რატომღაც შეტევაზე გადმოდის.

პირველი იმედგაცრუება ჩემი:

_ კი მაგრამ, როგორ არ გჭირდებათ, სამუშაოს აღწერილობაში სწორედ ეს სფეროა მითითებული. – თავს ვიკავებ, გაღიზიანება რომ არ შემეტყოს, არადა, ვხვდები, რომ საუბარი ემსგავსება ცარიელი ჭურჭლიდან ცარიელ ჭურჭელში წყლის გადასხმას და ამ დროს ძალიან ადვილია, ადამიანს წყლის დაღვრაზე მოედავო. იქნებ სწორედ ეს აქვს განზრახული ამ ცხოვრებისეული გამოცდილებით დახუნძლულ ადამიანს…

_ მოდით, იმ საკითხზე დავუსვათ შეკითხვა, რომელთან შეხებაც ნამდვილად მოუწევს ამ ადგილას დასაქმებულ პირს, _ ინიციატივით გამოდის შედარებით ახალგაზრდა წევრი.

არადა, უფროსს უფრო კარგად გამოსდიოდა გასაუბრება _ წყლის ნაყვა… ახალგაზრდა წევრმა შეკითხვა დამისვა. გული გამინათდა, _ აი რეალური კითხვა, რომელიც წყლის ნაყვას არ უკავშირდება და ნამდვილად დაანახვებს ამ პატიოსან ხალხს ჩემს ცოდნას! ამ სფეროს შესწავლას ცოტა ხნის წინათ საკმაო დრო დავუთმე და მშვენივრად ვიცი, ტრენინგსაც კი ჩავუტარებ ამ თემაზე დაინტერესებულ პირებს. დავიწყე დასაბუთება და არგუმენტირებული პასუხი, მაგალითებიც მოვიშველიე, ისიც მოვყევი, რატომ დამჭირდა ამ სფეროს შესწავლა, ველოდები აღფრთოვანებულ ოვაციებს, მაგრამ… ექვსი სახე გაშეშებული შემომცქერის, ცივად გადახედეს ერთმანეთს და დადუმდნენ. კაცი იფიქრებს, მეორედ მოსვლის თარიღი ვამცნე… ნუთუ ეს სწორი რეაქციაა?! _ ვფიქრობ ჩემთვის… თითქოს ეწყინათ სწორი პასუხი, ალბათ, მართლაც ეწყინათ, ერჩიათ, არასწორად მეპასუხა, ასე ხომ საკუთარ თავთანაც მართლები იქნებოდნენ, რომ არ შემარჩევდნენ… და იმ არასამთავრობოს წარმომადგენელთანაც, თუმცა ის ამ სფეროში ვერ ერკვევა, მათი სახეების გამომეტყველებით კი აუცილებლად იფიქრებს, რომ არასწორად ვუპასუხე…

ვიდრე ამ ყველაფერს გავაანალიზებ და რამეს მოვიმოქმედებ, კაფანდარა გოგო იმაღლებს ხმას. ჩვენ ერთი პროფესია გვაქვს… ეს კი დამისვამს საინტერესო კითხვას, რომელზეც შევძლებ, შემოქმედებითად ვუპასუხო და შესაძლებლობები სრულყოფილად წარმოვაჩინო. ორ შეკითხვას მისვამს ჩემი პროფესიული სფეროდან და პასუხს იღებს, მეტი კითხვა ვეღარ მოიფიქრა და ახლა ჩემს გამოცდილებას გადასწვდა: დაინტერესდა, რამდენი წარმატებული კომბინაცია მაქვს ჩატარებული ჩემს სფეროში. გამეცინა, ასეთ შეკითხვებს ბავშვები მისვამენ ხოლმე, როდესაც შეიტყობენ, რა პროფესიაც მაქვს, სერიოზული ადამიანი, როგორც წესი, ასეთ შეკითხვას არ სვამს. ვიღიმი, რადგან ნაწილობრვ ხუმრობა მგონია ეს შეკითხვა და ვპასუხობ, რომ არ დამითვლია; რომ ჩემს პროფესიაში არითმეტიკა არ არის მნიშვნელოვანი და შემოქმედებითობა უფრო ღირებული და დასაფასებელია. ამ მომენტში ისმის “საკონტროლო” შეკითხვა ისევ ამ კაფანდარა გოგოს ბაგეთაგან _ ვინ გყავდათ რეკომენდატორი წინა სამსახურში? აი, შეკითხვა ეს არის _ გასაუბრებაზე დასასმელი შეკითხვა! _ ვინ უნდა მყოლოდა რეკომენდატორი უბრალო სპეციალისტს, ისიც შტატგარეშე თანამშრომლის ადგილზე, რომელზეც მხოლოდ ერთი წელი მოვასწარი მუშაობა _ იქნებ ვინმე მყავდა, მეხსიერებაში დაუზოგავად ვიქექები: მყავდა თუ არ მყავდა?

_ კონკურსის წესით მიმიღეს, _ თავდაჯერებულად ვპასუხობ.

_ კი, მაგრამ, მეც ვმუშაობდი იმ სისტემაში და ვიცი, რომ იმ დროს კონკურსი არ ჩატარებულა, _ გაღიზიანებული მპასუხობს.

_ ნამდვილად გავიარე კონკურსი, _ არ ვნებდები მე და გონებაში ამოტივტივდა კონკურსთან დაკავშირებული ყველა დეტალი. მიჩნდება სურვილი, მასვე ვკითხო, _ ვინ იყო მისი რეკომენდატორი, მაგრამ…

კომისია, ალბათ, უკმაყოფილოა, საშინელი სახეები აქვთ.

კარგი, კარგად ბრძანდებოდეთ! _ ცივად მემშვიდობება კაფანდარა და მეც გამოვდივარ გასაუბრების ოთახიდან ერთმანეთში არეული ემოციებითა და აზრით. მეტი რა შემეძლო, რა ვთქვი და გავაკეთე არასწორად? ნუთუ არ სურთ ნამდვილად კვალიფიციური კადრის შერჩევა?… და ეს ბოლო შეკითხვა ნელ-ნელა იპყრობს ჩემს გონებას და სხვა ყველა ჩემს აზრს ჩრდილავს. ნუთუ ეს ფრიად პატივსაცემი ადამიანები, თანამდებობიდან გამომდინარე მაინც, დილაადრიან იმიტომ შეიკრიბნენ, იმიტომ ჩააყენეს ათასობით კაცი გასაუბრების მომლოდინეთა უზარმაზარ რიგში, რომ სპექტაკლი დადგან?! იქნებ ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი?! ორი კვირის შემდეგ ესემესი მომდის: “თქვენ არ ხართ შერჩეული ვაკანტური ადგილის დასაკავებლად”.

სულაც არ არის მოულოდნელი ეს პასუხი, რომელიც მცირე იმედსაც მიქრობს და სასოწარკვეთილებაში მაგდებს.

არადა, ჩვენ, ყველამ ერთად და თითოეულმა ცალცალკე, შევქმენით ეს რეალობა, რომ მხოლოდ ნაცნობობაა ერთადერთი საწინდარი დასაქმების, მაგრამ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასე? სანაცნობო წრიდან შერჩეული არაპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული სისტემა, ერთხელაც იქნება, ხუხულასავით დაიშლება, მაგრამ მანამდე რა მელის?

საღამოს ტელევიზორს ვრთავ, ჩემი “გამსაუბრებელი” ინტერვიუს აძლევს, ძალზე კმაყოფილი სახე აქვს, თუ კარგად დააკვირდები, სახეზე აწერია: “მეც მაძღარი ვარ, ნაცნობ-მეგობრებიც დასაქმებულები მყავს, დანარჩენებს კისერიც უტეხიათ”.

თვალზე ბინდი მეკვრება, თვალებს ვხუჭავ და მომავალზე ვფიქრობ…

ქეთი სომხიშვილი,

იურისტი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here