ჩვენმა მკითხველებმა უთუოდ იციან, რომ 27-29 მაისს თბილისში გაიმართა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმი დევიზით “გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს”. თურმე ყოფილა ასეთი დღეც საქართველოში _ დიასპორის დღე. დიასპორა, საქართველოდან გახიზნული ქართველები, თავიანთი პრობლემებით ისე მოედო ახლო და შორეულ საზღვარგარეთს, რომ ქვეყნისა და მისი ხელისუფლების საზრუნავი და თავსატეხი გახდა.
დედაუნივერსიტეტში გამართულ ოფიციალურ გახსნაზე, რომელსაც მთავრობის თითქმის ყველა წევრი დაესწრო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით და სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია II-მაც დასდო პატივი, მისულიყო, გამომსვლელებმა საყურადღებო სიტყვები წარმოთქვეს: მოკლე ანგარიშები დიასპორასთან საურთიერთობო საქმიანობის შესახებ და წინადადებები _ საპერსპექტივო.
ჩვენებმაც ილაპარაკეს, ჩვენთან აკრედიტებულმა დიპკორპუსის წარმომადგენლებმაც და საერთაშორისო (მათ შორის, საფინანსო) ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ საქართველოზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაუმჯობესების ახალ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.
უწმინდესის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია ის, თუ როგორ ეხმარება სახელმწიფო დიასპორას; დაგვლოცა ჩვენც და ისინიც, ვინც გახიზნულია სამშობლოდან.
თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ლადო პაპავამ ფორუმის მონაწილეებს შეახსენა, რომ დიასპორის მიერ ყოველწლიურად საქართველოში გამოგზავნილი ფული მილიარდ დოლარზე მეტია; ეხმარებიან თავიანთ ოჯახებს იმ სოციალური უთანასწორობის დაძლევაში, რომელიც ასე მკვეთრია ჩვენს რეალობაში.
დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა: ცალკეული პიროვნებებისა და ჯგუფურიც _ ადგილობრივი და უცხოეთის ორგანიზაციების გამორჩეულ ხელმძღვანელებს თანადგომა და აქტიური მხარდაჭერა დაუფასეს.
ესეც საჭიროა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მედლები გადასცა მათ. ჯილდოების დამადასტურებელ ფირმანებს თავიდან დავბეჭდავთ (დამზადებული დოკუმენტების ხარისხი დაუწუნებია ბატონ მინისტრს) და მოგვიანებით გამოგიგზავნითო.
ყველაფერი იყო ჩინებული, სიდინჯითაც გამორჩეული და ემოციურობითაც, გულწრფელობითაც, რაც ასე იშვიათია ამგვარი ღონისძიებებისთვის.
საქმიანი იყო პეტრე მელიქიშვილის სახელობის დარბაზში გამართული თემატური პლენარული სხდომა, რომელიც წარმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს თანამშრომელმა სოფო ბოჭორიშვილმა. მოხსენებები იყო საქმიანი და ლაკონური, ეს მომხსენებლების _ ნინო ცხოიძის, ნუგზარ რუხაძის, მაია ქვარცხავას, ელგა ფოლადაშვილის დამსახურება იყო.
“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრა ცნობილი ჟურნალისტი და პედაგოგი ნუგზარ რუხაძე:
_ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ არ უნდა მოხდეს არც ერთი ემიგრაციის, მათ შორის, ქართული ემიგრაციის რომანტიზება.
ადამიანი ცხოვრობს იქ, სადაც მას უნდა.
_ ან გარემოება აიძულებს.
_ დიახ. ვერავინ დამისახელებს ბოლო 30 წლის განმავლობაში ემიგრანტებს (გარდა სამშობლოდან წასული კარგი ქართველი ქალისა, რომელიც უცხოეთიდან გამოგზავნილი თავისი ნაშრომი ფულით ეხმარება ოჯახს), რომლებიც უსასყიდლოდ დაეხმარნენ საქართველოს.
ჩვენი აუდიტორიაც სავსე რომ არ არის ჟურნალისტებით, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ჩაიწერონ ინტერვიუები, მოიპოვონ მასალები სტატიების დასაწერად; ის, რომ სამინისტროს წარმომადგენელი თავისი საქმიანობის პრეზენტაციის შემდეგ გაიქცა ამ შეკრებიდან, მეტყველებს, რომ ხელისუფლება, მედიაც ეფემერულადაა დაინტერესებული ემიგრანტების პრობლემებით.
_ ამ აუდიტორიის გადასახედიდან ასე ჩანს.
_ გეთანხმებით, მაგრამ მე სხვა მასშტაბები მაქვს მხედველობაში. ჩვენი მთავრობა სისხლხორცეულად რომ იყოს დაინტერესებული, უნდა იქცეოდეს ისე, როგორც აზერბაიჯანის მთავრობა, რომელიც ასობით მილიონს გაიღებს ამ საქმისთვის.
საქართველოში ასეთი ფული არ არის. ამის გარეშე კი ვერ გაერთიანდება საქართველოს მთავარი სხეული და ემიგრაცია.
საქართველოში უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანი უცხოეთში რომ დასაქმდება, უკან არ დაბრუნდება, თუ უკეთეს სამსახურს არ შევთავაზებთ.
_ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ეს–ესაა განაცხადა, რომ, წლევანდელი მაჩვენებლის მიხედვით, უმუშევრობა საქართველოში 2,2 პროცენტით შემცირდა და ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
_ კარგია, მაგრამ მე უკეთესი სამსახურის შეთავაზებაზე ვლაპარაკობ.
(ესპანეთში მშენებლობაზე მომუშავე ქართველმა მითხრა, რომ 1800 ევროს მიხდიან და საქართველოში 300 ლარზე როგორ ჩამოვიდეო?! _ ჟურნალისტ ნინო ცხოიძის რეპლიკა. იგი მრავალ ქვეყანაშია ნამყოფი და კარგად იცნობს გადახვეწილი ქართველების ყოფას).
_ არავინ ჩამოგვივა ტყუილად, _ განაგრძობს ბატონი ნუგზარი, _ ამაზე ოცნება დავივიწყოთ! წასულია და იქაურობას შეგუებულია. სიტუაციის რომანტიზება ზედმეტი და არაფრის მომცემია.
ჩვენი მცდელობა მიმართულია იმისკენ, რომ არ დავკარგოთ ქართველ ერს მოცილებული მისი ეს ორგანული ნაწილი.
მასშტაბია საჭირო!
_ მედიის მონაწილეობა ამ ურთულეს საკითხში როგორ გესახებათ?
_ მედიის მიზანია, მოხდეს ქართული სულის, მისი რეალური გამოხატულების, ანუ ქართული კულტურის გადაცემა თაობიდან თაობაში. ქართული ენა უნდა იქნეს შენარჩუნებული, როგორც ეს გააკეთეს ფერეიდნელმა ქართველებმა, თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა.
ქართული ენა არ უნდა ჩაქრეს!
ენაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ იდენტურობის შესანარჩუნებლად ამაზე ძლიერი ინსტრუმენტი ბუნებაში არ არსებობს.
გელა დუმბაძეს, რომლის მსგავსი ინტელიგენტი მინისტრი საქართველოში არ მეგულება, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, გამოსცემდა ლექსიკონებს, სხვადასხვა ხასიათის ლიტერატურას გამიზნულად ჩვენი ემიგრაციისთვის.
_ ისევ სახსრების არქონა?
_ სამწუხაროდ, ასეა. დასასრულ, სრულად უნდა გამოვიყენოთ ქართველში არსებული სამშობლოს მწვავე განცდა, მისი უძლიერესი, ამაღლებული პოეტური ენა, ენა რუსთაველისა და გალაკტიონის, როგორც უმთავრესი ინსტრუმენტები ქართული სულის შენარჩუნების და, ამასთანავე, _ მატერიალური შესაძლებლობა. აი, ამაზე უნდა იმუშაოს ჩვენმა მასმედიამ, ყველამ იპოვოს ამ საშვილიშვილო საქმეში თავისი ადგილი.
* * *
ჩვენს მკითხველებს საერთო შთაბეჭდილება რომ შეექმნას პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმის მასშტაბზე, გეტყვით, რომ პლენარულ სხდომებზე განიხილეს აქტუალური თემები, რომლებიც დიასპორასთან ურთიერთობის სფეროში დგას: საემიგრაციო ეკონომიკა და ინვესტიციები, დიასპორული ორგანიზაციები საზღვარგარეთ; ისტორიული დიასპორა, სოციალურ–პოლიტიკური მეცნიერებები და ა.შ.
არმაზ სანებლიძე