Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ყველა თამაშს მოიგებს

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ყველა თამაშს მოიგებს

ბევრ სულელსა და გულუბრყვილოს საქართველოსა და პორტუგალიის ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრის მიმდინარეობისას მომხდარი ამბავი “კურიოზი” ეგონა. საუბარია, ქართველი კომენტატორის _ სანდრო ცნობილაძის მიერ დაშვებულ ვითომ “შეცდომაზე”, როდესაც მან პორტუგალიელების მიერ პენალტის შესრულებისას პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ პენალტს ურტყამს საქართველოს ნაკრები, კერძოდ, კიტეიშვილი!

სანდრო ცნობილაძემ პორტუგალიელების მიერ გატანილი ბურთი საქართველოს ნაკრების დაწინაურებად გაასაღა და ქართველებს მატჩში ანგარიშის გახსნა მიულოცა!

თავდაპირველად ეს ჩვენც “კურიოზი” და შეცდომა გვეგონა, მაგრამ, როდესაც სამიოთხი შავკანიანი ფეხბურთელი ერთმანეთს ჩაეხუტა, გოლი მიულოცა და ცნობილაძე კი მაინც ჯიუტად განაგრძობდა _ “მივულოცოთ ქართველ ფეხბურთელებს ასე მალე დაწინაურება ამ შეხვედრაში”-უკვე დავწმუნდით, რომ რაღაც სიახლესთან და ხრიკთან გვქონდა საქმე!

ადამიანმა, და ისიც გამოცდილმა სპორტულმა კომენტატორმა, შეიძლება შეცდომა დაუშვას და ეს შეცდომა მალე გამოასწოროს, მაგრამ, როდესაც იგი მთელი 15 წუთის განმავლობაში დაჟინებით აცხადებს, _ საქართველოს ნაკრებმა ბურთი გაიტანა და თამაშს იგებსო,  ნუთუ ვერ უნდა მიხვდე, რომ აქ სულ ხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე?!

რა მოვლენაა ეს?

ბოროტი ხმები ამ მოვლენას სულ სხვა რამეს უწოდებენ… მაგრამ ჩვენ მაინც ვეცადეთ და დავადგინეთ ჭეშმარიტება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქართულ ფეხბურთში ინერგება სიახლე, რომელიც განაპირობებს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების გამარჯვებას ყველა მატჩში! სწორედ ეს ექსპერიმენტი განახორციელა სანდრო ცნობილაძემ ჯერ ახალგაზრდული ნაკრებების შემთხვევაში და, როგორც არც ისე სანდო წყაროები გვატყობინებენ, ფეხბურთის ფედერაცია კმაყოფილი დარჩა!

მოკლედ, ამიერიდან მეტოქის მიერ გატანილი ყველა ბურთი გამოცხადდება საქართველოს ნაკრების მიერ გატანილად და ჩაეთვლება საქართველოს ნაკრებს!

“ეს ერთადერთი მეთოდია საიმისოდ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ყველა თამაში მოიგოს და გაგვახაროს!” _ აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები და იმედით შეჰყურებენ მომავალს. მართალია, ამ მეთოდით ვერც მსოფლიოს და ვერც ევროპის ჩემოიონატების დასკვნით ეტაპებზე ოფიციალურად ვერ გავალთ, მაგრამ მაგას ისედაც ვერ ვახერხებთ, ასეთი მეთოდით კი გულშემატკივარს ცოტა ხნით მაინც გავახარებთო!

გაიტანე გოლია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here