Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავით (ლასურაშვილი): რაც უფრო დავუახლოვდებით ევროპულ და ამერიკულ “ფასეულობებს”, მით მეტად...

მამა დავით (ლასურაშვილი): რაც უფრო დავუახლოვდებით ევროპულ და ამერიკულ “ფასეულობებს”, მით მეტად დავშორდებით ქრისტეს და ეკლესიას

1314

ბოლო ხანს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი მამა დავითი (ლასურაშვილი).

_ მამაო დავით, წინა კვირას მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის სამინისტროსგან ტრანსგენდერი ადამიანების სქესის შეცვლის აღიარების პროცედურების კანონმდებლობით რეგულირებას ითხოვს. ნანუაშვილის აზრით, ამგვარი წესის არსებობა .. უმცირესობის წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, ოფიციალურ დოკუმენტაციაში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი სწრაფი, ადვილად ხელმისაწვდომი გზით შეცვალონ. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე? რას მივიღებთ რეალურად, თუ კი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება და კანონში შესაბამისი ცვლილება შევა?

_ ღმერთმა ადამიანი შექმნა მამაკაცად და დედაკაცად, აქედან გამომდინარე, იგი სქესს თვითონ ვერ ირჩევს. რაც შეეხება სურვილისამებრ სქესის გადაკეთებას, ეს არის ძალადობა ღვთის ნებაზე და ასევე, ბუნების კანონებზე, ვინაიდან ბუნების კანონზომიერებაა სწორედ ერთი სქესის მიდრეკა საპირისპირო სქესისადმი, რომელიც ადამიანს უფლისგან მიეცა ოჯახის შექმნისა და გამრავლებისთვის.

დღეს არაერთი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალიზმი, ლესბოსელობა თუ სხვა სახის გადახრები ავადმყოფობა არ არის, მაგრამ უნდა ითქვას, _ თუკი ადამიანს რამე მსგავსი გადახრების ნიშნები აღმოაჩნდება, მას გარკვეული გამოკვლევები და მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს. ის არის ავად და ჩავარდნილია უმძიმეს ცოდვაში, ამიტომ აუცილებლად სჭირდება როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მკურნალობა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის პროპაგანდა, რომ ეს არ არის არანაირი გადახრა. ეს რომ გადახრაა და ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნა, მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა დიდი ხნის წინათ დაასკვნეს…

_ თუმცა თანამედროვე მედიკოსების თვალსაზრისი აბსოლუტურად განსხვავებულია.

_ საქმე ისაა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს პათოლოგია ამოიღო დაავადებათა ნუსხიდან და გამოაქვეყნა დასკვნა, რომ ნებისმიერი სექსუალური გადახრა, რომლებიც მანამდე დარღვევად ითვლებოდა, ბუნებრივი, ნორმალური მოვლენაა. სამაგიეროდ იმავე ჯანდაცვის ორგანიზაციამ სიყვარული შეიყვანა დაავადებათა ნუსხაში და მას _ “დაავადება სიყვარულს”, კლასაკლასიფიკაციო ნომერი მიანიჭა. ახლა თვითონ განსაჯეთ, ამ ორგანიზაციის პოლიტიკა არის თუ არა ჯანსაღი და რას შეიძლება იგი ემსახურებოდეს. რა თქმა უნდა, ეს არის გაუკუღმართებული აზროვნება და ნებისმიერი მსგავსი პროპაგანდის უკან იმალება მიზანმიმართული პოლიტიკა…

_ ყველაზე საინტერესო სწორედ ეს პოლიტიკაა. თქვენი აზრით, რა ძალები და ამოცანები დგას ამ ყველაფრის უკან?

_ გაგახსენებთ ერთ ფაქტს, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია. გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეხვდა ევროპელ დიპლომატებს და ამ შეხვედრაზე მან პირდაპირ განაცხადა: არ მაინტერესებს თქვენი კულტურა, ყველამ უნდა გაიგოს, რომ თანამედროვე მსოფლიოში პრიორიტეტი არის ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვაო. ეს მხოლოდ ჯო ბაიდენის მოსაზრება არ გეგონოთ, მან, უბრალოდ, როგორც ზესახელმწიფოს ერთ-ერთმა პირველმა პირმა, გაახმიანა ეს პოზიცია. თუმცა ევროპის ქვეყნებშიც ზოგიერთი მაღალჩინოსანი საჯაროდ აკეთებს იმავე შინაარსის და არანაკლებ თამამ განცხადებებსაც, ზოგიერთი კიდევ თავისი ქმედებით გამოხატავს ამ ყველაფერს… ეს არის დღევანდელი დასავლური პოლიტიკის ამოსავალი წერტილი და ისინი არც მალავენ, რომ მათი უპირველესი სამიზნე არის ქრისტიანობა. განსაკუთრებით მიუღებელი მათთვის მართლმადიდებლობაა და გასაგებია, რატომაც _ მართლმადიდებლობა არის სწორედ ის ჭეშმარიტება, რომელსაც რეალურად ვერაფერს უხერხებენ, ანუ ებრძვიან, მაგრამ უშედეგოდ.

_ როგორ ფიქრობთ, საქართველოში მოხერხდებამენტალური რევოლუცია?” ანუ შეძლებენ ადამიანების აზროვნების ძირეულად შეცვლას და დასავლური, .. ნეოლიბერალური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას?

_ ჩვენს ქვეყანაში თითქოს გამოცხადებულია, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას უარს ვეუბნებით, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, ეს საკითხი აუცილებლად დადგება. ამ ხელისუფლების დროს იქნება თუ მომავალი ხელისუფლებების, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეს საკითხი დადგება და ამის წინაპირობა გახდება სულ ცოტა ხნის წინათ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც არის ნელი მოქმედების ნაღმი და საფუძველს უმზადებს სხვა უფრო საშიშ მზაკვრობებს.

_ ქართველი საზოგადოების ცნობიერება უკვე საკმარისადაადამუშავებულიიმისთვის, რომ ხელისუფლებამ ერთსქესიანთა ქონწინების ინიცირება გაბედოს?

_ არ ვამბობ, რომ ეს მოხდება ხვალ ან ზეგ, ან თუნდაც ერთ-ორ წელიწადში, მაგრამ ამ საკითხს აუცილებლად დააყენებენ. კიდევ ვიმეორებ: ევროპული და ამერიკული სტრუქტურები ამას განსაკუთრებით მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვეუბნებიან, რომ ვერ გავხდებით ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირის წევრი; თავის მხრივ, ჩვენი ხელისუფლება გვარწმუნებს, თუ ამ სტრუქტურებში ვერ შევალთ, ჩვენი უსაფრთხოება დაცული ვერ იქნებაო. ეს რას ნიშნავს? _ ეს ნიშნავს, რომ გვაყენებენ არჩევანის წინაშე _ ან უნდა მივიღოთ ის გარყვნილება და აღვირახსნილობა, რაც დასავლეთში ნორმადაა გამოცხადებული, ან გავქრეთ. ეს არის პირდაპირ ზეწოლა ადამიანების ცნობიერებაზე

_ ამ ყველაფრის ფონზე, ალბათ, ლოგიკურია, დავსვათ შეკითხვა: რას მოგვცემს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია (თუ ამას მართლა მივაღწევთ)? რას მოუტანს ეს საქართველოს?

_ თუ ჩვენ ამ კურსით წავალთ, უნდა ვიცოდეთ, რომ, რაც უფრო დავუახლოვდებით ევროპულ და ამერიკულ “ფასეულობებს”, მით მეტად დავშორდებით ქრისტეს და ეკლესიას. ახლა უნდა დავფიქრდეთ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია ქართველი კაცისთვის: ევროატლანტიკური სტრუქტურები თუ ქრისტე და ქრისტიანობა, რომელმაც, მიუხედავად ისტორიული ძნელბედობისა, გაგვაძლებინა და დღემდე მოგვიყვანა.

_ ფაქტია, რომ ეს კურსი, ანუ ევროინტეგრაცია, ისტორიულ არჩევნადაა გამოცხადებული და ამას საზოგადოების ნებად რაცხავენ.

_ დარწმუნებული ვარ, თუ საზოგადოებას დეტალურად აუხსნიან, რას მოითხოვს ჩვენგან ეს ინტეგრაცია, რა ცვლილებები განხორციელდება აქ და რას მივიღებთ შედეგად, მოსახლეობის უმეტესობა, ნატოსაც და ევროკავშირსაც, ეტყვის უარს. ეს კარგად იცის ხელისუფლებამაც, ამიტომ ბევრ რამეს მალავს და ყველაფერზე, ყველა ვალდებულებაზე ხმამაღლა არ საუბრობს…

_ ერთერთი ასეთი ვალდებულება ასოცირების შეთანხმების სამასგვერდიანი დოკუმენტი იყო, რომლის შინაარსიც დღემდე უცნობია. როგორ ფიქრობთ, ასე უჩუმრად მოხერხდება იმ ვალდებულებების შესრულება?

_ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენს ხელისუფლებას სამასი ცარიელი ფურცელი დაუდეს, მოაწერინეს ხელი და შემდგომ ჩაწერეს ის შინაარსი, რომლის შესრულების ვალდებულებაც დააკისრეს სახელმწიფოს რა თქმა უნდა, ეს უნდა ყოფილიყო ფართო განხილვის საგანი და დაწყებულიყო დისკუსიები, მსჯელობები. ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა, მოსახლეობა არის თუ არა თანახმა იმ პოსტულატებისა, რომლებიც მოცემულია ევროკავშირისა თუ ევროპარლამენტის მიერ, მაგრამ, მგონი, თვითონ ხელისუფლებაშიც არ ჰქონდათ ის დოკუმენტი დამუშავებული, ისე მოაწერეს ხელი. ამან მომავალში შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოიტანოს და ეს ყველაფერი წინ დახვდება არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკოსს, არა რომელიმე პარტიას ან კოალიციას, არამედ საქართველოს და ქართველ ხალხს. ამიტომაა ეს დოკუმენტი და, საერთოდ, მსგავსი ვალდებულებების აღება საფრთხის შემცველი, მაგრამ საუბედუროდ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ საფრთხეებს არ ან ვერ ხედავს და ბრმად აფორმებს ყველა შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, მხარს უჭერს ამას მოსახლეობა თუ არა.

_ ხშირად ეკლესიაზეც გვესმის ხოლმე მოსაზრებები, რომ საკმარისად აქტიური არ არის და არ ერევა მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ საპატრიარქოს მეტის გაკეთება შეუძლია? ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ 50-კაციანიიდენტობადა სხვა .. არასამთავრობო ორგანიზაციები (რომლებსაც ასევე არ ჰყავთ მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები) ხელისუფლებაზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენენ. იმავე სახალხო დამცველის მოთხოვნაც, ტრანსგენდერების სტატუსთზე, მათი პროვოცირებულია; ანტიდისკრიმინაციული კანონის ინიცირებაშიც დიდი როლი შეასრულესხომ არ მიგაჩნიათ, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც გაცილებით უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია მიმდინარე პროცესებზე?

_ თავის დროზე, როცა მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, ეკლესიამ მაქსიმალურად იაქტიურა, მაგრამ ისევე, როგორც საფრანგეთში არ გაუწიეს ანგარიში ქუჩაში გამოსულ მილიონზე მეტ ადამიანს, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აპროტესტებდა, აქაც არ გაითვალისწინეს სამღვდელოების აზრი. მეტიც, კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე განცხადება გააკეთა ამ საკითხზე და შემდე ქადაგებიდან მიმართა იმჟამინდელ პრეზიდენტს, ვეტო დაედო კანონპროექტისთვის, მაგრამ მან იმავე საღამოს ხელი მოაწერა. ამის შემდეგ გრიალ-გრიალით დაამტკიცეს ის კანონპროექტი. ასე რომ, არავისთვის უცხო არ არის, საიდან მოდის ეს საკანონმდებლო ცვლილებები; პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის ძალდატანება ევროპისა და ამერიკის მხრიდან და ესენი არიან, უბრალოდ, შემსრულებლები.

რაც შეეხება სახალხო დამცველის ინიციატივას თუ მოთხოვნას, საქართველოს ომბუდსმენი არ ჰყავს. ის არის კონკრეტული ჯგუფების უფლებების დამცველი და დემოკრატია უმცირესობების დიქტატურად რომ არის წარმოდგენილი, ჩვენთვის ეს მიუღებელია. მართლმადიდებლური ეკლესია და მასთან ერთად საზოგადოება არავის დიქტატურას არ შეეგუება და არ დაუშვებს, გარკვეულმა მცირე ჯგუფებმა თავს მოახვიოს მისთვის მიუღებელი იდეოლოგია, რომლის მცდელობასაც, სამწუხაროდ, ვხედავთ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here