Home რუბრიკები საზოგადოება ქართულ-რუსული საექსპერტო კონფერენცია თბილისში

ქართულ-რუსული საექსპერტო კონფერენცია თბილისში

636

22-23 აპრილს თბილისში, სასტუმრო “კოპალაში”, გლობალური კვლევების ცენტრისა და რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური თანამშრომლობის” ორგანიზებით ქართველი და რუსი ექსპერტების კონფერენცია გაიმართა. 

იგი 2014 წელს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული რუსულქართული საექსპერტო შეხვედრის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა. იმხანად ქართველ ექსპერტებს საშუალება მიეცათ, გარდა რუსი კოლეგებისა, შეხვედროდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს _ გრიგორი კარასინს, რომლისგანაც უშუალოდ მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები: პროფესორი იოსებ არჩვაძე, პოლიტოლოგი, პროფესორი სოსო ცინცაძე, პროფესორი დავით იაკობიძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი დავით თევზაძე, კავკასიის სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე, უსაფრთხოების ექსპერტი, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, სოციოლოგი და პოლიტიკური კონსულტანტი ვალერიან გორგილაძე, მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, აკადემიური დოქტორი ზურაბ გარაყანიძე, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი მამუკა ჩხეიძე, ანალიტიკოსები ვასო კაპანაძე და სიმონ კილაძე.

რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ “კავკასიური თანამშრომლობის” დირექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის უნივერსიტეტის კავკასიისა და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნიკოლაი სილაევი, მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის კომპლექსური ევროპული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე დიმიტრი სუსლოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ეკონომიკური განვითარების სექტორის ხელმძღვანელი ელენა კუზმინა, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის გამოყენებითი ანალიზის კათედრის დოცენტები ირინა ბოლგოვა და ანდრეი სუშენცოვი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის კავკასიისა და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ახმეტ იარლიკაპოვი, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი კონსტანტინე ტასიცი, სააგენტო “საგარეო პოლიტიკის” ანალიტიკოსი ტატიანა ტუკაევა.

ორდღიანი კონფერენციის დღის წესრიგი ფართო აღმოჩნდა:

1. ქართულრუსული ურთიერთობები: შედეგები და ნორმალიზაციის პერსპექტივები;

2. უსაფრთხოების გამოწვევებირუსეთი და დასავლეთი, უკრაინა, ახლო აღმოსავლეთიხედვა მოსკოვიდან და თბილისიდან;

3. რუსეთის საგარეო პოლიტიკა ყირიმის შემდეგ: რას მოიტანსშებრუნება აღმოსავლეთისკენ”?

4. ინტეგრაციული პროექტები სამხრეთ კავკასიაში: კონკურენცია თუ კომპლემენტარულობა?

კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა ვითარდება იმ პოლიტიკურ ჩარჩოში, რომელიც ამ ეტაპზე მხარეებისთვის მისაღებია. ქართული და რუსული დიპლომატიის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ურთიერთობაცხელიფაზიდან ერთგვარ რუტინულ კალაპოტში გადავიდა. უდავო პოზიტივია ისიც, რომ რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობათა დაძაბვამ ამ პროცესზე ნეგატიური ზეგავლენა ვერ მოახდინა. ურთიერთობათა პერსპექტივაზე საუბარი ნაკლებად ემოციურია, ვიდრე თუნდაც ორი წლის წინათ იყო. ამასთანავე, რეგიონი რთულ მდგომარეობაშია, რაც წინანდელი მიდგომების ხელახალ გააზრებას მოითხოვს.

კრიზისი უკრაინაში რუსეთს, აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობათა ხანგრძლივი და ღრმა დაძაბულობის ათვლის წერტილად იქცა. თუმცა ეს გამწვავება, ცივი ომისგან განსხვავებით, ტოტალურში არ გადაიზრდება, რადგან, გარკვეულ რეგიონებში მეტოქეობის მიუხედავად, სხვა მიმართულებით რუსეთისა და დასავლეთის თანამშრომლობა გრძელდება. თვითონ დასავლეთშიც გრძელდება დისკუსია რუსეთთან ურთიერთქმედების გზების ძიების შესახებ. ამასთანავე, უკრაინის კრიზისმა თვალნათელი გახადა, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემის ორგანიზებისადმი მიდგომები მოძველდა. და მიუხედავად იმისა, რომ ნატო ერთგვარ რენესანსს განიცდის, მისი ლიდერები აცნობიერებენ საკუთარი სიმძლავრის ჩარჩოებს და გაფართოების შესაძლებლობის შეზღუდულობას.

ახლო აღმოსავლეთში ახალმა და, როგორც ჩანს, ხანგრძლივმა გამწვავებამჯიჰადიზმისასაერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეები კვლავ გაააქტიურა. აშშისა და მისი მოკავშირეების წარმატებებიისლამურ სახელმწიფოსთანდაპირისპირებაში ერთობ მოკრძალებულია იმ დროს, როცაისლამური სახელმწიფომრავალ ქვეყანას ემუქრება, რუსეთისა და საქართველოს ჩათვლით.

კარგა ხნის წინათ დაწყებული მსჯელობა “აღმოსავლეთისკენ შებრუნების” შესახებ უკრაინის კრიზისმა დააჩქარა და რუსეთის საგარეო პოლიტიკამ რეალურად დაიწყო ამ ვექტორზე მუშაობა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება. ამასთანავე, ევრაზიაში რუსული და ჩინური ინტეგრაციული პროექტების ურთიერთქმედების მომავალი ფორმები სწორედ ახლა მუშავდება, რამაც, შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები მისცეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს.

რუსეთისა და თურქეთის პარტნიორობამ ახალი იმპულსი შეიძინა უკრაინის ალტერნატივის _ “თურქული ნაკადის” გაზსადენის პროექტის წყალობით. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისლიდერის _ ნინო ბურჯანაძის ინიციატივის მიუხედავად, შავი ზღვის ფსკერზე გატარების ნაცვლად, გაზსადენს საქართველოს ტერიტორიაზე გაევლო, საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუხატავს დაინტერესება ამ პროექტით, რომელიც უთუოდ სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვის. ამ პროექტს ნამდვილად შეუძლია, შეცვალოს შავი ზღვა _კავკასიის რეგიონის ჩვეული გეოპოლიტიკა და დაასრულოს ენერგომატარებლების მარშრუტების კონკურენცია.

ეკონომიკურმა კრიზისმა რუსეთში გამოძახილი ჰპოვა სამხრეთ კავკასიაშიც. საქართველოს ხელისუფლებას პოზიტივში უნდა ჩაეთვალოს, რომ დასავლეთის მიერ გამოცხადებულ სანქციებს არ მიუერთდა. ის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ვითარებაში მოხერხდა სავაჭროეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან, აბაშიძეკარასინის ფორმატის დიპლომატიურ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს, თუმცა ამ მხრივ გასაფართოებელია სექტორთა ნუსხა, რომლებსაც ეს თანამშრომლობა შეეხება. ცხადია, სარკინიგზო მაგისტრალის ცალკე აღებულ აფხაზეთის მონაკვეთზე მსჯელობა რთულია, რადგან ამას პოლიტიკურ საკითხთა მოუგვარებლობა უშლის ხელს, მაგრამ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება შექმნის შესაძლებლობას, ახლო მომავალში პოლიტიკური პრობლემების დაძლევისკენ ვიაროთ.

უახლოეს პერსპექტივაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ვერ მოიტანს იმ ეკონომიკურ ეფექტს, რომელსაც ასე მოელის ჩვენი ხალხი. ამისთვის ჩვენ უამრავი რეფორმა და ინსტიტუციური მშენებლობა გვჭირდება. ამასთანავე, უახლოეს მეზობლებთან ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავება უაღესად მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობის საჭიროებები დაკმაყოფილდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნები სხვადასხვა ინტეგრაციულ პროექტებში მონაწილეობენ და ამ ვითარებაში ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ეს ფაქტორი არა დაპირისპირების, არამედ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის გამოვიყენოთ.

ორი ქვეყნის ურთიერთობებში ყველაზე მძიმე პრობლემად რჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ხშირად ისმის, რომ რუსეთი ამ აღიარებას უკან ვერ წაიღებს, რაც ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართ სკეფსისს აღრმავებს. ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას, რომ აუცელებელია აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის დაწყება, სათანადო ინტერესი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ მოჰყოლია. ასევე, უყურადღებოდ დარჩა პრეზიდენტ პუტინის განცხადება, რომ არ არსებობს გადაუჭრელი საკითხები ორი ქვეყნის ურთიერთობებში.

თუმცა, თუ გავიხსენებთ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ გამოთქმულ პოზიციას საქართველოს პოზიტიური როლის შესახებ ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ნათელი ხდება, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ორივე ქვეყნის სამსახურები გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობენ.

ასეთივე უნდა იყოს თანამშრომლობაისლამური სახელმწიფოსადა საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეების გასანეიტრალებლად, ვინაიდან არც ერთ ქვეყანას დამოუკიდებლად ამ საფრთხეების დაძლევა არ შეუძლია, ხოლო რუსეთის გამოცდილება, ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, ფასეულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთის სახელმწიფოებისთვისაც.

მსგავსი საექსპერტო კონფერენციების იშვიათობა დაღს ასვამს ორი ქვეყნის ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ ხედვების ჩამოყალიბებას. ერთმანეთისგან იზოლირებული მხარეები ვერასოდეს შეიმუშავებენ საერთო მიდგომებს, რომელთა გარეშეც ურთიერთობის ნორმალიზაცია და კონფლიქტების მოგვარება უაღრესად გართულდება. კონფერენციის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საექსპერტო შეხვედრები და კონფერენციები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

ნატა ხორავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here