გიორგი ხარიბეგაშვილი: საქართველოს ხელისუფლება თავისი ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკით ქვეყანაში ნოყიერ ნიადაგს ქმნის ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულთა გეტოების გასაჩენად

    ,,ქართულ ოცნებასმოსახლეობის საკმაო ნაწილი უკვე აღარ სწყალობს. დროდადრო ჩნდება პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ხელისუფლება ვერ ახერხებს. პრობლემებში იგულისხმება მიგრანტების უკანონო შემოდინება, მიწების მიყიდვა ისლამური ქვეყნების წარმომადგენლებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის), სოციალური პრობლემები

    რა ხდება ,,ქართული ოცნებისთავს?

    ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ანალიტიკოსი გიორგი ხარიბეგაშვილი გვესაუბრება:

    _ დღეს ხელისუფლება დაკავებული არ არის პრობლემების რეალურად მოგვარებით. გაუთავებელი საუბრები ,,დიფ სთეითზე”,  შუა დერეფანზე,  ევროპაში ღირსებით შესვლაზე  ქმნის ილუზიას _ ცოტაც და რაღაც გვეშველება, თუმცა ამ იმედის უკან ერთადერთი, რაც დგას, არის ივანიშვილისადმი  დამოკიდებულება _ რწმენა, რომ  ,,იმ ბრძენ კაცს ყველაფერი დალაგებული აქვს” და ,,ყველაფერი გეგმის მიხედვით ხდება”. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოების კრიტიკული ნაწილი ილუზიებიდან გამოვიდა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ, როცა საქმე ხელშესახებ პრობლემას ეხება, საზოგადოება, ფაქტობრივად, არ რეაგირებს.

    ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი, მაღალი ფასები მედიკამენტებზე, დაუდევრობით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევები _ ეს არის მაგალითები, რომლებზეც ჩვენი საზოგადოება პოლიტიკური თვალსაზრისით გულგრილია. სანამ ხელისუფლება საზოგადოებისგან არ იგრძნობს წნეხს, ცხადია, შეეცდება, მისთვის კომფორტული და არცთუ დაბალშემოსავლიანი გზა განაგრძოს.

    ქართველი საზოგადოება, სამწუხაროდ, ნიჰილისტურად არის განწყობილი და, თუ ხმას ,,ოცნებას” აძლევს, ეს ხდება არა იმიტომ, რომ ,,ოცნებისტია”, არამედ იმიტომ, რომ შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველს, რისკის ქვეშ არ აყენებს სამსახურისა და შემწეობის დაკარგვას, რადგან ხედავს, რომ ზემოქმედების ბერკეტები მხოლოდ ხელისუფლებას აქვს. ამასთანავე, ის ჯანსაღი, არალიბერალური ძალები, რომლებიც ალტერნატიულ ოპოზიციას ქმნიან, ,,ქართული ოცნების” მხრიდან იგნორირებულნი არიან. ქართველი საზოგადოების გამოსაფხიზლებლად მნიშვნელოვანია,  არსებობდეს მასთან კომუნიკაციის მექანიზმები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებთ მწირი ფინანსური რესურსების გამო.

    _ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიგრანტების პრობლემაზე დაიწყო საუბარი. ამ მტკივნეულ საკითხში ხელისუფლებას ადანაშაულებენ

    _ რაც შეეხება ქვეყნისთვის საზიანოდ დაკანონებული ემიგრაციისა და ქართული მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხებს, უნდა ითქვას, რომ ორგანიზების გარეშე  ვერ მოხერხდება მათი აქტუალიზება და ხელისუფლების იძულება, მიიღოს შესაბამისი ზომები. პარტია ,,კონსერვატორები საქართველოსთვის” სწორედ ამას აყენებს პირველ პრობლემად, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების უპრეცედენტო რაოდენობა  საზღვარგარეთაა. ამისთვის გროვდება ხელმოწერები და მზადდება კანონპროექტი, რომელიც უცხოელებს ძალიან გაურთულებს აქ ბინადრობის უფლების მიღებასა და კერძო საკუთრების შეძენას, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებშიც ხშირია ტერორისტული აქტები და რომლე ბიდანაც ლტოლვილთა მოზღვავების მაღალი რისკებია. აქვე განვმარტავ: ჩვენ პრობლემა არც არაბებთან გვაქვს და არც ინდუსებთან. პრობლემა გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც თავისი ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკით  ნოყიერ ნიადაგს ქმნის ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულთა გეტოების გასაჩენად. არ უნდა მოგვატყუოს 6-მილიარდიანმა არაბულმა ინვესტიციამაც. უნდა გავიგოთ, რომ აქედან სარგებელს რიგითი ქართველი ვერ ნახავს. არაბული კომპანიები თვითონ ჩამოიყვანენ პაკისტანის მსგავსი ქვეყნებიდან მუშებს, რომლებიც ჯერ აქ დასახლდებიან და შემდეგ პრეტენზიებსაც წამოგვიყენებენ მოქალაქეობის უფლების გამარტივებაზე იმ უფლებით, რომ აქ ფული დახარჯეს და მათთან ვალში ვართ…

    _ ხალხი ძველებურად აღარ სწყალობს ,,ოცნებას”. ხელისუფლებაშიც დაპირისპირებებია, როგორ ფიქრობთ, ,,ოცნებისდაშლა ხომ არ დაიწყო?

    _ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი წარმოუდგენელია ოპოზიციური ძალების გარეშე. შეიძლება ყველა პარტია აკრძალონ, მაგრამ საზოგადოებაში დაგროვებული ნეგატიური ენერგია თავის კალაპოტს მაინც იპოვის ქუჩაში თუ თვით ხელისუფლების შიგნით. ,,ქართულმა ოცნებამ” დაიწყო რეპრესიული პოლიტიკის გატარება  პარტიებისა და იურიდიული პირების მიმართ, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული ფიზიკური პირები დაესაჯა. მან საშუალება არ მისცა ,,კონსერვატორებს”, წარმომადგენლობა ჰყოლოდა პარლამენტში. საბოლოოდ,  ნაცების გასამართლების ნაცვლად, ვიხილეთ წულუკიანის შოუდ ქცეული პროცესი და პოლიტიკური კულტურის ძალიან დაბალი დონე, როგორც ოპოზიციის, ასევე სახელისუფლო წრეების მხრიდან. ცხადია, ამ ყველაფერს ხედავენ არა მხოლოდ ევროპაში, არამედ რუსეთშიც, ჩვენ სეპარატისტულ რეგიონებში და დიდი ვარაუდით, კიდევ უფრო ნაკლებად სერიოზულად აღგვიქვამენ. ჯამში, დაზიანდა პოლიტიკური პროცესი, ხელისუფლებამ დაიწყო ,,ბუას” ძებნა თავის შიგნით; მოიშორა ყველა ის ძალოვანი, რომლებმაც  საკუთარ თავზე აიღეს რისკები მაშინ, როცა სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე იყო. ცხადია, ამიერიდან უნდობლობა კიდევ უფრო გაიზრდება სხვადასხვა უწყებაში, რადგან ყველა ხედავს, როგორ ,,უფასებს” ,,ოცნება” ერთგულებას თავის ხალხს…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here