უამრავჯერ დავწერეთ, რომ ქართველი ახალგაზრდების განათლების არასახარბიელო დონე განათლების სისტემის მოშლის ბრალია და მის გაუმჯობესებაზე არავინ ფიქრობს. უფრო ზუსტად, ფიქრობენ, მაგრამ, რამდენი ადამიანიც არის, იმდენია ხედვა, შესაბამისად, ყველა ცდილობს, განათლების სისტემას კი არ მოერგოს, არამედ თვითონ მოარგოს სისტემას თავისი იდეები. ჰოდა, ყოველი ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ იწყება ახალი ერა, ჩნდება ახალი პრიორიტეტები და გვიმტკიცებენ, რომ გადარჩენის გზა სწორედ ეს არის. ამას ემატება ისიც, რომ ბევრი უმაღლესი სასწავლებელი თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ჩაიგდეს ხელში; მფლობელებიც, პროფესორ-მასწავლებლებიც ისინი არიან, „ ნაცმოძრაობის“ სულისკვეთებით გაჯერებულნი, და ბავშვებს კი არა, ნამდვილ მონსტრებს ზრდიან. ისეთებს, რომლებიც მზად არიან, სამართალდამცველები ცოცხლად დაწვან, „მოლოტოვის კოქტეილი“ და პეტარდები ესროლონ, ყველაფერი გააკეთონ იმის განსახორციელებლად, რაც თავში სასწავლებელში ჩაუდეს…
ორიოდე დღის წინათ განათლების ახალი მინისტრი წარადგინა პრემიერმა, ძველს მადლობა გადაუხადა და მერე რა, რომ იმ ძველმა მხოლოდ რამდენიმე თვეს იმუშავა. სამაგიეროდ, მოასწრო თავისი პროგრამის პრეზენტაცია და იმ პროგრამით ვითარდებოდა განათლების სისტემა, ახლა კი… ახლა ახალ პროგრამას შეიმუშავებენ, მისი პრეზენტაციაც პომპეზურად ჩატარდება და ვაი, რომ მისი განხორციელების ბოლომდე არ იქნება მინისტრად ბატონი გივი მიქანაძე. ისიც დატოვებს თანამდებობას და მისი შემცვლელი აუცილებლად წარმოადგენს თავის ხედვას. ასე გაგრძელდება დაუსრულებლად… ადრეც ვთქვით, რომ პროფესიონალებმა (თუ დარჩა ვინმე) უნდა შეიმუშაონ საერთო პროგრამა, რომლის შესრულება სავალდებულო იქნება ყველა მინისტრისთვის და არ ექნება მნიშვნელობა, ვინ რა გვარია და ვინ როდის დაიკავებს თუ დატოვებს თანამდებობას. საბჭოთა პერიოდში, როცა სწავლა უფასო იყო, განათლების სისტემა მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული – წლიდან წლამდე არავინ არაფერს ცვლიდა და შედეგი გვქონდა საოცარი. ქართველი მეცნიერები დონით არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკას შორის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით გამოირჩეოდნენ. ამით ვამაყობდით ყველა. მერე ეს ყველაფერი ხელის ერთი მოსმით შევცვალეთ და… განათლების სფეროში კატასტროფული ვითარება მივიღეთ.
სამწუხაროდ, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები აღარ იქნება და უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდები იმის მიხედვით ჩაირიცხებიან, ვის როგორი მოსწრება ჰქონდა სკოლაში. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კარგი წარმოდგენა ბევრს არ აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, რასაც ახლა იღებენ, ტაშს დაუკრავენ. პირდაპირ ვამბობთ, რომ ამ იდეის განხორციელების შემდეგ არაოფიციალური კორუფციის ბუდე შეიქმნება. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობთ:
როცა მასწავლებელმა იცის, რომ მასზე, მის მიერ დაწერილ ნიშანზე იქნება დამოკიდებული, რომელ სასწავლებელში მოხვდება მოსწავლე ან მოხვდება თუ არა, რეპეტიტორობას დაიწყებს (ისედაც დაწყებული აქვს ბევრს) და თავის გარჯას ფასსაც სოლიდურს დაადებს. ვინც რეპეტიტორთან არ ივლის, ის სასურველ ნიშანს ვერ ეღირსება და მშობლები იძულებულნი იქნებიან, ჯერ სკოლის პერიოდში გაიძრონ ცხრა პირი ტყავი და შემდეგ, როცა შვილი სტუდენტი გახდება, არანაკლები გადაიხადონ. რომელი მასწავლებელი იტყვის რეპეტიტორობაზე უარს? თანაც, რეპეტიტორიც არის და რეპეტიტორიც – ზოგს, შესაძლოა, წარმოდგენაც არ ჰქონდეს, როგორ უნდა მოამზადოს უმაღლესი სასწავლებლისთვის მოსწავლე და ფულს მაინც აიღებს, რადგან სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული, ვინ რა ნიშნით წარდგება უმაღლესი სასწავლებლის წინაშე.
თაობა ხელიდან რომ გამოგვეცალა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩანს. კი ვიძახეთ, მეტი თავისუფლება უნდა მივანიჭოთო, მაგრამ… იცით, აფრიკის ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება თვეში ან ორ თვეში ერთხელ იცვლება, მებრძოლებად არასრულწლოვანები ჰყავთ. რატომ? იმიტომ, რომ მოზარდი, რომელსაც ავტომატს მისცემ, დაუფიქრებლად გაისვრის, უხარია, ძალაუფლება რომ აქვს ხელში ავტომატის სახით. შემდეგ კი ვინც გადარჩება, მკვლელად ყალიბდება. ჰოდა, ბევრი თავისუფლება მივეცით იმ თაობას, რომელსაც ავტომატი არ აქვს, მაგრამ, რასაც აძლევენ, ყველაფერს სიხარულით ესვრის სამართალდამცველებს, შედეგზე კი არ ფიქრობს. გინახავთ ზრდასრული ადამიანის ან გამოცდილი პოლიტიკოსის ხელში პიროტექნიკა? გინახავთ, რომელიმე პოლიტიკოსს ქვაფენილის ნატეხი ან შუშის ბოთლი ესროლოს სამართალდამცველებისთვის? არა, რადგან ისინი შედეგზე ფიქრობენ და იციან, რომ დაისჯებიან, ახალგაზრდებმა კი ეს არ იციან. ისინი დაარწმუნეს, რომ არ დაისჯებიან, დაუსჯელობის სინდრომი შეჰყარეს და ახლა მათი შეჩერება ძნელია. ისინი ვეღარ ხვდებიან, რატომ წაართვეს ხელიდან ის სათამაშო, რომლითაც ერთობოდნენ, და რატომ არის ეს დანაშაული ახლა, თუ ადრე უმტკიცებდნენ, რომ დანაშაული არ იყო.
გასულ კვირას ბელარუსულ მაღაზიაში შევედი და ასეთ სცენას წავაწყდი: გოგონა, როგორც შემდეგ გაირკვა, პირველი კურსის სტუდენტი, გაჰკიოდა, როგორ ბედავთ და ბელარუსულ პროდუქციას საქართველოში ყიდით, ლუკაშენკო დიქტატორიაო. მშვიდად მივიყვანე რძის პროდუქტების დახლთან, რაღაცას გაჩვენებ-მეთქი და რძის ფასზე მივუთითე – 3,80 ლარი. კითხვით შემომხედა და ავუხსენი, ჩვენებურ ქსელურ მაღაზიებში ადგილობრივი წარმოების რძე 5,80 ანუ ორი ლარით ძვირი ღირს-მეთქი და გაოცდა: მერე ორი ლარის გამო უნდა „გავაპრავოთ“ ლუკაშენკოო? ანუ, მისი აზრით, თუ საქართველოში ბელარუსული პროდუქტი იყიდება, ლუკაშენკოს „ვაპრავებთ“(!). გოგონას ვკითხე, სად მუშაობ-მეთქი და სტუდენტი ვარ ილიაუნის, მშობლები მარჩენენ ჯერჯერობითო. როგორც ჩემმა, ისე სხვების მშობლებმა უნდა გაიჭირვონ, ცოტა მეტი მოინდომონ და გვეშველებაო. როცა ვუთხარი, ევროპული მაღაზიებიც არის თბილისში და იქ პროდუქტი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ქართული-მეთქი, გაუხარდა: იმიტომ, რომ ხარისხიანიაო. თუმცა ვერც ბელორუსული რძის უხარისხობა დაამტკიცა და… მე შემეშვა, ისევ გამყიდველებს ეცა და კიოდა: მენეჯერი მოეთრიოს და პასუხი გამცესო.
ჰოდა, სწორედ ამას ვამბობთ, რომ ეს გოგონა კარგა ხანს ვერ მიხვდება, რატომ უნდა გაუფრთხილდეს მშობლების ჯიბეს, რატომ არ ნიშნავს აქ ბელარუსული, რუსული თუ კამბოჯური პროდუქტის გაყიდვა ვინმეს „გაპრავებას“; არ სჯერა, რომ გასულ წელს საფრანგეთმა საყოველთაო სანქციების ფონზე რუსეთიდან 3 მილიარდი დოლარის ნავთობი იყიდა. მას მხოლოდ იმის სჯერა, რაც სასწავლებელში კი არ ასწავლეს, არამედ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამორეცხილ ტვინში ჩაუდეს, „დააპროგრამეს“. ჰო, „ჩიპებს“ რომ ახსენებენ ხოლმე, მართლა „ჩიპს“კი არ უდებენ ვინმეს ტვინში, არამედ „გამოურეცხავენ“, მერე ზომბებად აქცევენ და აკი აძახებინებენ კიდეც ქუჩაში პოლიქრონიონს ლამის ერთი წელია.
განათლება ყველაზე ფაქიზი თემაა. მასზეა დამოკიდებული ქვეყნის აწმყოც და მომავალიც. ვაი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინერციით ვიარეთ რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა ის წლები განათლებისთვის არავის ეცალა, როცა მოიცალეს, ხელში დანგრეული, მიწასთან გასწორებული სისტემა შერჩათ. დასავლეთმაც შეგვიწყო ხელი იმის ნგრევაში, რაზეც ქვეყანა იდგა. არც ჩვენ დავაკელით ხელი – ევროპა და ამერიკა თუ თითო აგურს აცლიდა, ჩვენ – ათს… მერე იყო ეროვნული გამოცდები რომ შემოვიღეთ, 10-ბალიანი სისტემა და ასე ვიქეცით საბჭოეთისდროინდელი ფრიადოსნები თანამედროვე ოროსნებად. ახლა ამ სისტემასაც ვანგრევთ, რადგან აშკარად ვერ გაამართლა (ისე, რომ ვერ გაამართლა, ახალი ხელისუფლება მოსვლის დღიდან ამბობდა, მაგრამ მხოლოდ ახლა, 12 წლის შემდეგ, შეცვალა) და ეჭვი გვაქვს, ახალსაც ძალიან გაუჭირდება. მიზეზებზე ზემოთ მოგახსენეთ და ეგებ ის დროა, ძველს, უკვე ნაცადს, უკვე გამოცდილს დავუბრუნდეთ, იმას, რომელმაც გაამართლა. ვიღაც იტყვის, კორუფცია მაშინაც იყოო, მაგრამ გვერწმუნეთ, მეტ-ნაკლებად ეს პრობლემა სულ იქნება და ამის შიშით საუკეთესო რაღაცებზე უარი არ უნდა ვთქვათ. სხვა, აბა, რა გითხრათ – მე-12 კლასელები (ეს კიდევ ერთი უბედურება გვჭირს, მე-11 კლასი სავსებით საკმარისი იყო) გაისად პირველები გამოცდიან ახალ სისტემას და ბევრი, უბრალოდ, ვერ გაერკვევა, რა და როგორ არის. ამასობაში დრო გადის, თაობები იცვლებიან და უკეთესობის არაფერი გვეტყობა…
ბესო ბარბაქაძე