ტურისტების გაყრით ან  მათ მიმართ ცუდად მოქცევით წავაგებთ მხოლოდ ჩვენ და სხვა არავინ. რუსი იქნება თუ ჩინელი,  სხვაგან წავა და  მეგობრებსა თუ მეზობლებს არ ურჩევს აქ ჩამოსვლას

    დასავლელები ცდილობენ, რომელიმე სფეროში მაინც ისე დაიძაბოს ვითარება, რომ რუსეთმა „შემხვედრი ნაბიჯები“ გადმოდგას და თითი დაგვიქნიოს

    საქართველოში ყველაზე ცხელი პერიოდი იწყება. ივლისი და აგვისტო ის თვეებია, როცა ყველა ცდილობს, თავი სიგრილეს შეაფაროს და, კურორტზე თუ ვერ ახერხებს წასვლას, სოფელი მაინც მოინახულოს. ვისაც  შესაძლებლობა აქვს, უცხოეთში მიდის, ცოდვა გამხელილი სჯობს – საქართველოს ზღვისპირეთში დასვენება გაცილებით  ძვირი ჯდება, ვიდრე თუნდაც მეზობელ თურქეთში ან ეგვიპტესა და კვიპროსზე. რატომ? ეს ცალკე საკითხია, რომელზეც  არაერთხელ გვისაუბრია, ახლა კი სხვა რამეზე გვსურს აქცენტის გაკეთება.

    როგორც რუსული მედია იუწყება, რუსეთის მოქალაქეებს, შარშანდელთან შედარებით, 26%-ით აქვთ გაზრდილი საქართველოს მონახულების სურვილი და ივლის-აგვისტოსთვის სასტუმროებიც დაჯავშნეს. რა თქმა უნდა, ეს ქართული ტურიზმისთვის ძალიან კარგია, ეკონომიკასაც წაადგება და, რაც მთავარია,  რიგითი მოქალაქეებიც არ დარჩებიან უკმაყოფილო. მათ, ვინც ტურიზმის სფეროშია ჩართული და სასტუმრო თუ რესტორანი აქვს.  არაერთხელ უთქვამთ, რომ რუსი ტურისტები ფულის ხარჯვას არ ერიდებიან და, თუ სუფრა მათ გემოვნებაში „ჯდება“,  სოლიდურ თანხას ხარჯავენ.  ჩვენი ოპოზიცია კი ამტკიცებს, ამერიკელი ტურისტი საშუალოდ ოთხჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე რუსეთიდან ჩამოსულიო, მაგრამ ისინი არ ამბობენ, რომ რუსი ტურისტების რაოდენობა ამერიკელებისას დაახლოებით ოთხასჯერ აღემატება და, ვინ მეტს ხარჯავს და ვინ – ცოტას,  თავად განსაჯეთ.

    ოპოზიცია იმასაც ამბობს, რუსებს ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ იღებენ და საქართველოზე აქცენტს ამიტომ აკეთებენ, იციან, აქ ხელგაშლილები შეხვდებიან და ეს ჩვენი ყველაზე დიდი მინუსიაო. ანალოგიურს ამბობენ ევროპელი ელჩები და პირდაპირ მიანიშნებენ, არ არის აუცილებელი, რუს ტურისტებსაც ისევე უმასპინძლოთ, როგორც ევროპელებს, რადგან რუსები დაძაბული უნდა იყვნენ, უნდა იცოდნენ, რომ მათი აქ ყოფნა არავის უხარიაო. ანუ, ადამიანი შვებულებაში მიდის, მთელი წელი ფული აგროვა იმისთვის, რომ 10 დღე ან ორი კვირა დაისვენოს და ჩვენ ისე უნდა მოვექცეთ, რომ აქ დაძაბული იყოს. აბა, რა უფლება გვაქვს, ევროპელ ელჩებს ან ოპოზიციას არ დავუჯეროთ, ისინი ხომ მუდამ სიმართლეს ღაღადებენ?!  მაგრამ, მოდი, სტატისტიკას ჩავხედოთ. რუსულმა მედიამ იმ ქვეყნების ტოპ-ათეული გამოაქვეყნა, როლებშიც მათი მოქალაქეები აპირებენ არდადეგების გატარებას. ჰოდა, როგორ გგონიათ, რომელ ადგილზეა საქართველო ან რომელ ქვეყანას ანიჭებენ უპირატესობას რუსები დასვენებისთვის?

    რუსეთის მოქალაქეების 14,7%-ს იტალიის კურორტებზე აქვს ჯავშანი, 11,5% ესპანეთს ამჯობინებს, 11,4% საფრანგეთში ფიქრობს დასვენებას, შემდეგ მოდის 9,6%-ით თურქეთი, შემდეგ 4,6%-ით ჩინეთი, მერე – ბელარუსი, აქ რუსეთის მოქალაქეთა 4,4% ფიქრობს დასვენებას და მეექვსე ადგილზეა საქართველო 3,7%-ით. რა გამოდის? რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა უპირატესობას ევროპის  სამ ქვეყანას ანიჭებს და იქ ფიქრობს შვებულების გატარებას, მაგრამ  საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი იჭაჭება, საქართველოში რუსების შემოსევაა და ფრთხილად იყავითო.  ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანაზე მეტად საქართველოზე ფიქრობს და ამტკიცებს, რომ მის სახლმწიფოს რუსი ტურისტები არაფერს ავნებენ, ჩვენ კი დაგვიპყრობენ?!  ეგებ ჯერ თავად ეცადათ, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში ჩასულ ტურისტებს ცუდად მოექცნენ, მტრული განწყობით დახვდნენ, რათა ისინი დაიძაბონ და, თუ გაამართლებს, შემდეგ ჩვენც გავაკეთებთ, მაგრამ არა, ბატონებო, რეალურად ისინი ცდილობენ, რომელიმე სფეროში მაინც ისე დაიძაბოს ვითარება, რომ რუსეთმა „შემხვედრი ნაბიჯები“ გადმოდგას და თითი დაგვიქნიოს. ეს არის მთავარი და შეიძლება ითქვას, ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც  დასავლელი პარტნიორები და ოპოზიცია ამბობენ, რომ რუს ტურისტებს ცუდად უნდა მოვექცეთ. დასავლელების გასაგებია, ისინი ხელისუფლების შეცვლას ნებისმიერი ხერხით ცდილობენ, მაგრამ, აი, ოპოზიციის არ გვესმის. იმიტომ არ გვესმის, რომ ეს ქვეყანა ხომ მათი სამშობლოც არის, მაგრამ მზად არიან,  ცეცხლის ალში გახვიონ, ყველაფერზე წავიდნენ იმის გულისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსვლა შეძლონ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს დასავლური კურსის მხარდაჭერითა და ევროინტეგრაციით ხსნიან, ანუ ამტკიცებენ, ჩვენ ცუდი კი არ გვინდა, პირიქით, იმისთვის ვიბრძვით, რომ უკეთესად ვიცხოვროთო და მერე რა, თუ ეს „უკეთესი“ ასობით და ათასობით ადამიანის გვამზე გაივლის, თუ ამ ყველაფერს ნგრევა და ცეცხლი მოჰყვება. სამაგიეროდ, ისინი ხელისუფლებაში იქნებიან და ზუსტად ისე დასჯიან ერს, როგორც მანამდე დასაჯეს. ჰო, მანამდე, როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, და იგივე დასავლელი მეგობრები ხმას არ იღებდნენ, რადგან ზუსტად იცოდნენ, სიჩუმის სანაცვლოდ ხელისუფლებას გააკეთებინებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს, ქვეყნის ღალატისა და მოსახლეობისთვის გენოციდის მოწყობის ჩათვლით. აკი, გააკეთებინეს კიდეც, მეტი რა უნდა ექნათ, ერი კრიმინალად გამოაცხადეს, ქუჩაში ხოცავდნენ მათ, ვინც პროტესტს გამოთქვამდა;  ქუჩაში თუ ვერ მოხერხდებოდა, იჭერდნენ და ციხეში კლავდნენ. როგორ დავიჯეროთ, ერთ ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორს მაინც არ უჩნდება კითხვა, ნაციონალების ზეობის ხანაში ციხეებიდან ყოველდღიურად ცხედრები რომ გამოჰქონდათ და ახლა სიკვდილიანობა ლამის განულებულია, რა ხდებოდა მაშინ? ამ კითხვას იმიტომ არ სვამენ, რომ იციან პასუხი, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ მოეწონება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დასავლეთმა ვერ დაიჯერა, საქართველოს მოსახლეობას კარგად რომ ახსოვს ყველაფერი,  არც იმის სჯერა, რომ მას აღარ ენდობა. მეტიც, დასავლელთა მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ნდობა რომ შემცირებულია, ამის აღიარება არ სურთ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დააბრუნონ ხალხი, რომელმაც ერს სულში ჩააფურთხა, რომელმაც ერს ლამის წირვა გამოუყვანა… ასეთი წარმოდგენა აქვთ ჩვენზე და ისეთი სახეებით აპროტესტებენ  ჩვენს სვლას ნამდვილი დამოუკიდებლობისკენ, თითქოს მათი ვალი გვქონდეს და არ ვიხდიდეთ. არა, ვალი კი გვაქვს განსაკუთრებით ნაციონალების პერიოდში აღებული, რათა ინფრასტრუქტურა ცოტათი მაინც მოეწყოთ, შემდეგ რომ ეთქვათ, აგერ, ყველაფერი შეიცვალაო, და მიშა სააკაშვილი  დემოკრატიის შუქურად გამოეცხადებინათ. მერე რა, რომ ამ შუქურამ  ასეულობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე, მთავარი ხომ მაინც ის იყო, რომ დასავლეთი საკუთარ ნებაზე ატრიალებდა მიშიკოს და სწორედ ასე ტრიალ-ბზრიალით ჩაიყვანა უკრაინაში, რათა იქაც აერია სიტუაცია, მაგრამ  იქ მიშა ბოლომდე აღარ დასჭირდათ, ზელენსკის სახით უკრაინელი მიშა იპოვეს და მას გააცამტვერებინეს ქვეყანა.   უკრაინის მაგალითზე ჩანს, რას გადარჩა ჩვენი ქვეყანა და რა „სარგებლობა“ შეიძლებოდა მოეტანათ დასავლელ მეგობრებს. ეს რომ არ გამოვიდა, გადამწყვეტი იერიში დაიწყეს და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩანაფიქრი აისრულონ. მათ ოპოზიციის სახით კარგი მოკავშირე ჰყავთ და ზუსტად იციან, რომ სწორედ ოპოზიციის ხელით გააკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს, რისი გაკეთებაც სურთ, მაგრამ… ამ ოპოზიციას ხალხი არ სწყალობს და რუსთაველზე  ადამიანების უმრავლესობაც მხოლოდ ფულის გამო რომ იდგა, კარგად გამოჩნდა. არ არის ფული – არ არის ხალხი. წინასაარჩევნოდ უზარმაზარი შავი თანხის შემოტანა იგეგმებაო, – ასე ამბობენ…

    ტურისტული სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩამოვა ჩვენი ქვეყნის დასათვალიერებლად. მთავარია, აქედან ისეთი განწყობით არ წავიდეს, მეორედ ჩამოსვლის სურვილი აღარ ექნეს. ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია და, კიდევ გავიმეორებთ, ეს არის დარგი, რომლიდანაც შესული თანხის უდიდესი ნაწილი  რიგით ადამიანებზე ნაწილდება. მით უმეტეს, ბოლო წლებში სწორედ რუსმა ტურისტებმა გადაარჩინეს  როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ტურისტული სეზონი და შესაბამისად, ქვეყნის  ეკონომიკის  ზრდაში ამ სფეროს წვლილი საგრძნობი იყო. სტუმრების გაყრით ან  მათთან ცუდად მოქცევით წავაგებთ მხოლოდ ჩვენ და სხვა არავინ. რუსი იქნება თუ ჩინელი სხვაგან წავა და  მეგობრებსა თუ მეზობლებს არ ურჩევს აქ ჩამოსვლას, ამიტომ ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის და ამ ყეფას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ახლა მთავარი ის არის, ცალკე ოპოზიციისა და ცალკე დასავლელი მეგობრების ფეხის ხმას არ ავყვეთ.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                           

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here