22 ივნისი _ მწუხარებისა და ხსოვნის დღე. დიდი სამამულო ომის გააზრების ძირითადი პრობლემები საქართველოში

    დიდი სამამულო ომის გააზრების ძირითადი პრობლემები თანამედროვე საქართველოში

    წუთიერი დუმილით დაიწყო დიდი სამამულო ომის დაწყების დღესთან დაკავშირებული მრგვალი მაგიდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელის ტარიელ გაგნიძის ინიციატივით გაიმართა.

    მრგვალ მაგიდაზე საკმაოდ წარმომადგენლობითი საზოგადოება შეიკრიბა, რათა გაეხსენებინათ 1941 წლის 22 ივნისი, დღე, როდესაც ფაშისტური გერმანია ვერაგულად თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. ჩვენთვის ეს ომი დიდ სამამულო ომად იქცა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკ და სისხლისმღვრელ ომად.

    ღონისძიება გახსნა მისმა ორგანიზატორმა ტარიელ გაგნიძემ: “მწუხარებისა და ხსოვნის დღე” _ ასე უწოდებენ ამ დღეს და სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ, რათა პატივი მივაგოთ ომში დაღუპულებს და უგზოუკვლოდ დაკარგულებს. ამ დღის დავიწყება არ შეიძლება, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, უკვე ტენდენციად იქცა.

    მავანთა და მავანთა გამოისობით სამი ათეული წელია, საქართველოში და მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარეობს გამალებული პროპაგანდა, რათა მეხსიერებიდან ამოშალონ ჩვენი ისტორიის ეს ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს, გაუგონარი გმირობის ფურცელი, ერთმანეთს გაუთანაბრონ ფაშისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი, ჰიტლერი და სტალინი, ფაშისტთა ურდოები და საბჭოთა ხალხი. საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს საბჭოთა კავშირი და საბჭოთა ხელმძღვანელობა იყო ამ ომის პროვოკატორი, თორემ ჰიტლერს დმპყრობლური განზრახვები სულაც არ ჰქონია და რომ ჰიტლერი დაამარცხა და სულაც ომი მოიგეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და არა ჩვენ. უნდათ, რომ წაგვართვან საბჭოთა ხალხის ერთობით, თავგანწირული ბრძოლით და გაუგონარი მსხვერპლის ფასად მოპოვებული დიადი გამარჯვება და ბრალეულის და დამნაშავის კომპლექსი ჩამოგვიყალიბონ, რათა ბრძოლის ველზე ნაწვნევი მარცხისთვის ამ გზით აიღონ რევანში და მიითვისონ ჩვენთან ამპარტავნულ-მედიდურული მენტორული ტონით მოქცევა-საუბრის უფლება.

    დიდ სამამულო ომს 27 მლნ. საბჭოთა მოქალაქე შეეწირა. მრავალთა შესახებ ზუსტადაა ცნობილი დაღუპვის გარემოებები, მაგრამ არიან ისეთნიც, რომელთა შესახებაც არაფერი არ ვიცით. უამრავი შემთხვევაა ისეთი, რომ მეომარი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, მისი გარდაცვალების ფაქტი და გარემოებები დადასტურებული არ არის.

    საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებიც გულის ძახილით მუშაობენ, იკვლევენ, იძიებენ ჩვენი მეომრების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ომში დაკარგულად ითვლებიან და შედეგსაც აღწევენ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გახლავთ “კომსომოლსკაია პრავდას” ჟურნალისტი ევგენი ბარანცევი. თავისი საძიებო საქმიანობის ირგვლივ მას აქვს გამოცემული წიგნი “ომი. წერილები სახლში”. სწორედ ამ წიგნის მიხედვით რეჟისორმა დიმიტრი პროსუკოვმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “გზა შინისაკენ”. ფილმი ერთ რიგით საბჭოთა მეომარზეა, რიაზანელ არსენი ბლაგონრავოვზე, რომელიც ლამის სკოლის მერხიდან წავიდა ფრონტზე. ის რეგულარულად აგზავნიდა წერილებს ოჯახში, მაგრამ ერთ დღესაც წერილები შეწყდა, თუმცა მისი გადაცვალების ცნობაც ოჯახს არ მისვლია. ე. ბარანცევმა ეს ისტორია შემთხვევით გაიგო თავისი კოლეგისგან ალექსანდრე ანიტოვისგან და დაიწყო კვლევა-ძიება, კვალდაკვალ მიჰყვა დაკარგული ჯარისკაცის კვალს, რომელიც შინ გაგზავნილი წერილებიდან იყო ცნობილი და შეძლო აღედგინა მისი გზა თვით უკაანასკნელ ბრძოლამდე” _ განმარტა ტარიელ გაგნიძემ.

    შემდეგ დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს ფილმი, რომელიც სულ რაღაც 30 წუთი გაგრძელდა, მაგრამ ძალიან ამაღელვებელი და ჭკუისსასწავლი აღმოჩნდა.

    ფილმის დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს ამ ომის მიზეზებისა და მის შესახებ დღევანდელ საზოგადოებაში არსებული ცოდნისა და მიდგომების ირგვლივ, აგრეთვე მოყვნენ ომის მონაწილე საკუთარი ოჯახების წევრთა შესახებ, გაიხსენეს სხვადასხვა ამბები. აღინიშნა, რომ საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ომის ტრაგედია არ შეხებოდეს.

       “ომთან დაკავშირებული ისტორიების გახსენება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ წინაპრების ბრძოლის, თავდადების, გმირობის და გამარჯვების შესახებ. დიდმა სამამულო ომმა უამრავი ტრაგედია მოუტანა საბჭოთა ხალხს, მაგრამ უფრო მეტი ტრაგედია იქნებოდა, გამარჯვებით რომ არ დაგვირგვინებულიყო. რამდენჯერმე ვნახე ქუჩაში გამართული გამოკითხვების ვიდეორგოლები და უნდა ვთქვა, რომ სამამულო ომის თაობაზე ისტორიული ცოდნა ჩვენს მომდევნო თაობებში დეგრადაციის გზაზეა. აუცილებელია სახელმწიფოს სისტემური მიდგომა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება-გავრცელების სფეროში, მაგრამ დღევანდელ მთავრობას,- და არც წინანდელ მთავრობებს,- საამისო არაფერი არ ეტყობათ, განაცხადა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ. მან აგრეთვე დასძინა, რომ აუცილებელია, დიდი სამამულო ომის ჯილდოები გაუთანაბრდეს დღევანდელ სახელმწიფო ჯილდოებს. Uუნდა აღინიშნოს, რომ ამ ინიციატივით იგი წლევანდელ საცხრამაისო ღონისძიებებზე გამოვიდა და ხელისუფლებას წერილობითაც მიმართა.

    მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

    „დიდი სამამულო ომის გააზრების ძირითადი პრობლემები თანამედროვე საქართველოში“

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here