ჯაჭვური რეაქციით მივალთ იქამდე, რომ ხელში აღარც ფლორა შეგვრჩება და აღარც ფაუნა

    დაახლოებით ერთი წლის წინათ დავწერეთ, რომ საქართველოში მწერების ნაკლებობა შეინიშნებოდა. ჰო, ჩვეულებრივი მწერების და, თუ გახსოვთ, მაშინ ისიც ვთქვით, ადრე, გაზაფხულის თუ ზაფხულის პერიოდში, ტყის პირას მანქანით რომ გაივლიდი, საქარე მინას ასობით მწერი ეკვროდა, ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება. მაშინ დაგვცინეს კიდეც, კოღოების დევნა დაიწყესო, მაგრამ რეალურად ეს არის პრობლემა, რომელიც ჩვენ შევნიშნეთ, საზღვრებს გარეთ კი ამ მოვლენის კვლევა დაიწყეს და განაცხადეს, რომ  მწერების  ნელ-ნელა გაქრობით კატასტროფისკენ მივდივართ.

    გაირკვა, რომ, მაგალითად, გერმანიის 63 ნაკრძალში მფრინავი მწერების რაოდენობა 30 წელზე ნაკლებ დროში 75%-ით შემცირდა, აშშ-ში ხოჭოების რაოდენობა 45 წელიწადში – 83%-ით, ხოლო პუერტო-რიკოში მწერების ბიომასა 1970-იანი წლებიდან მოყოლებული – 60-ჯერ.  2019 წელს მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ აშშ-ში ფრინველთა თითქმის მესამედი, დაახლოებით 3 მილიარდი, უბრალოდ, გაქრა და გაქრა ის ფრინველი, რომელიც მწერებზე ნადირობდა, ანუ მათ საკვები გამოელიათ, ყველას აღარ ჰყოფნის და… 26 მილიონით გაიზარდა იმ ფრინველთა რაოდენობა, რომელთა არსებობაც მწერებზე არ არის დამოკიდებული.

    სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, ფრინველებისა და, მით უმეტეს, მწერების შესწავლით თავს არავინ იწუხებს.  შესაძლოა, ამის სურვილი ბევრს ჰქონდეს, მაგრამ საამისო ფინანსები  არ არის. ჩვენთან მხოლოდ იმ მწერებზე ფიქრობენ და მუშაობენ, რომლებსაც ზიანის მოტანა შეუძლიათ მოსავლისთვის. მაგალითად   ფაროსანაც კმარა და, ჩვენ თუ გვკითხავთ, სწორედ ფაროსანასთან ბრძოლით დაიწყო სხვა მწერების (მათ შორის სასარგებლო მწერების) განადგურების პროცესი.

    თავდაპირველად, როცა ფაროსანასთან ბრძოლა ლამის სახელმწიფო დონეზე ავიდა, მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ ფანჯრები დაეკეტათ, რადგან მოწამვლა აერიდებინათ თავიდან, მაგრამ არავინ ამბობდა, რომ არაერთ ადამიანს ეზოში ჰყავდა ფუტკარი და საჭირო იყო სკისთვის საფრენის დაკეტვა,  ფუტკარს შეწამლულ ყვავილებზე წვდომის შესაძლებლობა რომ არ ჰქონოდა. სწორედ მაშინ გაწყდა ფუტკრის  ბევრი ოჯახი და ამისთვის პასუხისმგებლობა არავის აუღია. ამას გარდა, ადამიანები ეზოებში წამლავენ ხეხილს (საქართველოში ხეხილი დაახლოებით შვიდჯერ იწამლება – კვირტში, ფოთოლში, ყვავილში, ნაყოფში) და,  რა თქმა უნდა, ფუტკარი ამ შემთხვევაშიც ზარალობს. მარტივი შესაძლებელია, აკონტროლო,  როდის წამლავს მეზობელი ხეხილს, ან სთხოვო და გეტყვის, მაგრამ, როცა იცი, რომ ფუტკარი 5-7 კილომეტრს ფარავს ყვავილების მოსანახულებლად, ძნელია, ამ რადიუსში ვინმე ან რამე აკონტროლო. შესაბამისად, ფუტკარი ან კვდება, ან შეწამლული ყვავილიდან აღებული ნექტარი მიაქვს სკაში და, თაფლი კარგი ხარისხის რომ არ იქნება, ადვილი მისახვედრია. საერთოდ, ფუტკარი საქართველოში ცალკე სატკივარია. იმდენი მოვახერხეთ, რომ ქართული ფუტკარი მთელმა მსოფლიომ აღიარა, საქართველოდან ფუტკრის არაერთი ასეული ოჯახი გაიყვანეს; სამაგიეროდ შემოვიყვანეთ ევროპული თუ აზიური ფუტკარი, რომელმაც აქ ფეხი ვერ მოკიდია, ნესტრის სიგრძის გამო სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, მაგრამ მივიღეთ დაავადებები, რომლებიც ქართულ ფუტკარს გაუჩნდა და მათგან უმთავრესი – ვაროას ტკიპა,  ქართველი მეფუტკრეებისთვის დღესაც მთავარ გამოწვევად რჩება. საგულისხმოა, რომ  მსოფლიოში ვაროას წინააღმდეგ ბუნებრივ საშუალებებს იყენებენ, ჩვენთან კი მათი შეძენა ან შეუძლებელია, ან  ძალიან ძვირია და მეფუტკრეები იძულებულნი არიან,  ქიმიური პრეპარატებით შეწამლონ, რაც თაფლის ხარისხს არათუ აფუჭებს, არამედ ამ სასარგებლო პროდუქტს ჯანმრთელობისთვის საშიშსაც ხდის.

    ისევ მწერებს დავუბრუნდეთ. ახლა ზაფხულია და შესაბამისად, კოღო ბევრს აწუხებს, მაგრამ ამ მწერს თავისი ფუნქცია აქვს ბუნებაში და  ნებისმიერი მწერის გადაშენება სხვა ცვლილებამდე მიგვიყვანს. ზემოთ ფუტკარი ვახსენეთ; მას  ულამაზესი ფრინველი კვირიონი ემტერება, ამიტომ მეფუტკრეები ყველანაირად ცდილობენ მის განადგურებას, თუმცა კვირიონი გადამფრენი ფრინველია და ფუტკარს მაშინ ერჩის, როცა თბილი ქვეყნებიდან ბრუნდება და სხვა მწერები აქტიურები არ არიან, შემდეგ ის ფუტკარს თავს ანებებს და სხვა მწერებით იკვებება. ერთი კვირიონი დღის განმავლობაში 300-მდე მწერს ანადგურებს და, თუ მწერები არ იქნებიან,  უბრალოდ, გადაშენდება. იგივე ითქმის მერცხალზე – გადაშენების საფრთხე ამ ფრინველსაც ემუქრება. მხოლოდ აინშტაინს ნუ დავუჯერებთ, რომელმაც თქვა,  თუ ფუტკარი გადაშენდება, კაცობრიობის აღსასრული მოახლოვდებაო. რეალობას შევხედოთ – იმის მიუხედავად, რომ ფუტკარი უპირველესი მწერია მათ შორის, რომლებსაც ადამიანი ამრავლებს, მათი პოპულაცია რამდენიმეჯერაა შემცირებული და 2019 წლიდან  ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით იკლებს. ამასთანავე, სულ უფრო იშვიათად გვხვდება ბუნებაში ე.წ. ველური ფუტკარი, რადგან ათასგვარი დაავადების გამო ისინი გამრავლებას ვეღარ ახერხებენ. თუ ადრე არაერთი მეფუტკრე ნახულობდა ველური ფუტკრის ოჯახს, ახლა რამდენიმე წელიწადში ერთხელ თუ გადააწყდება შემთხვევით.

    საერთაშორისო კვლევების თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად მთლიანი ბიომასის 1%-დან 2,5%-მდე ქრება და ეს პესტიციდებისა და სასუქების გამოყენების ბრალია. ბიომასასთან ერთად ქრებიან მწერები, ფრინველები,  ფრინველების გაქრობასთან ერთად კი გაქრებიან ფაუნის ის წარმომადგენლებიც, რომელთა ძირითად საკვებს სწორედ ფრინველები შეადგენენ. გაქრებიან  ბაყაყებიც, რომლებიც მწერებით იკვებებიან და ასე, ჯაჭვური რეაქციით მივალთ იქამდე, რომ ხელში აღარც ფლორა შეგვრჩება და აღარც ფაუნა. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში ამ ყველაფრის კვლევისა და ფულის დასახარჯავად არავის სცალია და არც რესურსი გვაქვს, მაგრამ ეგებ ახლა სწორედ ის დროა, რომ მხოლოდ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ფორუმებში კი არ ვმონაწილეობდეთ, არამედ რეალურ ქმედებაზე გადავიდეთ და შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნოთ.  გასულ კვირას ბათუმში გაიმართა ფორუმი გლობალური დათბობის პრობლემებზე  და მერე რა? იმსჯელეს, იკამათეს, რამდენიმე ქვეყანამ სოლიდური თანხა დახარჯა და დაიშალნენ. იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს  საერთო არაფერი აქვს საქართველოსთან, რადგან მსჯელობა იყო ზოგადი და არა კონკრეტულად რომელიმე რეგიონზ, ან ქვეყანაზე მორგებული. ასეთივე ფორუმი შემოდგომისთვისაც არის დაგეგმილი და რატომღაც გვგონია, რომ ვიღაც ან ვიღაცები  თავს იტყუებენ და პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი კეთდება.   საქართველოში აკრძალული არ არის  ის ქიმიური პრეპარატები, რომლებიც არა მხოლოდ მწერებს ან ნაყოფს, არამედ ადმიანებსაც კი ვნებს. სწორდ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, შემოტანილ პროდუქციაში, რომლებსაც ჩვენ ამრეზით ვუყურებთ (თურქეთის, ირანის პროდუქტი), გაცილებით ნაკლები შხამ-ქიმიკატებია, ვიდრე ადგილობრივში. მათ ისწავლეს, რა რაოდენობის ქიმიკატი  როდის უნდა მიაწოდონ მცენარეს. პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო გადასულია წვეთოვან მორწყვაზე, ანუ მცენარესთან მიდის ზუსტად იმდენი ნივთიერება, რამდენიც საჭიროა და, რაც მთავარია, მიდის პირდაპირ ძირებში, ანუ მწერებს შეხება არ აქვთ. სამწუხაროდ  წვეთოვან სისტემას საქართველოში ძალიან ცოტა თუ იყენებს. სამაგიეროდ, ძველებურად, ზემოდან დასხმით აქტიურად ვმუშაობთ და ამიტომ ვართ ამ დღეში.

    ვერ გეტყვით, როდის მიხვდებიან საქართველოში, რომ  მწერების რაოდენობა  ყოველწლიურად მცირდება და რომ ამ მწერების სიმცირის გამო საქართველოს მდინარეებში თევზის რამდენიმე სახეობა კატასტროფულად შემცირდა, ხოლო კაპარჭინა („ლეშა“), პრაქტიკულად, გაქრა და ეს მაშინ, როცა თუნდაც მტკვარში ათიოდე წლის წინათ ძალიან ბევრის დაჭერა შეიძლებოდა. კაპარჭინა  მწერებზეა დამოკიდებული და მათი სიმცირის გამო საქართველოს მდინარეები დატოვა –  რა გასაკვირიც უნდა იყოს, მტკვრის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოზე გადის, აღარ არის, აზერბაიჯანის მხარეს კი იმავე მტკვარში ძალიან ბევრია. დასკვნა თვითონ გამოიტანეთ, რა დღეში ვართ ჩვენ და რა მდგომარეობაშია  აზერბაიჯანი. არც ისაა დასამალი, რომ ჯანდარის ტბაზე, რომელიც სანახევროდ ჩვენია და სანახევროდ აზერბაიჯანის, თევზის დაჭერა უფრო იქითა მხარეს შეიძლება და მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ იქით სიღრმე მეტია. უბრალოდ, ჩვენთან  ტბა ბრაკონიერებითაა სავსე (ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე და ნახო), იქით კი უფრთხილდებიან, ამრავლებენ, დენით არ თევზაობენ და თევზი იდიოტი ხომ არ არის, სადაც მუსრს ავლებენ, ისევ იქეთ იცუროს?!

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                                          

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here