19 ივნისს, ირანის ისლამურის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბ-მა მაჰმუდ ადიბმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა ქართული მასმედიისათვის. ამ ბრიფინგზე მეც გახლდით. თვით ბრიფინგის გამართვა ისრაელის მხრიდან ირანზე თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მოწმობს იმას, რომ მცდარია შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ირანში ქაოსია, ირანის ხელისუფლება სადღაც გარბის და ქვეყანა დღე-დღეზე დაემხობა. ეს რომ ასე იყოს, ელჩ ადიბის ბრიფინგის გამართვის მითითება არ ექნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან.
ელჩმა ძალიან მწყობარად, ლოგიკურად და საქმიანად ისაუბრა ისრაელის აგრესიის შედეგებზე მოცემულ მომენტში – დაწყებული მშვიდობიანი ოჯახების დახოცვით, გაგრძელებული გაეროს წესდების უხეში დარღვევით და, დასრულებული, ირანული საზოგადოების კონსოლიდაციით. ეს მომენტები ასახულია ქართული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ (იხ. ბმული) და ბევრი არაფრის დამატება საჭიროდ არ მიმაჩნია. ერთადერთი, დავძენ, რომ ქართულმა მასმედიამ არ გააჟღერა ბ-ნი ადიბის მიერ შეხსენებული ფაქტი: 2008 წელს, ხუთდღიანი ომის პერიოდში ან მანამდე ცოტა ხნით ადრე, ისრაელმა რუსეთს გადასცა იმ უპილოტო საფრენი აპარატების შიფრ-კოდები, რომლებიც მანამდე საქართველოს მიჰყიდა. საქართველოსთვის შემოსაღებული დრონები სრულიად უსარგებლო გამოდგა, ისინი რუსებმა გაანეიტრალეს ისრაელის მიერ მიწოდებული კოდების საშუალებით. ამის შესახებ ინგლისური ბი-ბი-სი იუწყებოდა „ვიკილიქსზე“ დაყრდნობით, რომელიც, თავის მხრივ, მექსიკურ წყაროს იხმობდა. საბოლოოდ, ამ ვერსიის მართებულობა თვით იმჟამად ჯერ-კიდევ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაადასტურა.
ირანის ელჩს სამძიმარი გამოვუცხადე ნორმალური ქართველების სახელით, მშვიდობიანი ადამიანების დაღუპვის გამო და შეკითხვაც დავუსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დაზარალდა ირანის ენერგეტიკული ობიექტები, როგორც ატომური, ისე თხევადი საწვავის (ნავთობის) მომპოვებელი და გადამამუშავებელი ობიექტები. ელჩმა მადლობა გადამიხადა სამძიმრისათვის და განაცხადა, რომ ირანის ინფრასტრუქტურა არ დაზარალდა კრიტიკულად, ქვეყნის ენერგეტიკა და მთლიანი ეკონომიკა გამართულად ფუნქციონირებს.
ახლა რაც შეეხება ზოგიერთი მნიშვნელოვანი მომენტის ჩემეულ შეფასებას. ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმა განპირობებულია ისრაელისთვის რეგიონში შექმნილი ხელსაყრელი ვითარებით: ისრაელის ყველაზე დიდი მიღწევაა სირიაში ასადის დამხობა და ამ ქვეყნის ფაქტობრივი დეზინტეგრაცია, რამაც ისრაელის გავლენა გაზარდა და მის სამხედრო ავიაციას სრულად გაუხსნა გზა ირანისაკენ, ასევე დაუცველი ერაყის საჰაერო სივრცის გავლით. ომისგან გამოფიტულია ლიბანის „ჰესბალა“ – ესეც უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოებაა. ღაზას სექტორში კი, ისრაელის სამხედრო ოპერაცია, მიუხედავად ამ პატარა ტერიტორიის აოხრებისა და უზარმაზარი მსხვერპლისა, წარუმატებელი გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ ვერ მოხერხდა „ჰამასის“ მძევლების სრულად გათავისუფლება. სამაგიეროდ, ცაჰალი აკონტროლებს სექტორის უდიდეს ნაწილს. ისრაელმა, აშშ დახმარების მიუხედავად, იემენის ჰუსიტები ნეიტრალიზება ვერ მოახერხა, მაგრამ ეს მეორადი ფაქტორია, იემენი ისეთ დიდ როლს ვერ ასრულებს, გეოგრაფიული დაშორების გამო.
ამრიგად, ისრაელმა ისარგებლა ახლო აღმოსავლეთში წარმოშობილი ვაკუუმითა და ტრამპის ადმინისტრაციის ასპროცენტიანი ლოიალობით, როდესაც ირანს დაარტყა. არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ირანი ახლო მომავალში შექმნიდა ატომურ ბომბს, არ არსებობს. მეტიც, ირანის მხრიდან ამ გეგმის არარსებობას აშშ-ის სპეცსამსახურებიც ადასტურებენ.
ამავე დროს, ირკვევა, რომ ისრაელს ირანში იმაზე უფრო დიდი და ძლიერი საჯაშუშო-დივერსიული ქსელი ჰყოლია, ვიდრე ეს გარედან ჩანდა. უკმაყოფილო ელემენტებთან ერთად, ეს ქსელი ჩაფიქრებული იყო ირანის დესტაბილიზაციისთვის. ნეთანიაჰუმ შემთხვევით არ მოუწოდა ირანელ ხალხს, რომ დაემხოთ „მოლათა რეჟიმი“. ამისთვის ხელი უნდა შეეწყო შოკისმომგვრელ ინფორმაციას, რომ აგრესიის პირველსავე დღეს განადგურდა ირანის სამხედრო ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი, მოკლულ იქნენ არმიის გენერალური შტაბისა და უშიშროების სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები.
ისრაელის მინიმალური ამოცანაა ირანის დესტაბილიზაცია, ისეთივე ქაოსის შექმნა, როგორც თავის დროზე შეიქმნა ერაყსა და სირიაში, ლიბანში, ლიბიაში და სხვ. მართვადი არასტაბილურობის სარტყლის შექმნა ისრაელის გარშემო მის ინტერესშია და ამას მაინცდამაინც არ მალავენ იერუსალიმში. თუმცა ერთკვირიანი ინტენსიური, დამანგრეველი დარტყმების მიუხედავად, ირანული საზოგადოება არათუ საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოდის, არამედ ერთად იკვრება და გმობს ისრაელის ქმედებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში კარგად იციან, რას წარმოადგენს ირანი, ნეთანიაჰუ რისკზე წავიდა. ეს რისკი, სავარაუდოდ, მის შიდაპოლიტიკურ და იურიდიულ პრობლემებსაც უკავშირდება, ხალხის ომზით გაგიჟების გზით ყურადღების გადატანის მიზნით. ირანი არ არის იოლად დასამარცხებელი ძალა, მით უმეტეს, ასე მოკლე ვადებში, რადგან ეს არის რელიგიურად მოტივირებული ძალა და მისი დამარცხება შეუძლებელია თვით იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხდება პოლიტიკური და სამხედრო ელიტის პირველი პირების განადგურება. ირანს ჰყავს დიდი რაოდენობით საუკეთესოდ მომზადებული სამხედრო და სამხედრო-სამეცნიერო კადრები. ერთი მოკლულის ადგილს სხვა, არანაკლებ ღირსეული კადრი დაიკავებს. სასულიერო ლიდერებზე თავდასხმა კი უფრო გაამძაფრებს ირანელი ხალხის წინააღმდეგობას, გაუთვალისწინებელ შედეგებს მოიტანს. ამიტომ, ისრაელს რჩება, ირანის ობიექტების დაბომბვების გაგრძელება და ბოლოს იმის გამოცხადება, რომ „მისია შესრულებულია“. ვფიქრობ, რომ ეს ასე იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი თავისი შიშით (უარეს შემთხვევაში) ან გონიერებით (უკეთეს შემთხვევაში) უარს იტყვის ომში ჩაბმაზე და ირანის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ მძიმე საავიაციო ბომბების გამოყენებაზე. თუმცა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი დამორჩილდება სიონისტური ლობის წნეხს და ისრაელის გამო ამერიკას გადასჩეხს სრულმასშტაბიან ომში, ძნელად პროგნოზირებადია.
დაბოლოს, ვეთანხმები, ბ-ნი ჰამლეტ ჭიპაშვილის აზრს, რომ დღეს ეს ომი არ იქნებოდა, ირანს რომ შეექმნა თავისი ატომური იარაღი (ისრაელს ხომ აქვს თავისი ბირთვული არსენალი და ისრაელ-ირანს შორის ბალანსი შეიქმნებოდა). ამის შესახებ რუსულ პრესაში ჯერ კიდევ 15 წლის წინ ვწერდი კიდეც.
დანარჩენზე ვისაუბრე ბელარუს ჟურნალისტებთან, მასალა „იუტუბზე“ გავა უახლოს საათებში და დაინტერესებულ მსმენელებს შევთავაზებ.
გულბაათ რცხილაძე