Home რუბრიკები საზოგადოება მხოლოდ თბილისში 4 ათასამდე უსახლკაროა

მხოლოდ თბილისში 4 ათასამდე უსახლკაროა

1077

მიტოვებულ, მიწისძვრით დაზიანებულ და ნახევრად დანგრეულ შენობებში თბილისში დღეს ბევრი უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობის გამო, ეს შენობები საცხოვრებლად არათუ უვარგისი, არამედ ადამიანის სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხეა.

ამის მიუხედავად, ეს ადამიანები სიცოცხლის რისკის ფასადაც კი იძულებულები არიან, უკიდურესად მძიმე პირობებში იარსებონდღეს არსებული მონაცემებით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, დაახლოებით 4 ათასამდე უსახლკაროა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის _ “უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვისხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი ამბობს, რომ უსახლკაროების რაოდენობა გაცილებით მეტია, მაგრამ ვინაიდან საქართველოში მათ შესახებ რეალური მონაცემები არ არსებობს, ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. სწორედ ამ მიზნით უმუშევართა კავშირი თბილისის მასშტაბით უსახლკაროების აღწერას ახორციელებს.

თამარ იოვაშვილი:

_ დღეს საქართველოში უსახლკაროების რაოდენობაზე ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. ხელთ არსებული მონაცემებით, მათი რაოდენობა მხოლოდ თბილისში 4 ათასს აღწევს, მაგრამ ვეჭვობთ, რომ ეს რაოდენობა რეალობას არ შეესაბამება და გაცილებით დიდია.

სოციალური დახმარების შესახებ კანონში წერია, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს უსახლკაროს, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული განსაზღვრება, ვინ შეიძლება ჩაითვალოს უსახლკაროდ. ამ სტატუსით ადამიანებს აღრიცხავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, მაგრამ, თუ ადამიანს ელემენტარული შემოსავალი აქვს, მაგალითად, 200-300 ლარზე მუშაობს და ამის გამო სოციალურად დაუცველის სტატუსი არ ეკუთვნის, მას არსად აღრიცხავენ.

ამას გარდა, აუცილებელია უსახლკაროების კატეგორიების განსაზღვრა. არიან ოჯახები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაში ცხოვრობენ, და არიან ოჯახები, რომლებიც ან ახლობლებთან არიან შეკედლებული, ან ქირით ახერხებენ ცხოვრებას. უსახლკაროების სხვადასხვა კატეგორია არსებობს და თითოეულ მათგანს თავისებური მიდგომა სჭირდება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში უსახლკაროები 5 კატეგორიად არიან დაყოფილნი. იქ ასევე არსებობს პოტენციური უსახლკაროს კატეგორია, ანუ ადამიანებისა, რომლებიც შეიძლება უახლოეს მომავალში უსახლკაროდ დარჩნენ.

სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მივმართეთ კითხვით, თუ რამდენ ოჯახს აქვს დღეს ბინა იპოთეკით დატვირთული და პასუხად მივიღეთ, რომ მხოლოდ თბილისში 136 ათას ოჯახს აქვს იპოთეკური სესხი აღებული. ეს ხალხი უკვე პოტენციურ უსახლკაროდ ითვლება. ამ 136 ათასი ოჯახიდან ნახევარი, სავარაუდოდ, ვერ გადაიხდის თანხას, რადგან სტაბილური შემოსავალი არ აქვს.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჯერჯერობით თბილისის მასშტაბით დაგვეწყო უსახლკაროების აღწერა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ორგანიზაცია FEANTSA-სთან, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მსგავს პრობლემებზე მუშაობს. მაისის დასწყისში ბრიუსელში ვარ მიწვეული და იქ წარვადგენ ანგარიშს. მათი რჩევები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი როზა ლუქსემბურგის ფონდისა და თბილისის საკრებულოს ხელშეწყობით საკმაოდ მწირი დაფინანსების პირობებში ხორციელდება, თუმცა მინდა, ბატონ ჯაბა სამუშიასა და სოსო მანჯავიძეს მხარში ამოდგომისათვის მადლობა გადავუხადო.

_ რა არის თქვენი მიზანი _ მხოლოდ უსახლკაროების ზუსტი რაოდენობის დადგენა თუ აპირებთ, მიმართოთ ხელისუფლებას ან რომელიმე ორგანიზაციას ამ ადამიანების დასახმარებლად?

_ პირველ რიგში, ჩვენი მიზანი შესაბამისი საკანონმდებლო რეკომენდაციების შემუშავებაა. მოგეხსენებათ, სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმის პერიოდში ლიბერალურმა შრომის კოდექსმა ბევრი ადამიანი უმუშევარი და ყველანაირი სოციალური დახმარების გარეშე დატოვა. ამას დაემატა ფასების ზრდა მედიკამენტებსა და პროდუქტებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ოჯახის რომელიმე წევრის ავადმყოფობას ხშირად მთელი ოჯახი ეწირებოდა. ადამიანები ყიდდნენ ბინებს და, ფაქტობრივად, ქუჩაში რჩებოდნენ. ამას გარდა, საპროცესო შეთანხმების გამოც ბევრი შეიქნა იძულებული, ბინა გაეყიდა.

ამჟამად თბილისის სხვადასხვა უბანში _ კონიაკის დასახლებაში, ლიბანის ქუჩაზე, აფრიკაში, მუხიანში, გლდანში, ავჭალაში, ძირითადად, მიტოვებულ შენობებში, უსახლკაროები არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. მათ არ აქვთ შუქი, ბუნებრივი აირი, წყალი, კანალიზაცია. ამას გარდა, შენობები ვირთხებით არის სავსე. თანხაც რომ მოიძიონ, ვინაიდან უკანონოდ ცხოვრობენ, ამ შენობებში მრიცხველებსაც ვერ დააყენებენ.

_ თქვენთან ბევრი უსახლკარო მოდის, რას ამბობენ ისინი, ახალი ხელისუფლება თუ დაეხმარა ამ ადამიანებს?

_ როგორც ვიცი, რამდენიმე ოჯახს ქირის თანხას უხდიან, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. ყველა უსახლკარო ოჯახს სახელმწიფო ხომ ვერ გადაუხდის ქირას? ამიტომ უფრო რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ მათ დასახმარებლად. თუ პრეტენზია გვაქვს, რომ ევროპული ქვეყანა ვართ, ცივილიზებული ქვეყნების მსგავსად უნდა მოვიქცეთ.

_ ქალაქის მერიამ ხომ გახსნა თავშესაფრები?

_ დიახ, როგორც ვიცი, ლილოში ახლაც აკეთებენ მსგავს თავშესაფარს, მაგრამ ეს თავშესაფრები ღამის გასათევი უფროა და საცხოვრებლად არ ვარგა. ისინი პრობლემას ვერ მოაგვარებს.

გვესაუბრება ქალბატონი ლილი ჩოგოვაძე, რომელიც, უკვე 12 წელიწადია, უსახლკაროდ ითვლება:

_ თბილისის ძირძველი მცხოვრებლები ვართ. მე დამსახურებული პედაგოგი ვარ, მეუღლე კი კომკავშირის ცეკას თანამშრომელი იყო. ოჯახში ექვსი სული ვცხოვრობდით, მაგრამ 2003 წელს მეუღლის მძიმე ავადმყოფობის გამო იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდა _ მეუღლეს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა და ძვირად ღირებული მკურნალობა სჭირდებოდა, ამის საშუალება კი ოჯახს არ ჰქონდა. არ გვაქვს არც სოფელი, არც ავტომანქანა და, საერთოდ, არაფერი. ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, უკვე 12 წელია, ქირით ვცხოვრობთ, ჩვენი მდგომარეობა ყოველწლიურად რთულდება. მინდა, გაითვალისწინონ ჩვენი მდგომარეობა, გამოიჩინონ გულისხმიერება და ბინის შეძენაში დაგვეხმარონ.

 რატი და ია ინაშვილები 2011 წლიდან გლდანში ქირით ცხოვრობენ.

რატი ინაშვილი:

_ ჯერ თემქაზე, შემდეგ კი გლდანში 2-ოთახიან ბინაში 9 ადამიანი ვცხოვრობდით, მათგან 5 ბავშვი იყო, ასე თუ ისე, ცხოვრებას ვახერხებდით. შემდეგ ოჯახის მარჩენალი ბებია ავად გახდა, ინსულტი დაემართა და ვინაიდან საავადმყოფოში დღე-ღამეში 950 ლარს ვიხდიდით, ვალის აღება დაგვჭირდა.

რადგან შრომისუნარიანები ვართ და მუშაობა შეგვიძლია, სოციალურად დაუცველის სტატუსი მოგვიხსნეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ სამსახურში არავინ გვიღებს. ყველგან გამოცდილებას ითხოვენ, მაგრამ, თუ არ დაიწყე მუშაობა, გამოცდილებას როგორ მიიღებ? თბილისში დავიბადეთ და გავიზარდეთ, სოფელიც არ გვაქვს, რომ წავიდეთ და ვიცხოვროთ.

ია ინაშვილი:

_ მოგეხსნებათ, ქვეყანაში სამუშაო ადგილების სიმცირეა. პერიოდულად თუ ვიშოვით სამუშაოს, თორემ სტაბილური სამსახური არ გვაქვს. ათი-თორმეტი ლარია საქართველოში დღიური ანაზღაურება და ლარის გაუფასურების ფონზე, ეს თანხა ნორმალური ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის. არ გვინდა სოციალურად დაუცველის სტატუსი, უბრალოდ, ვითხოვთ, დაგვასაქმოს სახელმწიფომ, თორემ ქირასაც ვეღარ გადავიხდით. ავტობუსების კონტროლიორის ადგილზეც შევიტანე განცხადება, მაგრამ არავინ გამომხმაურებია. ბოლო ორი თვეა, ქირის ფული ვერ გადავიხადეთ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გამოვიტანეთ თანხა. მომავალ თვეში ცალკე ამ ორგანიზაციის ვალი გვაქვს და ცალკე ქირის თანხა საშოვნელი. შეიძლება, მალე ქუჩაში აღმოვჩნდეთ.

კანონმდებლობაში ტერმინ “უსახლკაროს” განმარტებაზე იურისტი რუსიკო ნანავა გვესაუბრება:

_ ვინ შეიძლება იყოს უსახლკარო, დღესდღეობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის. უსახლკარო შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც, ფაქტობრივად, ქუჩაში ცხოვრობს, რომელსაც აქვს დროებითი თავშესაფარი ან საცხოვრებელი სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

_ სოციალური დახმარების შესახებ კანონის მე-4 მუხლშიუსახლკაროძალიან მოკლედ არის განმარტებული: ეს არისმუდმივი განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი”.

_ ეს არის ამ ტერმინის განმარტება ორიოდე სიტყვით, რომელიც არაფერს იძლევა. რას მივიჩნევთ ჩვენ საცხოვრებლად? პირის საკუთრებაში შეიძლება იყოს სახლი, მაგრამ ემუქრებდეს გასახლება, ასეთი ადამიანიც პოტენციურ უსახლკაროდ ითვლება.

ვინაიდან კანონმდებლობაში უსახლკაროს ცნება სათანადოდ არ არის განმარტებული, პრობლემების რეალური გადაჭრა შეუძლებელია.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here