ამჟამად ბალახი საკმარისზე მეტად არის წამოსული, ძროხის, ცხვრის, თხისა თუ ღორის საჭმელი არ ჭირს და, შესაბამისად, ხორცი იაფი უნდა ღირდეს. დაახლოებით ისეა, ადრე ბენზინი და დიზელი საგრძნობლად რომ იაფდებოდა და მანქანის ფასი იკლებდა, მაგრამ ახლა პირიქით მოხდა – ხორცი, არათუ გაიაფდა, გაძვირდა კიდეც. ახლა, ჩაქაფულის სეზონზე, კილოგრამი ბატკნის ხორცი 35 ლარად ფასობს და 4-სულიანი ოჯახის სამყოფი ჩაქაფული რომ მოამზადო, 100 ლარამდეა საჭირო, ანუ ერთი სადილი 100 ლარი, რაც ქართული რეალობისთვის კატასტროფული ფასია. ეს ოჯახში, თორემ რესტორანში 4 კაცს 100 ლარი დასანაყრებლად ნამდვილად არ ეყოფა. შევეცდებით იმ მიზეზების დადგენას, რომელთა გამოც ამ დღეში ვართ და, რაც მთავარია, როგორ შეიძლება ვითარების გამოსწორება ისე, რომ ფერმერებმა არ იზარალონ და მოსახლეობაც კმაყოფილი იყოს.
დავიწყოთ იმით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროცესი ისევ თავისუფალ ვარდნაზე აქვს მიშვებული და, კონკრეტული ადამიანების ძალისხმევა რომ არა, სოფლის მეურნეობა არ გვექნებოდა. მეტიც, ამ ადამიანებს წლობით ნაშრომი და ნაწვალები ენანებათ, თორემ სოფლის მეურნეობაზე ხელს ჩაიქნევდნენ. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ბოლო პერიოდში სათბურების პოპულარულ მიმართულებას დიდი ბანკები არ შეუერთდნენ. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო მილიონამდე შეღავათიან კრედიტს იძლევა სათბურების მოსაწყობად და იმის გათვალისწინებით, რომ შარშან 20 მილიონ დოლარზე მეტი მწვანილი შემოვიტანეთ, სათბურებმა უნდა გაამართლოს, მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა. ვერ გეტყვით, რა და რატომ არ მოეწონათ, მაგრამ სამინისტროს ამ ინიციატივას დიდი ბანკები არ აჰყვნენ და კრედიტებს მხოლოდ „პროკრედიტი“ და „ტერა ბანკი“ გასცემენ. მათ კი ყველა მსურველის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ აქვთ. ისეთი „მტაცებლები“, როგორებიც არიან საქართველოს უდიდესი ბანკები, არ თანხმდებიან სამინისტროს პირობებს, ანუ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს, და ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს.
ახლა უშუალოდ ხორცზე ვთქვათ. მიმდინარე წელს საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყვანა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 200%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტი, ლამის 10 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი ერაყში გავიდა, მეორე ადგილზე 861 ათასი დოლარით აზერბაიჯანი მოდის, ანუ მთავარი გამყვანი და მომხმარებელი ერაყია. მნიშვნელობა არ აქვს საქონლის ასაკსა და წონას, ერაყი ყიდულობს ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდება, და აქაური ფერმერებიც ყიდიან ყველაფერს, რასაც კი სიარული და ბალახის ჭამა შეუძლია. შედეგად, ხორცის დეფიციტი შეიქმნა და, ასეც რომ არ იყოს, ფერმერს პირუტყვის დაკვლასა და ხორცის კილოობით გაყიდვას მისი ერთიანად მოშორება ურჩევნია.
სხვათა შორის ანალოგიური პრობლემის წინაშე იდგა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიც, მაგრამ იქ პრობლემა მარტივად მოაგვარეს. აზერბაიჯანმა აკრძალა იმ საქონლის გაყიდვა, რომლის ცოცხალი წონაც 300 კგ-ზე ნაკლებია, ანუ აღარ იყიდება მეძუძური ხბოები, რომლებზეც მოთხოვნა ძალიან დიდია. არ გეგონოთ, ხბოებზე მოთხოვნა მხოლოდ ერაყშია გაზრდილი, საქართველოშიც აქტიურად მიირთმევენ ხბოს ხორცს. ხბო, რომელიც დაკვლის შემდეგ, 20-25 კილოგრამ ხორცს ტოვებს, საუკეთესო შემთვევაში, 3 კვირისაა და ასეთ ხბოებს თბილისური რესტორნები დღეში 2-3-ს ყიდიან.
რა მოხდება, თუ საქართველოდან უცხოეთში 200-250 კილოგრამზე ნაკლები წონის საქონლის გაყვანა აიკრძალება? პირველ რიგში, 1 წლამდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაიაფდება, რადგან მყიდველი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნება. ამასთანავე, გაიაფდება ხორციც, რადგან, თუ დასაკლავია, მხოლოდ ადგილზე დაიკვლება და საზღვრებს გარეთ არ გავა. ასე გადარჩა თავის დროზე დანია და ასე შეძლეს ხორცის არანორმალურად გაძვირების თავიდან აცილება აზერბაიჯანში. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჯერჯერობით არაფერს და, რაც მთავარია, არც იმაზე ვფიქრობთ, უცხოური ან ქართული ჯიშები მოვამრავლოთ, ისე მოვამრავლოთ, რომ საქართველო მხოლოდ დასაკლავი პირუტყვის საბითუმო ბაზარი არ იყოს. ეს მიდგომაც რომ ამართლებს, ამის ნათელი მაგალითი არის რუსეთი. ევროპელებიც კი ვეღარ მალავენ, რომ რუსეთში ბევრი ნიდერლანდური თუ შვეიცარიული საქონელია, რომლებიც გაცილებით იაფი და ხარისხიანია. ჰო, რუსეთი ხარისხით ევროპას დაეტოლა და ამ ამბავში გასაკვირი ის არის, რომ იქ ძროხები ნიდერლანდურ-შვეიცარიულია. შედეგად, რუსეთიდან საქონლის გაყვანა მიმზიდველია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ბევრი ევროპული ქვეყნისთვისაც. საქართველო ტყუილად არ გვისხენებია, წელს ყველაზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა, მეორე ადგილზეა რუმინეთი, მესამეზე – ნიდერლანდები. გაგიკვირდებათ და, რუმინეთი ევროპაში ცხვრის ხორცის მთავარი მიმწოდებელია და მისი კონკურენტები მხოლოდ აფრიკული ქვეყნები არიან. რუმინელებმა ცხვართან ერთად მსხვილფეხა პირუტყვიც მოაშენეს, თანაც იმდენი, რომ ნიდერლანდებს, შვეიცარიასა და საფრანგეთს ბევრი ჯიშის მიმართულებით გაუსწრეს. თანაც, მათ შავ ზღვაზე გასასვლელიც აქვთ და ზღვით საქონლის ტრანსპორტირება გაცილებით იაფია.
მეტი რა მაგალითი მოვიყვანოთ იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობას საქართველოში მართლა მიხედონ?! ბოლოს და ბოლოს, სწორედ სოფლის მეურნეობის წამოწევითა და განვითარების შედეგად დაეჭიდა რუსეთი მსოფლიოს და აჯობა. ჰო, აჯობა, რადგან რუსული ეკონომიკა სწორედ რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების გამო არ ჩამოიშალა. რუსეთის მაგალითზე ევროკავშირის ყველა ქვეყანამ და უკვე ამერიკამაც სოფლის მეურნეობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. ყველა ხვდება, რომ მომავალი არა ნავთობპროდუქტების, არამედ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლისაა, რადგან დედამიწას სულ უფრო უჭირს ადამიანების გამოკვება და ეს ფასებზეც აისახება. ერთადერთი მიმართულება, სადაც ფასები განუწყვეტლივ იზრდება, სწორედ საკვებია და ამის დანახვას პროფესორობა არ სჭირდება. ჰოდა, მაშინ, როცა თითქმის ყველა ქვეყანა შიდა წარმოებას ზრდის, საქართველოში შემოტანილი პროდუქტების რაოდენობა იზრდება ყოველწლიურად და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. დიდი იმედი გვქონდა, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრი შეიცვალა, რადგან დავით სონღულაშვილისთვის ეს სფერო უცხო არ არის და იცის, რა და როგორ კეთდება, მაგრამ ვერ თუ არ აკეთებს. საეჭვოა, სონღულაშვილმა არ იცოდეს ის, რომ ბანკები უარს ამბობენ ასე რეკლამირებული სათბურების პროექტის განხორციელებაზე (თუ არ იცის, კატასტროფაა) და საინტერესოა, რატომ არ ცვლის იმ მოთხოვნებს, რომლებიც ბანკებს არ მოსწონს. ანუ, ქართული რეალობაში მძარცველი ბანკიც კი კაბალურ პირობებზე საუბრობს სამინისტროს მხრიდან და ხომ ადვილი მისახვედრია, რა დღეში ჩავარდება რიგითი ფერმერი, რომელიც ამ ყველაფერში თავს შეჰყოფს.
ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ სოფლის მეურნეობის ეს სეზონიც რომ მივაგდეთ და განსაკუთრებულს არაფერს ველოდებით, ცხადია. სანაძლეოს ჩამოვალთ, რომ წელს შარშანდელზე მეტ მწვანილსა და საზამთროს (!) შემოვიტანთ, უფრო გაძვირდება სოფლის მეურნეობის პროდუქტები და დახლებზე სულ უფრო მეტი უცხოური წარმოების საკვები დაიდება. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ამ დროს ხელისუფლება თუ ოპოზიცია იმაზე მსჯელობენ, რა მოხდება თვითმმართველობის არჩევნებზე. არადა, სწორედ თვითმმართველ თემებში უნდა იყოს სოფლის მეურნეობა განვითარებული და სწორედ ამაზე უნდა ესაუბრებოდნენ ადამიანებს, მაგრამ…
იცით, რომ ქართულ ბაზარზე შემოსული მარწყვის უდიდესი წილი თურქეთზე მოდის და რაღაც ოდენობა ქართლსა და კახეთში არსებულ სათბურებზე? უბრალოდ, აქაური იმდენად მცირე რაოდენობისაა, შემოტანილს კონკურენციას ვერ უწევს და უცხოელები ჩვენი ქვეყნიდან მილიონებს ეზიდებიან. ვინმე იფიქრებდა, რომ საქართველოში ოდესმე შემოტანილი საზამთრო იმ ოდენობით გაიყიდებოდა, ადგილობრივს პრობლემა შეექმნებოდა? არადა, შარშან გაიყიდა და წელს უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს. არადა, საზამთრო კახეთის სავიზიტო ბარათი იყო და იმდენი მოგვყავდა, საქართველოს კი არა, ლამის მეოთხედ რუსეთს ჰყოფნიდა. ახლა კი… ახლა ყიდვა-გაყიდვა ვისწავლეთ. ეს უფრო ადვილია, ვიდრე დახვნა, დათესვა და მოყვანა.
ბესო ბარბაქაძე