17 მაისს ქუჩაში  ასიათასობით ადამიანის გამოსვლა მორიგი განაჩენი იყო დასავლელი პარტნიორებისთვის, მაგრამ ისევ არ შეიმჩნიეს, ისევ არ თქვეს, რომ საბოლოოდ მიხვდნენ ერისა და ბერის არჩევანს

    17  მაისს, მაშინ, როცა საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავდნენ, საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უძლიერეს ლიგაში ბოლო ტური ჩაატარეს. კარგია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კვლავ გაიბრწყინა, დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვება პირადად გამოჭედა;  მით უმეტეს, რომ წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია და ეს გოლები „კვარას“ თავდაჯერებულობას შეჰმატებს.

    თუ ქართველი ლეგიონერის გუნდს ყველაფერი რიგზე აქვს და ოქროს მედლები რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდეს, სხვა კლუბებს ბოლო ტურში პრობლემები ჰქონდათ –  ვიღაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, ვიღაც – უძლიერესთა შორის დასარჩენად და მათ შორის იყო საფრანგეთის ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბი „ნანტი“, რომელსაც უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბოლო ტურში მოგება სჭირდებოდა…  ჰოდა, ერთი კვირით ადრე გაირკვა, რომ კლუბის კაპიტანი ეგვიპტელი მოსტაფა მოჰამადი მოედანზე ლგბტ დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამკლავურით უნდა გასულიყო. რატომღაც გვგონია, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო ტურის წინ ეს სპეციალურად მოიფიქრა, რადგან მანამდე მოჰამადს ორჯერ ჰქონდა უარი ნათქვამი სამკლავურის გაკეთებაზე და  ამის გამო ორჯერვე დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, ანუ იმ კონკრეტულ შეხვედრაში თამაში აუკრძალეს. ლოგიკა მარტივი იყო – გადამწყვეტი მატჩის წინ  კაპიტანი და შესაბამისად გუნდის უპირობო ლიდერი სამკლავურზე უარს არ იტყოდა და თანაგუნდელებს არ დააღალატებდა, გულშემატკივარს არ გააწბილებდა, მაგრამ… ეგვიპტელმა ლეგიონერმა კვლავ უარი თქვა. და ყველაზე საინტერესოც აქ დაიწყო – „ნანტის“ სამედიცინო შტაბმა მატჩამდე ორი დღით ადრე დაწერა, რომ მოსტაფა მოჰამადს ტრავმა ჰქონდა, რომ მას ვარჯიშზე კუნთი დაეჭიმა და მოედანზე გასვლას ამის გამო ვერ შეძლებდა, მაგრამ ფედერაციამ ეს არ დაიჯერა, თავისი ექიმები გაგზავნა და დაადგინა, რომ ეგვიპტელი ჯანმრთელი იყო, თამაშზე უარს კი მხოლოდ სამკლავურის გამო ამბობდა. ამის შემდეგ ფედერაციამ ოფიციალური პოზიციის გამოხატვა კლუბს მოსთხოვა და „ნანტმაც“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ კაპიტნის საქციელს გმობს… ეს არ აკმარეს და კლუბი აიძულეს,  ფეხბურთელი 50 ათასი ევროთი დაეჯარიმებინათ, თანხა კი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხულიყო.

    „ნანტში“ ფიქრობენ, რომ ფეხბურთის ფედერაცია მოჰამადის მიმართ ასეთ სანქციას მომავალშიც გამოიყენებს და მნიშვნელოვანი მატჩების წინ კაპიტანს აიძულებს, მოედანზე გასვლაზე უარი თქვას, პარალელურად მას ჯარიმა დაეკისრება და გუნდში უკვე სერიოზულად ფიქრობენ მის გასხვისებაზე. არადა, მოსტაფა კარგი ფეხბურთელია და მისი გაყიდვა არ სურთ, მაგრამ… მედალს მეორე მხარეც აქვს – კარგი ფეხბურთელის გამოყენების შესაძლებლობა თუ არ გაქვს, რამე უნდა მოიფიქრო. რაც მთავარია, ასეთი „რეპუტაციის“ მქონე მოთამაშის დამატებაზე სხვა გუნდებიც შეიკავებენ თავს და მოჰამადს არა მხოლოდ „ნანტის“, არამედ საფრანგეთის ჩემპიონატის დატოვებაც მოუწევს.

    რა არის ეს და რასთან გვაქვს საქმე? რეალურად  ეს არის ლიბერალური ფაშიზმი.  მას სხვა სახელს ვერ დავარქმევთ. პიროვნებას აქვს რწმენა, აქვს რელიგია, რომელიც ლგბტ თემის მხარდაჭერას უკრძალავს და ეს  მომაკვდინებელ ცოდვად მიაჩნია, მაგრამ მას ეუბნებიან, რომ არ არის არჩევანში თავისუფალი და უნდა თუ არა, ვალდებულია, ლგბტ თემი აღიაროს და ისინი მიიღოს ზუსტად ისე, როგორებიც არიან. ამასთანავე, ისინი საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში – თუ მოჰამადის მხრიდან ეს ჰომოფობიაა, ლგბტ თემის და მთლიანად საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან არ არის ჰომოფობია? რატომ აიძულებენ ადამიანს, გააკეთოს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც არ სურს? თუ აღიარებენ ლგბტ თემს, რატომ არ აღიარებენ ადამიანს და მის რწმენას ღმერთისადმი? რატომ უნდა ეკეთოს მოსტაფას ან სხვა ვინმეს იმ ადამიანების  სიმბოლო, რომლებიც ღმერთსაც გმობენ, რელიგიასაც, რწმენას უგინებენ ადამიანებს და იმას, რაც მათ  სიწმინდედ მიაჩნიათ, ფეხქვეშ თელავენ?

    სამწუხაროდ, ეს არც პირველი შემთხვევაა და არც მხოლოდ საფრანგეთში ხდება. იგივე მოხდა მანამდე ესპანეთში, ინგლისში, იტალიაში… და ყველა შემთხვევაში ფეხბურთელებს დისკვალიფიკაცია არ ასცდათ, ხოლო ვისაც ასცდა, მას ფულადი ჯარიმა დააკისრეს. რაღა შორს წავიდეთ, ასე ხდება საქართელოშიც.  საკმარისია, ვინმემ თქვას რომ, ლგბტ თემს მხარს არ უჭერს, მაშინვე დაესევიან, აკრიტიკებენ, სოციალურ ქსელში „ათრევენ“. მერე კი, თუ ამ პიროვნებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოიხელთებენ, არ აქვს მნიშვნელობა, მარტო იქნება თუ ოჯახთან ერთად, ობსტრუქციას უწყობენ;  არ აინტერესებთ, რომ მათ ბილწსიტყვაობას არასრულწლოვანი ბავშვებიც ისმენენ. ჰო, ამ ყველაფერს ევროპელი ელჩები მარტივად „აპრავებენ“ და აგერ, 17 მაისს, საქართველოს მასშტაბით, ქუჩაში გამოსული ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უბრალოდ არ შეამჩნიეს;  არ თქვეს, საქართველოს არჩევანში დავრწმუნდითო; და ახლა ცდილობენ, როგორმე არ დასაჯონ გოგო (ბიოლოგიურად გოგო), რომელმაც პლაკატი „ენა, მამული, სარწმუნოება“ ცივი იარაღის გამოყენებით  ჩამოჭრა და გადააგდო. ამით ევროპელები გვეუბნებიან, რომ „ენა, მამული, სარწმუნოება“ კი არა, გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერია მთავარი და ტაში სწორედ მათ უნდა დავუკრათ. 17 მაისს ქუჩაში  ასიათასობით ადამიანის გამოსვლა მორიგი განაჩენი იყო დასავლელი პარტნიორებისთვის, მაგრამ ისევ არ შეიმჩნიეს, ისევ არ თქვეს, რომ საბოლოოდ მიხვდნენ, ერისა და ბერის არჩევანს, რომ ხელს აღარ შეგვიშლიან, რომ ის ფონდები, რომლებიც უხამსობის ტირაჟირებას აფინანსებენ, მართებულად აიკრძალა. არა, ბატონებო, არა!  დასავლეთი მორიგი შეტევისთვის ემზადება და ამ გადმოსახედიდან  უკვე დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში საკანონმდებლო დონეზე მიიღებენ კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დაუშვებს, აუცილებლად გააუქმებენ კონსტიტუციაში ჩანაწერს ოჯახის რაობის განმარტების შესახებ და ამის გამკეთებლებს ეროვნულ გიმირებად შემოგვასაღებენ; ზუსტად ისე, როგორც შემოგვასაღეს ლაზარე გრიგორიადისი, მაგრამ გათავისუფლების შემდეგ ყველა მიხვდა, რომ პოლიციელების ცოცხლად დაწვის მოსურნეს გვერდით დაყენება არ იქნებოდა მომგებიანი და „გმირი ლაზარე“ უბრალოდ  დაივიწყეს, თითქოს არც არსებობდა. ესეც მათი ტაქტიკაა, როცა ხვდებიან, რომ ნეხვისგან ოქროს ვერ ძერწავენ, ნეხვს  მოისვრიან ხოლმე. ადრეც ბევრი მოუსროლიათ, მომავალშიც ასე მოიქცევიან და იმის მტკიცებასაც დაიწყებენ, საქმეს ასე სჭირდებოდაო. არც ის გაგიკვირდეთ, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ლაზარე და მისნაირები ისევ წინ წამოსწიონ და ისევ გმირებად გამოაცხადონ, რათა ბოლომდე მოუღონ ერს ბოლო, ბოლომდე გათელონ და გაასწორონ მიწასთან; ზუსტად ისე, როგორც ეს სააკაშვილს ჰქონდა დაწყებული, რომელიც დასავლეთის დავალებების უზადო შემსრულებელი იყო, უბრალოდ, ვერც მან და ვერც დასავლეთმა ქართველი ადამიანის ბუნება ვერ ამოიცნეს… 

    სამწუხაროდ, სპორტში ლგბტ ლიბერალებმა  ღრმად შეაღწიეს. აგერ, ერთი თვის წინათ  იყო, მოფარიკავეთა მსოფლიოს თასზე ერთ-ერთმა გოგონამ მეტოქესთან ბრძოლაზე უარი რომ განაცხადა, კაცი იყო, ოპერაცია გაიკეთა და ქალი გახდა, მაგასთან არ ვიბრძოლებო. ჰოდა, ეს გოგონა დასაჯეს, 1-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ტრანსგენდერი კი ამაყად ავიდა კვარცხლბეკზე და მედალიც ამაყად ჩამოიკიდა. ისიც გემახსოვრებათ, როგორ შერჩათ ლიბერალებს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, როცა მთელი მსოფლიოს მორწმუნეებს  სულში ჩააფურთხეს და შეურაცხყვეს. მაშინ ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ცხოვრების  ჯანსაღი წესი აღარ იქნებოდა სპორტი, ეს იქნებოდა ტრანსგენდერთა და სქესგადაკეთებულთა თავშესაფარი და ასეც არის. შეგახსენებთ, რომ ცნობილი ლესბოსელის, ვეტერანი ჩოგბურთელის, ამელი მორესმოს, წინააღმდეგ  ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა გაილაშქრა და ტურნირებზე, სადაც მორესმო მონაწილეობდა, ცალკე გასახდელი მოითხოვა, ჩემს შიშველ სხეულს ლესბოსელს არ დავანახვებო.  ამის გამო უილიამსი არ დაუსჯიათ, მაგრამ დღემდე აყვედრიან და ახსენებენ, რომ ამ განცხადების გამო ბოდიში აქვს მოსახდელი.

    პსჟ-ის ფეხბურთელთა მაისურები 17 მაისის მატჩში „ოსერის“ წინააღმდეგ

    სამწუხაროდ, ერთეულები, მაგრამ მაინც, ქართულ სპორტშიც გულშემატკივრობენ ლგბტ თემს და, ვისაც ჰგონია, რომ ეს საგანგაშო არ არის, ძალიან ცდება. დასავლეთშიც სწორედ ერთეულებით დაიწყო და ახლა, ვინ არის ერთეული და ვინ ათეული, ნათლად ჩანს.

    ისე, „ნანტმა“ პრინციპული შეხვედრა რწმენის გამო დასჯილი კაპიტნის გარეშეც დამაჯერებლად მოიგო.

    და ერთიც – სამკლავურის გარდა, საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში აბსოლუტურად ყველა კლუბისა და ყველა ფეხბურთელის მაისურზე უმაღლესი დივიზიონის ლოგოს გვერდით  დატანილი იყო ლგბტ დროშის ფერები და ამ მაისურებით ითამაშა ყველამ, მათ შორის ჩვენებმაც – კვარაცხელიამ, დავითაშვილმა, მიქაუტაძემ… 

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                             

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here