საბჭოთა ეკონომიკის არაეფექტიანობის შესახებ დღეს არსებული მოსაზრებები – ეს არის ლიბერალების მცდელობები, გაამართლონ ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობა – ყველა მაჩვენებლის შემცირება, და თქვან, რომ იმხანად ეკონომიკა არაეფექტიანი იყო, ახლა კი სიუხვეა – მოიწამლეთ თქვენი ჯანმრთელობა ფალსიფიცირებული პროდუქტებით, შეიძინეთ ძვირად ღირებული მედიკამენტები უამრავ აფთიაქში და იმკურნალეთ კერძო კლინიკებში.
საბჭოთა კავშირის ეკონომიკა სინამდვილეში სუპერეფექტიანი იყო, მაგრამ მხოლოდ სტალინის მმართველობის პერიოდში; სწორედ იმიტომ ქმნიან მითებს ტირან სტალინზე, რომ ამ ცრუ რეპრესიულ ფონზე მიჩქმალონ სტალინის „ეკონომიკური სასწაული“ .
როგორ იყო შეშინებული დასავლეთი და აშშ საბჭოთა ეკონომიკის ასეთი ზრდის ტემპებით, შეიძლება ვიმსჯელოთ ამ გამოსვლებით:
„…ეკონომიკის სიმძლავრის ზრდის ტემპით სსრკ ნებისმიერ ქვეყანას უსწრებს. უფრო მეტიც, სსრკ-ში ზრდის ტემპი 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე აშშ-ში“ („National Bussiness“, აშშ, 1953).
„…თუ სტალინის რუსეთში წარმოების ზრდის ტემპი შენარჩუნდება, მაშინ 1970 წლისთვის რუსული წარმოების მოცულობა ამერიკულს 3-4-ჯერ გადააჭარბებს. თუ ეს მოხდება, შედეგები დასავლეთის ქვეყნებისთვის, პირველ რიგში კი შეერთებული შტატებისთვის, სავალალო იქნება“ (სტივენსონი, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი).

1929-დან 1955 წლამდე საბჭოთა კავშირმა ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის ტემპებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომელიც დღემდე არ გაუმჯობესებულა.
უნიკალური ეკონომიკური მოდელი ჩამოყალიბდა წინმსწრები ზრდის პრინციპზე და ეფუძნებოდა სახელმწიფო დაგეგმვას.
* ორი ცენტრალური სამთავრობო ორგანო – „გოსპლანი“ ( „სახდაგეგმვა“- გ.გ.) და „გოსსნაბი“ ( „სახმომარაგება“ – გ.გ) – ამზადებდა ხუთწლიანი გეგმების პროექტებს, უზრუნველყოფდა მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და მომხმარებლებისთვის პროდუქციის განაწილების გეგმების რეალიზაციას, აკონტროლებდა გეგმების დროულ შესრულებას.
* წარმოებაში გამუდმებით ინერგებოდა ახალი ტექნიკა და ტექნოლოგიები, რომლებმაც ხელი შეუწყო შრომის ნაყოფიერების ზრდას.
* 1932 წელს შემუშავდა უნიკალური ფულად-საკრედიტო სისტემა – ფულის დაყოფა ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის. საწარმოებმა ურთიერთანგარიშსწორება უნაღდოდ დაიწყეს, რითაც აღმოიფხვრა ფულისა და კრედიტების ნაკლებობის პრობლემები.
* მაღალი მაჩვენებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო MPЭ (გაზრდილი ეფექტიანობის მეთოდი), რომლის წყალობითაც სსრკ-ის ეკონომიკა გიგანტური ტემპებით ვითარდებოდა.
„MPЭ-ს არსი იმაში მდგომარეობდა, რომ, თუ საწარმო მაღალ შედეგებს აღწევდა, მას ეძლეოდა პრემია, რომელიც სამ ნაწილად იყოფოდა: პირველი გადაეცემოდა შრომით კოლექტივს, მეორე – ხელმძღვანელს, ხოლო მესამე – თვითონ ინიციატორს ან რაციონალიზატორს. ამრიგად, თითოეული თანამშრომელი დაინტერესებული იყო, ეძებნა ეფექტიანი გადაწყვეტილებები“.
1950-იანი წლების დასაწყისში MPЭ მეთოდი იაპონელებმა გადაიღეს და მათაც შექმნეს თავიანთი „იაპონური სასწაული“.
* პროდუქტებს , რომლებზეც მასობრივი მოთხოვნა იყო (ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, ბოსტნეული), აწარმოებდნენ არა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოები და კოლმეურნეობები, არამედ მოქალაქეებიც, რომლებსაც გამოეყოთ საკარმიდამო ნაკვეთები და მიეცათ ბაზრებში ვაჭრობის უფლება.
„გოსპლანი“ და „გოსსნაბი“ – სსრკ-ის გეგმური ეკონომიკის ორი საყრდენი
1932 წელს შექმნილი სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტი იყო სსრკ-ის ეკონომიკის ძირითადი ორგანო, რომელიც მას დარგებად ჰყოფდა, ახალი დარგები კი თითქმის ყოველწლიურად ჩნდებოდა.
1948 წელს შეიქმნა სსრკ-ის „გოსსნაბი“ (სსრკ-ის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სახელმწიფო კომიტეტი) – სსრკ-ის ცენტრალური სახელმწიფო ორგანო, რომელიც არსებობდა 1948-1953 და 1965-1991 წლებში. იგი დაკავებული იყო მატერიალურ- ტექნიკური მომარაგების გეგმების რეალიზაციით, მომხმარებლებს ურიგებდა პროდუქტებს დადგენილი ნომენკლატურის მიხედვით, უზრუნველყოფდა დარგთაშორის მიწოდებას და სსრკ სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტთან ერთად ამზადებდა ხუთწლიანი გეგმების პროექტებს სსრკ–ის კომუნისტური პარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს პოლიტიკური მითითებების შესაბამისად.

ამ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო მსოფლიო რეკორდი, რომელმაც სსრკ სუპერსახელმწიფოდ აქცია, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წელს, დაიწყო მსოფლიოს ერთ-ერთი დიადი სახელმწიფოს თანდათანობითი, ეტაპობრივი განადგურება.
საბჭოთა ეკონომიკის დასასრულის დასაწყისი
სსრკ-ის ეკონომიკის ნგრევა სტალინის გარდაცვალებისთანავე, 1953 წლის 5 მარტს, დაიწყო.
სტალინის გარდაცვალებიდან მე-10 დღეს, ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, დაიწყო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება ეკონომიკური სისტემის შესაცვლელად. 15 მარტს სასწრაფოდ მიიღეს კანონი „სამინისტროების ტრანსფორმაციის შესახებ“, რომლის თანახმად გაუქმდა „გოსსნაბი“. რისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. შემდეგ, 1953-დან 1962 წლამდე პერიოდში, ეკონომიკის გონებრივ ცენტრ „გოსპლანში“ დაიწყო ქაოსი – 9 წელიწადში რვა ხელმძღვანელი შეიცვალა და ოთხი რეორგანიზაცია განხორციელდა. 1953 წლის 15 მარტის იმავე „სამინისტროების ტრანსფორმაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საკავშირო სამინისტროები სამჯერ და მეტჯერ გამსხვილდნენ. მაგალითად, გააერთიანეს მსუბუქი მრეწველობის, კვებისა და თევზჭერის მრეწველობის სამინისტროები, ხოლო უმაღლესი განათლების, კინემატოგრაფიის, შრომის, რადიოინფორმაციის კომიტეტისა და პოლიგრაფიული გამომცემლობის სამინისტროები კულტურის სამინისტროში გააერთიანეს. ასეთ არასიცოცხლისუნარიან ჰიბრიდებში სხვადასხვა მიმართულების უწყებების მუშაობის ორგანიზება შეუძლებელი იყო. და ეს ყველაფერი მოხდა სტალინის გარდაცვალებიდან მე-10 დღეს.

სტალინის გარდაცვალებიდან 16 დღის შემდეგ, 21 მარტს, მთავრობამ დაიწყო ქვეყნის უდიდესი სამშენებლო პროექტების ლიკვიდაციის განხილვა. ოთხი დღის შემდეგ გაჩერდა 20 გიგანტური სამშენებლო პროექტი. მათ შორის იყო გვირაბი სახალინზე, რომლის 13% უკვე გაყვანილი იყო, და პოლარული რკინიგზა, რომლის მშენებლობაც იმ მომენტისთვის 51%-ით იყო შესრულებული. ეს რომ განხორციელებულიყო, ახლა ნორილსკში ტვირთის გადატანა რკინიგზით იქნებოდა შესაძლებელი.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
იმავე 1953 წელს დაიწყო პროექტი, რომელიც მსხვილ საწარმოებს საკავშირო დონიდან რეგიონულ დონეზე გადაიტანდა. ანუ, თუ ადრე ბელორუსიის სსრ-ში მსხვილი საწარმო პირდაპირ მოსკოვს ექვემდებარებოდა, ახლა ის ბელორუსიის დაქვემდებარებაში გადავიდა. ამრიგად, დაახლოებით 15 ათასი მსხვილი საწარმო, ანუ ქვეყნის ყველა საწარმოს 42% რეგიონულ კონტროლს დაექვემდებარა.
მომდევნო 1954 წელს გეგმური მაჩვენებლები მესამედით შემცირდა, სამინისტროებიდან და უწყებებიდან 450 ათასი თანამშრომელი დაითხოვეს, გაუქმდა 200 სამმართველო, დაახლოებით 900 მომმარაგებელი ორგანიზაცია და ტრესტი, გამოცდილი პერსონალი კი „გაქრა“. 1955 წლის ოქტომბერში ნიკიტა ხრუშჩოვმა გადაწყვიტა, მუშების ხელფასები ინჟინრების ხელფასებზე მაღალი ყოფილიყო, ამიტომ დაბალკვალიფიციური სპეციალისტების ხელფასები გაიზარდა, ხოლო მაღალკვალიფიციური და ინტელიგენციის წარმომადგენლების ხელფასები კი პირიქით – შემცირდა.
ყველაფერი შორსმიმავალი მიზნით გაკეთდა: რატომ უნდა წავიდნენ ახალგაზრდები სასწავლებლად ინსტიტუტებში, თუ მათ შეეძლებათ მეტი გამოიმუშაონ, როგორც მუშამ? მომდევნო 1956 წელს მთავრობის დადგენილებით გაუქმდა სპეციალისტებისა და მუშაკების მოტივაცია წარმოების ხარჯების შემცირების შესახებ, ანუ დაარტყეს ეფექტიანობის გაზრდის სტალინურ მეთოდს. ამის შემდეგ საწარმოებში ახალი იდეები არავის შეუთავაზებია.
სასიკვდილო განაჩენი დაგეგმვის სისტემისთვის
ის გამოიცა 1956 წლის 15 აგვისტოს დადგენილებით, რომლითაც გაუქმდა გამომუშავების ნორმების მაჩვენებლების დაგეგმვა. ანუ, თუ ადრე სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტი შეიმუშავებდა გეგმებს და საჭირო იყო მათი რეალიზაცია, ახლა საწარმოები თვითონ ადგენდნენ თავიანთ გეგმებს, სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტი კი მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებდა. ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია წარმოების ტემპის შემცირება და, შესაბამისად, ფასების ზრდა.
დარტყმა აგრარულ სექტორზე
აგრარულ სექტორს დაარტყეს 1958 წლის მარტში კოლმეურნეობებს მომსახურე მტს -ების (მანქანებისა და ტრაქტორების სადგურების) ლიკვიდაციით. შედეგად, ყველა კოლმეურნეობამ ვეღარ შეძლო მინდვრების დასამუშავებლად საჭირო ტექნიკის შეძენა და გაკოტრება დაიწყო. გაკოტრებული კოლმეურნეობები შეუერთეს მილიონერ კოლმეურნეობებს, ანუ ხელახლა დაიწყეს გამსხვილება. იმავე 1958 წელს გამოიცა ბრძანებულება, რომელიც სოფლებისა და ქალაქების მცხოვრებლებს უკრძალავდა ცხოველების მოშენებას და პირადი მეურნეობების წარმოებას. მოტივაცია ასეთი იყო: სოფლის მცხოვრებლებისთვის უფრო მომგებიანი იყო კოლმეურნეობიდან საკვები პროდუქტების მიღება. ამან გამოიწვია საკვების დეფიციტი და ფასების ზრდა. ამ პოლიტიკის შედეგი იყო არეულობა ნოვოჩერკასკში 1962 წლის ივნისში, როდესაც მთავრობამ გადაწყვიტა, ხორცის ფასი „დროებით“ გაეზარდა 30%-ით, ხოლო კარაქის ფასი – 25%-ით. ამან მუშათა შორის უკმაყოფილება და ღია პროტესტი გამოიწვია.

ამგვარად, ეკონომიკის მთელი სტრუქტურა განადგურდა. ჯერ კიდევ 1954 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთავრობისთვის წარდგენილ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ სსრკ-ში მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებები ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების შენელებას გამოიწვევდა.
სტალინის ეკონომიკური მოდელის დანგრევას თითქმის 40 წელი დასჭირდა. რამდენად ძლიერი და მტკიცე იყო ეს მოდელი და როგორი იქნებოდა ქვეყანა, ყველაფერი ისე რომ დაჩენილიყო, როგორც ადრე? ვფიქრობ, პასუხი ნათელია.
ვებგვერდ dzen.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ