„ეშმაკს არ სძინავს!”

    რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი,  უკრაინას პირდაპირ მოლაპარაკებებს სთავაზობს. იგი   საუბრის დაწყებ თარიღად 15 მაისს ასახელებს. პუტინმა ამის შესახებ კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. პუტინი იხსენებს იმ ფაქტს, რომ 2022  წელს სტამბოლში დაწყებული  პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინულმა მხარემ ჩაშალა. პუტინმა განაცხადა: ”კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთწინასწარი დათქმების გარეშე განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც 2022  წლის ბოლოს ვითონ  შეწყვიტეს. მოლაპარაკებების დაწყებას თავაზობთ გაჭიანურების გარეშე 15 მაისიდან სტამბოლში, იქ, სადაც პროცესი ადრე მიმდინარეობდა და იქ, სადაც იგი შეწყვიტეს“.

    პუტინმა  არ გამორიცხა, რომ  პირდაპირი მოლაპარაკებების შემთხვევაში უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე  შეთანხმდნენ. მისივე თქმით, 11 მაისს ის თურქეთის პრეზიდენტ  რეჯეფ თაიფ  ერდოღანს შეხვდება და მასთან უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხს განიხილავს: ჩვენი შეთავაზება, როგორც იტყვიან, მაგიდაზეა. ახლა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკრაინის ხელისუფლებამ და მათმა კურატორებმა, რომლებიც საკუთარი პირადი პოლიტიკური ამბიციებით ხელმძღვანელობენ და არა საკუთარი ხალხის ინტერესებით .

    პუტინის მტკიცებით, მას უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა სურს. “ჩვენ მიზანდასახულები ვართ უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. მიზანი ისაა, რომ ამოვძირკვოთ კონფლიქტის თავდაპირველი მიზეზები, მივაღწიოთ ხანგრძლივ შეთანხმებას მტკიცე მშვიდობაზე ისტორიული პერსპექტივით.  არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში შევძლოთ შეთანხმება რაღაც სახის ახალ, რეალურ დაზავებებზე და ცეცხლის შეწყვეტაზე “,  – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

    კონფლიქტის მეორე მხარესაც გარკვეული მოძრაობებია.  10 მაისს კიევს ესტუმრნენ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტ  ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ერთობლივ განცხადებაში ევროპელმა ლიდერებმა რუსეთს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისკენ მოუწოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეების თქმით, უკრაინის სამხედრო მომარაგებას გაზრდიან და რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებენ. ევროპელი ლიდერების ვიზიტის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად არიან 30-დღიანი უპირობოდ ცეცხლის შესაწყვეტად ხმელეთზე, ცასა და ზღვაში, რომელიც, თანხმობის შემთხვევაში, 12 მაისიდან ამოქმედდება.

    პუტინის შეთავაზებაზე საინტერესო რეაქცია ჰქონდა უკრაინის დე ფაქტო პრეზიდენტ ზელენსკის: „რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ფიქრი კარგი ნიშანი და კონფლიქტის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ნებისმიერი ომის რეალურად დასასრულებლად პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა. ველოდებით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას – სრულს, ხანგრძლივსა და საიმედოს, ხვალიდან, 12 მაისიდან, და უკრაინა მზადაა შეხვედრისთვის“.

    პუტინმა თქვა, ყოველგვარი წინაპირობების გარეშეო, ზელენსკი აცხდებს, ჯერ ოცდაათდღიანი ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ მოლაპარაკებაო, ანუ წინაპირობას აყენებს, რაც, პრაქტიკულად, მოლაპარაკების შეთავაზებაზე უარის თქმას ნიშნავს. მთავარი კი  ის არის, რომ ეს მხოლოდ ზელენსკის პოზიცია არ არის. “პირველი ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი”, – ასე შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტმა  ემანუელ მაკრონმა პუტინის შეთავაზება სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ. მისივე თქმით, პუტინი დროის მოგებას ცდილობს: “უპირობო ცეცხლის შეწყვეტას წინ არ უძღვის მოლაპარაკებები. პუტინი გამოსავალს ეძებს, მაგრამ დროის მოგება სურს“.

    ამასობაში  ზელენსკი ახალ განცხადებას აკეთებს: ჩვენ ველოდებით ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტასსრულ და გრძელვადიანს, რომელიც უზრუნველყოფს დიპლომატიის აუცილებელ საფუძველს. აზრი არ აქვს მკვლელობების გახანგრძლივებას. და, მე დაველოდები პუტინს ხუთშაბათს თურქეთში პირადად. იმედი მაქვს, რომ ამჯერად რუსები არ დაიწყებენ მიზეზების ძებნას, რის გამოც ამას ვერ მოახერხენ.

    საინტერესო პოზიციაა. არა მგონია, პირადად პუტინი ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავდეს. არც ის მგონია, რომ ზელენსკი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, მაგრამ იგი არც იმისთვის არის მზად, რომ მოლაპარაკებაზე უარი პირდაპირ და ღიად განაცხადოს, ამიტომ იძულებულია, ისეთი რამ თქვას, რომ ვითომ მოლაპარაკების გამართვა სურს, მაგრამ იმავე ნათქვამმა მოლაპარაკების პერსპექტივა გაანადგუროს. რატომ? იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყებას ომი დასასრულისკენ მიჰყავს, ომის დასრულებას კი, თავის მხრივ, ზელენსკი მიჰყავს დასასრულისკენ. სხვათა შორის, უკრაინაში ომის დასრულებას ევროკავშირის პოლიტიკაც  ჩიხში შეჰყავს, სადაც მისი აბსოლუტურად უაზრო და ხელოვნურად გაბერილი ბიუროკრატიული აპარატი აღარავის დასჭირდება.

    პუტინი ზელენსკისთან პირად მოლაპარაკებას, ალბათ, არ გამართავს, ვინაიდან მას, ვადაგასულ და ლეგიტიმაციადაკარგულ მმართველად მიიჩნევს. ზელენსკის კი ძალიან სურს, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრაზეც ისეთივე სპექტაკლი გამართოს, როგორიც თეთრ სახლში ტრამპთან შეხვედრისას დადგა, მაგრამ იმედია, პუტინი მას ამგვარი სიხარულის წუთებს არ მიანიჭებს.

    ამიტომაც განსაკუთრებულ  მნიშვნელობას იძენს ტრამპის პოზიციაა, რომელიც, როგორც ვიცით, პრინციპულად განსხვავდება, ევროპული პოზიციისგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კოლექტიური დასავლეთის „დირექტორი” ჯერჯერობით მაინც ეგ არის. ტრამპმა კი, ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით, აი, რა განაცხადა: პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ ასიათასობით გადარჩენილი სიცოცხლე, როდესაც ეს გაუთავებელი სისხლისღვრა, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და ბევრად უკეთესი მსოფლიო. გავაგრძელებ ორივე მხარესთან მუშაობას, რათა ეს მოხდეს. აშშ სურს, ომის ნაცვლად  ყურადღება აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე გაამახვილოს. წინ დიდი კვირა გველოდება!“

    ტრამპმა ყოველგვარი რევერანსების გარეშე მოუწოდა ზელენსკის, რომ სასწრაფოდ დათანხმდეს პუტინის წინადადებას: პრეზიდენტ პუტინს, დროებითი ზავის გაფორმება კი არა, ხუთშაბათს თურქეთში შეხვედრის გამართვა სურს, რათა მოლაპარაკოს სისხლისღვრის დასრულებაზე. უკრაინა ამას დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს!”

    ეს არის ტრამპის დამოკიდებულება, რომელიც, შეიძლება ითქვას,   ნორმალურია.  უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მაკრონისა და მერცის მიდგომებთან შედარებით  რეალისტურია, თუმცა ტრამპის ერთმა წინადადებამ მთლიანად გაშიფრა მისი მუცლის გვრემა. აი, ეს წინადადებაც: დაეჭვებას ვიწყებ იმაში, რომ უკრაინა შეთანხმებას მიაღწევს პუტინთან, რომელიც ზედმეტად დაკავებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით, რომელშიც აშშ გარეშე გამარჯვება ვერ მოხდებოდა (ახლოსაც კი არ იქნებოდა). ახლავე გამართეთ შეხვედრა”.

    ტრამპის მიერ ყოვლად უადგილოდ შემოტანილი მეორე მსოფლიო ომის თემა ფსიქოლოგიურ ანალიზს ითხოვს. რას ნიშნავს ის, რომ, ტრამპის აზრით, პუტინი ზედმეტად არის დაკავებული მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით? ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპი გაღიზიანებულია რუსეთისა და ჩინეთის განსაკუთრებული და აშშისთვის სახიფათო დაახლოებით, რომელიც გამარჯვების  მე–80  წლისთავისადმი მიძღნილ აღლუმზე ხაზგასმით გამოიკვეთა. გარდა ამისა, ტრამპმა ისიც იცის, რომ 9 მაისი მხოლოდ გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვების დღე კი არ არის, საბჭოთა კავშირის კოლექტიურ დასავლეთზე გამარჯვების დღეა. ჩერჩილისა და რუზველტის სტალინთან მოკავშირეობა ის ფერუმარილი იყო, რომლითაც ამ ორმა სახელმწიფომ ფასადი გაიკეთილშობილა, მაგრამ შიგნიდან ისეთივე ფაშისტურ-იმპერიალისტური დარჩა, როგორიც ჰიტლერის გერმანია, მუსოლინის იტალია და ფრანკოს ესპანეთი იყო. როგორი საკვირველიც უნდა გეჩვენოთ ეს განცხადება, მეორე მსოფლიო ომში აშშიც დამარცხდა და დიდი ბრიტანეთიც. გამარჯვება, რომელიც მათ სტალინის დახმარებით (სტალინს ეს სჭირდებოდა ნაკლები მსხვერპლით და მოკლე დროში ომის დასამთავრებლად) მიიწერეს და შეიფერეს, ყალბი იყო, რაც მთავარია, მწარე გახლდათ, რადგან შეუძლებელი იყო, რომ სოციალისტური საბჭოთა კავშირის გამარჯვების პარალელურად კაპიტალისტური დასავლეთის გამარჯვებაც დამდგარიყო, რადგან ეს ორი მოვლენა საფუძველშივე ეწინააღმდეგება და გამორიცხავს ერთმანეთს. ამიტომ,  თუ შეიძლება ასე ითქვას, ქვემეხის ლულა ჯერ  გაცივებული არ იყო, როდესაც ავაზაკი ჩერჩილი არანაკლებ ავაზაკ ტრუმენთან ფარულ გარიგებას იწყებდა საბჭოთა კავშირზე ხელახალი თავდასხმის შესახებ. ამ ოპერაციას სახელიც შეურჩიეს წარმოუდგენელი, მაგრამ არ ჩაუვიდათ ფეხი, სტალინის დავალებითა და ბერიას უშუალო მეცადინეობით, საბჭოთა კავშირმა ბირთვული იარაღის შექმნა მოასწრო. ტრამპის  ნათქვამი ის ერთი წინადადება, რომ პუტინი ზედმეტად არის დაკავებული მეორე მსოფლიო ომში გამაჯვების აღნიშვნით, იმ ისტორიული ფაქტის გამო მოთქმა და გლოვაა, რომელსაც დასავლეთი ვერასოდეს მოინელებს, მაგრამ ვერც ვერასოდეს შეცვლის. დასავლეთი ახლა მეორედ მარცხდება.   მათთვის ეს მეორე გლოვის ზარია, რომელსაც ისინი ისევე ვერ ეგუებიან, როგორც ჰიტლერის მარცხს ვერ შეეგუენ, მაგრამ ნათქვამია, – ძალა აღმართს ხნავს!

    შექმნილი ვითარება საინტერესოდ შეაფასა თურქმა ისტორიკოსმა და პოლიტოლოგმა მეხმეტ პერინჩეკმა: რუსეთის წინადადებამ, რომ 15 მაისს სტამბოლში გაიმართოს მოლაპარაკება, კიევი კუთხეში მიამწყვდია. კიევი ან მიიღებს ამ შეთავაზებას და მიუჯდება შეთანხმების მაგიდას, ან დაკარგავს ანკარის შუამავლობას”.

    ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რა თქმა უნდა,  შეუძლებელია, მაგრამ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები საკითხთზე  მსჯელობას არ ერიდებიან.

    გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მხარი აუბა საფრანგეთის პრეზიდენტს და განაცხადა: „ჯერ ქვემეხები უნდა დადუმდნენ”.

    ანალოგიური რიტორიკით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი: „ჯერ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით”. კელოგს მხარი დაუჭირეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ სამსახურში.

    ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ პუტინის განცხადება ასე შეაფასა: „ეს იყო გამოსვლა კაცისა, რომელიც იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და   ამასთანავე, ზუსტი წარმოდგენა აქვს საერთაშორისო ვითარებაზე, იცის, როგორ მიაღწიოს მშვიდობას”.

    სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა: ერთი მხრივ, შოკირებული ვარ პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზებით, მეორე მხრივ კი გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციით, რომ არ დაეთანხმონ ამ შეთავაზებას. ეს რა მათი საქმეა? ისინი, რა, უკრაინის პრესმდივნები არიან? მერე ნუ ექნებათ ჩემთან პრეტენზია იმის გამო, რომ ვამბობ, დასავლეთის ბევრ სახელმწიფოში არ სურთ ომის დასრულება”.

    ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარინ კნაისელი ამბობს: „რუსეთმა გაიმარჯვა. უკრაინას სხვა გზა არ აქვს”.

    ყოველივე ზემონათქვამს დავძენ: პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთთან დაპირისპირებაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ დიპლომატიურ და ზნეობრივ უპირატესობებს მიაღწია, რომლებიც საბოლოო შედეგებზე აუცილებლად აისახება, თუმცა დასკვნების გაკეთებას მაინც არ ვიჩქარებ, რადგან, ვინ იცის, რა მოხდება. ნათქვამია: „ეშმაკს არ სძინავს!“

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                              

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here