3 მაისს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძის, ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით “დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილე”. შეხვედრაზე დაიგეგმა 9 მაისის ღონისძიებები.
მრგვალი მაგიდა, რომელსაც 32 ადამიანზე მეტი ესწრებოდა, გახსნა გულბაათ რცხილაძემ. მან ისაუბრა ვაკის პარკში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გაჭიანურებასა და უცნობი ჯარისკაცის საფლავის მოუწესრიგებლობაზე. „სამი წლის წინათ ვამბობდით, რომ უცნობი ჯარისკაცის საფლავს დროულად არ მოაწესრიგებდნენ, ზოგიერთის განცხადებით კი ვაკის პარკის რეკონსტრუქცია ერთ წელიწადში დასრულდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ამიტომ წლევანდელი 9 მაისის ღონისძიება კვლავ კიკვიძის ბაღში, მელიტონ ქანთარიას ძეგლთან ჩატარდება, სადაც წარმოდგენილი იქნება ომისდროინდელი უნიკალური ფოტომასალა”, _ განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.
მრგვალი მაგიდის ორგანიზატორმა დამსწრე საზოგადოებას წაუკითხა ევრაზიის ინსტიტუტის სახელით შედგენილი მიმართვა პარლამენტისა და მთავრობისადმი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომი, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მრავალეროვნულმა საბჭოთა არმიამ, რომლის რიგებში ქართველებიც იბრძოდნენ, დაიცვა ჩვენი სამშობლო და მთელი ევროპა ფაშისტური სიბინძურისაგან. სწორედ გერმანელ ფაშისტ დამპყრობლებზე გამარჯვებას აღნიშნავს ჩვენი ქვეყანა 9 მაისს. ეს დღე რჩება უქმედ ანუ ოფიციალურ (სახელმწიფო) ზეიმად საქართველოში.
საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, ქვეყნის პატრიოტები, გაკვირვებას გამოთქვამენ, რატომ იკრძალება ამ საზეიმო დღეს ისტორიული რელიკვიების გამოყენება; მაგალითად, გამარჯვების დროშის ასლის; რატომ არის მიგდებული და არ უტარდება რესტავრაცია უცნობი ჯარისკაცის საფლავსა და ძმათა სასაფლაოს თბილისში და კიდევ მრავალი სხვა მომენტი, რომლებიც გამარჯვების დღის მნიშვნელობას აკნინებს _ იმ გამარჯვების დღის, რომლის მისაღწევად ქართველმა ხალხმა სავსებით შეგნებულად გაიღო გმირული მსხვერპლი. დიადი გამარჯვების 80 წლისთავის წინ ჩვენ გვსურს, მოგმართოთ ორი კონკრეტული ინიციატივით:
პირველი: ჩვენ ყველა _ როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობა, ისე მთელი საზოგადოება, პატივს უნდა მივაგებდეთ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს არა მხოლოდ როგორც ჩვენს მამებს, პაპებსა და დიდ პაპებს, არა მხოლოდ როგორც ასაკოვან ან გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებიც ცივილიზებულ საზოგადოებაში ყოველთვის პატივცემული ხალხია, არამედ როგორც სამშობლოსა და მთელი კაცობრიობის დამცველებს მსოფლიო ბოროტებისაგან. ჩვენი წინაპრები, რომლებიც ნაცისტურ გერმანიასა და მის მოკავშირეებს ებრძოდნენ, ნამდვილი გმირები არიან. მათ საბჭოთა სახელმწიფო თავისი ორდენებითა და მედლებით აჯილდოებდა. ამით ყურადღება მახვილდებოდა მათი თავდადების მნიშვნელობაზე, მაგრამ ეს ჯილდოები არ არის თანამედროვე საქართველოში ოფიციალურად აღიარებული. გაურკვეველია დიდი სამამულო ომის პერიოდის ორდენებისა და მედლების სტატუსი. ვიღაცას შეუძლია, ისინი სულაც მიიჩნიოს „საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოდ”.
საქმის ასეთი ვითარება ნორმალური არ არის, ამიტომ გთავაზობთ, ოფიციალურად გაუთანაბრდეს ჩვენი ვეტერანების საბრძოლო ჯილდოები თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებს. ეს იქნება ჩვენი გმირი თანამემამულეების დამსახურების გულწრფელი აღიარება. ცოცხალი ვეტერანებისთვის ეს იქნება ყველაზე სასიხარულო საჩუქარი, ასევე მოხდება ომში ასიათასობით დაღუპული ან ომის შემდეგ გარდაცვლილი ვეტერანების ხსოვნის ჭეშმარიტი უკვდავყოფა.
მეორე: გთავაზობთ, ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული აგრესია საბჭოთა კავშირში შემავალი ერების მიმართ აღიარებულ იქნას გენოციდად. ბუნებრივია, ეს გენოციდი ქართველ ხალხსაც შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილა. ჩვენი გმირი წინაპრები ფაშისტური აგრესიის გამო იღუპებოდნენ, მსხვერპლის რაოდენობა პატარა საქართველოსთვის უზარმაზარია. ნაცისტთა ტყვეობაში ასევე დიდი რაოდენობით ქართველი დაიღუპა, მათ მონურად ამუშავებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.
ვფიქრობთ, საერთაშორისო არენაზე იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სსრ კავშირზე განხორციელებულ აგრესიას გენოციდად აფასებენ, საქართველოს ინტერესებს შეესაბამება. ამით მაღლა იწევს ჩვენი ქვეყნის, მისი ისტორიის სტატუსი, მყარდება საქართველოს სუვერენიტეტი. ამასთანავე, ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა მოძმე ერებისადმი, რომლებმაც ასევე განიცადეს დიდი დანაკლისი ფაშისტური აგრესიის გამო.
ევრაზიის ინსტიტუტის სახელით, გულბაათ რცხილაძე
თბილისი, 3 მაისი, 2025 წ. მხარდაჭერილია ფორუმის მონაწილეების მიერ _ „გამარჯვების 80 წლის იუბილე _ 9 მაისის აქტუალობა საქართველოსთვის”
შეხვედრაზე ისაუბრეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ტასის” ისტორიულ ფოტოგამოფენაზე, რომელიც დიდი სამამულო ომის მოვლენებს აღწერს. ამ საკითხზე მოისმინეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის გამოსვლაც. მან “ტასის” თანამშრომლების უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა.
მეტად საინტერესო და ამაღელვებელი აღმოჩნდა მრგვალი მაგიდის ბოლო ნაწილი, რომელშიც წარმოდგენილი იყო ისტორიული მასალები ავსტრიის ქალაქ მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილი ქართველი ჯარისკაცების ბედზე. ამ საკითხზე სასუბროდ მოსკოვიდან ჩაერთო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე გრიბოვსკი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ომში დაკარგული და დაღუპული ჯასრისკაცების მოძიებაზე. ალექსანდრე გრიბოვსკიმ წარმოადგინა სია იმ ქართველებისა, რომლებიც მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკებში დახვრიტეს 1945 წლის იანვარ-თებერვალში.
მრგვალი მაგიდის დასასრულს ითქვა, რომ 9 მაისს, 10 საათზე, კიკვიძის ბაღში შეიკრიბებიან ყვავილებით, “ტასის” მიერ მოპოვებული უნიკალური ფოტომასალით და პატივს მიაგებენ დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა