ხელისუფლებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია (მისი ზუსტი სახელია ,,2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ კომისია) 2025 წლის თებერვალში აამუშავა. ამ კომისიის შემადგენლობაში არიან: „ქართული ოცნებიდან“ _ თეა წულუკიანი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია; „ხალხის ძალიდან“ _ სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი; „ევროპელი სოციალისტებიდან “ _ ილია ინჯია.
დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა 3 თვის ვადით, მაგრამ მისი მუშაობის ვადა შეიძლება 6 თვემდე გახანგრძლივდეს.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის გამოტანა იყო და დღეს ქართველი საზოგადოება პირდაპირ სატელევიზიო ეთერში ადევნებს თვალს წინა ხელისუფლებისდროინდელი მაღალი თანამდებობის პირების აღიარებით ჩვენებებს. კომისია მკაცრია, დეტალურად არკვევს ,,ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამ მხრივ ხმაურიანი იყო 2008 წლის აგისტოს ომის პერიპეტიების განხილვა…
ყველაფრის მიუხედავად, ტელემაყურებელი მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი კომისიის მიმართ _ ბევრს არ სჯერა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან და სამართლიანობა სრულად აღდგება, რადგან ოდესის ყოფილი გუბერნატორი და 2008 წლის აგვისტოს ომის დამწყები სააკაშვილი, რომელიც იმხანად საქართველოს პრეზიდენტი იყო, ჯერ კიდევ არ არის საპყრობილეში… პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ანალიტიკოსი გიორგი ხარიბეგაშვილი გვესაუბრება:
_ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ნაცებს აღარ გაახარებს, ამოძირკვავს, აკრძალავს… დამაჯერებელია ,,ქართული ოცნების” ეს მცდელობა?
_ ხელისუფლებას ,,ნაცმოძრაობის” გასამართლება ნამდვილად რომ სურდეს, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა, იმის მიუხედავად, ნაცების მმართველობის პერიოდში დანაშაულების ჩამდენი პირი ახლა ,,ნაციონალურ მოძრაობაშია”, ,,ახლებში”, ,,ლელოში” თუ თვით ,,ოცნებაში”. გარდა ამისა, აგვისტოს ომის მთავარი დამნაშავე სააკაშვილი ,,ვივამედის” სანატორიუმიდან არ გამოუბრძანებიათ. ომის კიდევ ერთი დამნაშავის, კეზერაშვილის, ბიზნესები კი ხელუხლებელია. ,,ოცნებამ” რეგისტრაციაში გაატარა ბოკერიას ,,ფედერალისტები”, ,,კონსერვატორებს” კი კვლავ ბლოკავს თითიდან გამოწოვილი მიზეზებით.
_ კანონების გამკაცრების მიუხედავად, ხელისუფლება აგრესიულ მომიტინგეებს კვლავ ძალიან ფრთხილად ეპყრობა. 31 მარტის აქციაზე ბევრჯერ დაირღვა კანონი, მაგრამ სამართალდამცველებს შესაბამისი ზომები არ გამოუყენებიათ. საზოგადოება დაიღალა ქუჩაში მიმდინარე მარაზმული პროცესის ყურებით, მაგრამ ხელისუფლებამ ვერა და ვერ აღკვეთა ეს უმსგავსობა…
_ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს დიქტატურის დამყარება. ამისთვის თვითონ ამწვავებს ვითარებას, ე.წ. დაპადიეზდების მეთოდით, ქუჩიდან ვითომდა ,,გულწრფელი მოქალაქეების” მისევით ცალკე მდგომ მომიტინგეებთან და ა.შ. ხელისუფლება ცდილობს, შექმნას ,,სამართლებრივი საფუძველი” რეპრესიული პოლიტიკის გასატარებლად. მომიტინგეები ფაქტობრივად იქცნენ დიქტატურის დასამყარებლად საჭირო სახარჯ მასალად და სასარგებლო იდიოტებად. აქამდე ,,ბუას” როლს სააკაშვილი ასრულებდა, მაგრამ ამ არაკაცმა ისტერიკული ქცევითა და ოდიოზური განცხადებებით ისე გაიფარჩაკა თავი, ხელისუფლება მიხვდა, რომ ახალი საფრთხობელაა მოსაფიქრებელი. ასეთად იკვეთება ,,დიფ სთეითის” მიერ ჩანერგილი აგენტურა. ეს აგენტურა ნამდვილად არსებობს, მაგრამ აგენტების ძებნა ადრენალინისა და დოფამინის მაძიებელ მოძიგძიგე სტუდენტებში სასაცილოა, ამიტომ ახლა ახალი საფრთხობელების გამოძერწვას ცდილობენ.
_ ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებია. როგორ ფიქრობთ, რომელი პარტიები იქნებიან სახელისუფლო გუნდთან ერთად წარმოდგენილი ამ არჩევნებში?
_ თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლება შეეცდება, ერთი მხრივ, სრულად ჩახსნას არჩევნებიდან პროდასავლური პარტიები; მეორე მხრივ კი _ არ მისცეს ეროვნულ ძალებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. შეეცდებიან, შექმნან სურათი, რომ კონსერვატიულ ფლანგზე ერთადერთი უალტერნატივო ძალა ,,ქართული ოცნებაა”, ოპოზიციურ პარტიებად კი გაიყვანოს მის კონტროლს დაქვემდებარებული ძალები _ ,,ხალხის ძალა” და ,,სოლიდარობა მშვიდობისთვის”; შეიძლება ვიხილოთ ,,ბატონ ბიძინას მოყვარულთა ფანკლუბი” და სხვ. მსგავსი რამ ხდებოდა სააკაშვილის პერიოდშიც, როცა მთავარ ოპოზიციურ ძალად გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია იყო გაფორმებული. ყველაფერი ავტორიტარიზმისკენ მიდის, ,,ოცნება” კი ,,ნაცმოძრაობას” ემსგავსება.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი