რატომ ღირს კვერცხი ყველაზე ძვირი  საქართველოში?

    სოფლის მეურნეობის სფეროში, წლებია, მილიონობით ლარი იხარჯება და რა შედეგი უნდა მივიღოთ, პასუხი არავის აქვს... ათი ადამიანი მაინც გვაჩვენეთ, რომლებიც იტყვიან, რომ სასოფლო -სამეურნეო პროგრამებით იხეირა, რომ გაუმართლა და დიდძალი ფული იშოვა

    ხშირად დაგვიწერია, რომ საქართველოში კვერცხის ბიზნესს კონკრეტული ადამიანები „ასხდნენ“ და ადგილობრივ მეწარმეებს გასაქანს არ აძლევდნენ. შემოჰქონდათ კვერცხი და ადგილობრივებს იმპორტიორებთან  უწევდათ კონკურენცია. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მათ ლიმიტი ჰქონდათ, ანუ არ უნდა ეწარმოებინათ იმაზე მეტი, რითაც შემოტანილს რაიმე პრობლემა შეექმნებოდა. მერე ეს ამბავი  ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მივიდა და მისი ხელის ერთი აქნევა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ადგილობრივებს ხელ-ფეხი გახსნოდათ. ზუსტად 3 თვეში  ადგილობრივმა წარმოებამ ბაზარი 98%-ით აითვისა, ანუ ადგილობრივმა ფერმერებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ბაზრის სრულად დაკმაყოფილება, მაგრამ… ეს სიამოვნება მხოლოდ ორიოდე წელს გაგრძელდა და ახლა ისევ შემოტანილი კვერცხის იმედად ვართ და,  რაც მთავარია, ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში კვერცხი ყველაზე ძვირი  სწორედ საქართველოში ღირს.

     კვერცხის სიძვირის ერთ-ერთი  ფაქტორი არის ის, რომ ქათმების საკვების უდიდესი ნაწილი უცხოეთიდან შემოგვაქვს. მოგეხსენებათ, სპეციალური ჯიშის ქათამმა კვერცხი ყოველდღიურად რომ დადოს, ამისათვის სხვადასხვა მინარევია საჭირო, რომლებიც საქართველოში  არ იწარმოება.

    ახლა ჩამოგითვლით იმ ხუთ ქვეყანას, რომლებშიც კვერცხი ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფია, საუბარია 12-ცალიან შეფუთვაზე:

     ყველაზე ძვირი: შვეიცარია – 6,61 დოლარი, ახალი ზელანდია – 6,12 დოლარი, ნიდერლანდები – 4,34 დოლარი, ავსტრია – 4,11 დოლარი, ავსტრალია – 4,09 დოლარი, აშშ – 3,91 დოლარი;

    ყველაზე იაფი: ინდოეთი – 0,95 დოლარი, რუსეთი – 1,35 დოლარი, ინდონეზია – 1,56  დოლარი, ჩინეთი – 1,62 დოლარი, მალაიზია – 1, 91 დოლარი.

     რაც შეეხება საქართველოს, აქ 12 ცალი კვერცხი საშუალოდ 2,32 დოლარი ღირს. შესადარებლად:  აზერბაიჯანში იმავე რაოდენობის კვერცხის ფასი 1,37 დოლარია, სომხეთში – 2,31 დოლარი, თურქეთში კი – 1,67.  კვერცხის გაძვირება ბოლო პერიოდში გავრცელებულმა ქათმის გრიპმა გამოიწვია, რომლის გამოც მსოფლიოში მილიონობით ქათამი განადგურდა. საერთოდ, ქათამი ყველაზე პოპულარული ფრინველი და ერთადერთი სახეობაა, რომელიც ადამიანთა რაოდენობას უტოლდება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კვერცხის ფასმა მსოფლიოში საშუალოდ 15%-ით მოიმატა, მაგრამ მატება არ უნდა ასახულიყო საქართველოზე, რადგან აქ ქათმის გრიპის ნიშნებიც კი არ არის, მაგრამ ხომ იცით, აქ როგორ ხდება: გაძვირდა სხვაგან – ძვირდება ჩვენთანაც, გაიაფდა სხვაგან – ჩვენთან  ფასი იგივე რჩება, რადგან აქ ხომ ბიზნესმა არ უნდა იზარალოს და ყველაფერი მოსახლეობის კისერზე უნდა გადავიდეს?!  ამის არც კონტროლის მექანიზმი გვაქვს და არც სურვილი კლავს ვინმეს, ეს ყველაფერი აკონტროლოს.

    არადა, კვერცხი, კარტოფილთან ერთად, გაჭირვებული ადამიანების ერთ-ერთი მთავარი საკვები პროდუქტია და, ამის მიუხედავად,  არც მისი ფასი კონტროლდება, ზუსტად ისე, როგორც კარტოფილის შემთხვევაში და მერე რა, რომ კვერცხის ფასი 20-30 თეთრით მუდმივად  თამაშობს და ეს 20-30 თეთრი ბევრი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია.

    სხვა საკითხია, იმ პროდუქტის სიჯანსაღე, რომელსაც ვჭამთ. კვერცხის მდებელი ქათმების უდიდესი ნაწილი თურქეთიდან შემოგვყავს და ამ შემთხვევაში თურქები ნამუსიანად იქცევიან. სპეციალურად დამუშავებული ქათმების 99%-ზე მეტი 18 თვის განმავლობაში კვერცხს ყოველდღიურად დებს, შემდეგ კი წონას ნელ-ნელა იკლებს და, საბოლოოდ ფერმერები „ნამუშევარ“ ქათამს 1 და 2 ლარად ყიდიან, თუმცა მათი მყიდველიც ცოტაა, რადგან ქათმის ხორცი  არ ვარგა. პრინციპში, ვარგა კი არა, ქათამს რეალურად ძვალი და ტყავი აქვს შერჩენილი. ის, რაც ძვალსა და ტყავს შუა არის დარჩენილი, ხორცს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ეს არის ლურჯი ფერის მკვრივი მასა, რომელიც არც იხარშება, არც იწვება და არც იჭმევა. შესაბამისად, ფერმერები მათ, ძირითადად, ზოოპარკებს აბარებენ ხოლმე (საუკეთესო შემთხვევაში – 50 თეთრად) და თვითონაც ხვდებით, რომ 18-20 ლარად ნაყიდი ქათმის 50 თეთრად გაყიდვა, რას ნიშნავს.

    კვერცხის მცირე მწარმოებელ რამდენიმე ფერმის ხელმძღვანელს პირადად ვიცნობ. ისინი ჩივიან, რომ მათ კვერცხს დიდი რაოდენობით არ აწარმოებინებენ, გასაღებაზე პრობლმას უქმნიან და, გარდა იმისა, რომ შემომტანები ან მათთან დაახლოებული პირები აძლეევენ მითითებებს, ადგილობრივი  დიდი მწარმოებლებიც არ ასვენებენ და ფასს ისე ათამაშებენ, მცირე მეწარმეებს თავი ძლივს გააქვთ.

     კარს აღდგომა მოგვადგა და, რაღა თქმა უნდა, ამ დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი –  კვერცხი, დეფიციტი რომ არ იყოს, ფერმერები ემზადებიან, მაგრამ ძაღლის თავიც აქ არის დამარხული. დიდი მწარმოებლები ფასს დააგდებენ, ოღონდ, ისე კი არა, მოსახლეობამ იგრძნოს შეღავათი, არამედ ისე, რომ მცირე მეწარმეებმა იზარალონ,  თვითონ კი მოგება ნახონ. მერე, ამ მცირე საწარმოებს აკოტრებენ, ყიდულობენ და თავიანთ  დიდ საწარმოებს  უერთებენ. ასეთი არაერთი შემთხვევაა აღრიცხული  და, სამწუხაროდ, გამკითხავი ჯერ არ ჩანს. ზუსტად ისე ხდება, როგორც კვერცხის ფასის რეგულირებისას.

    დღეს  კვერცხის ჩაბარების ფასი 36 თეთრია, ანუ მაღაზიები ამ ფასში იბარებენ და გასაყიდი ფასი 48–დან  58 თეთრამდე მერყეობს. ახლა ხომ ხვდებით, ასეთი სხვაობა ფასებში რას ნიშნავს? დიდი კომპანია მზად არის, ერთ კვერცხში ათი თეთრი იზარალოს, ოღონდაც მცირე მეწარმე „გაგუდოს“ და, როცა საქმე ათი ათასობით კვერცხს ეხება, 10 თეთრი დიდ როლს თამაშობს. რას აკეთებს ამ დროს კონკურენციის სააგენტო? სწორია – თავისუფალ ბაზარში არ ერევა და არაფერს აკონტროლებს. სამაგიეროდ, ამ სააგენტოში ადამიანები მუშაობენ, ხელფასებს იღებენ და… არაფერში  ერევიან. ჯიუტად გავიმეორებთ:  ამ სააგენტოს მეტი უფლებები უნდა მივცეთ. მას უნდა ჰქონდეს კონტროლის უფლება, თორემ, როგორც სამიოდე კვირის წინათ თქვა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ სრულდება და, სამწუხაროდ,  მოთხოვნისა და  კონტროლის უფლება არ  გვაქვსო. ანუ, ისინი იღებენ  რეკომენდაციებს, რომლებსაც არავინ ასრულებს და არ არსებობს მათი შესრულების მოთხოვნის მექანიზმი. როგორ გგონიათ, როცა  ბიზნესმენმა  იცის, რომ რეკომენდაციის შესრულება  ხარჯებს  გაუზრდის, მაგრამ, თუ არ შეასრულებს, შენიშვნასაც კი არავინ მისცემს, რას გააკეთებს? იმას, რასაც ახლა აკეთებს – ცალ ფეხზე დაიკიდებს ნებისმიერ ასეთ რეკომენდაციას (ცალ ფეხზე იმიტომ, რომ მეორეზე მოსახლეობა და მათი ინტერესები ჰკიდიათ).

    სად არის გამოსავალი? კვერცხის წარმოება სოფლის მეურნეობის მიმართულებაა და სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა მიხედოს ყველაფერს. ეს სამინისტრო ვალდებულია, ბაზარზე ბალანსის დაცვის მექანიზმი შექმნას, რომელიც, უპირველესად, მოსახლეობის ჯიბეზე აისახება დადებითად; იმ მოსახლეობის, რომელიც მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ ხოლმე და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ხმა არის საჭირო, თორემ, არჩევნებზე რომ არ სჭირდებოდეთ, არც მაშინ გაახსენდებოდათ. ათასნაირი პროგრამები და იქ ჩადებული ათეულობით მილიონი რეალურად არ მუშაობს.  ეს თვითონაც  კარგად იციან, მაგრამ აღებულ გეზს მიჰყვებიან და გზიდან არ უხვევენ. ვერ გეტყვით, ამას რატომ აკეთებენ, რისი მიღწევა სურთ.   ხომ არსებობს გეგმა, ხომ იხარჯება მილიონობით თუ მილიარდობით ლარი, მაგრამ  სად უნდა მივიდეთ, რა შედეგი უნდა მივიღოთ, ამაზე პასუხი არავის აქვს. მთავარია,  წლის ბოლოს ანგარიშში ეწეროს, რომ დაიხარჯა ამდენი მილიონი და დასავლელ პარტნიორებს სახეზე ააფარონ: ხედავთ, სოფლის მეურნეობაზე როგორ ვზრუნავთო?  წლებია, ეს პროგრამები ხორციელდება და გვაჩვენეთ ათი ადამიანი მაინც, რომლებიც იტყვიან, რომ ამ პროგრამებით იხეირა, რომ დიდძალი ფული იშოვა, რომ გაუმართლა. რეალურად, ადამიანებს ნახევარ ფასში ნაყიდი ტრაქტორები შერჩათ ხელში და მეტი არაფერი.

    ალბათ, დროა,  ისევ ბიძინა ივანიშვილმა აიქნიოს ხელი და ისევ დაადოს აკრძალვა უცხოეთიდან კვერცხის შემოტანას და ხელი შეუწყოს მცირე მეწარმეებს. სხვაგვარად მართლა არაფერი გვეშველება და  კვერცხის შემთხვევაშიც  მთლიანად შემოტანილ პროდუქციაზე გადავალთ.  მერე  ჩვენც იმ მოწინავე ქვეყნების ხუთეულში მოვხვდებით, რომლებშიც კვერცხი ყველაზე ძვირი ღირს.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                             

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here