არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!

    არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!

    სათაური საქართველოში დასავლეთის აგენტურას დავესესხე, რადგან ამ სიტყვებში, რომელთა ძახილითაც ისინი თბილისის ქუჩებში დათარეშობენ, დიდი სიმართლეა გამჟღავნებული. დიახ, დიდი სიმართლე, ოღონდ არა მათი (აგენტურის) სიმართლე, არამედ დიდი საზოგადო სიმართლე.

     თანამედროვე მსოფლიოში მშვიდობის საშინელი დეფიციტია, რომელიც სამართლიანობის დეფიციტიდან მომდინარეობს. ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ იძულებული ვარ, კიდევ გავიმეორო უმარტივესი ჭეშმარიტება, რომ მსოფლიო უსამართლობის გზით განვითარდა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კაცობრიობის ისტორია, პრაქტიკულად, ომების ისტორიაა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური სისტემის სახით საზოგადოებისა და სახელმწიფოს სამართლიანი მოწყობის პრეცედენტი არსებობს, ჯერჯერობით მსოფლიოს დიდი ნაწილი საფუძველშივე დანაშაულებრივ და უკვე სისტემურ კრიზისში ჩაძირულ კაპიტალიზმში ცხოვრობს, რომელიც მუდმივი ლოკალური ომების საფუძველთან ერთად გლობალური დაპირისპირების საფრთხესაც ქმნის.

    სამართალი რანაირად იზეიმებს, თუკი აშშ მსოფლიო ჰეგემონიზმის პრინციპით იხელმძღვანელებს და დანარჩენი ზესახელმწიფოების დასუსტებისა და მათთვის სამოქმედო არეალის შეკვეცის მტაცებლური ჟინით იქნება შეპყრობილი?! საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არანაირი აუცილებლობა არ იდგა ნატოს არათუ გაფართოების, არამედ თუნდაც შენარჩუნებისა. ნატო ისევე უნდა დაშლილიყო, როგორც მისი საპირწონე ბლოკი (ვარშავის პაქტი) დაიშალა. ნაცვლად ამისა, დასავლეთმა ნატოს შემადგენლობაში ჯერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეათრია, შემდეგ – საბჭოთა (ბალტიისპირეთი) რესპუბლიკებიც, ბოლოს კი უკრაინასა და საქართველოს მიადგა. ეს დასავლეთის მიერ მოწყობილი ის პროვოკაცია იყო, რომელიც ბირთვული კატასტროფის წინაშე აყენებდა მსოფლიოს. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ენის აკრძალვა, მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ლაშქრობა, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, დონბასის ტერიტორიაზე თხუთმეტი ათასი ეროვნებით რუსი ადამიანის დახოცვა სამართლიანობისა და მშვიდობის საწინააღმდეგო ქმედებები იყო. რაც მთავარია, ეს ყველაფერი დასავლეთში შემუშავებული გეგმით მიმდინარეობდა. მას შემდეგ კი, რაც პროცესი ღია საომარ მოქმედებებში გადაიზარდა, ყველაფერი დასავლეთის დაფინანსებითა და შეიარაღებით წარიმართა, რამაც, ერთი მხრივ, უკრაინა მიწასთან გაასწორა, მეორე მხრივ კი, მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დააყენა.

    დღეს აშშ-ის სათავეში ბაიდენის ნაცვლად ტრამპია, რომელმაც მიდგომები შეცვალა. Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა აღიარა, რომ რუსეთის დამარცხებაზე ფიქრი არარეალურია: „მათ დაამარცხეს ჰიტლერი, მათ დაამარცხეს ნაპოლეონი. რუსეთი უძლიერესი სამხედრო მანქანაა!” ტრამპმა ამ ნათქვამს რეზიუმეც მოაყოლა: „ეს საშინელი ომი უნდა შეჩერდეს!” ამ ამბავში სწორედ ეს მიდგომაა მთავარი, რადგან იმ შინაარსის გარდა, რომელიც ამ სიტყვებში პირდაპირ იკითხება, ის ფარული შინაარსიც ჩანს, რომ რუსეთთან შერკინებაში (ნაპოლეონისა და ჰიტლერის კვალდაკვალ) თანამედროვე დასავლეთიც დამარცხდა. ტრამპის ამ მიდგომაში მრავალპოლუსიანი მსოფლიოს აღიარებაც ჩანს. არა სურვილი ან მხარდაჭერა მრავალპოლუსიანობისა, არამედ აღიარება ფაქტისა, რომ მრავალპოლუსიანი მსოფლიო უკვე ჩამოყალიბებულა. და რაკი ეს რეალობაა, მოცემულობაა, მისი გაუთვალისწინებლობა შეუძლებელია. ტრამპის მოსვლამდე დასავლეთი ამ ფაქტს არ აღიარებდა და ისე ცხოვრობდა, თითქოს მსოფლიო ისევ ერთპოლუსიანი იყო. ამ ნებაყოფლობითი სიბრმავიდან მოდიოდა ის მიდგომა, რომელიც რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხების ლოზუნგში გამოიხატებოდა. ტრამპმა კი სწორედ იმ ფაქტის აღიარებით, რომ რუსეთის დამარცხების იდეა აბსურდულია, ვინაიდან ეს შეუძლებელია, აღიარა, რომ აშშ ერთადერთი (ყოვლისშემძლე) პოლუსი აღარ არის. ეს დანახვა, ეს მიდგომა უკვე თავისთავად რევოლუციურია, რადგან ეს ზესახელმწიფოთა შორის ურთიერთობის სრულიად ახალ მოდელზე გადასვლის მაუწყებელია, რომელიც მათ შორის კონფრონტაციის რეჟიმიდან ინტერესთა გათვალისწინებისა და თანამშრომლობის რეჟიმზე გადასვლას ნიშნავს. ბუნებრივია, რომ ეს დაპირისპირებისა და კონფრონტაციის მთლიანად მოხსნას არ გულისხმობს, მაგრამ დაპირისპირების პარალელურად რაციონალური მიდგომის გაჩენა თანაარსებობის აუცილებლობის გააზრებას ნიშნავს, რაც უაღრესად (რევოლუციურად) პროგრესული მომენტია. აი, ერთი კონკრეტული დეტალი, რომელიც კურსკში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ტრამპი ამბობს: ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო სრულიად ალყაშემორტყმულია რუსეთის სამხედროების მიერ და ძალიან ცუდ და დაუცველ პოზიციაში არიან. მტკიცედ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ისინი დაინდოს. ეს საშინელი ხოცვაჟლეტა იქნება, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა. რუსეთის მხრიდან ამას თანხმობა არ მოჰყოლია, მაგრამ ხისტი უარყოფაც არ ყოფილა. პუტინმა ტრამპის თხოვნას ყველაფრის აწონ-დაწონვისა და სიტუაციის გააზრების შედეგად ჩამოყალიბებული პასუხი გასცა: იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად“. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპის თხოვნა არამხოლოდ მიღებული, არამედ გათვალისწინებულიც იქნება, მაგრამ აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ. ეს სამხედრო პროცედურებია, რომლებსაც რუსეთი გვერდს ვერ აუვლის. ,,ჰუმანური მიდგომა ვერ განხორციელდება, სანამ მტერს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტერორისტს) ხელში ირაღი უჭირავს და გებრძვის, ჰუმანიზმის გამოვლენა მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, როდესაც მტერი იარაღს დაყრის და შეწყალებას გთხოვს. იარაღის დაყრას შესაბამისი ბრძანება უნდა უძღოდეს, რომელიც კიევმა უნდა გასცეს,“ – ამბობს პუტინი.

    მოლაპარაკებების დროს ასეთი სირთულეები წარმოიშვება, მაგრამ ეს დაუძლეველი სირთულეები არ არის, რადგან ისინი პრობლემის დაძლევის სურვილზე აღმოცენდნენ. ამ ურთიერთობაში პირველადი მიზანი ომის დამთავრებაა, პრობლემები კი მეორადია. ეს ჩანს ურთიერთობის ფორმაშიც – ტრამპი პუტინისგან კი არ მოითხოვს, არამედ სთხოვს. პუტინის პასუხიც ამის გათვალისწინებით არის ფორმულირებული: “პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო აშშ-ის პრეზიდენტ ბატონ ტრამპს იმისთვის, რომ ის დიდ ყურადღებას უთმობს უკრაინაში ვითარების რეგულირებას”. პუტინს არ გამორჩენია ისიც, რომ მშვიდობის მიღწევის საქმეში მას სხვა პარტნიორებიც ჰყავს. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებსაც იმ წვლილისთვის, რომელიც მათ ამ საქმეში შეაქვთ. ეს საინტერესო მომენტია იმის გათვალისწინებითაც, რომ აშშ-ს უცნაური პოზიცია უკავია. იგი ომის მხარეც არის და იმავე ომში მომრიგებელი მოსამართლის ფუნქციასაც კისრულობს. ეს ხომ პირდაპირ აღიარეს ამერიკელებმა. სახელმწიფო მდივანმა მარკ რუბიომ განაცხადა: „გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის მარიონეტული ომი ბირთვულ ძალებს, აშშ-სა და რუსეთს შორის, სადაც აშშ უკრაინას ეხმარება”. წინადადების მეორე ნაწილი სიზუსტით ვერ დაიკვეხნის, რადგან უფრო ზუსტი იქნებოდა, ეთქვა, რომ ამ ომში, რომელსაც აშშ რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს, ამერიკელები უკრაინას კი არ ეხმარებიან, იყენებენ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, რადგან აქ მთავარი იმის აღიარებაა, რომ ეს არის აშშ-ის ომი რუსეთის წინააღმდეგ. ჰოდა, რაკი ეს არის აშშ-ის ომი რუსეთის წინააღმდეგ, როგორ შეიძლება, რომ აშშ მხრეც იყოს და მომრიგებელიც?! ამ შეუსაბამობას ის ახსნა და გამართლება აქვს, რომ ამ ომის გაჩაღებაში აშშ-ის ახალი პრეზიდენტი და ადმინისტრაცია აშშ-ის ძველ პრეზიდენტსა და ადმინისტრაციას ადანაშაულებს. ტრამპი აცხადებს: “სწორი მიდგომების შემთხვევაში, არანაირი საფუძველი არ არსებობდა უკრაინაში ასეთი მდგომარეობის შესაქმნელად. ძალიან კარგად ვიცნობ ვლადიმრ პუტინს და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის არასდროს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს, გამორიცხულია! ბაიდენის პრეზიდენტობის დროს რუსეთი ძალიან გამდიდრდა, ნავთობის ფასი გაორმაგდა, მალე კი გასამმაგდება და გაოთხმაგდება. ნავთობის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, პუტინი კი არა მხოლოდ იღებს იმ ყველაფერს, რაც ყოველთვის სურდა, არამედ მდიდრდება კიდეც. ჩემი პრეზიდენტობის დროს ამერიკა ენერგოდამოუკიდებელი იყო, საწვავის ფასები კი დაბალი რჩებოდა. ახლა ჩვენი ქვეყანა სრულ ქაოსშია”. ეს აღიარებაც არის, მაგრამ ახსნაც არის იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე სახელმწიფო ომის მხარედაც გვევლინებოდეს და მომრიგებლადაც გამოდიოდეს.

    პუტინი არ იზიარებს ომის ოცდაათი დღით შეწყვეტის იდეას, რადგან იგი უბრალო პაუზაზე მეტს მოითხოვს: “ჩვენ ვეთანხმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას, თუმცა იქიდან გამოვდივართ, რომ ამ შეწყვეტამ უნდა მიგვიყვანოს ხანგძლივ მშვიდობამდე და გადაჭრას კრიზისის წარმომშობი ძირითადი მიზეზები”.

    ამ ნათქვამში განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო ოთხ სიტყვას ენიჭება: „კრიზისის წარმომშობი ძირითადი მიზეზები”. რა არის ეს მიზეზები? ეს არის უსამართლო მიდგომები. „ნატო უნდა გაფართოვდეს!”; „რუსეთი ნატოს ალყაში უნდა მოექცეს!”; რუსეთი უნდა დაიშალოს!” და ა.შ. ხომ ყველას გახსოვთ, რა განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა: „ციმბირი მეტისმეტად დიდია და არ შეიძლება, მხოლოდ ერთ სახელმწიფოს ეკუთვნოდეს. ციმბირის სიმდიდრის საკითხი ახლო მომავალში დაისმება. რუსეთის ფედერაცია, რომელსაც მსოფლიო მოსახლეობის 2% ჰყავს, დედამიწის ტერიტორიის 15 პროცენტსა და პლანეტის რესურსების 30 პროცენტს აკონტროლებს. ასეთი მდგომარეობა არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს“. რამდენიც უნდა ამტკიცონ ამერიკელებმა, რომ ოლბრაიტს ასეთი რამ არ უთქვამს, ამით არ შეიცვლება რეალობა, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიოს ვითარებაში აშშ-ს რუსეთის დაშლა სურდა. დღეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პირობებში ამ მიდგომის საწინააღმდეგო ტენდენციები ჩნდება, რომელიც მისასალმებელია, მაგრამ ეს ტენდენციები რეალობად ვერ ჩამოყალიბდება, თუკი ურთიერთობები სამართლიანობის პრინციპზე არ აიგება. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, რისი გათვალისწინებაც ამერიკელებს მოუწევთ. რაც შეეხება რუსეთს, იგი დასავლეთის მიმართ არათუ უსამართლობას არ ავლენდა, პირიქით – ყოველთვის ზედმეტად ლოიალური იყო. ერთი სიტყვით: იქნება სამართალი? იქნება მშვიდობა! არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here