მიუხედავად იმისა, რომ ლამის მთელი ევროპა მოითხოვს, ონლაინგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორ მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაული აპატიეთ, თვალი დახუჭეთ იმაზე, რომ პოლიციელს პირდაპირ ეთერში თავს დაესხა და სილა გააწნაო, სასამართლომ წნეხს გაუძლო და ამაღლობელი პატიმრად დატოვა. აქვე ვიტყვით, რომ ციხეში არავის ყოფნა არ გვიხარია, მაგრამ ადამიანები უნდა მივეჩვიოთ, საკუთარი ნამოქმედარის გამო პასუხი ვაგოთ. ის, რაც ქალბატონმა მზიამ გააკეთა, კრიმინალია და ასეთი ქმედება ყველა ქვეყანაში ისჯება.
არაერთხელ დაგვიწერია, რომ, როცა მეგობრები ჩამოვიდნენ რუსეთიდან, ბელარუსიდან და ყაზახეთიდან, რამდენიმეჯერ გვკითხეს, საქართველოში მხოლოდ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან რატომ ჩამოდიან მეგობრებიო. აგერ, ბატონო, გასულ კვირას ორი ამერიკელი (ტეხასისა და მინესოტას შტატებიდან) და ერთი სამხრეთ აფრიკელი გვესტუმრა. მათ ინვესტიციების ჩადება სურთ საქართველოში და, დიდი ალბათობით, გამოუვათ კიდეც. ქართული კერძებიდან ყველაზე მეტად აჭარული ხაჭაპური მოეწონათ და ყოველდღე მას ჭამდნენ. „ჩიიზ ენდ ეგზ“, – ასე ითხოვდნენ ხოლმე რესტორანში და ხელების ფშვნეტით ელოდნენ ამ მართლაც საოცარ საკვებს. მოეწონათ ხინკალიც, ხაჭაპურიც, კუბდარიც – ყველაფერი, მაგრამ გადაირივნენ აჭარულზე და იმასაც კი ამბობდნენ, ეს ამერიკაში რომ გავაკეთოთ, ბევრი ადამიანი ჩვენი მუდმივი მუშტარი გახდებაო.
ჰოდა, ამ მეგობრებს ვაჩვენეთ ვიდეო, რომელზეც კარგად ჩანს, როგორ ურტყამს ქალი ხელს სახეში პოლიციელს; არ ვუთხარით, ვინ იყო ის ქალბატონი, არ ვუთხარით პოლიციელის თანამდებობა, უბრალოდ, ვაჩვენეთ ვიდეო და ავუხსენით, რომ მოქალაქე პოლიციელს ხელით შეეხო.
„ცუდ შემთხვევაში პოლიციელი ამოიღებდა იარაღს და ესროდა, რის გამოც პასუხს არავინ მოსთხოვდა, რადგან კანონით ამის უფლება აქვს. კარგ შემთხვევაში ამ ქალს, უბრალოდ, დააპატიმრებდნენ და 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ“, – თქვეს ამერიკელებმა. სამხრეთ აფრიკელმა სტუმარმაც თავი დაიქნია, ზუსტად არ მახსოვს, ჩვენთან რამდენი წლის პატიმრობაა გათვალისწინებული ასეთ დანაშაულზე, მაგრამ, ციხეს რომ ვერ გადაურჩებოდა, გადაჭრით ვამბობო. ჰოდა, ყველაზე საინტერესოც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. სტუმრებს ავუხსენით, რომ ეს ქალბატონი ჟურნალისტია, ის პოლიციელი – მაღალჩინოსანი და, ამ ვიდეოს არსებობის მიუხედავად, ევროპელი ელჩები, არასამთავრობოები და ოპოზიციური პარტიები ციხიდან მის გამოშვებას მოითხოვენ და პოლიტპატიმრად აღიარებენ. ამერიკელებს გაეღიმათ და აღნიშნეს: ევროპელები გასაგებია, ამერიკელები კი ამას არასოდეს იტყვიანო, მაგრამ… -როგორ, არა?! მაგალითად, ჯო უილსონი ყოველდღე ამბობს, რომ ამაღლობელი უნდა გათავისუფლდეს. ამერიკის ელჩიც არ არის ამის წინააღმდეგი და, საერთოდ, ამერიკელი სენატორები თუ კონგრესმენები თითქმის ყოველდღე მოითხოვენ მის გათავისუფლებას, ამიტომ არ გამოგივათ მხოლოდ ევროპელებზე ხელების შეწმენდა“, – ღიმილით ვუთხარი სტუმრებს და…
„უკაცრავად, ვინ არის ჯო უილსონი?“ – გაოცებულებმა მკითხეს და, როცა უილსონის თანამდებობასთან ერთად რამდენიმე კონგრესმენისა და სენატორის გვარ-სახელიც ვუთხარი, საერთოდ დაიბნენ.
“გაუგებარია, რატომ იცით ამერიკელი კონგრესმენებისა თუ სენატორების გვარ-სახელები. ჩვენ ვიცით პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, დანარჩენი საინტერესო არ არის. ამერიკის ელჩმა ან იმ ვიღაც უილსონმა თუ ეს მართლა თქვა, გაუშვით ნებისმიერ ამერიკულ არხზე ეს ვიდეო, შემდეგ მათი განცხადება და გვერწმუნეთ, მათი პოლიტიკურ კარიერა დასრულდება, რადგან ყველამ იცის, რომ ეს დანაშაულია და ისჯება. რა შუაშია ჟურნალისტი? ტრამპმა ხელი რომ დაარტყას პოლიციელს, თანამდებობას დაატოვებინებენ. სავარაუდოდ, მხოლოდ თქვენი ტელევიზიებისთვის ბედავენ ასეთი რაღაცების თქმას, გამორიცხულია, იგივე ამერიკულ არხებზე გაიმეორონ“, – გვითხრეს ამერიკელებმა.
რა გამოდის? აქ რომ ლამის მესიად ჰყავთ შერაცხილი ესა თუ ის კონგრესმენი, ამერიკაში მათი სახელიც კი არ იციან? და ეს სტუმრები არ იყვნენ რიგითი ადამიანები, დიდი ბიზნესი აქვთ შტატებში, არჩევნებშიც აქტიურად მონაწილეობენ (ბოლო არჩევნებში რიგში 4 საათი ვიდექითო) და წარმოდგენა არ აქვთ იმ ხალხზე, რომელიც აქ ჩვენ დღის წესრიგს გვიდგენდა და გვიდგენს. მეტიც, ჯონ მაკეინზე ვკითხეთ, რომელიც ასე თუ ისე პოპულარული იყო, და გვითხრეს, რომ მაკეინი ცნობილი თავისი საბრძოლო წარსულით გახდა, მაგრამ მასზე მეტი გმირი უამრავი ამერიკელია, რომლებიც მასზე მეტად იმსახურებენ დაფასებას, მაკეინი მათთან შედარებით არაფერს წარმოადგენდაო.

გაგიკვირდებათ და, ამერიკელებმა დაგვიდასტურეს, რომ მათ ქვეყანაში სამართალდამცავები დიდად არ უყვართ, მაგრამ ზუსტად იციან, რომ მათ წინააღმდეგ ჩადენილი ქმედება ისჯება და არავინ აპროტესტებს. მათთვის პოლიციელი გმირი არ არის, მათთვის პოლიციელი ის ადამიანია, რომელიც წესრიგს იცავს და შეგიძლია ნებისმიერ დროს მიმართო. მეტიც, გვითხრეს, რომ პოლიციელების ხელფასი შტატებში 4-5 ათასი დოლარია, რაც ამერიკული საზომით საშუალოზე დაბალია და, ამის მიუხედავად, წარმოუდგენელია, ვინმემ პოლიციელს ქრთამი შესთავაზოს, რადგან ათასიდან 999 შემთხვევაში აუცილებლად დააკავებენ, ანუ იქ კანონის უზენაესობა უმთავრესია და მის დაცვას ყველა ცდილობს.
„ჩვენ წინასაარჩევნოდ ვეცნობით პროგრამასა და დაპირებებს, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში მთელი ამერიკა ქუჩაში გამოვა, ამიტომ, როცა პოლიტიკოსი დაპირებას იძლევა, ვიცით, რომ მას აუცილებლად შეასრულებს. თუ პოლიტიკოსი ერთხელ მაინც იცრუებს, ის პოლიტიკაში ვეღარ დაბრუნდება, რადგან მხარს აღარ დაუჭერენ“, – თქვეს ამერიკელებმა.
ჰოდა, ჩვენ თუ გვკითხავთ, ამერიკელებისგან, პირველ რიგში, სწორედ ეს უნდა გადმოვიღოთ – თუ პოლიტიკოსი ერთხელ მაინც არ შეასრულებს დაპირებას, მას პოლიტიკაში მომავალი არ უნდა ჰქონდეს. მივეჩვიოთ იმას, რომ კანონი ყველასთვის კანონია და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოზიციაზეა. რაც მთავარია, ყველა დეპუტატის, მინისტრის, მათი მოადგილეების გვარების ცოდნა არ არის აუცილებელი, მთავარია, იცოდე პროგრამა და იცოდე, ვინ არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, ანუ ერთი ადამიანი, ამერიკის შემთხვევაში ტრამპი, ჩვენ შემთხვევაში კი…
ისე, სამხრეთ აფრიკელმა საინტერესო რამ თქვა: მათ ქვეყანაში ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვა მართვის მოწმობის სამუდამო ჩამორთმევითა და თავისუფლების 3-წლიანი აღკვეთით ისჯება. თუ პირი ნასვამ მდგომარეობაში ავტოავარიას მოახდენს, სასჯელის ვადა 10 წლამდე იზრდება და, არ აქვს მნიშვნელობა, მოჰყვა თუ არა ავარიას მსხვერპლი. შესაბამისად, სამხრეთ აფრიკაში წარმოუდგენელია, ვინმე საჭეს ნასვამი მიუჯდეს. თუ ამის სურვილი მაინც გაუჩნდება, ასიდან 99 ადამიანი, რომლებიც ამას დაინახავენ, პოლიციაში დარეკავს და ავტომობილის მონაცემებს მიაწოდებს. აი, ეს კანონი ჩვენთანაც რომ შემოვიღოთ, ურიგო ნამდვილად არ იქნება.
მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება და რჩება სამართლიანად. მან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა და ეს გააკეთა არა სადმე მოფარებულ ადგილზე, ეჭვი რომ ყოფილიყო, ეგებ არ ჩაუდენია და აბრალებენო, არამედ პირდაპირ ეთერში, ყველას დასანახავად და რომ არ დაეკავებინათ, გვერწმუნეთ, დაუსჯელობის სინდრომით იქნებოდა შეპყრობილი ყველა. სწორედ დაკავებებმა შეაჩერა ის მუხტი, რომლის მიხედვით ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული ადამიანები თავს ყველაფრის უფლებას მისცემდნენ. ახლა, მათ იციან, რომ შეიძლება დააჯარიმონ, შეიძლება დაიჭირონ და ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. პროტესტის გამოხატვა შეიძლება, ოღონდ მშვიდობიანი გზით და არა ისე, როგორც საქართველოში აკეთებდნენ. იგივე ევროპელები, ახლა რომ ყელის ძარღვების დაწყვეტამდე გაჰყვირიან, ყველა დაკავებული გაათავისუფლეთო, მათ ქვეყანაში მიმდინარე აქციების დროს ასე არ იქცევიან და ვერც ათასობით დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ, რადგან ზუსტად იციან, ამას მოსახლეობა არ აპატიებს. ცუდი ის არის, რომ მათ მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადებები აქვე რჩება და, მაგალითად, გერმანიის ელჩის ნაბჟუტურებს გერმანული არხები არ აშუქებენ. არც ის გააშუქეს ამერიკულმა ტელევიზიებმა, კელი დეგნანი თბილისში კორპუსის ამხანაგობის სხდომას რომ დაესწრო და დაქალისთვის „გარაჟის“ (ჰო, „გარაჟის“ და არა ავტოფარეხის) ფართობს რომ „ჩალიჩობდა“. ეს რომ იქ გაშუქდეს, მათ პოლიტიკურ კარიერას წერტილი დაესმება, მაგრამ ვაი, რომ ჩვენ იქ ხელი არ მიგვიწვდება, საქართველოში კი დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები პოლიტიკური თაღლითობით არიან დაკავებულნი.
ლევან გაბაშვილი