დღევანდელობა სოციალური ქსელის გარეშე წარმოუდგენელია. აბა, წარმოიდგინეთ, დღეს ყველა სოციალური ქსელი ან ინტერნეტი რომ გაითიშოს, რა მოხდება? გარდა იმისა, რომ მსოფლიო დიდ ზარალს ნახავს, ადამიანების არც ისე მცირე ნაწილი დეპრესიაში ჩავარდება, დაიწყება პანიკა, მაგრამ ამ ყველაფერს გრძელვადიან პერიოდში შეიძლება დადებითი ეფექტიც ექნეს – ადამიანები ურთიერთობას დაიწყებენ, აზრთა გაცვლა-გამოცვლას და არ იქნებიან დამოკიდებულნი სოციალურ ქსელებსა თუ ინტერნეტზე, რაც 21-ე საუკუნის დიდი პრობლემაა განსაკუთრებით ბავშვებში. ჰოდა, სწორედ სოციალური ქსელებიდან შევიტყობთ ხოლმე, რომ ბევრი საკვები, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ძალიან მავნეა და მისი მიღება განსაკუთრებით ბავშვებისთვის არ შეიძლება. საუბარია ჩიპსებზე, სხვადასხვა კარამელზე, „მაკდონალდსის“ ნაწარმზე, მაიონეზზე, ე.წ. ჟელიბონის ტკბილეულსა და ძეხვეულზე…
რამდენიმე დღის წინათ მეგობარს ძაღლი გაუხდა ავად და ოთხფეხა მეგობარი ვეტექიმთან წაიყვანა. გასინჯვისა და ანალიზის ჩატარების შემდეგ ექიმმა გადაჭრით უთხრა: ერთჯერადი „სუპები“ აღარ აჭამოო. საუბარი ე.წ. ანაკომზეა, რომელიც ყველა სუპერმარკეტში იყიდება და ძალიან იაფი ღირს. ჰოდა, ის მეგობარი გაოცებული ამბობდა: მე ძაღლს ვაჭმევ, მაგრამ ვიცი ოჯახები, რომელთა ძირითადი საკვები სწორედ ეგაა და თურმე ძალიან მავნე ყოფილაო…
ყოველდღიურად გვესმის, რომ ესა თუ ის პროდუქტი ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნეა. მეტიც, სუპერმარკეტებში ნაყიდ პროდუქტს სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში იკვლევენ და იქვე ამტკიცებენ, რომ, მაგალითად, ძეხვში ხორცის შემცველობა 30%-ზე ნაკლებია, რომ არაჟანი ნატურალური რძისგან არ არის დამზადებული, რომ პურ-ფუნთუშეულის ამა თუ იმ ნაწარმში ევროპასა თუ რეგიონში აკრძალული მცენარეული ცხიმი ურევია (ჩვენთან რატომ არ კრძალავენ, ვერ გეტყვით). ადვილი მისახვედრია, რომ ამ ვიდეოებს, რიგითი მოქალაქეების გარდა, ის ადამიანებიც უყურებენ, რომლებსაც ამ ყველაფრის გაკონტროლება ევალებათ და, შესაბამისად, ისმის კითხვა – რატომ არ აკონტროლებენ? პასუხი მარტივია: ან ამის სურვილი არ აქვთ, ან ხვდებიან, მავნე პროდუქტის შემცველი საკვები რომ აკრძალონ, დახლებიდან გაქრება ის იაფფასიანი პროდუქტი, რომლითაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იკვებება. მერე რა, რომ სწორედ ამ პროდუქტების გადამკიდე ერს სიმსივნით დაავადებული ადამიანების რეკორდული მაჩვენებელი აქვს?! მერე რა, რომ ეს დაავადება „გაახალგაზრდავდა“, ახლა 50 წლამდე ადამიანებშიც გვხვდება და არაოფიციალურად ეს ყველაფერი სწორედ არაჯანსაღ საკვებს ბრალდება, ოფიციალურად კი – გამონაბოლქვს, ტყვიის შემცველობას პროდუქტებში… სამწუხაროდ, ხეირიანად არც ამას აკონტროლებენ და გამონაბოლქვსო, რომ ვამბობთ, იცით თუ არა, რომ ავტომობილები ტექდათვალიერებაზე ნამუსიანად რომ შეამოწმონ, მათ 80%-ს დაიწუნებენ. არ გეგონოთ, დამნაშავე ავტომფლობელები იყვნენ. არა, უბრალოდ, ჩვენთან ძალიან უხარისხო საწვავი იყიდება, ხარისხიანი რომ გვქონდეს, სხვა ფასი ეღირება. ისე, ახალ მანქანებზე ტექდათვალიერება სავალდებულო არ არის. მიჩნეულია, რომ ახალ ავტომობილს საწყისი სამი წლის განმავლობაში არაფერი სჭირდება, მაგრამ ჩვენთან ვერც ისინი დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, იმიტომ, რომ ისინიც ცუდ საწვავს მოიხმარს და გამონაბოლქვის პრობლემა იქაც იქნება…
ისევ საკვებს დავუბრუნდეთ. არა მხოლოდ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, არამედ ჩვენს რეგიონშიც კი აკრძალულია მცენარეული წარმოშობის არაერთი ცხიმი – პალმის ზეთი და ისეთი ცხიმები, გაცხელება-გაციების შემდეგ რომ ლურჯდება (არის ასეთიც). ჩვენთან კი ამ ცხიმებს არა მხოლოდ საკვებში უმატებენ, არამედ პურ-ფუნთუშეულშიც და ამ ყველაფერს ყოველდღიურად მივირთმევთ. აბა, დაფიქრდით, რამდენი საცხობი მუშაობს საქართველოში და რამდენი მუშტარი ჰყავს მათ. როგორ გგონიათ, სუფთა კარაქს, სუფთა ყველსა და სუფთა რძეს იყენებენ? ან ძეხვი და სოსისი, რომლებიც ქსელურ მარკეტებში დევს და ერთ კილოგრამს ფასი 10-15 ლარი აწერია, რამდენ ხორცს შეიცავს, როცა საბითუმო ხორცის (ძვლიანის) ფასი 19 ლარიდან იწყება, უძვლო ხორცი კი 21-22 ლარი ღირს? როგორ შეიძლება, ძვლიანი ხორცი ღირდეს 19 ლარი და უძვლო ხორცისგან დამზადებული სოსისი და ძეხვი 10 და 15 ლარად იყიდებოდეს?! რა გამოდის, რას ვჭამთ? სახამებელს? კარტოფილის ფხვნილს? და რა ვუყოთ იმას, რომ ადამიანებს ხორცი ენატრებათ? რა მოვუხერხოთ იმას, რომ ბავშვები ეტანებიან ამ საკვებს და მშობელს სთხოვენ ძეხვეულის ყიდვას, რომელსაც თან კეტჩუპიც უნდა მიატანონ, ის კეტჩუპი, რომელშიც პომიდვრის შემცველობა მინიმალურია და რეალურად საღებავი და ქიმიური ჟელეს ნაზავია? სიმწარესაც კი ქიმიური საშუალებებით აძლევენ და, რაც მთავარია, ისეთ არომატიზატორებს უმატებენ, ჭოპორტის პომიდვრის გემოს სჯობს. ცალკე უბედურებაა მაიონეზი, რომელიც… არ შეიძლება, პოლიეთილენში იყოს შენახული. ჩვენთან კი ძირითადად სწორედ ასეთ შესაფუთ მასალაში ჩასხმული იყიდება.
ცალკე საუბრის თემაა სწრაფი კვების ობიექტები, განსაკუთრებით „მაკდონალდსი“, რომელიც მსოფლიოში არც ისე შეძლებული ადამიანების საკვებ პუნქტად ითვლება და ყველა ქვეყანაში იქაური პროდუქტი ძალიან იაფი ღირს. მხოლოდ ჩვენ ვერ თუ არ გვინდა, მივხვდეთ , რომ „მაკდონალდსში“ კვება „კაი პონტი“ არ არის. სწორედ ამიტომ რიგები დგას ხოლმე „მაკდონალდსში“, რაც საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტების გაოცებას იწვევს. თანაც აქ ეს „სიამოვნება“ იაფი ნამდვილად არ ღირს და რესტორანში წასვლაზე ძვირიც კი ჯდება. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ „მაკდონალდსის“ პროდუქტი ჩამოდის გაყინული (პურიც კი) და ვთქვათ, თუ დამზადებული ჰამბურგერი, ჩიზბურგერი ან, საერთოდ, რამე ბურგერი 15 წუთში არ გაიყიდა, უბრალოდ, აგდებენ, რადგან თურმე მერე ჭამა აღარ შეიძლება. ანუ, გამზადებული საკვები თუ 15 წუთში არ შეჭამე, აღარ ვარგა. ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე?
ახლა კვერცხზე გადავიდეთ, ერთი შეხედვით, თითქოს უწყინარ პროდუქტზე…
„კვერცხმდებელი ქათმები, ძირითადად, თურქეთიდან შემოგვყავს. ერთი ქათმის შემოყვანა დაახლოებით 19-20 ლარი ჯდება და წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყოველდღიურად დებს კვერცხს, შემდეგ იკლებს და, როცა მისი პროდუქტიულობა 70%-ს ჩამოსცდება, უმჯობესია, მოიშორო, გაყიდო. და ვყიდით ცალს 1 ლარად და გვიხარია, თუ ვინმე წაიყვანს, რადგან მისი ხორცი არ ვარგა, პრინციპში, არც აქვთ ხორცი, ძვალზე გადაკრული ტყავია, რადგან ეს ქათმები მხოლოდ იმისთვის ცოცხლობენ, რომ კვერცხი დადონ“, – გვითხრა ერთ-ერთი ფერმის მფლობელმა. მისივე თქმით, კვერცხის დება რომ არ შეწყდეს, სპეციალური ვიტამინები და საკვებია საჭირო, რა თქმა უნდა, ქიმიური დანამატებით და, რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის ასეთი კვერცხი, თავად განსაჯეთ.
ვიღაც იტყვის, ასე თუ მივყვებით, ყველაფერი ცუდი გამოვა, მაგრამ, რომ არ ვჭამოთ, შიმშილით დავიხოცებითო. არც ასეა საქმე. საღია სოფლებში, მინდორში გაშვებული ქათმის კვერცხი, იმავე სოფლებში მოყვანილი მწვანილი… ცუდი ის არის, რომ სახელმწიფო მოსახლეობას ტყეში არ უშვებს, თორემ იქ ბევრი ხილის, განსაკუთრებით კენკრის შეგროვება შეიძლება, შეიძლება კაკლის გამოტანაც, მაგრამ არა, აკრძალულია.
ცნობისთვის: როცა ადამიანები თავისუფლად დადიოდნენ ტყეში, გამხმარ ტოტებსაც ჭრიდნენ ხეებს, კაკალსაც ბერტყავდნენ და ეს ხეს უხდებოდა, კენკრასაც უთავისუფლებდნენ ადგილს; ახლა ტყეებში რომ გაიაროთ, წაქცეული, დამპალი ხეებით არის სავსე და, კენკრა და კაკალი კი არა, ისეა გაველურებული, ცხოველებს უჭირთ გადაადგილება.
და ერთიც – ის, რაც აკრძალა ლამის მთელმა მსოფლიომ, ეგებ ჩვენც ავკრძალოთ. პალმისა თუ სხვა მცენარეული ზეთები და ცხიმები სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და აგერ, მეზობელ აზერბაიჯანში მათი შეტანა 6 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კომუნისტებს რომ ვაგინებთ, იცით თუ არა, რომ სწორედ კომუნისტების მმართველობის პერიოდში ყველაზე მეტად საკვები კონტროლდებოდა და მისი ფალსიფიკაცია ან ისეთი საკვების დამზადება, რომელიც ჯანმრთელობისთვის მავნე იყო, ძალიან მკაცრად ისჯებოდა. ფულს ბევრი „აკეთებდა“ , მაგრამ ყველა ცდილობდა, საკვები ხარისხიანი ყოფილიყო და, ვისაც კომუნისტების დროინდელი „დოქტორსკი“ არ ახსოვს, ვეტყვით, რომ ის ნამდვილი ხორცისგან არომატიზატორების გარეშე მზადდებოდა და გემოც ხორცის ჰქონდა.
ლევან გაბაშვილი