Home ახალი ამბები საქართველო რუსეთის აქტუალური საგარეო პოლიტიკა: კავკასია და უკრაინა

რუსეთის აქტუალური საგარეო პოლიტიკა: კავკასია და უკრაინა

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე, თბილისში გაიმართა სპეციალისტებისა და დაინტერესებული საზოგადოების მრგვალი მაგიდა თემაზე: “რუსეთის აქტუალური საგარეო პოლიტიკა: კავკასია და უკრაინა”. ღონისძიება ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორის – გულბაათ რცხილაძისა და გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” თავკაცის, ტარიელ გაგნიძის ინიციატივით ჩატარდა. მრგვალმა მაგიდამ საზოგადოებისა და მასმედიის დიდი ინტერესი გამოიწვია.

ზოგიერთმა მოწვეულმა პოლიტოლოგმა შორიდან თვალთვალი არჩია პრინციპიდან გამომდინარე – “სიტუაცია ჯერ-ჯერობით გაურკვეველია”. 

სწორედ ამ პრინციპის ანუ უპრინციპობის წინააღმდეგ იყო მიმართული აღნიშნული ღონისძიება, ვინაიდან ბევრი რამ, რაც უნდა გაკეთებულიყო, ამჟამად დაგვიანებულიცაა. ამის გამო კი საქართველოს ინტერესები ზარალდება.

მრგვალ მაგიდაზე მოხსენებებით წარსდგნენ: გულბაათ რცხილაძე, ტარიელ გაგნიძე, ვასილ პაპავა (პოლიტოლოგი, ახლო აღმოსავლეთის საკითხების მკვლევარი). საკუთარი მოსაზრებები და შეფასებები გამოთქვეს: ნიკოლოზ მჟავანაძემ, შოთა აფხაიძემ, გიორგი გვიმრაძემ, გიგი მაღლაკელიძემ, შალვა მაღრაძემ, გურამ ნიკოლაიშვილმა, ზაზა დავითაიამ, თინათინ გოცაძემ, ნიკოლოზ ქობულაძემ. 

გთავაზობთ ა) ტვ “სეზონზე” და ბ) ტვ “ობიექტივზე” გასულ შემაჯამებელ გადაცემებს, გამართული მრგვალი მაგიდის თაობაზე.

ასევე გთავაზობთ მრგვალი მაგიდის დღის წესრიგსა და გულბაათ რცხილაძის მიერ გაჟღერებულ თეზისებს:

·       ობიექტურად, რუსეთის და დასავლეთის ეროვნული სახელმწიფოების ინტერესები ერთმანეთს ტოტალურად არ ეწინააღმდეგება; უკრაინის პრობლემა შექმნილია ხელოვნურად;

·       ამერიკული ელიტების იმ ნაწილმა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, გააცნობიერა რუსეთის დამორჩილებისა და მის რესურსებზე კონტროლის დამყარების შეუძლებლობა, ამიტომ შემოთავაზებულ იქნა რუსეთთან ურთიერთობების კურსის რადიკალური ცვლილება; მიუხედავად ამისა, წინაა რთული განხილვები, რადგან ამჟამინდელ ადმინისტრაციაზე ვაშინგტონში შესაძლოა, შიგნიდან გაძლიერდეს ზეწოლა;

·       უკრაინა დაღუპა ფაშისტურმა იდეოლოგიამ, რუსოფობიამ, ანტიმართლმადიდებლობამ. ზელენსკი უკრაინის პრობლემების მხოლოდ ხილული მცირე ნაწილია; უკრაინა თავის რუსოფობიაში ამერიკელი და ევროპელი გლობალისტების მორჩილ იარაღად იქცა, ახლა იგი ამერიკელებისთვის უსარგებლო გახდა, სამაგიეროდ მათ სჭირდებათ უკრაინის ბუნებრივი სიმდიდრეები – მიმდინარეობს უკრაინის კოლონიზაცია აშშ მხრიდან; რუსეთის მიზნები არ არის უკრაინის რესურსების მითვისება, რუსეთმა დაიცვა რუსულენოვანი, მართლმადიდებელი მოსახლეობა;

·       საქართველომ მთლიანად უნდა თქვას უარი რუსოფობული საგარეო პოლიტიკის რეციდივებზე და შეუერთდეს „3+3“ დიალოგის რეგიონულ ფორმატს.

           კითხვები:

რამდენად შეძლებენ ევროკავშირის და აშშ-ის გლობალისტები აშშ-რუსეთის დიალოგისთვის ხელის შეშლას?

როგორი იქნება ჩინეთის, თურქეთის და სხვა, გლობალური თუ რეგიონული ძალების პოზიცია?

რა გავლენა ექნება მიმდინარე პროცესებს საქართველოსა და კავკასიაზე?

ტრამპისა და მისი გარემოცვის მოტივები

ტრამპის სახით, აშშ-ში თეთრკანიანმა მემარჯვენეებმა გაიმარჯვეს. მათ ისარგებლეს იმით, რომ ლიბერალური ფაშიზმმა, ლგბტ-ის მოძალებასა და Covid-ის ისტორიასთან ერთად, თავი მოაბეზრა ამერიკულ საზოგადოებას. ტრამპისტებმა შექმნეს ერთგვარი „კონსერვატიული ინტერნაციონალი“, როგორც ამერიკული, ისე ევროპული ულტრამემარჯვენეების მონაწილეობით. ისინი არიან „რბილი“ ფაშისტები ეროვნული ეგოიზმის აპოლოგეტიკით, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით და ამ სამართლის სუსტ სუბიექტებზე მკაცრი ზეწოლით, ასევე კოლონიალიზმის ეპოქის განგსტერული მენტალიტეტით და ანტიკომუნიზმითა და ანტისოციალიზმით. ისინი ცდილობენ შეცვალონ მემარცხენე გლობალიზმი მემარჯვენე იმპერიალიზმის ჰეგემონიით. თავად ტრამპი, როგორც ცნობილია, აშშ-ს “მკაცრი” იმპერიალისტური პრეზიდენტების – უილიამ მაკკინლისა და თეოდორ რუზველტის თაყვანისმცემელია.

 ტრამპი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელ პირობებში, მას არ სჭირდება ომები თავისი მიზნების მისაღწევად – ეს მიზნები მოიცავს სწრაფ წვდომას ახალ მინერალურ რესურსებზე, რომლებიც ამერიკას ჯერ არ აუთვისებია. ესენია, პირველ რიგში, იშვიათმიწა ლითონები, ნავთობი და გაზი. ტრამპმა და მისმა გარემოცვამ სწორად გაიაზრეს რუსეთის დამორჩილებისა და მისი რესურსების ძარცვის შეუძლებლობა. ასე რომ, ისინი ირჩევენ რბილ სამიზნეებს: პატარა დანიას, რომელიც ვერ შეძლებს კონტროლის შენარჩუნებას უზარმაზარ გრენლანდიაზე, თუ გაგრძელდება ამერიკული ზეწოლა, ზოგადად მშვიდობიან კანადას, მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაუცველი საზღვრით და უკრაინას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, თავად შეერთებული შტატების მიერ იყო დაყენებული რეჟიმის მიერ იცლება სისხლისგან. სანაცვლოდ, აშშ „კეთილშობილურად“ სთავაზობს ყველას მშვიდობას (თუმცა, როგორც ჩანს, ტრამპი საკმაოდ გულწრფელია მშვიდობის მიღწევის სურვილში, თუნდაც იმიტომ, რომ სურს გამოირჩეოდეს  თავისი წინამორბედებისგან, რომლებიც მუდმივად აწარმოებდნენ ომებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში).

მაგრამ ტრამპის საგარეო პოლიტიკაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ისრაელის უპირობო მხარდაჭერა, სულერთია, რაც არ უნდა გააკეთოს მან. ისრაელის გულისთვის ტრამპი მზადაა ირანთან საომრადაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი ომი არ იქნება და ბევრ მსხვერპლს მოითხოვს. ყოველ შემთხვევაში, ტრამპი ჯერ-ჯერობით მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენებით იმუქრებოდა ირანის წინააღმდეგ და ყველა სხვა შემთხვევაში ეკონომიკური მეთოდებით ცდილობს ურჩთა დამორჩილებას. მიუხედავად საგარეო პოლიტიკისადმი მისი მერკანტილისტური მიდგომისა, ტრამპი ასევე მზადაა, არ დაიშუროს თანხები, ისრაელის სიმშვიდისთვის „გამოისყიდოს“ მთელი ღაზას სექტორი და იქედან 2 მილიონი ადამიანი გადაასახლოს. ტრამპის ასეთი, კიდევ ერთი, „გარიგება“, ვერ გახდება მსოფლიოში სტაბილურობის გამაძლიერებელი ფაქტორი.

ევროპულ სახელმწიფოებს, ისევე, როგორც თურქეთს და ჩინეთს, ასევე სურთ თავიანთი წილი. ამ ვითარებაში აშშ მხოლოდ დროის მოკლე მანძილზე შეძლებს მოკავშირეების გარეშე ყოფნას (ახლა კი თავად ვაშინგტონმა მიატოვა მოკავშირეები და დაპირისპირებულია ნახევარ მსოფლიოსთან). ამიტომ რუსეთი შეძლებს გააძლიეროს თავისი პოზიცია მანამ, სანამ ტრამპი ამას მიხვდება.

მე ვფიქრობ, რომ ტრამპიზმი დროებითი მოვლენაა. თუმცა, ის წარუშლელ კვალს დატოვებს და სამყარო ძველებურ მდგომარეობას ვეღარ დაუბრუნდება. ერთის მხრივ, ტრამპი პუტინისთვის „სასარგებლო იდიოტია“, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში ახალ გამოწვევებს შექმნის.

რუსეთის მოტივები

აშშ-სგან განსხვავებით, რომელსაც თავიდანვე, 2014 წლის „მაიდნის“ მომენტიდან, ამოძრავებდა არა მხოლოდ რუსეთის საწინააღმდეგო გეოპოლიტიკური მიზნები, არამედ ანგარებიანი, ვიწრო-კორუფციული მოტივებიც (გავიხსენოთ თუნდაც ჰანტერ ბაიდენის მოღვაწეობა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში), რუსეთი ახორციელებდა მხოლოდ ჰუმანიტარულ ამოცანას – რუსების, მართლმადიდებლების გადარჩენას. ეს ამოცანა ორგანულად არის გადაჯაჭვული მოსკოვის სტრატეგიულ ინტერესებთან (დასავლეთის ფლანგზე და შავ ზღვაზე ნატოს შეკავება, ყირიმის შენარჩუნება). 

როგორც გაირკვა, აშშ-ს თავიდანვე სურდა უკრაინის ტოტალური დასუსტება და მისი ჩაყენება აშშ-სადმი სრული დამოკიდებულების მდგომარეობაში, რათა ამერიკას გზა გახსნოდა უკრაინის ბუნებრივი სიმდიდრეების სრული კონტროლისაკენ. ტრამპმა და მისმა გარემოცვამ, რომლებიც შეშლილები არიან მსოფლიოს სასარგებლო წიაღისეულის კონტროლზე და რის გამოც მათ ეჭვქვეშ დააყენეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, ბუნებრივია, არ დაინდეს თავიანთ მიერვე მართული უკრაინა. ამიტომ, პუტინმა ძლიერი საპასუხო სვლა გააკეთა, როდესაც ამერიკელებს შესთავაზა იშვიათმიწა მეტალების ერთობლივი ათვისება არა მხოლოდ და არა იმდენად უკრაინაში, არამედ საკუთრივ რუსეთშიც. ამით რუსეთი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იგი არ ცდილობდა და არ ცდილობს უკრაინის კოლონიზებას, ამ ქვეყნის მოსახლეობის ძარცვას, მისი რესურსების მითვისებას, არამედ ყველაფერი პირიქითაა – რუსეთი ცდილობს, დაეხმაროს ადამიანებს, გათავისუფლდნენ კოლონიური მოფაშისტო რეჟიმისგან. 

კავკასიის რეგიონში ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოება და ფხიზლად მოეკიდოს რუსეთის საგარეო პოლიტიკას, ფობიებისა და ცრუ წარმოდგენების გარეშე. ფორმატი “3+3“, შესაძლოა, იქცეს კარგ დასაწყისად საქართველოსთვის, ნაყოფიერი და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისათვის. 

https://politforumi.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here