ცრემლი რუსოფობიის შხამიან ყვავილზე საპკურებლად

    ცრემლი რუსოფობიის შხამიან ყვავილზე საპკურებლად

    ჩაიარა კიდევ ერთმა (104-) 25-მა თებერვალმა.. გასაბჭოების დღემ.

    დასავლეთის აგენტურას ამ დღეს თბილისში რამდენიმე საპროტესტო მარში და აქცია ჰქონდა დაგეგმილი. ორგანიზატორები იუწყებოდნენ, რომ 25 თებერვალს, 16:00 საათზე, „საქართველო გაიფიცებოდა”. სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, 25 თებერვალს 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ ლოზუნგით: „არა რუსულ ოკუპაციას“.

    ოფიციალური ქრონიკა გვაუწყებდა:

    ”საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ადმინისტრაციულ შენობებზე, სამხედრო ქვედანაყოფებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის დადგენილებით 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული”.

    მანამდე 25 თებერვალი ოკუპაციის დღედ სააკაშვილის რეჟიმმა გამოაცხადა.

    ამ თარიღთან ბრძოლა კი 1990 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში უმრავლესობით მოსულ ზვიად გამსახურდიას ჰქონდა გამოცხადებული. საქართველოს სსრ კონსტიტუციის პრეამბულაში მათ ჩაწერეს სიტყვები: „1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია”. კონსტიტუციაში შეტანილი სხვა მრავალი ცვლილებიდან ერთ-ერთი სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა იყო: „მე-4 თავის დასახელებიდან და პირველი, მე-4, მე-60, 64-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნას სიტყვა „სოციალისტური“.

    შევარდნაძის „გმირული” ბრძოლა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ ცნობილი ფაქტია და მას ციტატებით გამაგრება არ სჭირდება. მისი წიგნი „ჩემი არჩევანი” დასტურია იმისა, როგორ აირჩია მან საბჭოთა კავშირის ნაცვლად დასავლეთი, სოციალისტური სისტემის ნაცვლად კი – კაპიტალისტური ცხოვრების წესი.

    რაც შეეხება დღევანდელ მმართველ პარტიასა და მთავრობას, მათი ციტატების საძებნად შორს წასვლა არ მოგვიწევს. იუნკრების მემორიალთან პატივის მისაგებად მისულმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „104 წლის წინათ ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა”.

    პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. იქვე იმყოფებოდნენ ოპოზიციის ლიდერები და ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

    ანუ…

    ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსული ხელისუფლების ყველა თაობა და ყველა დროის ოპოზიცია ამ დღეს (25 თებერვალს) ერთი სულისკვეთებით ერთიანდება. ეს არის რუსეთის, საბჭოთა წარსულისა და სოციალისტური სისტემის უკიდეგანო და გაუნელებელი სიძულვილი. ამ სიძულვილს ისინი მარტივად ხსნიან: 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.

    მათთვის ამ ვერსიას ალტერნატივა არ აქვს.

    ალტერნატიული აზრი კი არსებობს, ვთქვათ, ასეთი:

    1921 წელს იყო ძალადობა და სამხედრო აგრესია, მაგრამ ეს არ ყოფილა ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს დაპყრობის კლასიკური მაგალითი, რომლის მსგავსი მილიონობით იცის ისტორიამ. ეს სხვა რამ იყო…

    დედამიწაზე არსად, არც ერთ ეპოქაში არ უარსებია სამართლიან ფორმაციას, კაცობრიობის მთელი ისტორია იყო ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის, ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფისა და ერთი კლასის მიერ მეორე კლასის ექსპლოატაცია.

    მხოლოდ 1917 წლის რევოლუციას, რომელიც რუსეთში განხორციელდა, მოჰყვა სოციალური სამართლიანობის პირველი პრეცედენტი. სისტემამ, რომელიც დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ დამკვიდრდა, მიწა გლეხებს, ფაბრიკა-ქარხნები კი მუშებს მისცა, უფრო სწორად სიმდიდრის ეს ორი უძირითადესი წყარო დაუბრუნა მის კანონიერ მფლობელს – ვინც შრომობდა და პროდუქციას ქმნიდა.

    უსამართლო სისტემები ქმნიდნენ მართვის ბერკეტების მემკვიდრეობით გადაცემის ტრადიციებს და იურიდიულად აკანონებდნენ. კაპიტალისტურმა სისტემამ საყოველთაო არჩევნებიც დაუშვა, მაგრამ ბურჟუაზიის ხელში არჩევნების ბედს კაპიტალი წყვეტს, რაც მუშასა და გლეხს არ გააჩნია. ნათელია, რომ მშრომელები არჩევნების გზით ძალაუფლებას ვერასოდეს აიღებენ ხელში. მაგალითად, აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისმა 1,9 მილიარდი, დონალდ ტრამპმა კი 1,6 მილიარდი დოლარი დახარჯეს; ჯამში – 3,5 მილიარდი დოლარი. ამგვარ ასტრონომიულ თანხას მუშათა და გლეხთა კლასის წარმომადგენლები სიზმარშიც ვერ ნახავენ. ბურჟუაზიული არჩევნები მშრომელებს ერთადერთ შანსს აძლევს – ხმა მისცენ კოლოსალური კაპიტალით ზურგგამაგრებულ ამა თუ იმ კანდიდატს, რომელთაგან ვერც ერთი ვერ იქნება მშრომელი ადამიანების (კლასის) ინტერესების გამომხატველი. ბურჟუაზიული არჩევნები მშრომელთა კლასს არჩევნებში გამარჯვების მისხალ შანსს არ უტოვებს. მარქსმა და ენგელსმა კომუნისტური პარტიის მანიფესტში სავსებით სამართლიანად ჩაწერეს ცნობილი სიტყვები: „კომუნისტებს სამარცხვინოდ მიაჩნიათ, რომ დამალონ თავიანთი შეხედულებანი და განზრახვანი. ისინი აშკარად აცხადებენ, რომ მათი მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ არსებული საზოგადოებრივი წყობილების ძალდატანებითი დამხობის გზით. დაე, გაბატონებული კლასები ძრწოდნენ კომუნისტური რევოლუციის შიშით. მასში პროლეტარები არაფერს დაკარგავენ, გარდა საკუთარი ბორკილებისა”. ეს დიდებული ნაშრომი ჟრუანტელის მომგვრელი სიტყვებით იწყება: „აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი კომუნიზმისა”. იგი არანაკლებ ჟრუანტელის მომგვრელი ლოზუნგით მთავრდება: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”. პროლეტარიატის ერთ მუშტად შეკვრას უნდა წარმოეშვა ის ენერგია, რომელიც შეძლებდა უსამართლობის დამხობას და სამართლიანობისთვის დასაბამის მიცემას. აი, ამ კონტექსტის გათვალისწინების გარეშე განხილვა მეთერთმეტე არმიის შემოსვლისა საქართველოში ისტორიის ფილოსოფიაში წვდომის უუნარობა და მისი ტენდენციური ინტერპრეტაციის მცდელობაა.

    მე-11 არმიამ ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის კლასიკური დაპყრობა კი არ განახორციელა, როგორც სურთ ვითარების დახატვა, არამედ, ქვეყანას მოაშორა ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის ისეთსავე აგენტურას წარმოადგენდა, დღესაც საქართველოს უფსკრულში გადაჩეხვას რომ ცდილობს რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნით. ჟორდანიას აგენტურულმა პროდასავლურმა მთავრობამ მას შემდეგ, რაც ხალხის განწყობა შეისწავლა და ხელისუფლების დაკარგვის რეალური საფრთხე იგრძნო, გაძარცვა სამი ინსტიტუცია: ბანკი, ეკლესია, მუზეუმი. მათ საქართველოდან გაიტაცეს ორასორმოცდარვა ყუთში ჩაწყობილი ეროვნული განძი, რომელიც არამხოლოდ უზარმაზარ მატერიალურ სიმდიდრეს, არამედ ფასდაუდებელ სულიერ (საკრალურ) საუნჯეს წარმოადგენდა. ამ განძიპარია არამზადებმა ათეული წლები გაატარეს ევროპაში გაყიდული იმ ნაძარცვით, რომლიდანაც მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა ექვთიმე თაყაიშვილის მონდომებითა და მეცადინეობით, მაგრამ ის ნაწილიც ფრანგული ბანკების მიერ კონფისკაციას დაექვემდებარა და საქართველოსთვის დაკარგული იყო. მხოლოდ სტალინის ავტორიტეტმა განაპირობა ის, რომ მენშევიკების მიერ გატაცებული განძისგან გადარჩენილი მცირე ნაწილი (ოცდაცხრამეტი ყუთი) პრეზიდენტ შარლ დე გოლის გადაწყვეტილებით დაბრუნდა საქართველოში 1945 წელს.

    გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში (მენშევიკური მთავრობის მიერ განძის გატაცებიდან სამოცდაათი წლის შემდეგ) დასავლური სპეცსამსახურების მიერ წახალისებული და გორბაჩოვის „გარდაქმნით” ფრთაშესხმული „ეროვნული მოძრაობა” კვლავ მენშევიკური დროშის ფრიალით ებრძოდა საბჭოთა პერიოდში შექმნილ ყველა სიკეთეს. რაც მთავარია, ეს ხდებოდა თავისუფლების სახელით. მას შემდეგ, რაც კომუნისტურმა მთავრობამ ტრაგიკულად დაღუპული მერაბ კოსტავა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალა, თბილისში ლენინის ქუჩას სახელი გადაარქვა და კოსტავას ქუჩა უწოდა, ხოლო თბილისის ცენტრალური მოედნიდან ლენინის ძეგლი მოხსნა, ეროვნული მოძრაობისთვის ხელისუფლების გადაბარებაც არ იყო რთული საქმე. გორბაჩოვის მიერ ამერიკული სცენარით დადგმული სპექტაკლის (სახელწოდებით „გარდაქმნა“) შედეგად 1990 წელს ეროვნული მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა. მან ბრძოლა გამოუცხადა ყველაფერს, რაც საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში იყო შექმნილი… ნაშენები… მიღწეული… თუმცა, აქ მე ოდნავ დავასწარი მოვლენებს. ჯერ ის უნდა ვნახოთ, თუ როგორი იყო და რას ნიშნავდა მეთერთმეტე არმიის შემოსვლა და საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს „დაპყრობა”:

    * მე-11 არმია, შემოდიოდა რა საქრთველოში, მოჰქონდა კოლოსალური ძვრები ექსპლოატატორული შრომისგან ხალხის განთავისუფლებისა და თავისუფალი შრომის დამკვიდრების მიმართულებით;

    * მე-11 არმიას მოჰქონდა ახალი ქალაქი (რუსთავი) გიგანტური მეტალურგიული და ქიმიური ქარხნებით; მეთერთმეტე არმიას მოჰქონდა ავიამშენებელი, გემთმშენებელი, ელმავალმშენებელი, მანქანათმშენებელი, ჩარხმშენებელი ქარხნების საოცარი კრებული;

    * მე-11 არმიას მოჰქონდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ტყიბულის ქვანახშირისა და ჭიათურის მარგანეცის საბადოების ამუშავება და ხალხის სამსახურში ჩაყენება;

    * მე-11 არმიას მოჰქონდა კოლხეთის დაბლობში ჭაობის დაშრობის, მალარიისგან ხალხის განკურნების, სოფლის მეურნეობის აყვავების, ჩაის კულტურისა და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაშენების, აღმოსავლეთ საქართველოს გვალვიანი მიწების გასარწყავებისა და თბილისში ხელსაყრელი კლიმატური პირობების შესაქმნელად უზარმაზარი წყალსაცავის (თბილისის ზღვა) მშენებლობის მეგაპროექტები;

    * მე-11 არმიას მოჰქონდა მთელი ქვეყნის ელექტროფიკაცია – ზაჰესიდან ენგურჰესამდე;

    * მე-11 არმიას მოჰქონდა კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების, საბავშვო დაწესებულებების (სკოლები, ბაღები, ბაგები), საავადმყოფოების, პოლიკლინიკების, კურორტების, ბიბლიოთეკების, თეატრების, კინოთეატრების მთელი ქსელი;

    * მე-11 არმიას მოჰქონდა მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტები და განათლების ცენტრები;

    * მე-11 არმიას მოჰქონდა ქართული კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების, სულიერების არნახული განვითარების წინაპირობა;

    * მე-11 არმიას მოჰქონდა უფასო განათლების, ჯანდაცვისა და დასვენების უპრეცედენტო სისტემები;

    * დასასრულ, მე-11 არმიას მოჰქონდა იქამდე არნახული და გაუგონარი თანასწორობა, სოციალური სამართლიანობისა და საყოველთაო დაცულობის არნახული პაკეტი.

    ასე „დაგვიპყრო” რუსეთმა და მე-11 არმიამ იოსებ სტალინის, სერგო ორჯონიკიძის, ლავრენტი ბერიას და სხვა ქართველთა ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით.

    სამოცდაათი წლის განმავლობაში ებრძოდნენ საბჭოთა კავშირსა და სოციალისტურ სისტემას დასავლეთის უბოროტესი ძალები გარედან და შიგნიდან ბინძური იდეოლოგიით, დივერსიებით, საბოტაჟებით, აგენტურით, მავნებლებით, ომით. ეს ბრძოლა (ომი) 1985 წელს საბჭოთა კავშირის სათავეში დასავლეთის აგენტურის (გორბაჩოვი, შევარდნაძე, იაკოვლევი და სხვ.) მოყვანით დაგვირგვინდა. საბჭოთა კავშირის დასავლურმა ხელისუფლებამ დასავლეთის მიერვე საბჭოთა კავშირის წიაღში გამოჩეკილ-გამოზრდილ დისიდენტებთან ერთად შეძლეს ანტისაბჭოური და ანტისოციალისტური განწყობილებების კულტივირება, რომელსაც ნგრევა და ქაოსი მოჰყვა. 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა და სოციალისტური სისტემაც დაინგრა.

    * საქართველოში დაიწყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა და დაპირისპირება, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა;

    * გაჩაღდა ეთნოკონფლიქტები, დაიწყო ომები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეს საფუძვლად დაედო საქართველოს სამ ნაწილად დაშლას;

    * სიმდიდრეს დახარბებულმა ადამიანებმა ხელში ჩაიგდეს საბჭოთა პერიოდში ნაშენები ფაბრიკა-ქარხნები და მათი უდიდესი ნაწილი ჯართის სახით უცხოეთში გაყიდეს. გაჩნდა მდიდართა მცირერიცხოვანი და ღატაკთა უზარმაზარი კლასები;

    * დაიწყო ლუკმაპურის საძებნელად საზღვარგარეთის ქვეყნებში უპრეცედენტო ემიგრაცია. საქართველოს მოსახლეობა თითქმის განახევრდა და დადგა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე;

    * დაიწყო უცხოელთა მიგრაციის სახიფათო პროცესიც, რაც არა მხოლოდ დემოგრაფიული კოლაფსით გვემუქრება, არამედ აძვირებს ყველაფერს – კვების პროდუქტებით დაწყებული და საცხოვრებელი ფართობით დამთავრებული;

    * ჩაკვდა კულტურა – კინო, თეატრი, მწერლობა, მხატვრობა, მუსიკა გარყვნილთა და მეძავთა თავშესაფრად იქცა.

    ასე „გაგვათავისუფლა” დასავლეთმა და მისმა სპეცსამსახურებმა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემისგან ედუარდ შევარდნაძის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და სხვა ქართველთა ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით.

    დასავლეთმა სამი ათეული წელიწადი გვატყუა ნატოსა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივით, რაც რუსეთთან დაპირისპირების ფასად დაგვიჯდა აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. რომ არა ამ ნაწილში დღევანდელი მმართველი პარტიის სწორი პოლიტიკური ალღო და შექმნილ სიტუაციაში გარკვევის უნარი, საქართველოს უკრაინიზაცია არ ასცდებოდა.

    აი, ამ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში ვხედავთ უცნაურ სურათს: ხელისუფლებისა და დასავლეთის აგენტურის წარმომადგენლები გვერდიგვერდ დგანან საცოდავი იუნკრების ობელისკთან, რომლებიც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ (ისევე, როგორც ზელენსკიმ უკრაინელი ჯარისკაცები) გაწირა ყოვლად უპერსპექტივო ომში რიტუალური თვითშეწირვისთვის, რათა დასავლეთის აგენტურას საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეღვარა ფარისევლური ცრემლები რუსოფობიის შხამიან ყვავილზე საპკურებლად. ყველა, ვინც სამშობლოს დამოუკიდებლობას ეწირება, რა თქმა უნდა, სამარადისო პატივის ღირსია, მაგრამ ისტორიული პროცესების მხოლოდ ემოციებით შეფასება სწორ დასკვნამდე ვერ მოგვიყვანს, მით უფრო, როდესაც საზღვარგარეთის მძლავრი იდეოლოგიური და საინფორმაციო საშუალებები ცდილობენ, მათივე ტერმინით რომ ვთქვათ, თავს ყალბი ნარატივი მოგვახვიონ.

    საქართველოს ხელისუფლება საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის ფილოსოფიას თუ ვერ წვდება, იმას მაინც ხომ უნდა ხვდებოდეს, რომ შეუძლებელია, სწორ პოზიციას იკავებდეს იმ დროს, როდესაც აგენტურის გვერდით დგება. საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც დასავლეთი ღიად და დაუნდობლად ებრძვის, რატომ უნდა მონაწილეობდეს დასავლურ სპექტაკლში, რომელსაცრუსული ოკუპაციადადასავლური განთავისუფლებაჰქვია, ანუ საუკუნის სიცრუე და თაღლითობა და სხვა არაფერი?!

    აი, ძალიან მოკლედ ის ალტერნატიული აზრი, რომელიც არსებობს და რომლის წაშლა საზოგადოებრივი ცნობიერებიდან ისევე ძნელია, როგორც იმ საწინააღმდეგო აზრის წაშლა, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ მეთერთმეტე არმიის შემოსვლა დაპყრობა იყო, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოა.

    ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომელ ისტორიულ დღეს უფრო მეტი სიკეთე და სინათლე ახლდა – 26 მაისს, 31 მარტს თუ 25 თებერვალს.

    ამ ისტორიული თარიღების მნიშვნელობაზე როდესაც დაფიქრდებით, კიდევ ერთი თარიღი იქონიეთ მხედველობაში – 9 მაისი, დასავლურ ფაშიზმზე გამარჯვების ისტორიული დღე, რომელიც პირდაპირ ღაღადებს სიკეთესა და ბოროტებაზე, ისტორიასა და ჭეშმარიტებაზე.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here