მიხეილ ჟღენტი: „3+3“-ში საქართველოს გაწევრება დღეს უკვე შეერთებული შტატების ინტერესებშიც შედის!

    „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ სჭირდება არც ერთი ქვეყანა, მით უმეტეს _ პარტნიორი საქართველო, რომელიც დაპირისპირებული იქნება რუსეთთან“

    მიხეილ ჟღენტი

    მსოფლიო ტრამპისა და პუტინის შეხვედრას ელოდება. დღეს ყველა იმაზე საუბრობს, რაზე შეთანხმდებიან აშშ და რუსეთი. ბევრი სახელმწიფოს ბედი სასწორზე დევს, მიმდინარეობს გლობალური ცვლილებები, საქართველოს მომავალი კი ჯერ ისევ გაურკვეველია. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არ ჩქარობს პოზიციის დაზუსტებას; არ ჩქარობს არც ერთ გაერთიანებაში შესვლას, მიუხედავად იმისა, რომ 3+3 ფორმატში მონაწილეობისთვის გვიხმობენ

    საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე პარტიის სოლიდარობა მშვიდობისათვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

    _ ზუსტად 3 წელიწადია, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ტრაგედია _ ასე ვუწოდებ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ბოდვები, რომლებსაც ვისმენდით, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე დაამარცხებდა რუსეთს, აღმოჩნდა არა მხოლოდ ტყუილი, არამედ დანაშაულის ტოლფასი.

    ქართული ლიბერალური კოჰორტა, თავისი დასავლელი პატრონებისგან გამოყეყეჩებული, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, ჩაბმულიყო კონფლიქტში რუსეთის წინააღმდეგ და ისევე განადგურებულიყო, როგორც დღეს განადგურებულია უკრაინა, რომელიც ვერასდროს აღდგება 2014 წლის საზღვრებში და ვერასდროს იქნება მისი ეკონომიკა ისეთი, როგორიც იყო 1990-91 წლებში. დასავლეთმა გამოიყენა ეს სლავური ქვეყანა და თავის ინტერესებს შეალეწა, მაგრამ ევროპის ბედიც იმაზე ტრაგიკულია, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.

    მოხდა ის, რაზეც პარტია „სოლიდარობა მშიდობისთვის“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად საუბრობს. ბირთვულ დაპირისპირებამდე მიყვანილ მსოფლიოში ვითარების განმუხტვის ერთადერთი საშუალება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმების მიღწევა და რუსეთის ინტერესების გათვალისწინება იყო. აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაციამ ყურად არ იღო რუსეთის გაფრთხილება რუსეთის ინტერესების გათვალისწინების შესახებ. მეტიც, უკრაინა მზად იყო, შეეტია რუსეთის იმ ტერიტორიებისთვის, რომლებზეც 2014 წლიდან მიმდინარეობს სამხედრო დაპირისპირება. შეგახსენებთ, რომ რუსეთისთვის მთავარი ამოცანაა, ნატოს წევრები არ გახდნენ უკრაინა და საქართველო, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ინფრასტრუქტურა დაბრუნდეს 1997 წლის საზღვრებში. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, ის რომ ყოფილიყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა. დღეს კი ვხედავთ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის ერთი თვის შემდეგ მსოფლიო პოლიტიკა თავდაყირა დადგა: რუსეთმა მიაღწია უკრაინის დემილიტარიზაციას; უფრო მეტსაც _ ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გამოფიტვას. საიდუმლო არავისთვის არის, რომ აშშ-სა და რუსეთს პრეტენზიები აქვთ ევროპასთან. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ისინი გაიყოფდნენ ევროპაზე როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ზეგავლენას.

    მოდი ვნახოთ, რა შედეგი მოუტანა ევროპას რუსეთისთვის დაწესებულმა 20 ათასზე მეტმა სანქციამ:

     ევროპის პირველი ეკონომიკა _ გერმანია _ პრაქტიკულად ჩამოშლის პირას დადგა. ეს ავტომატურად გამოიწვევს ამ კონტინენტის ეკონომიკურ დასუსტებასა და მსოფლიო პოლიტიკაში მისი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპა ათეული წლის განმავლობაში ვერ მოახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენას. ისმის კითხვა: რატომ დღეს და არა ორი წლის წინათ არ დაიწყო შეერთებულმა შტატებმა საუბარი რუსეთთან? მსოფლიომ დაინახა, რომ უკრაინა დამარცხებულია და მასთან ერთად დამარცხდა ის 50 ქვეყანაც, რომლებიც მას ეხმარებოდნენ ბოლო 3 წლის განმავლობაში.

    რჩება შთაბეჭდილება, რომ, როგორც დიდი სამამულო ომის პერიოდში, როდესაც ნათელი შეიქნა საბჭოთა კავშირის გამარჯვება გერმანიაზე, მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს მოკავშირეებმა მეორე ფრონტი და სტალინის ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირთან ერთად შეცვალეს ევროპის საზღვრები. დღესაც მსოფლიომ უკვე აღიარა, რომ უკრაინა დამარცხდა, ზელენსკი კი ალაპარაკდა გადადგომასა და ახალ არჩევნებზე. ის რიტორიკა, რომელიც ისმის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ, პრეზიდენტ ტრამპისგან, ზელენსკისთვის განაჩენის ტოლფასია. რას მიიღებს რუსეთი? _ რუსეთი მიიღებს აღმოსავლეთ ევროპაზე, მათ შორის ბალკანეთზე, სრულ კონტროლს, ამასთანავე, დიდი ალბათობით, პოსტსაბჭოთა სივრცე გადავა რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის ქვეშ.

    შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სურს მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის დაწესება, ზოგიერთის შეერთება, ზოგიერთის ყიდვა და მისთვის საინტერესო რეგიონებზე რბილი ძალით გავლენის აღდგენა. ამით მან რუსეთს გაუხსნა ხელები, თავისუფლად იმოქმედოს იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შემდეგ ვეღარ აკონტროლებდა, ანუ შეერთებულმა შტატებმა გახსნა „პანდორას ყუთი“ და დღეს ძლიერის სიმართლე და სურვილები გავრცელდება ყველა მეზობელზე. არ გამოვრიცხავ, ანალოგიური სურვილი გაუჩნდეს ჩინეთსაც და თავისი გავლენის გაფართოება მოინდომოს. მოკლედ, აშშ და რუსეთი კარიბის კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდ დაპირისპირებას გადაურჩნენ და ჩვენ შევდივართ სრულიად ახალ მსოფლიო გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში, რომელიც 2029-2030 წლისთვის დასრულდება.

    ხშირად ისმის კითხვა: სირია ხომ არ გაიცვალა ამ ყველაფერში და რუსეთი ხომ არ გამოდის ახლო აღმოსავლეთიდან? ამ მხრივ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ სირიის ხელისუფლებამ თავად გამოუტანა განაჩენი საკუთარ ქვეყანას და, თუ მმართველ ძალას არ სურს ხელისუფლების შენარჩუნება, რუსეთიც არ იქნება დაინტერესებული, ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი იყოს. საუდის არაბეთში გამართულმა მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, იმარჯვებს დიპლომატიურ ასპარეზზეც. ეს გამოიხატება იმ რიტორიკაში, რომელიც ეხება რუსეთისთვის სანქციების მოხსნასა და შეერთებულ შტატებთან სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური ურთიერთობების გაჯანსაღება. კიდევ ვიმეორებ: ეს მოხდება ევროპის ხარჯზე. მსოფლიოს ახალი მმართველობა, დიდი ალბათობით, განისაზღვრება ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის, რუსეთის, ანგლოსაქსებისა და ჩინეთის ჩართულობით.

    _ რა ბედი ეწევა ბრიჩსს, ემუქრება თუ არა საფრთხე ამ გაერთიანებას?

    _ რაც შეეხება ბრიჩსს, ეს გაერთიანება, ჩემი აზრით, სამომავლოდ მცირე რეფორმის შემდეგ ჩამოყალიბდება იმგვარ ორგანიზაციად, რომელიც არ იქნება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საბაბი. აღსანიშნავია, რომ ბრიჩსის შექმნამ და მისმა ყოველწლიურმა გაფართოებამ გადააწყვეტინა აშშ-ს, სასაუბროდ დამჯდარიყო რუსეთთან, როგორც თანასწორ პარტნიორთან. ჩვენ ვხედავთ, რა მაღალია ტემპი იმ ცვლილებებისა, რომლებიც მათ შორის იმ კონტინენტებზე ხდება, რომლებსაც წარმოადგენს ბრიჩსში შემავალი სახელმწიფოები. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკურად განულებული ევროპის ფუნქციები გადანაწილდეს ამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე და, რა თქმა უნდა, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შეთანხმების საგანი. მსოფლიო მზად არის, მიიღოს თამაშის ახალი წესები, რომლებიც დამყარებული იქნება ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, მათი ინტერესების სრული გათვალისწინებითა და ურთიერთპატივისცემით. რიტორიკა, რომელსაც დღემდე ვისმენდით _ „გავანადგუროთ რუსეთი, დავამარცხოთ ის ბრძოლის ველზე“ _ დასრულებულია, ამიტომ ბრიჩსის ბედი დამოკიდებულია თამაშის ახალ წესებზე.

    _ რუსეთი აქტიურად საუბრობს “3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ ქართველებისთვის კარი ღიაა და სკამიც დგას, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ჯერჯერობით თავს იკავებსრას ელოდება ,,ქართული ოცნება?

    _ რუსეთი, უკვე დიდი ხანია, გვთავაზობს სხვადასხვა ფორმატში ურთიერთობას და მათ შორის _ „3+3“-ში. ჩვენი პარტიის აზრით, ეს არის ყველასთვის მისაღები და უსაფრთხო გაერთიანება. ჩვენი პარტიის საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ ორიოდე კვირის წინათ კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად მოხდეს აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს ჩართულობა. თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ რუსეთის გარეშე და მასთან, პირველ რიგში, დიპლომატიური ურთიერთობის გარეშე შესაძლებელი იქნება ჩვენი სრულფასოვანი თანამშომლობა ამ ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებთან.

    „3+3ში საქართველოს გაწევრება დღეს უკვე შეერთებული შტატების ინტერესებშიც შედის, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, ტრამპის ადმინისტრაციას არ სჭირდება არც ერთი ქვეყანა, მით უმეტეს, პარტნიორი ქვეყანა საქართველო, რომელიც დაპირისპირებული იქნება რუსეთთან, ამასთანავე, დავძენ, რომ „3+3″-ში არის თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია და ბოლო 33 წლის განმავლობაში არის შეერთებული შტატებისა და ანგლოსაქსების საიმედო პარტნიორი, ნატოში აშშ-ის შემდეგ ყველაზე მძლავრი სამხედრო პოტენციალის მქონე.

    მოდი, კიდევ ერთხელ შევეხოთ ევროპას, რომელმაც თავის თავზე აიღო წაგებულ ომში, ვგულისხმობ უკრაინას, ზელენსკის მხარდაჭერა და მხოლოდ ეს ფუნქცია შეინარჩუნა. სამწუხაროა, მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ რუსეთს შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე მოუწიოს გარკვეული სამხედრო ოპერაციის ჩატარება და ეს, როგორც უკრაინის კონფლიქტი, იქნება ევროპელი ლიდერების დაბალი კვალიფიკაციის, არაადეკვატური პოლიტიკური ხედვების შედეგი

    ჩვენი პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გამოთქვამს შიშს, რომ საქართველომ არ დააგვიანოს „3+3″-ში გაწევრება და ამ ორგანიზაციაში არ შევიდეს იმ პირობებით, რომლებიც ჩვენთვის არ იქნება ხელსაყრელი. დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, დავაკმაყოფილოთ ჩვენი პარტნიორის _ ამერიკის შეერთებული შტატებისა და მეზობელი რუსეთის ინტერესები და „ნატო-კატოს” ძახილის ნაცვლად დავიწყოთ რეალური პოლიტიკის კეთება. თუ დღეს ვინმე კიდევ საუბრობს საქართველოს ნატოში ან ევროკავშირში გაწევრებაზე, ის ან არაადეკვატურია, ან ამოძრავებს მერკანტილური მიზნები, რომლებიც საქართველოსთვის იქნება დამღუპველი. იმედია, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რათა სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ბოლო 3 წლის განმავლობაში, ლოგიკურად დაგვირგვინდეს.

    _ სანამ ამერიკას ჩვენთვის არ სცალია და, სავარაუდოდ, კიდევ კარგა ხანს ვერ მოიცლის, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ, ასე ვთქვათ, ჩვენდამი უყურადღებობის პერიოდში?

    _ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენთვის, დიდი ხანია, აღარ სცალია, მაგრამ ინერციით ხდებოდა მანიპულაციები და საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი იმ მოტივით, რომ ჩავრთულიყავით რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში და უკრაინისთვის შეგვემსუბუქებინა საბრძოლო მოქმედებები.

    ხომ ნათელია, რომ საქართველოში მოქმედი შეერთებული შტატების ყველა ორგანიზაცია ეწეოდა ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას?! კიდევ ვინ უნდა გვითხრას, თუ არა აშშ-ის პრეზიდენტმა, რომ მისი ქვეყნის მიერ დაფინანსებული გარკვეული ორგანიზაციები წარმოადგენდნენ საფრთხეს ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომლებშიც ისინი „მოღვაწეობდნენ“. ამ ორგანიზაციებმა 1947-1997 წლებში 83 ქვეყანაში მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება სხვადასხვა საბაბით _ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა თუ თითიდან გამოწოვილი სხვა მიზეზით. მიზანი მხოლოდ ერთი იყო _ გაევრცელებინათ შეერთებული შტატების გავლენა მსოფლიოზე, რომელიც მიმართული იქნებოდა, პირველ რიგში, ჯერ საბჭოთა კავშირის, ხოლო შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ. შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად, სხვადასხვა მონაცემით, 5-7%-ით შემცირდება. ეს გამოიწვევს მსოფლიოში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის, ბაზების შემცირებას და ახალი თავდაცვითი მაღალტექნოლოგიური სისტემების შექმნას.

    დასავლეთი მიდის და აღმოსავლეთი მოდის, უკვე გაცხადებულია. საუდის არაბეთში დაწყებული მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ ადასტურებს აღმოსავლეთის მზარდ პოლიტიკურ გავლენებს ახალ მსოფლიოში.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here