კმარა!

    სოხუმის აეროპორტმა, რომელიც ოცდაათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ იყო, რუსეთიდან პირველი თვითმფრინავი მიიღო.

    ამ ფაქტზე  საქართველოს  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია: ”საქართველოს ნებართვის გარეშე  სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორცილდება. სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა უზრუნველყოფილი არ იქნება ქართული მხარის მიერ.

    იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს. ეს კი გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე. სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დახურულია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთანავე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს. ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. მისი მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება. საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს. საქართველოს ტერიტორიაზე აეროდრომების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას,  გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განახორციელებს“, – ნათქვამია ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

    ეს არის, ასე ვთქვათ, საქართველოს ოფიციალური გამოხმაურება, თუ გნებავთ, პასუხი სოხუმში აეროპორტის ამოქმედებასა და პირველი რეისის შესრულებაზე.

    ჩავთვალოთ, რომ ამ განცხადებაში იურიდიულად ყველაფერი სწორი და გამართულია, მაგრამ რას ნიშნავს ეს გამოხმაურება, რას ცვლის იგი, რა კორექტივის შეტანა შეუძლია მას ამ ახალ რეალობაში? არავითარი, ხომ? რა გამოდის ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის?! ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ, თუკი ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომელიც არ მოგვწონს, გამოვხატავთ კიდეც უკმაყოფილებას ამის გამო, თუმცა რეალობაზე გავლენას ვერ ვახდენთ, ეს ფრთიანი გამოთქმა ხომ სწორედ ამგვარი ვითარების გამომხატველია?! ჰოდა, რა ქნან ძაღლმა და ქარავანმა, პირველი თუ სულ იყეფებს, მეორე სულ ივლის, ვითარება კი მუდმივად უცვლელი დარჩება? ძაღლს ყეფის გარდა თუ არაფერი შეუძლია, ქარავანი კი მის ამ ყეფას აინუნშიც არ აგდებს, რომელმა უნდა შეცვალოს მიდგომა? რა თქმა უნდა, მან, ვინც ყეფით ვერაფერს გახდა, რადგან ქარავანს არაფერი აქვს შესაცვლელი, იგი მიდის და მიდის შეუჩერებლად.

    თვალს ნუ დავიბრმავებთ, საქართველოს ხელისუფლებამ გასაოცარ წნეხს გაუძლო, რათა ხალხის ინტერესები დაეცვა. წნეხი მოდიოდა როგორც აშშ-ისგან, ასევე ევროკავშირიდან. განაჩენი გამოტანილი იყო: მთავრობა, რომელმაც არ გახსნა საქართველოს დამანგრეველი მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ და კანონების დონეზე დაუპირისპირდა, ერთი მხრივ, დასავლეთიდან აგენტურის დასაფინანსებლად შემოტანილ ბინძურ თანხებს, მეორე მხრივ კი, გარყვნილების (ლგბტ) პროპაგანდას, სახელმწიფო გადატრიალების გზით უნდა ჩამოეცილებინათ მართვის სადავეებისგან. ახლა კი ვითარება შეიცვალა. აშშ-ში რევოლუციური სიტუაციაა. პრეზიდენტის პოსტზე მეორედ მოსულ დონალდ ტრამპს, რომელმაც თავად იწვნია გლობალური ომის პარტიისა და ე.წ. სიღრმისეული სახელმწიფოს (დიფ სტეიტი) უსამართლობის  სიმძიმე, სააშკარაოზე გამოაქვს კორუფციული სისტემის სისაძაგლე. ტრამპმა ამერიკულ ”მეხუთე კოლონას” მთელ მსოფლიოში გადაუკეტა დაფინანსების წყარო და მართლაც რევოლუციური სიტუაცია შექმნა, რომლიც ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს, ოღონდ არვინ იცის, რა გემო, როგორი სუნი და რანაირი თვისება ექნება მას. ასეთ ვითარებაში საქართველოს მმართველ პარტიასა და მთავრობას სულის მოთქმისა და პოზიციების გამაგრების დრო და საშუალება უჩნდება, მაგრამ ეს დრო უსაშველოდ არ გაიწელება და მარადიული ვერ იქნება. რეალობა მუდმივად იცვლება და ხელსაყრელი ვითარებაც ჩქარა შეიცვლება ნაკლებად ხელსაყრელი ან სულაც არახელსაყრელი მდგომარეობით. ხელსაყრელი ვითარება თუ ვერ გამოიყენე, იგი ხელიდან გაგისხლტება. პროცესების დაჩქარების მცდელობით საქმე არ უნდა გააფუჭო, მაგრამ დაგვიანებითაც არ უნდა დაღუპო.

    განვიხილოთ პრემიერმინისტრის განცხადება, რომელიც მან ამ სტატიის გამოქვეყნების წინა დღეს „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა: ”ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამას არ აქვს ალტერნატივა”.

    შესანიშნავია, რომ პრემიერმინისტრს რეალობის განცდა არ ღალატობს, მაგრამ იმავე ინტერვიუში ამას მოჰყვა მისი მეორე განცხადება, რომელიც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ეხება: „ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ახლა არც არის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დრო. ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და სწორედ ამაში მდგომარეობს რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკის დედააზრი. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და სწორედ ამ გზით გაგრძელდება ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ“.

    აქ შეკითხვები ჩნდება: სანამ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს, იქამდე ჩვენ თუ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არ მივდივართ, რუსეთი კი, სანამ მას არ დაველაპარაკებით, აღიარებას უკან არ წაიღებს, გამოდის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერანაირად ვერ მოხდება. რას ვაკეთებთ – მოჯადოებულ წრეს ვქმნით, რომლიდანაც ვერასოდეს გამოვალთ? აქაც ანალოგიური ვითარებაა იმისა,  სოხუმის აეროპორტის გახსნის შესახებ მსჯელობისას რომ  გვქონდა. იურიდიულად და მორალურად თითქოს მართალი ვართ, მაგრამ ეგ სიმართლე არაფერში გვარგია, ანუ ძაღლი კვლავ ყეფს, ქარავანი კი, როგორც მიდიოდა, ისევე მიდის.

    ერთი წუთით შევეცადოთ, რომ თავი მოწინააღმდეგის მდგომარეობაში ჩავიყენოთ. ობიექტურობის შენარჩუნებასაც თუ მოვახერხებთ, ვნახავთ, რომ თავიანთი გადასახედიდან ისინიც მართლები არიან. რუსეთში ასე მსჯელობენ: საქართველო რუსეთის მტრულ ბანაკში (ნატო და ევროკავშირი) ცდილობს დამკვიდრებას, მაგრამ ამას არ ეთანხმებიან აფხაზები და ოსები, რომლებმაც საქართველოს შემადგენლობიდან გასვლა მოინდომეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ჩვენ რატომ არ უნდა ვაღიაროთ მათი დამოუკიდებლობა, თუკი ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ჩვენი ინტერესები ფეხზე დაიკიდეს და ანალოგიურ შემთხვევაში კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს?

    იმ ვითარებაში, როდესაც საქართველო ნატოსკენ მიისწრაფვის, ეს გადაწყვტილება (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება) რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოების კონტექსტში ჯდება.

    რუსეთთან საუბარი (დიპლომატიური ურთიერთობა) თუ არ გსურს, ესე იგი არაფრის შეცვლა არ გსურს. არაფრის შეცვლა კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ჩვენთვის კი კატასტროფულია. შეიძლება ასე? არ შეიძლება, მაგრამ მაინც ასე ვიქცევით. აქ აუცილებლად გაჩნდება შეკითხვა: რატომ ვიქცევით ასე? საქმე ისაა, რომ დასავლურ წნეხებსა და შაბლონებს თითქოს ვეწინააღმდეგებით, მაგრამ იქამდე მაინც ვერ მივდივართ, რომ უარი ვთქვათ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის სურვილზე და უსაფრთხოების სხვა ქოლგა ვეძებოთ. არადა, რეალურად, ამ ამოცანის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ამის აღიარების ნაცვლად იმას გავიძახით, რომ დასავლეთი ჩვენთან თავხედურ და მომხმარებლურ დამოკიდებულებას პარტნიორული და თანაბარუფლებიანი დამოკიდებულებით შეცვლის, რომლის შემდეგ ”ღირსებით შევალთ” დასავლურ სტრუქტურებში.

    არ იქნება ასე. დასავლეთში, ზნეობრივი გაჯანსაღების პროცესი კი არა, ერთმანეთის მხილებისა და კბილებით დაგლეჯვის შეუქცევადი პროცესი იწყება. ჩვენ დიდი დრო არ გვრჩება სიტუაციაში ბოლომდე გარკვევისთვის და გადაწყვეტილების მიღებისთვის. უნდა გავაცნობიეროთ, რომ დასავლური ილუზიების ეპოქა დასრულდა და სრულიად ახალ და განსხვავებულ გეოპოლიტიკურ განლაგებაში უნდა ვეძებოთ ბუნებრივი (ლოგიკური და ოპტიმალური) ადგილი. დღეს ჩვენ დასავლეთის მიმართულებით აქტიურად ვმოქმედებთ, მაგრამ რუსეთის მიმართულებით მიუტევებელ ინერტულობას ვიჩენთ. არ ვიცი, ფარულად ვინ რას და რამდენს აკეთებს, მაგრამ, ღია მუშაობა რომ არ მიმდინარეობს, ფაქტია. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. რუსეთთან ურთიერთობის ის მოდელი, რომელიც დასავლეთმა მოგვახვია თავს, მთლიანად უარსაყოფია. რუსეთთან მტრობა რუსეთთან დიალოგით, თანამშრომლობითა და პარტნიორობით უნდა შეიცვალოს. ეს, პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით არის აუცილებელი, რომ ხალხის უდიდესი ნაწილი მზად არის ამ პროცესისთვის. ოცდათხუტმეტი წლის წინანდელი დასავლური პოლიტიკური ეიფორია ისტორიულმა ქარიშხალმა გაფანტა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიერა დასავლური თაღლითური პოლიტტექნოლოგიური პროექტების ვერაგული შინაარსი, რომელსაც შესაბამისი ფსიქოლოგიური განწყობის ჩამოყალიბება მოჰყვა. ტვინების გამორეცხვის ეფექტის მისაღებად სპეციალურად დატრენინგებული ახალგაზრდები ვერ გამოდგებიან მომავლის ინდიკატორად. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ზემოქმედებით ხდება და არა ხელოვნურად შემოტანილი ვითომ ტრენდული აზროვნების ჩამომყალიბებელი ლაბორატორიების მავნე ზეგავლენითა და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ტელეარხების გაუთავებელი ყაყანით. უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა, მიმოსვლა, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული პროექტები. ეს პროცესი დაწყებულია და მისი შეჩერება შეუძლებელია.

    დასავლეთმა ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ საქართველოში მტკიცე ანტიდასავლური საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებულიყო. ეს ფარული (სოციოლოგიაში ლატენტურს რომ უწოდებენ) პროცესი აღარ არის, იგი უკვე ყველასთვის ხილული და დღესავით ნათელი რეალობაა. დასავლეთმა ქართველ ხალხს მისი მუხანათური პოლიტიკით თავად გააკეთებინა მტკიცე არჩევანი – არა დასავლურ სიცრუეს, არა დასავლურ სიბინძურეს, არა დასავლურ შეურაცხყოფას! კმარა!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                 

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here